Home Blog Page 1609

შოვში, სტიქიის ზონაში ცოტა ხნის წინ პოლიციელი გარდაიცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამბროლაურის რაიონული სამმართველოს გამომძიებელი, 48 წლის მირიან ჭელიძე სტიქიის ზონაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა.

სამინისტრო ჭელიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამბროლაურის რაიონული საამართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელის, 1975 წელს დაბადებული მირიან ჭელიძის გარდაცვალების გამო.

პოლიციის მაიორი, ონის მუნიციპალიტეტში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, იგი სტიქიური უბედურების ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მირიან ჭელიძის გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და თანამშრომლებს”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მთავრობის სხდომა პრემიერმა წუთიერი დუმილით გახსნა

მთავრობის სხდომაზე შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

მინდა, ჩემი და მთავრობის სახელით გამოვხატო ღრმა მწუხარება, საშინელი ტრაგედიაა, რომელიც დატრიალდა შოვში, მთელი საქართველო შეძრა, ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა, ჩვენი სამძიმარი გამოვუცხადო ოჯახებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, შოვში მომხდარი ძალიან მძიმე განსაცდელია მთელი ქვეყნისთვის.

„მთავრობა პირველივე წუთებიდან ჩართული იყო. ჩვენი გმირი მაშველები, 400-მდე მაშველი იყო ჩართული სამუშაოებში. ჩვენი 210 თანამოქალაქე უვნებლად იქნა გამოყვანილი სტიქიის ზონიდან. ასევე, მინდა, გითხრათ, რომ ჩვენი გმირი ჯარისკაცები ჩაერთნენ სამუშაოებში, ეხმარებოდნენ ჩვენს საამაყო, გმირ მაშველებს. ჩვენი მხრიდან მობილიზება იყო სრული. ადგილზე იყვნენ ექიმები. ადგილზე არის მობილიზებული ასზე მეტი სპეციალური ტექნიკა. ბატონი ქარსელაძე თავად ხელმძღვანელობდა ამ სამუშაოებს. ყველა ვიყავით მობილიზებული ადგილზე. კიდევ ერთხელ მინდა, ვთქვა, რომ ეს მძიმე განსაცდელია ჩვენთვის ყველასთვის და კიდევ ერთხელ სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებს“, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შოვში ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

„მინდა, კიდევ ერთხელ ჩემი სამძიმარი გამოვხატო შოვში დაღუპულთა ოჯახების მიმართ, მათ ახლობლებს, ნათესავებს, მთელ ქვეყანას, საზოგადოებას გამოვუცხადო სამძიმარი. ნამდვილად საშინელი ტრაგედია მოხდა შოვში, რამაც ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. მინდა, მინისტრებს გთხოვოთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ გარდაცვლილთა ნათელ ხსნოვნას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“საქართველო: საზღვარი ჩემს ეზოში” – რას წერს უცხოური პრესა

„წინათ, ბავშვობაში, როცა ბევრი თავისუფალი დრო გვქონდა, ხშირად დავდიოდით მთებში ან მდინარე ქსანზე საბანაოდ“, – იხსენებს მარიამ ჯავახიშვილი, ოძისის საბავშვო ბაღის აღმზრდელი. მიუხედავად სოფლის მშვიდობიანი ცხოვრებისა, რომელიც ბუკოლიკურ-პასტორალურ ხეობაში მდებარეობს თბილისიდან დაახლოებით 30 კილომეტრის მოშორებით, ოძისი ძალიან დაზარალდა იმ კონფლიქტის გამო, რომელიც საქართველოს სეპარატისტული რეგიონის – ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ – გამო მიმდინარეობს“, – ნათქვამია სტატიაში, რომელიც გამოქვეყნებულია ამერიკული გაზეთის „პოლიტიკო“-ს (Politico) ევროპულ ვერსიაში (იბეჭდება ბელგიაში), სათაურით „საქართველო: საზღვარი ჩემს ეზოში // ქართველებს მხოლოდ ხსოვნაღა დარჩენიათ…“ (ავტორი – კლემან ჟირარდო).

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

საქართველოს ყოფილ ავტონომიურ ოლქში – „სამხრეთ ოსეთში“ – ოსური მოსახლეობის სეპარატისტული მოძრაობა საბჭოთა კავშირის დაშლის წინ გააქტიურდა, რაც ქართველებთან კონფლიქტში გადაიზარდა. რეგიონმა დამოუკიდებლობა 1992 წელს გამოაცხადა, ცეცხლი შეწყდა, მაგრამ სიტუაცია არასტაბილური დარჩა. კონფლიქტმა კვლავ იფეთქა 2008 წელს, რომლის დროსაც რუსეთის არმია [ოსი სეპარატისტების დასახმარებლად], საქართველოში შეიჭრა და ქართული არმია გაანადგურა. მოგვიანებით რუსეთმა „სამხრეთ ოსეთი“ და საქართველოს კიდევ ერთი სეპარატისტული რეგიონი – აფხაზეთი – დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარა.

