რა შეიცვლებოდა ხეობაში ადრეული შეტყობინებისა და სასიგნალო სისტემის არსებობის შემთხვევაში?

189
spot_img

აშშ-ის სამაუწყებლო კომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „დამანგრეველი ღვარცოფი შოვში: რა შეიცვლებოდა ხეობაში ადრეული შეტყობინების და სასიგნალო სისტემის არსებობის შემთხვევაში?“.

სულ მცირე, 17 გარდაცვლილი, 16-მდე დაკარგული ადამიანი, მათ შორის, ბავშვები და მთლიანად განადგურებული კურორტი შოვი, ზემო რაჭაში – ასეთია დამანგრეველი სტიქიის უმძიმესი შედეგები, ონის რაიონში, ღვარცოფის მოვარდნიდან მეოთხე დღეს. გეოლოგების წინასწარი შეფასებით, მდინარე ჭანჭახის ერთ-ერთ შენაკადში, მდინარე ბუბას ხეობაში, სავარაუდოდ ჩამოწვა მეწყერი (ან მოწყდა მყინვარის ნაწილი), ეს მასა დაგროვდა რამდენიმე საათის ან შესაძლოა დღის განმავლობაშიც, შემდეგ ღვარცოფად იქცა, წამოვიდა და შოვს გადაუარა. ამ დროს კურორტზე, რამდენიმე ასეული დამსვენებელი იმყოფებოდა. ვინაიდან არ არსებობდა, ადრეული შეტყობინების და სასიგნალო სისტემა, ევაკუაციის გეგმა, მაშველების ჩამოსვლამდე, ასეულობით მოქალაქე, პირდაპირ, დამანგრეველი ღვარცოფის არეალში, სტიქიის წინაშე მარტო აღმოჩნდა. „ბუნებრივი პროცესის ჩამოყალიბებაზე პასუხისმგებელია – ბუნებრივი პირობები და კლიმატის ცვლილება, რისკების გაუთვალისწინებლობაზე – ხელისუფლება და ხელისუფლებაზე სტრესის არარსებობაზე – საზოგადოება“ – უთხრა „ამერიკის ხმას“ ჰიდროლოგმა ლაშა სუხიშვილმა, ილიას უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა. მისი თქმით, „სტიქიური პროცესის შეჩერება წარმოუდგენელია, მაგრამ შესაძლებელია ზარალის მინიმალიზება, მდინარის აუზის სწორი მართვის შემთხვევაში. ადრეული შეტყობინების სისტემა, სასიგნალო სისტემა ნამდვილად საჭიროა, სწორი რაღაც წერია (სტრატეგიაში), თუმცა სამწუხაროდ განხორციელებული არ არის.

რომ ყოფილიყო ეს, რაიმე შეიცვლებოდა? ალბათ, ასეთი კითხვაც არსებობს… „ადრეული შეტყობინების სისტემა არის პროგნოზის გასაკეთებელი ინსტრუმენტი, ვინაიდან ეს არის პროგნოზი არ ნიშნავს, რომ 100% ამართლებს. თუმცა, პროგნოზი იმის პროგნოზია, რომ შესაძლო საფრთხეებზე ინფორმირებული ხარ. შეიძლება არ გაამართლოს, მაგრამ სჯობს არ გაამართლოს, ვიდრე გაამართლოს და ასეთი შედეგი დადგეს. რაც შეეხება სასიგნალო სისტემას, ეს არის პოსტ ფაქტუმ მექანიზმი… თუ ხეობის ზედა ნაწილში ჩამოყალიბდა ღვარცოფული კერა და დაიძრა დასახლებული ტერიტორიისკენ, აი ამის მერე, შესაძლებელია, რომ სანამ ეს ნაკადი დასახლებულ პუნქტამდე მოაღწევს, იქამდე გადაიცეს სიგნალი ონლაინ რეჟიმში და მოსახლეობამ წინასწარ იცის, რომ საფრთხეა. ამასთან, მოსახლეობამ ისიც უნდა იცოდეს, საევაკუაციო გზები სად არის და თავშესაფარი სად უნდა ნახოს. ამის მოდელირება უნდა არსებობდეს. კარგია, რომ ეს ჩაწერეს (სტრატეგიაში), მაგრამ კიდე უფრო კარგი იქნებოდა, რეალური ნაბიჯები რომ გადაედგათ“ – გვითხრა ლაშა სუხიშვილმა. 2017-2022 წლების „კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგია საქართველოს მთავრობამ, 2014 წლის დევდორაკის ღვარცოფის და 2015 წლის თბილისის ღვარცოფის კატასტროფების შემდეგ მიიღო, რა დროსაც, ასევე დაიღუპნენ ადამიანები და ქვეყანამ უზარმაზარი ეკონომიკური და ფინანსური ზარალი განიცადა.

