Home Blog Page 1606

“7 აგვისტო არის ის თარიღი, რომელიც დაფიქსირდა „ნაცმოძრაობის“ მიერ მხარდაჭერილ რეზოლუციაში ომის დაწყების თარიღად”- მდინარაძე

7 აგვისტო არის ის თარიღი, რომელიც დაფიქსირდა „ნაცმოძრაობის“ მიერ მხარდაჭერილ რეზოლუციაში ომის დაწყების თარიღად და მასთან იყო დაკავშირებული ქართველი სამხედროების მიერ ომის დაწყება და ომის დანაშაული. ანუ, დაადანაშაულეს 7 აგვისტოს ომის დაწყებაში ქართველი სამხედროები და 7 აგვისტოს ომის დანაშაულის ჩადენაში. შემდეგ ეს გავაბათილეთ და მოვიგეთ როგორც სტრასბურგში, ისე ჰააგაში ორივე სასამართლო – „ნაცების“ მიერ გადამალული მტკიცებულებების მიუხედავად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„დღეს ცოტა ჭირს ასეთ თემებზე საუბარი, მაგრამ რადგან არ იშლიან, მე მათ ვურჩევდი, რომ 7 აგვისტოს თემაში, ომის კონტექსტში, ჯერ ერთი, მათ ადგილზე არ აღმოვჩნდებოდი, მაგრამ თუ აღმოვჩნდებოდი, არ შევიდოდი ამაში. როცა საუბრობენ რუსულ ნარატივზე, ერთ-ერთმა ტელევიზიამ ეს სტიქია და გლობალური დათბობა რუსულ ნარატივთან დააკავშირა – 7 აგვისტო არის ის თარიღი, რომელიც დაფიქსირდა „ნაცმოძრაობის“ მიერ მხარდაჭერილ რეზოლუციაში ომის დაწყების თარიღად და მასთან იყო დაკავშირებული ქართველი სამხედროების მიერ ომის დაწყება და ომის დანაშაული. ანუ, დაადანაშაულეს 7 აგვისტოს ომის დაწყებაში ქართველი სამხედროები და 7 აგვისტოს ომის დანაშაულის ჩადენაში. შემდეგ ეს გავაბათილეთ და მოვიგეთ როგორც სტრასბურგში, ისე ჰააგაში ორივე სასამართლო – „ნაცების“ მიერ გადამალული მტკიცებულებების მიუხედავად. მათ ფილმიც გადაიღეს 08.08.08, 8 აგვისტოს გადიოდნენ საფლავებზე 2014 წლამდე, შემდეგ შეცვალეს ნარატივი და 7 აგვისტოს დაიწყეს საფლავებზე გასვლა. ანუ 2014 წლამდე ისინი რუსულ ნარატივზე ისხდნენ, რადგან მოიხსენიებდნენ დაღუპულ გმირებს 8 აგვისტოს? ეს ხომ ცალსახა სპეკულაციაა და მართლად რუსულ საქმეს აკეთებს. რუსეთი ამტკიცებდა ორივე სასამართლოში, რომ ის მოცემულობა იყო სწორი, რაც რეზოლუციაში ეწერა. ამ ნარატივით „გვაწვებოდნენ“ ქართულ მხარეს, რომ 7 აგვისტოს დაიწყო ომი და ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს ეს ომი და ომის დანაშაული ჩაიდინეს. ჩვენ ეს გავაბათილეთ და სასამართლო პროცესი მოვიგეთ. პრეზიდენტის ბრძანებულებაში იყო და შემდეგ პარლამენტმაც დაუდასტურა ეს მაშინდელ პრეზიდენტს, რომ 8 აგვისტოს შემოიჭრა საქართველოში რუსული ჯარი. 2014 წლის შემდეგ შეცვალეს ეს ნარატივი და უნდათ, ამით მანიპულირება მოახდინონ“, – აცხადებს მდინარაძე.

“აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს”

დღეს 15 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა საქართველოში და მოახდინა მისი მიწის 20%-ის ოკუპაცია, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სოციალურ ქსელში წერს.