საერთაშორისო დამკვირვებლები საქართველოს კონფლიქტების კონფლიქტის მდგომარეობას „გაყინულს“ უწოდებენ, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობისათვის ეს ასე არ არის. რუსეთის სამხედრო მოსამსახურეები, ოსური დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, აქტიურად ახორციელებენ ე.წ. „ბორდერიზაციას“ – თავიანთი „კლიენტ-სახელმწიფოს“ „საერთაშორისო საზღვრების“ დემარკაციას, რომელიც საქართველოს ტერიტორიის 18%-ს მოიცავს და ძალიან ხშირად მოსახლეობის ეზოებზე და სახნავ-სათეს მიწებზე გადის.. „ბორდერიზაციის“ პროცესმა მოიცვა ოძისი და სხვა ახლომდებარე სოფლები, სადაც ძირითადად ქართველები ცხოვრობდნენ. როგორც ადგილობრივი მცხოვრები მარიკა ხუნაშვილი ამბობს, სოფლის საარჩევნო სიაში 600 ადამიანია რეგისტრირებული, მაგრამ მათგან, ეკონომიკური აქტიურობის შეზღუდვის გამო, ბევრი თბილისში წავიდა, ნაწილი კი უცხოეთშია, სამუშაოს პოვნის იმედით.

სოფლიდან რამდენიმე ათეულ მეტრში მავთულხლართია გავლებული, რომელიც ადგილობრივ ქართულ მოსახლეობას ხეობის ზემოთ ასვლას უკრძალავს, მცირეოდენი გამონაკლისით, რომლებსაც ამის ნებართვა აქვთ. ქსნის მეორე ნაპირზე ქართული სოფელი ახმაჯი მდებარეობს, რომელიც „საზღვრის“ მიღმა მოექცა და ამჟამად ფაქტობრივად ცარიელია, თუ არ ჩავთვლით იქ არსებულ რუსების სამხედრო ბაზას და რუს მესაზღვრეებს.

მთლიანობაში „ბორდერიზაცია“ 34 ქართულ სოფელს შეეხო, რომლის შედეგად მათ სასოფლო-სამეურნეო მიწები, საძოვრები და სარწყავი წყლები დაკარგეს, ზოგჯერ კი სასაფლაოებიც და ეკლესიებიც. ამ მხრივ ტიპიურ სოფელს წარმოადგენს ხურვალეთი, რომელიც ოძისთან ახლოს მდებარეობს“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

სტატიაში მოხსენიებულია ხურვალეთის მცხოვრებლები, რომელთა ეზოები და ბაღები „საზღვრით“ შუაზეა გაყოფილი – ნორა ბატონისაშვილი, დათა ვანიშვილი და სხვები. დათა ვანიშვილი, რომელიც 2021 წელს გარდაიცვალა, რუსული ოკუპაციის წინააღმდეგობის სიმბოლო გახდა, იგი საქართველოს პრეზიდენტმა მამაცობისათვის დააჯილდოვა. სახლში ახლა მისი მოხუცი მეუღლე ცხოვრობს და სტუმრებს მავთულხლართის მიღმა ხედავს.
სტატიის ავტორი ესაუბრება დათა ვანიშვილის შვილიშვილს მალხაზს, რომელიც ადრე ოსებმა რუსებმა რამდენჯერმე დააკავეს „რეჟიმის დარღვევისათვის“ (ბებიის ნახვისათვის) და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
პუბლიკაციაში გადმოცემულია აგრეთვე სოფელ ნიქოზის, პერევის, ქარზმანის, ჩორჩანისა და წნელისის მდგომარეობა. „ჩვენ ორ წელზე მეტ ხანს ველოდით, რომ პრობლემა მოგვარდებოდა და ქარზმანს საქართველო გააკონტროლებდა, შემდეგ კი საჩხერეში გადავედით მეუღლითა და სამი შვილით“, – ამბობს ქარზმანელი მაია ნიკოლაიშვილი. იგი ამჟამად პერევის სკოლის მასწავლებლად მუშაობს.

მიუხედავად იმისა, რომ ქარზმანი მთლიანად ქართველებით არის დასახლებული, ეს სოფელი „სამხრეთ ოსეთის“ შემადგენლობაში მოექცა, რადგან საბჭოთა პერიოდში ის „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ჯავის რაიონში“ შედიოდა.
„ბორდერიზაცია რუსეთის პოლიტიკის საფირმო ნიშანია“, – ამბობს ადგილობრივი მეწარმე გია ბაქრაძე, – მოსკოვს ადამიანებს შორის კონტაქტებისა ეშინია, მას არ სურს, რომ ადამიანებმა საერთო ენა იპოვონ. რუსებისათვის მიღებელია, რომ მოსახლეობამ საქართველოსთან მიერთება მოითხოვოს. ისინი ასე აკეთებდნენ აღმოსავლეთ გერმანიაშიც“.

„სამწუხაროდ, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ საქართველოს გაერთიანება ძალიან შორეული პერსპექტივაა. ორივე მხარეს – ოსებსაც და ქართველებსაც ჯერ კიდევ ახსოვთ მიყენებული ჭრილობების სიმწარე. ამიტომ ხურვალეთის, პერევისა და სხვა მსგავსი სოფლების საკითხი ჩიხშია შესული. დღეისათვის, რაც ქართველებს დარჩენიათ, ის არის, რომ მათ თოვლიან მთებს და მდინარის ნაპირს უყურონ, სადაც ოდესღაც, ბავშვობაში დადიოდნენ და უზრუნველად ერთობოდნენ, ბანაობდნენ და საქონელს მწყემსავდნენ“, – აღნიშნავს ავტორი სტატიის დასასრულს.