ორივე ეს სტიქიური უბედურება, გეოლოგების თქმით, შოვის ღვარცოფს ძალიან ჩამოჰგავს. სტრატეგიაში საქართველოს კატასტროფის რისკის შემცირების პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტებად: ეროვნულ დონეზე კატასტროფის რისკის შემცირების სისტემის ჩამოყალიბება და ამ სისტემაში, ადრეული შეტყობინებისა და განგაშის სისტემების ინტეგრირება სახელდება. “თუ XX საუკუნის ბოლო ათწლეულებამდე საქართველოში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურების ექსტრემუმები უმეტესწილად ემორჩილებოდა გარკვეულ ციკლურობას და ადგილის გეოლოგიურ-კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, საშუალოდ მეორდებოდა 3-5 და 8-11 წ.წ ინტერვალით, 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, პროცესების საშუალო ფონს ზემოთ გააქტიურებას ადგილი აქვს თითქმის ყოველწლიურად, ხოლო მათი ექსტრემალური გამოვლინების ინტერვალები მნიშვნელოვნად შემოკლებულია. შედეგად, პროცესების უარყოფითი მოქმედების არეალში ექცევა ახალი ფართობები, დასახლებული პუნქტები და ინფრასტრუქტურული ობიექტები” – ვკითხულობთ 2017 წელს დამტკიცებულ სტრატეგიაში. 2018 წლის ზაფხულში, ზემო სვანეთში, მდინარეების ნენსკრასა და ოკრილას ხეობებში, ასევე ძალიან რთულმა მეწყრულ-ღვარცოფულმა პროცესმა (რასაც მაშინ, საბედნიეროდ, მსხვერპლი არ მოჰყვა) კიდევ ერთხელ აჩვენა, პოტენციურად საშიშ ხეობებში, ადრეული შეტყობინების და განგაშის სისტემების დანერგვის და ქვეყნის მასშტაბით, ასეთი ქსელის გამართვის სასიცოცხლო აუცილებლობა. თუმცა, ექსპერტების შეფასებით, ეს მთავრობისთვის პრიორიტეტად მაინც ვერ იქცა. „ამ ეტაპზე, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში არის 4 უბანი, სადაც ინსტალირებულია მეწყრული პროცესების მონიტორინგის სისტემები. ვიღებთ ინფორმაციას მეწყრის სხვადასხვა მახასიათებლის შესახებ.თუმცა, სამწუხაროდ, კომპლექსური ხასიათის, სწრაფად განვითარებადი სტიქიური პროცესების წინასწარ პროგნოზირება დიდ სირთულეს წარმოადგენს მთელი მსოფლიოსთვის და პრაქტიკულად, შეუძლებელია“ – ეს განცხადება გარემოს ეროვნული სააგენტოს სტიქიური პროცესებისა და საინჟინრო გეოლოგიის სამმართველოს უფროსმა, გიორგი გაფრინდაშვილმა გაავრცელა. სააგენტოს არ დაუკონკრეტებია რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რომელ მდინარეებზე მიმდინარეობს მონიტორინგი და რატომ ვერ მოხვდა მათ შორის, მდინარეები ჭანჭახი, ბუბა, ბუბისწყალი, რომლებიც მყინვარული და პოტენციურად საშიში მდინარეებია. ოფიციალური ინფორმაციით, ე.წ უსაფრთხოების რადარები სააგენტოს დამონტაჟებული აქვს დევდორაკ-ამალის მყინვარზე და მდინარე ვერეს ხეობაში, თუმცა, ჰიდროლოგი ლაშა სუხიშვილი ამბობს, რომ თბილისში ეს სისტემა გამართული დღემდე არ არის. „თბილისში რა შეიცვალა, ქვეყნის დედაქალაქში, ვერეს ხეობის ტრაგედიიდან გასულია 8 წელი, არსებობს მონიტორინგის, ადრეული შეტყობინების და სასიგნალო სისტემა? შეწყვეტილია ხეობის განაშენიანება? არაფერი ასეთი არ მომხდარა. კი, ვერეს ხეობაში არა თუ რადარი, ნალექის მზომი და მეტეოსადგურიც აყენია, მაგრამ ეს არ არის სისტემა, ეს არის ერთეული კომპონენტები, რომელიც ადრეული შეტყობინებისთვის არასაკმარისია“ – გვეუბნება ლაშა სუხიშვილი. „ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ ასეთი კატაკლიზმები, ტრაგედიები, სტიქიები ხდება ყველა ქვეყანაში. ყოველგვარი საუბარი, რომ ამის არიდება შეიძლებოდა, მგონი არასერიოზულია“ – განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც შოვში ტრაგედიის მეორე დღეს ჩაფრინდა. „ქართული ოცნების“ ლიდერი ამის შემდეგ, ზოგიერთი მედიის კრიტიკაზე გადავიდა. „თქვენ 24 საათი ერთადერთ დავალებას ასრულებთ.