ბლინკენის თქმით, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს,

„დღეს 15 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა საქართველოში და მოახდინა მისი მიწის 20%-ის ოკუპაცია. რუსეთი კვლავ უარს აცხადებს ცეცხლის შეწყვეტის 2008 წლის ვალდებულებების შესრულებაზე. აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, – წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.

“ვადასტურებ ფინეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”

რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის 15 წლისთავზე კიდევ ერთხელ ვადასტურებ ფინეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ , – ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელინა ვალტონენის განცხადებაშია აღნიშნული.

“მოვუწოდებთ რუსეთს, პატივი სცეს საერთაშორისო კანონმდებლობას და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები”, – აღნიშნულია ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებაში.

“საზოგადოებრივი უსაფრთხოების უკეთ უზრუნველსაყოფად ტექნიკური გადაწყვეტილებები უდავოდ მისაღებია”

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი: დავით ზარდიაშვილი

ამ დიდი ტრაგედიიდან სერიოზული დასკვნებია გამოსატანი. საზოგადოებრივი უსაფრთხოების უკეთ უზრუნველსაყოფად ტექნიკური გადაწყვეტილებები უდავოდ მისაღებია, რასაც ჯერ სერიოზული ანალიზი და გეგმის შემუშავება სჭირდება; მაგრამ, რაც არის გასაკეთებელი საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ორგანიზაციული კუთხით, ეს ამ უბედურებამდეც ისედაც ზედაპირზე იყო და ტრაგედიამ კიდევ უფრო მეტად გამოკვეთა, მეტად აქტუალურიც გახადა.

უწინარეს ყოვლისა – აშკარაა, რომ დეზინფრომაციული პარტიული პროპაგანდა, როცა საქმე ეხება საზოგადოებრივ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს – ვითარებას ამძიმებს და საფრთხე კრიტიკული შეიძლება გახადოს. ამ მიმართულებით უალტერნატივოდ მოჩანს საზოგადოებრივად მაღალი მნიშვნელობისა და მომეტებული რისკების მოვლენათა მედია-გაშუქებისათვის საერთაშორისოდ კარგად აპრობირებული მეთოდის – აკრედიტებული ჟურნალისტიკის გამოყენება. განსაკუთრებით, ისეთი სპეციალური ღონისძიებების, როგორებიცაა მაგ. სამაშველო ანდა პოლიციური ოპერაციები, გაშუქება უნდა ხდებოდეს განსაკუთრებული მედია და ჟურნალისტური სტანდარტების დაცვით. ამ შემთხვევაში ასეთი სტანდარტები უსაფრთხოების მიზნითაა აუცილებელი და უნდა დგინდებოდეს აკრედიტაციის პირობებით. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ ავიცილებთ რისკს, რომ შეგნებულად ანდა უნებლიედ არ მოხდეს ამ ოპერაციებისათვის ხელის შეშლა, სულაც – მათი საბოტირება, თუნდაც დისკრედიტაციის გზით. ეს იმდენად თვალსაჩინოა, რომ რაიმე დამატებით არგუმენტაციას არ საჭიროებს. ცხადია, როცა საქმე მომეტებულ რისკს ეხება და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება თავაშვებულობად არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გამოიყურებოდეს. ისეთი თავაშვებულობა, რის უფლებასაც თავს აძლევენ ე.წ. ოპოზიციური ტელევიზიები, რომლებიც სინამდვილეში პარტიული დეზინფორმაციული პროპაგანდის იარაღები არიან და დაუფარავად ეწევიან საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ ომს, ყოვლად შეუწყნარებელია და ვერც ერთი შემდგარი საზოგადოება თუ სუვერენული სახელმწიფო ამას ვერ დაუშვებს!