წყარო

სამხედროები სტიქიის ზონაში მუშაობას განაგრძობენ

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები კურორტ შოვში მიმდინარე სალიკვიდაციო და სამძებრო სამუშაოებს აქტიურად განაგრძობენ. სტიქიის ზონაში სამხედრო მოსამსახურეები ორ ლოკაციაზე მუშაობენ. ადგილზე მობილიზებულია თავდაცვის ძალების მძიმე ტექნიკა და აღჭურვილობა. საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ტექნიკის მოზიდვა მყისიერად იქნება შესაძლებელი.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ჩართული არიან აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობების სამხედრო მოსამსახურეები, საბრძოლო-საინჟინრო ქვედანაყოფები, ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა და ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონი.

სამხედრო მოსამსახურეები შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველების მხარდამჭერ ღონისძიებებს აქტიურად ახორციელებენ.

“თქვან, რა კონკრეტული ღონისძიება იყო, რამაც დროში დაიგვიანა” – მიხეილ სარჯველაძე

თქვან, რა კონკრეტული ღონისძიება იყო, რამაც დროში დაიგვიანა, უფრო ადრე შეიძლება გაკეთებულიყო და რამაც ტრაგიკული შედეგი გამოიწვია – ისეთი რა შეიძლება ყოფილიყო ჩატარებული და განხორციელებული, რაც ერთი საათით გვიან ჩატარდა და უფრო ადრე რომ ჩატარებულიყო, ვინმეს სიცოცხლეს გადაარჩენდა! – ასე უპასუხა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ კითხვას, რამდენად დროულად მოხდა შოვში დატრიალებულ ტრაგედიაზე რეაგირება.

სარჯველაძის თქმით, “იმის მიუხედავად, რომ ყველამ კარგად გაიგო, რომ ამ ოპერაციებში ვერტმფრენის მონაწილეობა აბსოლუტურად ზედმეტი იყო და რეალურად ფუნქცია არ გააჩნდა, მაინც ცდილობენ, საზოგადოებას შთაბეჭდილება შეუქმნან, თითქოს ვერტმფრენის ყოლა-არყოლაზე იყო დამოკიდებული რაღაც სამძებრო ოპერაციების წარმატებულობა”.

სარჯველაძის შეფასებით, პოლიტიკურად მოტივირებული ჯგუფების თვითმიზანი ბრალდებების წამოყენება და დეზინფორმაციის გავრცელებაა და საზოგადოებას მტკიცების ფორმით მცდარ ინფორმაციას აწვდიან.

“პირველ რიგში, გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს ვუსამძიმრებ, მათ მთელი საქართველო გლოვობს. უმძიმესი დღეები და უმძიმესი მდგომარეობაა. საუბედუროდ, ეს ისეთი მასშტაბისა და ზომის ტრაგედიაა, რომელიც მთელ ერს უნდა აერთიანებდეს. ამის მიუხედავად, ჩვენ პოლიტიკურად მოტივირებული ჯგუფები ვნახეთ, რომელთაც უზნეო გამოხტომები აქვთ იმ მიმართულებით, რომ მცდელობები აქვთ, მომხდარი ტრაგედია ვიწროპარტიული, მერკანტილური ინტერესებისთვის გამოიყენონ.

რასაკვირველია, ეს ძალიან გულსატკენი და დასანანია. ეს ის არის, რისგანაც მთლიანად დაცლილი უნდა იყოს ნებისმიერი ქვეყნის პოლიტიკური პროცესი.

ახალი ამბავი არ არის, რომ საქართველოში პოლიტიკური ჯგუფები არსებობენ, რომელთათვის ნომერ პირველ ღირებულებად ხელისუფლებისთვის ბრძოლა გამხდარა. ეს არის ყველაზე დიდი უბედურება მათთვის. ქვეყანაში პოლიტიკური ძალები არსებობენ, რომელთათვის მისაღებია ქვეყნის რეპუტაციას ებრძოლონ მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლებასთან კონკურენციაში მოიგონ. დაახლოებით იგივე ხალხია, ვისთვისაც ქვეყნისა და ხალხის ინტერესები არ არის პირველხარისხოვანი და ყველაფერს კადრულობენ. ამ შემთხვევაში ვიღაც კადრულობს, რომ ეს ტრაგედია ხელისუფლებასთან საკინკლაოდ გამოიყენოს და აბსოლუტურად უადგილოდ ბრიფინგს მართავს. ვიღაც კი, დეზინფორმაციის გავრცელებას კადრულობს. საუბარი არ არის იმაზე, რომ ვინმემ კითხვა დასვას, ინტერესი გამოთქვას რაღაც საკითხის შესწავლაზე.

ცდილობენ, დრამატული ისტორიები ხელოვნურად შექმნან, რაც უკავშირდება უცხოეთიდან ტექნიკის მოთხოვნას ან მაშველების გამოძახებას. ყველა კარგად ხვდება, რომ საუბედუროდ, შოვში არსებული ფიზიკური მდგომარეობა საშუალებას არ იძლევა, რომ ნაკლებობა გვქონდეს ადამიანების ან ტექნიკის. საკმარისზე მეტია ტექნიკაც და ადამიანებიც, მაგრამ საუბედუროდ ისეთი მდგომარეობაა, რომ იმაზე მეტს ვერ გააკეთებ, რაც კეთდება.