ჩვენი ხალხის შეცდომაში შეყვანის, ხალხის დაზაფვრის, ასეთი უბედური მდგომარეობა გვაქვს, ასეთი ტრაგედია გვაქვს და თქვენ ათმაგად ძაბავთ ხალხს“ – აღნიშნა ღარიბაშვილმა. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის 2021 წლის საინფორმაციო-გეოლოგიურ ბიულეტენში, სადაც სააგენტო მომავალი წლისთვის პროგნოზს აკეთებს, პირდაპირ წერია, რომ „ღვარცოფული პროცესი საშიშროებას უქმნის ცენტრალურ საავტომობილო გზას და კურორტ შოვის ინფრასტრუქტურულ ობიეტებს“. სააგენტოს ეს ღვარცოფი, “მაღალი რისკის” საშიშროებად აქვს შეფასებული. თუმცა, უცნაურია, რომ საუბარია არა ბუბას წყალზე (ან ჭანჭახზე), არამედ მდინარე დღვიორაზე, რომელიც სოფელ გლოლაში ჩამოედინება და უერთდება მდინარე ჭანჭახს. გლოლა კი შოვამდე მდებარეობს და შესაბამისად, დღვიორაზე განვითარებული ღვარცოფი შოვს საფრთხეს როგორ შეუქმნის, ამ კითხვაზე, გარემოს ეროვნულ სააგენტოს დამატებითი განმარტება არ გაუკეთებია. „როგორც ჩანს, გარემოს ეროვნულ სააგენტოს ჰქონდა გარკვეული კვლევები ამ მიმართულებით. დოკუმენტში საუბარია, რომ შოვში პოტენციური საფრთხეები არსებობს, თუმცა გაკეთდა განმარტება, რომ საუბარია მდინარე დღვიორაზე და არა იმ მდინარეზე, საიდანაც წამოვიდა ეს ღვარცოფი. თუმცა მაშინ გაუგებარია რატომ არის საუბარი შოვზე? იმიტომ, რომ შოვი არის ბევრად უფრო მაღლა, ვიდრე, მდინარე დღვიორას გამოსვლის კონუსი. რა კი შოვზე იყო საუბარი, ეჭვი შეიძლება გვქონდეს, დასაბუთებული ეჭვი, რომ გეოლოგებს ჰქონდათ გარკვეული ეჭვები, რომ ბუბას ხევიდან შეიძლება ასეთი პროცესები განვითარებულიყო და მომხდარიყო ის კატასტროფა, რაც მოხდა. რა რეაგირება მოჰყვა ამას, ამაზე სამწუხაროდ ვერაფერს გეტყვით“ – უთხრა „ამერიკის ხმას“ გარემოს დამცველმა კახა არცივიძემ, რომელიც ჯიპას უნივერსიტეტის პროფესორია. კახა არცივაძეს მიაჩნია, რომ პრემიერ ღარიბაშვილის პოზიცია, რომ სტიქიის “არიდება შეუძლებელი იყო“ არასწორია. „ქვეყნები, რომლებსაც აქვთ წინასწარი შეტყობინების სისტემები და კვლევების მაღალი მაჩვენებელი ყოველთვის უფრო მომზადებული არიან და ასეთი ტრაგედიებისგან თავს იზღვევენ. საუბარი იმაზე, რომ ამის პროგნოზი არ შეგვიძლია და ასეთი ყველგან ხდება, არასწორია. რა თქმა უნდა, სტიქია ყველგან ხდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ მოვემზადოთ.

ჩვენნაირი ქვეყნებისთვის მზადყოფნა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ასეთი სტიქიური უბედურებისთვის და მათი შედეგების შემცირებისთვის. ეს მზადყოფნა სამწუხაროდ, სახეზე არ არის“ – ამბობს არცივაძე. მთლიანად განადგურებულ კურორტ შოვში სამაშველო-საძიებო სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს. სამაშველო სამსახურების გარდა, შოვში, უამრავი მოხალისეც ჩავიდა. მაშველების საქმიანობის შედეგებს მოუთმენლად ელიან დაკარგული ადამიანების, მათ შორის, ბავშვების ოჯახის წევრები. დაკარგულთა შორისაა, მესხების ხუთსულიანი და გუტაშვილი-მაისურაძის ცხრა სულიანი ოჯახები; და-ძმა ყარალაშვილები, ნათია ჭელიძე სამი მცირეწლოვანი შვილით და სხვები. მთავრობამ 7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოაცხადა.

წყარო