სპეციალური ოპერაციების გასაშუქებლად უნდა დაიშვებოდნენ მხოლოდ აკრედიტირებული მედია საშუალებები. ხოლო ასეთი ოპერაციების თაობაზე ინფორმაციის მოპოვების, დამუშავებისა და გავრცელებისათვის აკრედიტაციის წესებით უნდა დადგინდეს პირობები, რაც ობიექტურობის მაღალ მედია და პროფესიულ ჟურნალისტურ სტანდარტებს სრულად შეესაბამება. ამ წესების და სტანდარტის დარღვევაა დაუყოვნებლივ უნდა იწვევდეს აკრედიტაციის გაუქმებას და შესაბამისად, მსგავსი მოვლენების გაშუქების შეზღუდვას, ყოველ შემთხვევაში – ადგილებიდან ონ-ლაინ რეპორტაჟის, რაც დამატებით საფრთხეს ქმნის, არასწორი ინტერპრეტაციით გადაიცემა და მიზანმიმართულ დეზინფორმაციას წარმოადგენს, დაუყოვნებლივ აკრძალვას. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში – მაუწყებლის ლიცენზიის შეჩერებას.

ასევე, აუცილებელია საგნობრივი მსჯელობის დაწყება, რათა საკანონმდებლო წესით ერთი-მეორისგან გაიმიჯნოს ობიექტური, პროფესიული ჟურნალისტიკა და პოლიტიკური მედია-პროპაგანდა. მაუწყებლობის შესახებ კანონში უნდა გადაისინჯოს “ფეიკ-ნორმა”, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს უკრძალავს საკუთარი მედია-მაუწყებლობის ქონას. ეს ნორმა თვალთმაქცურია, ცრუა, “ფეიკია”, რადგან რეალურად, ყველა მეტ-ნაკლებად ძლიერ პარტიას თავისი მედია-საშუალება აქვს. რაც ყველამ შესანიშნავად ვიცით. პარტიული ტელევიზიები ოფიციალურადაც უნდა იქნას დაშვებული, ოღონდ ერთი სავალდებულო პირობით: ზოგადი მაუწყებლობის ლიცენზია უნდა გამორიცხავდეს პარტიულ პროპაგანდას, რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაციის პირდაპირ რეკლამას, მის სასარგებლოდ ან საზიანოდ ფაქტობრივი რეალობის გარდა რაიმე სხვა აზრის, თუკი ასევე არ გადაიცემა საპირისპირო აზრი, ცალმხრივ გავრცელებას. ვისაც სურს, დაე, გააჩნდეს საკუთარი მედია, ოღონდ კეთილი ინებოს და ეს გამჭვირვალედ, ღიად განაცხადოს და მიიღოს პარტიული მაუწყებლობის ცალკე, სპეციალური ლიცენზია. დეზინფორმაციაზე, ფეიკზე, ცილისწამებაზე კი, თუკი ეს გავრცელდება, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს შესაბამის პარტიასაც. ასევე, ეს პარტიული ტელევიზია უნდა მიიჩნეოდეს პარტიულ ორგანოდ, მის სტრუქტურულ ერთეულად. მისი დაფინანსება -პარტიის პირდაპირ ხარჯად, რაც პარტიების შესახებ კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობას არ უნდა აღემატებოდეს. აქ, პარტიული მედიის ლიცენზირების დეტალებზე უდავოდ სამსჯელოა.

მაგრამ:
მაღალი საზოგადოებრივი მნიშვნელობის და მომეტებული საფრთხეების მქონე მოვლენების გაშუქებისას აკრედიტებულ ჟურნალისტიკას, თუკი გვსურს ცივილიზებულ ხალხად და სახელმწიფოდ მივიჩნეოდეთ, ალტერნატივა არა აქვს!

“წლებია, ოპოზიცია ელოდება ახალ გირგვლიანს, მოლაშვილსა და თეთრაძეს, რათა გადაიფაროს სააკაშვილის სისხლიანი მმართველობა” – თამთა მეგრელიშვილი

მომხდარი ტრაგედიის მიმართ ემოციები ლოგიკურია, მაგრამ როცა ამას თან სდევს უსაფუძვლოდ ხელისუფლების დადანაშაულება, ეს უკვე გამიზნული პოლიტიკური შინაარსია, რომელსაც იმეორებენ საკუთარ საქმეში წარმატებული სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, თამთა მეგრელიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, ტრაგედიების დროს პოლიტიკური ბრძოლის დრო არ არის, თუმცა ოპოზიცია ცდილობს, ასეთი მძიმე გარემოებაც კი ხელისუფლებასთან საბრძოლველად გამოიყენოს.