უზარმაზარ, ვეებერთელა ტერიტორიაზე განფენილია ტალახის მასა, სადაც არც იდენტიფიცირებადია ადამიანების მდებარეობა და არც ისაა შესაძლებელი, განსაზღვრო, ვინ სად შეიძლება იმყოფებოდეს. არ დაგვავიწყდეს, რომ

იქ არის წყალნარევი მიწის მასა, სადაც არ შეგიძლია, ორმო ამოთხარო და სამძებრო სამუშაოები აწარმოო. როცა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები განცხადებას აკეთებენ, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს და თვითმიზნად აქვთ დასახული გამოძიების დაწყება და მიმდინარეობა, რა საკვირველია, ეს ხალხი ცდილობს, გაარკვიოს, პოლიტიკური ამოცანა რაში დაინახოს, სარგებელი რაში ნახოს ამ უბედურებიდან.

პირველ რიგში, სპეციალისტების დასკვნებით უნდა ვიმსჯელოთ. მაგალითად, როცა ცხადდებოდა, რომ წყლის დონემ

აიწია, დაიწია და ა.შ. ამას მეცნიერული დასაბუთება, არგუმენტაცია აქვს – სად რამ დაიკლო. არავის იმის თქმის არავითარი მიზეზი არ გააჩნია, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში წყალი გუბდებოდა. ყოველ შემთხვევაში, პირველ ეტაპზე მოპოვებული ინფორმაცია ასეთია და რასაც სპეციალისტები მეცნიერულ ამბობენ”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

“ნახეთ პოლიტიკურად მოტივირებული ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ, ტრაგედია ვიწროპარტიული ინტერესებისთვის გამოიყენონ”

სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ უსამძიმრებს და აცხადებს, რომ ამ მასშტაბის ტრაგედია ერს უნდა აერთიანებდეს.

სარჯველაძის თქმით, პოლიტიკურად მოტივირებული ჯგუფები ცდილობენ, ტრაგედია ვიწროპარტიული ინტერესებისთვის გამოიყენონ, რაც დასანანია. მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, სპეციალისტების დასკვნებით უნდა ვიმსჯელოთ.

„პირველ რიგში, დაღუპულთა ოჯახის წევრებს ვუსამძიმრებ, მათ მთელი საქართველო გლოვობს. უმძიმესი დღეები და უმძიმესი მდგომარეობაა. საუბედუროდ, ეს ისეთი მასშტაბისა და ზომის ტრაგედიაა, რომელიც ერს უნდა აერთიანებდეს. ამის მიუხედავად, ჩვენ ვნახეთ პოლიტიკურად მოტივირებული ჯგუფები, რომელთაც უზნეო გამოხდომები აქვთ იმ მიმართულებით, რომ ცდილობენ, ტრაგედია ვიწროპარტიული ინტერესებისთვის გამოიყენონ. რასაკვირველია, ეს ძალიან გულსატკენი და დასანანია. ეს არის ის, რისგანაც მთლიანად დაცლილი უნდა იყოს ნებისმიერი ქვეყნის პოლიტიკური პროცესი. ახალი ამბავი არ არის, რომ საქართველოში არსებობენ პოლიტიკური ჯგუფები, რომელთათვის ნომერ პირველ ღირებულებად ხელისუფლებისთვის ბრძოლა გამხდარა და ეს არის ყველაზე დიდი უბედურება მათთვის. ქვეყანაში არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომელთათვის მისაღებია, ქვეყნის რეპუტაციას ებრძოლონ მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლებასთან კონკურენციაში მოიგონ. დაახლოებით იგივე ხალხია, ვისთვისაც ქვეყნისა და ხალხის ინტერესები არ არის პირველხარისხოვანი და ყველაფერს კადრულობენ. ამ შემთხვევაში ვიღაც კადრულობს, რომ ეს ტრაგედია ხელისუფლებასთან საკინკლაოდ გამოიყენოს და აბსოლუტურად უადგილოდ ბრიფინგს მართავს. ვიღაც კი დეზინფორმაციის გავრცელებას კადრულობს. საუბარი არ არის იმაზე, რომ ვინმემ კითხვა დასვას, ინტერესი გამოთქვას რაღაც საკითხის შესწავლაზე. ყველამ კარგად გაიგო, რომ ამ ოპერაციებში ვერტმფრენის მონაწილეობა ზედმეტი იყო და რეალურად ფუნქცია არ ჰქონდა, მაგრამ მაინც ცდილობენ, საზოგადოებას შეუქმნან შთაბეჭდილება, თითქოს ვერტმფრენის ყოლა-არყოლაზე იყო დამოკიდებული რაღაც სამძებრო ოპერაციების წარმატებულობა. ცდილობენ, ხელოვნურად შექმნან დრამატული ისტორიები, რაც უკავშირდება უცხოეთიდან ტექნიკის მოთხოვნას ან მაშველების გამოძახებას. ყველა კარგად ხვდება, რომ, საუბედუროდ, შოვში არსებული ფიზიკური მდგომარეობა არ იძლევა საშუალებას, რომ ნაკლებობა გვქონდეს ადამიანების ან ტექნიკის. საკმარისზე მეტია ტექნიკაც და ადამიანებიც, მაგრამ, საუბედუროდ, ისეთი მდგომარეობაა, რომ იმაზე მეტს ვერ გააკეთებ, რაც კეთდება. თქვან, რა კონკრეტული ღონისძიება იყო, რამაც დროში დაიგვიანა, უფრო ადრე გაკეთებულიყო და რამაც გამოიწვია ტრაგიკული შედეგი. ვეებერთელა ტერიტორიაზე განფენილია ტალახის მასა, სადაც არც იდენტიფიცირებადია ადამიანების მდებარეობა და არც ისაა შესაძლებელი, განსაზღვრო, ვინ სად შეიძლება იმყოფებოდეს. არ დაგვავიწყდეს, რომ იქ არის წყალნარევი მიწის მასა, სადაც არ შეგიძლია, ორმო ამოთხარო და სამძებრო სამუშაოები აწარმოო. როცა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები განცხადებას აკეთებენ, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს, თვითმიზნად აქვთ დასახული გამოძიების დაწყება და მიმდინარეობა, რასაკვირველია, ეს ხალხი ცდილობს, გაარკვიოს, პოლიტიკური ამოცანა რაში დაინახოს, ამ უბედურებიდან სარგებელი რაში ნახოს. პირველ რიგში, სპეციალისტების დასკვნებით უნდა ვიმსჯელოთ. მაგალითად, როცა ცხადდებოდა, რომ წყლის დონემ აიწია, დაიწია და ა.შ. ამას აქვს მეცნიერული დასაბუთება, არგუმენტაცია, სად, რამ დაიკლო. ვინმეს არავითარი მიზეზი არ არ აქვს, თქვას, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში წყალი გუბდებოდა. ყოველ შემთხვევაში, ასეთია პირველ ეტაპზე მოპოვებული ინფორმაცია და რასაც სპეციალისტები ამბობენ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 18 ადამიანია დაღუპული.

სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს, ერთად ვგლოვობთ შოვის მეწყერში 3 აგვისტოს დაღუპულებს -ევროკავშირის წარმომადგენლობა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა შოვში 3 აგვისტოს მომხდარ სტიქიას ეხმაურება და ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს.

„ევროკავშირის წარმომადგენლობა სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და ერთად ვგლოვობთ შოვის მეწყერში 3 აგვისტოს დაღუპულებს“, – ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, შოვში სტიქიის შედეგად 18 ადამიანია დაღუპული.

რა შეიცვლებოდა ხეობაში ადრეული შეტყობინებისა და სასიგნალო სისტემის არსებობის შემთხვევაში?

აშშ-ის სამაუწყებლო კომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „დამანგრეველი ღვარცოფი შოვში: რა შეიცვლებოდა ხეობაში ადრეული შეტყობინების და სასიგნალო სისტემის არსებობის შემთხვევაში?“.

სულ მცირე, 17 გარდაცვლილი, 16-მდე დაკარგული ადამიანი, მათ შორის, ბავშვები და მთლიანად განადგურებული კურორტი შოვი, ზემო რაჭაში – ასეთია დამანგრეველი სტიქიის უმძიმესი შედეგები, ონის რაიონში, ღვარცოფის მოვარდნიდან მეოთხე დღეს. გეოლოგების წინასწარი შეფასებით, მდინარე ჭანჭახის ერთ-ერთ შენაკადში, მდინარე ბუბას ხეობაში, სავარაუდოდ ჩამოწვა მეწყერი (ან მოწყდა მყინვარის ნაწილი), ეს მასა დაგროვდა რამდენიმე საათის ან შესაძლოა დღის განმავლობაშიც, შემდეგ ღვარცოფად იქცა, წამოვიდა და შოვს გადაუარა. ამ დროს კურორტზე, რამდენიმე ასეული დამსვენებელი იმყოფებოდა. ვინაიდან არ არსებობდა, ადრეული შეტყობინების და სასიგნალო სისტემა, ევაკუაციის გეგმა, მაშველების ჩამოსვლამდე, ასეულობით მოქალაქე, პირდაპირ, დამანგრეველი ღვარცოფის არეალში, სტიქიის წინაშე მარტო აღმოჩნდა. „ბუნებრივი პროცესის ჩამოყალიბებაზე პასუხისმგებელია – ბუნებრივი პირობები და კლიმატის ცვლილება, რისკების გაუთვალისწინებლობაზე – ხელისუფლება და ხელისუფლებაზე სტრესის არარსებობაზე – საზოგადოება“ – უთხრა „ამერიკის ხმას“ ჰიდროლოგმა ლაშა სუხიშვილმა, ილიას უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა. მისი თქმით, „სტიქიური პროცესის შეჩერება წარმოუდგენელია, მაგრამ შესაძლებელია ზარალის მინიმალიზება, მდინარის აუზის სწორი მართვის შემთხვევაში. ადრეული შეტყობინების სისტემა, სასიგნალო სისტემა ნამდვილად საჭიროა, სწორი რაღაც წერია (სტრატეგიაში), თუმცა სამწუხაროდ განხორციელებული არ არის.

რომ ყოფილიყო ეს, რაიმე შეიცვლებოდა? ალბათ, ასეთი კითხვაც არსებობს… „ადრეული შეტყობინების სისტემა არის პროგნოზის გასაკეთებელი ინსტრუმენტი, ვინაიდან ეს არის პროგნოზი არ ნიშნავს, რომ 100% ამართლებს. თუმცა, პროგნოზი იმის პროგნოზია, რომ შესაძლო საფრთხეებზე ინფორმირებული ხარ. შეიძლება არ გაამართლოს, მაგრამ სჯობს არ გაამართლოს, ვიდრე გაამართლოს და ასეთი შედეგი დადგეს. რაც შეეხება სასიგნალო სისტემას, ეს არის პოსტ ფაქტუმ მექანიზმი… თუ ხეობის ზედა ნაწილში ჩამოყალიბდა ღვარცოფული კერა და დაიძრა დასახლებული ტერიტორიისკენ, აი ამის მერე, შესაძლებელია, რომ სანამ ეს ნაკადი დასახლებულ პუნქტამდე მოაღწევს, იქამდე გადაიცეს სიგნალი ონლაინ რეჟიმში და მოსახლეობამ წინასწარ იცის, რომ საფრთხეა. ამასთან, მოსახლეობამ ისიც უნდა იცოდეს, საევაკუაციო გზები სად არის და თავშესაფარი სად უნდა ნახოს. ამის მოდელირება უნდა არსებობდეს. კარგია, რომ ეს ჩაწერეს (სტრატეგიაში), მაგრამ კიდე უფრო კარგი იქნებოდა, რეალური ნაბიჯები რომ გადაედგათ“ – გვითხრა ლაშა სუხიშვილმა. 2017-2022 წლების „კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგია საქართველოს მთავრობამ, 2014 წლის დევდორაკის ღვარცოფის და 2015 წლის თბილისის ღვარცოფის კატასტროფების შემდეგ მიიღო, რა დროსაც, ასევე დაიღუპნენ ადამიანები და ქვეყანამ უზარმაზარი ეკონომიკური და ფინანსური ზარალი განიცადა.

ორივე ეს სტიქიური უბედურება, გეოლოგების თქმით, შოვის ღვარცოფს ძალიან ჩამოჰგავს. სტრატეგიაში საქართველოს კატასტროფის რისკის შემცირების პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტებად: ეროვნულ დონეზე კატასტროფის რისკის შემცირების სისტემის ჩამოყალიბება და ამ სისტემაში, ადრეული შეტყობინებისა და განგაშის სისტემების ინტეგრირება სახელდება. “თუ XX საუკუნის ბოლო ათწლეულებამდე საქართველოში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურების ექსტრემუმები უმეტესწილად ემორჩილებოდა გარკვეულ ციკლურობას და ადგილის გეოლოგიურ-კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, საშუალოდ მეორდებოდა 3-5 და 8-11 წ.წ ინტერვალით, 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, პროცესების საშუალო ფონს ზემოთ გააქტიურებას ადგილი აქვს თითქმის ყოველწლიურად, ხოლო მათი ექსტრემალური გამოვლინების ინტერვალები მნიშვნელოვნად შემოკლებულია. შედეგად, პროცესების უარყოფითი მოქმედების არეალში ექცევა ახალი ფართობები, დასახლებული პუნქტები და ინფრასტრუქტურული ობიექტები” – ვკითხულობთ 2017 წელს დამტკიცებულ სტრატეგიაში. 2018 წლის ზაფხულში, ზემო სვანეთში, მდინარეების ნენსკრასა და ოკრილას ხეობებში, ასევე ძალიან რთულმა მეწყრულ-ღვარცოფულმა პროცესმა (რასაც მაშინ, საბედნიეროდ, მსხვერპლი არ მოჰყვა) კიდევ ერთხელ აჩვენა, პოტენციურად საშიშ ხეობებში, ადრეული შეტყობინების და განგაშის სისტემების დანერგვის და ქვეყნის მასშტაბით, ასეთი ქსელის გამართვის სასიცოცხლო აუცილებლობა. თუმცა, ექსპერტების შეფასებით, ეს მთავრობისთვის პრიორიტეტად მაინც ვერ იქცა. „ამ ეტაპზე, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში არის 4 უბანი, სადაც ინსტალირებულია მეწყრული პროცესების მონიტორინგის სისტემები. ვიღებთ ინფორმაციას მეწყრის სხვადასხვა მახასიათებლის შესახებ.თუმცა, სამწუხაროდ, კომპლექსური ხასიათის, სწრაფად განვითარებადი სტიქიური პროცესების წინასწარ პროგნოზირება დიდ სირთულეს წარმოადგენს მთელი მსოფლიოსთვის და პრაქტიკულად, შეუძლებელია“ – ეს განცხადება გარემოს ეროვნული სააგენტოს სტიქიური პროცესებისა და საინჟინრო გეოლოგიის სამმართველოს უფროსმა, გიორგი გაფრინდაშვილმა გაავრცელა. სააგენტოს არ დაუკონკრეტებია რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რომელ მდინარეებზე მიმდინარეობს მონიტორინგი და რატომ ვერ მოხვდა მათ შორის, მდინარეები ჭანჭახი, ბუბა, ბუბისწყალი, რომლებიც მყინვარული და პოტენციურად საშიში მდინარეებია. ოფიციალური ინფორმაციით, ე.წ უსაფრთხოების რადარები სააგენტოს დამონტაჟებული აქვს დევდორაკ-ამალის მყინვარზე და მდინარე ვერეს ხეობაში, თუმცა, ჰიდროლოგი ლაშა სუხიშვილი ამბობს, რომ თბილისში ეს სისტემა გამართული დღემდე არ არის. „თბილისში რა შეიცვალა, ქვეყნის დედაქალაქში, ვერეს ხეობის ტრაგედიიდან გასულია 8 წელი, არსებობს მონიტორინგის, ადრეული შეტყობინების და სასიგნალო სისტემა? შეწყვეტილია ხეობის განაშენიანება? არაფერი ასეთი არ მომხდარა. კი, ვერეს ხეობაში არა თუ რადარი, ნალექის მზომი და მეტეოსადგურიც აყენია, მაგრამ ეს არ არის სისტემა, ეს არის ერთეული კომპონენტები, რომელიც ადრეული შეტყობინებისთვის არასაკმარისია“ – გვეუბნება ლაშა სუხიშვილი. „ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ ასეთი კატაკლიზმები, ტრაგედიები, სტიქიები ხდება ყველა ქვეყანაში. ყოველგვარი საუბარი, რომ ამის არიდება შეიძლებოდა, მგონი არასერიოზულია“ – განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც შოვში ტრაგედიის მეორე დღეს ჩაფრინდა. „ქართული ოცნების“ ლიდერი ამის შემდეგ, ზოგიერთი მედიის კრიტიკაზე გადავიდა. „თქვენ 24 საათი ერთადერთ დავალებას ასრულებთ.