„ტრაგედია, როგორც წესი, ადამიანებს აერთიანებს, მაგრამ არა ქართულ რეალობაში. აქ ტრაგედია ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული ადამიანების ხელში სახელისუფლებო გუნდის პოლიტიკურად გასაქილიკებელი იარაღია.

ისინი წლებია, ელოდებიან ახალ გირგვლიანს, ახალ მოლაშვილს, თეთრაძეს, რათა გადაიფაროს ის სისხლიანი მმართველობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დროს იყო, მაგრამ „ქართული ოცნება“ არ დგას სისხლსა და გვამებზე, ეს ძალა ადამიანის ინტერესებზე მორგებული პოლიტიკის შემოქმედია.

მომხდარი ტრაგედიის მიმართ ემოციები ლოგიკურია, მაგრამ როცა ამას თან სდევს უსაფუძვლოდ ხელისუფლების დადანაშაულება, ეს უკვე გამიზნული პოლიტიკური შინაარსია, რომელსაც გააზრებულად, თუ გაუაზრებლად იმეორებენ საკუთარ საქმეში წარმატებული სხვადასხვა პროფესიის ადამიანები.

მაგალითად, არ შეიძლება, ნიკოლოზ რაჭველი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს სამაშველო ოპერაციის ჩატარების ტექნიკაზე, აფასებდეს მიმდინარე ოპერაციას.
მით უფრო უარგუმენტოდ
ადანაშაულებდეს სახელისუფლებო გუნდს, თან რაში? – უმოქმედობაში,
როცა ყველა ხედავს, რომ სახელისუფლებო გუნდი და სახელმწიფოს ყველა უწყება ფეხზე დგას!

ახლა რაც შეეხება ყბადაღებულ თემას შვეულმფრენის შესყიდვასთან დაკავშირებით:
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფრანგულ კომპანია „Airbus Helicopters-თან“ 3 ახალი შვეულმფრენის შესყიდვის მიზნით ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით სასაზღვრო პოლიცია H145-ის ტიპის 3 შვეულმფრენს ელოდება.

H145 მრავალფუნქციური შვეულმფრენია, რომელსაც შეუძლია, შეასრულოს პოლიციური, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ფუნქციები. ახალი შვეულმფრენები სრულადაა დაკომპლექტებული ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. მათ გააჩნიათ 2 ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას. ამ ტიპის შვეულმფრენი დიდ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც, საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადი იქნება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, ქართულ მხარეს პირველი შვეულმფრენი კონტრაქტის ხელმოწერიდან 17 თვეში გადმოეცემა, ხოლო სამივე საავიაციო ტექნიკა – 20 თვემდე პერიოდში საქართველოში იქნება სრულ საფრენოსნო მდგომარეობაში.

მორჩით პოლიტიკურ სპეკულაციებს, „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს და არ ეყოლება მოკლული გირგვლიანი, ნაწამები თეთრაძე, მოლაშვილი და სხვები“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.

“სამწუხაროდ, შოვის ტრაგედიას თავიდან ვერ ავიცილებდით” – ოთარ შამუგია

პირველადი დასკვნის თანახმად, მოვლენები იმდენად მყისიერი და კომპლექსური იყო, რომ მისი თავიდან აცილება ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც კი, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნებოდა , – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ 3 აგვისტოს შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან აღნიშნა, სპეციალისტების წინასწარი შეფასების მიხედვით, კომპლექსური მოვლენები, რომლებმაც ღვარცოფი გამოიწვია, 8-10 წუთის განმავლობაში განვითარდა.

მისივე თქმით, ინფორმაცია, რომ მდინარე ჭანჭახი სტიქიამდე ორი დღით ადრე დაგუბდა, მცდარია.