ჩვენი ხალხის შეცდომაში შეყვანის, ხალხის დაზაფვრის, ასეთი უბედური მდგომარეობა გვაქვს, ასეთი ტრაგედია გვაქვს და თქვენ ათმაგად ძაბავთ ხალხს“ – აღნიშნა ღარიბაშვილმა. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის 2021 წლის საინფორმაციო-გეოლოგიურ ბიულეტენში, სადაც სააგენტო მომავალი წლისთვის პროგნოზს აკეთებს, პირდაპირ წერია, რომ „ღვარცოფული პროცესი საშიშროებას უქმნის ცენტრალურ საავტომობილო გზას და კურორტ შოვის ინფრასტრუქტურულ ობიეტებს“. სააგენტოს ეს ღვარცოფი, “მაღალი რისკის” საშიშროებად აქვს შეფასებული. თუმცა, უცნაურია, რომ საუბარია არა ბუბას წყალზე (ან ჭანჭახზე), არამედ მდინარე დღვიორაზე, რომელიც სოფელ გლოლაში ჩამოედინება და უერთდება მდინარე ჭანჭახს. გლოლა კი შოვამდე მდებარეობს და შესაბამისად, დღვიორაზე განვითარებული ღვარცოფი შოვს საფრთხეს როგორ შეუქმნის, ამ კითხვაზე, გარემოს ეროვნულ სააგენტოს დამატებითი განმარტება არ გაუკეთებია. „როგორც ჩანს, გარემოს ეროვნულ სააგენტოს ჰქონდა გარკვეული კვლევები ამ მიმართულებით. დოკუმენტში საუბარია, რომ შოვში პოტენციური საფრთხეები არსებობს, თუმცა გაკეთდა განმარტება, რომ საუბარია მდინარე დღვიორაზე და არა იმ მდინარეზე, საიდანაც წამოვიდა ეს ღვარცოფი. თუმცა მაშინ გაუგებარია რატომ არის საუბარი შოვზე? იმიტომ, რომ შოვი არის ბევრად უფრო მაღლა, ვიდრე, მდინარე დღვიორას გამოსვლის კონუსი. რა კი შოვზე იყო საუბარი, ეჭვი შეიძლება გვქონდეს, დასაბუთებული ეჭვი, რომ გეოლოგებს ჰქონდათ გარკვეული ეჭვები, რომ ბუბას ხევიდან შეიძლება ასეთი პროცესები განვითარებულიყო და მომხდარიყო ის კატასტროფა, რაც მოხდა. რა რეაგირება მოჰყვა ამას, ამაზე სამწუხაროდ ვერაფერს გეტყვით“ – უთხრა „ამერიკის ხმას“ გარემოს დამცველმა კახა არცივიძემ, რომელიც ჯიპას უნივერსიტეტის პროფესორია. კახა არცივაძეს მიაჩნია, რომ პრემიერ ღარიბაშვილის პოზიცია, რომ სტიქიის “არიდება შეუძლებელი იყო“ არასწორია. „ქვეყნები, რომლებსაც აქვთ წინასწარი შეტყობინების სისტემები და კვლევების მაღალი მაჩვენებელი ყოველთვის უფრო მომზადებული არიან და ასეთი ტრაგედიებისგან თავს იზღვევენ. საუბარი იმაზე, რომ ამის პროგნოზი არ შეგვიძლია და ასეთი ყველგან ხდება, არასწორია. რა თქმა უნდა, სტიქია ყველგან ხდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ მოვემზადოთ.

ჩვენნაირი ქვეყნებისთვის მზადყოფნა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ასეთი სტიქიური უბედურებისთვის და მათი შედეგების შემცირებისთვის. ეს მზადყოფნა სამწუხაროდ, სახეზე არ არის“ – ამბობს არცივაძე. მთლიანად განადგურებულ კურორტ შოვში სამაშველო-საძიებო სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს. სამაშველო სამსახურების გარდა, შოვში, უამრავი მოხალისეც ჩავიდა. მაშველების საქმიანობის შედეგებს მოუთმენლად ელიან დაკარგული ადამიანების, მათ შორის, ბავშვების ოჯახის წევრები. დაკარგულთა შორისაა, მესხების ხუთსულიანი და გუტაშვილი-მაისურაძის ცხრა სულიანი ოჯახები; და-ძმა ყარალაშვილები, ნათია ჭელიძე სამი მცირეწლოვანი შვილით და სხვები. მთავრობამ 7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოაცხადა.

წყარო

“რუსეთის შეჭრიდან 15 წლის შემდეგ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა ურყევი რჩება” – შარლ მიშელი

რუსეთის შეჭრიდან 15 წლის შემდეგ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერა ურყევი რჩება, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

მისივე თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს მამაც ქართველ ხალხს, რომელმაც ევროკავშირისა და ნატო-სკენ გზა აირჩია.

„საქართველოში რუსეთის შეჭრიდან 15 წელი გავიდა. 15 წლის შემდეგ, ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტს მიმართ ურყევი რჩება. ჩვენ მხარს ვუჭერთ მამაც ქართველ ხალხს, რომელმაც აირჩია ევროკავშირისა და ნატო-სკენ გზა“, – წერს შარლ მიშელი.

“ამ მძიმე დღეებში ჩვენი სოლიდარობა ერთიანი უნდა იყოს” – გურამ მაჭარაშვილი

პირველ რიგში, გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს ვუსამძიმრებ, დღეს გლოვის დღეა და ყველა ჭირისუფალი უნდა ვიყოთ, ამ უმძიმესი ტრაგედიის შედეგად ადამიანები გარდაიცვალნენ. პირველივე წუთებიდან ჩართულია როგორც სამაშველო სამსახური, ისე ბევრი სამინისტრო, პირველი პირების ჩართვით, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს იმ ადამიანების ძებნა, ვისაც ვერ დაუკავშირდნენ და კონტაქტი არ არსებობდა.

„ამ მძიმე დღეებში ჩვენი სოლიდარობა ერთიანი უნდა იყოს, თუმცა, სამწუხაროდ, ამ ფონზეც დეზინფორმაციასთან ბრძოლა გვიწევს. სოციალურ ქსელებში, მათ შორის, კახა კალაძესთან, ირაკლი კობახიძესთან, პრემიერთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციის წინააღმდეგ სიტყვები ძნელად მოსაძებნია. ფაქტები ყველაფერზე მეტყველებს, ადგილზე არიან ოჯახის წევრები და ხედავენ, რას აკეთებენ სახელმწიფო სტრუქტურები და ადამიანები, ვინც ამ პროცესში უშუალოდ ჩართული არიან. ჩვენთვის, ჭირისუფლებისთვის, ვინც თავს ჭირისუფლად თვლის, გაცილებით რთული და ცეცხლზე ნავთის დასხმაა დეზინფორმაცია, რომელიც მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ვრცელდება. დადგება დრო, როცა კითხვებზე პასუხები იქნება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

 პატრიარქის კურთხევით, საქართველოს ყველა ეკლესიაში  შოვში გარდაცვლილთა სულის საოხად, დღეს პანაშვიდს გადაიხდიან

საქართველოს საპატრიარქო რაჭაში, კერძოდ, შოვში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაში ნათქვამი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, საქართველოს ყველა ეკლესიაში ტრაგიკულად დაღუპულებისთვის პატივის მისაგებად პანაშვიდი იქნება გადახდილი.

„რაჭაში, შოვში, მეწყერის შედეგად გარდაცვლილთა სულის საოხად, დღეს, 7 აგვისტოს, გლოვის დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, საქართველოს ყველა ეკლესიაში გადახდილ იქნება პანაშვიდი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში, მეწყრის ჩამოწოლას მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 18 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამ დრომდე ეძებენ დაკარგულებს.

შოვში მომხდარიდან პირველივე წუთებში დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება, ორი მუხლით არის საქმე აღძრული – თემურ მღებრიშვილი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს, თუმცა საქმის ძიებისას, შესაძლოა, მუხლები გადაკვალიფიცირდეს.

ამის შესახებ მღებრიშვილმა ჟურნალისტებს შოვში განუცხადა.

„პრემიერ- მინისტრის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გამოცხადდა გლოვის დღე. ეს არ არის მხოლოდ ცალკეული ოჯახების ტრაგედია, ეს არის მთელი ქვეყნის ტრაგედია. რაც შეეხება საძიებო სამუშაოებს. დღეს ვახდენთ არეალის გაფართოებას. მიმდინარეობს კონკრეტული სამუშაოები ამ მიმართულებით. მთელი ღამის განმავლობაში კონკრეტულ ლოკაციებზე გრძელდებოდა სამუშაოები. ამ დილით გვაქვს ინფორმაცია, რომ სადაც ცხედრები იქნა აღმოჩენილი, ვიპოვეთ პირადი ნივთები და ვიმედოვნებთ, რომ როგორც დავგეგმეთ, სწორი მიმართულებით მივდივართ. პირველივე წუთებში დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება, ორი მუხლით არის საქმე აღძრული, თუმცა გამოძიების მიმდინარეობის დროს, შეიძლება, გადაკვალიფიცირდეს მუხლები“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

ამასთან, თემურ მღებრიშვილის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში მოწყობილია დამატებითი გზები, რომ მაშველებმა და ტექნიკამ სამძებრო სამუშაოები შეუფერხებლად აწარმოონ.

„ამ დროისთვის მოწყობილია ორი მიმართულებით გზები. ე.წ. კალცის წყლების მიმდებარედ შუადღემდე უკვე ბოლომდე იქნება გზა შეყვანილი. უკვე შემდგომ აქაც აქტიური ფრონტი გაიხსნება საძიებო სამუშაოების. კიდევ ერთხელ გავიმეორებ და ვეცდები, რომ სპეკულაციის საშუალება არ დავტოვო. პირველივე წუთიდან უმოკლეს ვადაში, რაც კი შეიძლებოდა გონივრული ვადა ყოფილიყო ვერტმფრენის ცაში აწევის, ეს განხორციელდა. ჩვენ როცა ჩამოვფრინდით, დავიწყეთ ევაკუაცია, დარჩენილმა მოსახლეობამ ღამე გაათენეს უსაფრთხო ადგილებზე. ეს იყო სტრატეგიულად სწორი გადაწყვეტილება თვითონ ამ ადამიანების უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა მღებრიშვილმა.