გარდა ამისა, ოთარ შამუგიამ პოლიტიკოსებს მოუწოდა, რომ სპეციალისტებს, რომლებიც აღნიშნულ საკითხს იკვლევენ, თავიანთი განცხადებებით შეურაცხყოფა არ მიაყენონ, რადგან ისინი პროფესიონალები არიან და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმესა აკეთებენ.

„საქართველოში გლოვის დღეა და მინდა ყველა დაღუპულის ოჯახს მივუსამძიმრო. სამწუხაროდ, ამ ტრაგედიას თავიდან ვერ ავიცილებდით. ამის შესახებ ჩვენ სპეციალისტების პირველადი შეფასება საზოგადოებას მივაწოდეთ. მე მინდა გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებს 24 – საათიანი მუშაობისთვის მადლობა გადავუხადო. მათ საკმაოდ მოკლე დროში შეძლეს, რომ პირველადი დასკვნა დაედოთ. სამწუხაროდ, დღეს სხვადასხვა პოლიტიკოსისგან მოვისმინეთ განცხადებები, თითქოს ამ ადამიანებმა დავალება შეასრულეს. ყველას ვთხოვ, მსგავსი განცხადებებისგან თავი შეიკავოს, რადგან ეს ადამიანები პროფესიონალები არიან. მათ ძალიან მოკლე დროში შეძლეს დასკვნა დაედოთ, ისინი თავიანთ საქმეს ასრულებენ. სააგენტო, რა თქმა უნდა, მუშაობას და კვლევას გააგრძელებს. მნიშვნელოვანია, სტიქიის გამომწვევ მიზეზებთან ერთად, შემდგომ განსახორციელებელ მიზნებზე ვისაუბროთ და ზუსტად განვსაზღვროთ, თუ რა უნდა მოხდეს სამომავლოდ ამ ხეობაში.

მინდა საზოგადოებას ის მნიშვნელოვანი დეტალები მივაწოდო, რაც წინასწარი შეფასებით დადგინდა. სტიქია იმით დაიწყო, რომ კლდეზვავური მასა ჩამოიშალა. ის შემდგომში შეეჯახა მყინვარს, გარკვეული ნაწილი ჩამოინგრა, რასაც მოჰყვა მეწყრული პროცესები და ყველაფერი გადაიზარდა ღვარცოფში. სპეციალისტების დასკვნით, ეს ყოველივე სტიქიის 8-10 წუთის განმავლობაში განვითარდა. საუბარი იმაზე, რომ მდინარის ორდღიანი დაგუბება იყო, ეს არასწორი ინფორმაციაა. მდინარე ჭანჭახზე არსებობს ჰიდროლოგიური სადგური, რომლისგან აღებული მონაცემების თანახმად, სტიქიამდე და სტიქიის დროს მდინარის წყლის დონის სხვაობა არ დაფიქსირებულა. ამის საფუძველზე, სპეციალისტები ამბობენ, რომ იქ რაიმე სახის ხანგრძლივი შეგუბება ვერ იარსებებდა.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ პირველადი დასკვნის თანახმად, ეს მოვლენები იმდენად მყისიერი და კომპლექსური იყო, რომ მისი თავიდან აცილება ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც კი, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნებოდა. მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში, ეს დასკვნა ყველა სპეციალისტმა უნდა შეაფასოს. პოლიტიკოსებს მოვუწოდებ, რომ თავიანთი განცხადებებით შეურაცხყოფა არ მიაყენონ იმ ადამიანებს, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

“გამაოგნებელია, როცა ტრაგედიის მიუხედავად, ვიღაცები „ფეიკებისთვის“ იცლიან” – მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში სამუშაოები გრძელდება და დაღუპულებთან დაკავშირებით მონაცემები არ შეცვლილა. მამუკა მდინარაძემ სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

„დაკარგული ადამიანების აღმოჩენის შესახებ ახალი ინფორმაცია არ არის. იძებნება 16 ადამიანი, ხოლო აღმოჩენილი 18 ცხედრიდან ოთხის იდენტიფიცირება ჯერ ვერ ხერხდება, დანარჩენი იდენტიფიცირებული არიან. ზოგიერთი მათგანი უკვე გადასვენებულია. დღეს გლოვის დღეა და კიდევ ერთხელ ძალიან გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ თითოეულ ოჯახს. წარმოუდგენელი ამბავია, ტრაგედიაა, როცა დაკარგულია ოჯახის რამდენიმე წევრი და მათ ეძებენ. აქ როცა ამბებს ისმენ, თავიანთი ოჯახების ამბებს გიყვებიან, არ შეიძლება, ეს მარტივად გადმოსცე. თითოეულ ოჯახს და მთელ საქართველოს გულწრფელად თანავუგრძნობ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ სტიქიის ზონაში.

მამუკა მდინარაძეს კითხვით მიმართეს, როგორ შეაფასებდა და რას ემსახურება ის, რომ შოვში სტიქიის დაწყების დღიდან სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ ლიდერების მიმართ სხვადასხვა დაუზუსტებელი ინფორმაცია ვრცელდება.

მამუკა მდინარაძის თქმით, ტრაგედიის ფონზე, გარკვეული ადამიანების მხრიდან განცხადებების გაყალბება ხდება, რაც გამაოგნებელია.

„გამაოგნებელია, როცა ასეთი ტრაგედიის მიუხედავად, ასეთი ტრაგედიის ფონზე ვიღაცები ახერხებენ და იცლიან იმისთვის, რომ დასხდნენ და „ფეიკები“ აკეთონ. ბოლო პერიოდში სოციალური ქსელი გაჯერებულია მოგონილი ამბებით არაერთ ადამიანთან, პოლიტიკოსთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კახა კალაძეზე, ირაკლი კობახიძეზე და რასაკვირველია, ჩვენზეც, ყველაზე. ადამიანები ახერხებენ, მორალი აძლევთ იმის საშუალებას, რომ ისეთი განცხადებები გაავრცელონ, რისი მსგავსიც არ გაკეთებულა, განცხადებებს აყალბებენ და ამით საზოგადოებას აბრაზებენ. სამწუხაროდ, შემდეგ ამას ვიღაცები იჯერებენ. არაერთი გაზიარება ჰქონდა ერთ-ერთ „ფეიკს“. როგორც მეუბნებიან, დაზარალებული ოჯახის ერთ-ერთმა წევრმაც გააზიარა. ხომ შეიძლება, ცოტა ხანს გაჩერდნენ და გლოვის დღეს, ასეთი უბედურების დღეებში ოპონენტის, ამ შემთხვევაში, ხელისუფლების რომელიმე ლიდერის პოლიტიკურ დაზიანებაზე არ იფიქრონ, ამით არ იყვნენ დაკავებული. მოვუწოდებ ყველას, ამ უბედურების, ტრაგედიის ირგვლივ მაინც შევძლოთ გაერთიანება და არავის არაფერი დააბრალონ. ამაზრზენია, როცა სიცრუის ტირაჟირებასაც კი არ ერიდებიან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

“ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, უძლურები ვართ და რაღაცების პრევენცია და თავიდან არიდება შეუძლებელია” – ლევან დავითაშვილი

ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, უძლურები ვართ და რაღაცების პრევენცია და თავიდან არიდება შეუძლებელია ხოლმე – ის დიდი ტრაგედია და უბედურება, რომელიც ჩვენ ქვეყანაში მოხდა, პოლიტიკური სპეკულაციის საგანი გახდა, მათ შორის, მორიგ ჯერზე ვერ ვაჩვენეთ მაღალი დონის პოლიტიკური კულტურა, სოლიდარობა,- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, ტრაგედიაც პოლიტიკური ქულების დაწერის საგანი გახდა.

„დღეს ქვეყანას რესურსების პრობლემა არ გააჩნია, მაგრამ სტიქიასთან დაკავშირებით, ერთი რამ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, უძლურები ვართ და რაღაცების პრევენცია, ან რაღაცების თავიდან არიდება შეუძლებელია ხოლმე. ასეთი რამ ხდება არამხოლოდ საქართველოში, არამედ ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში და ძალიან სამწუხაროა, რომ ხანდახან ადამიანები, სისტემები, სახელმწიფო ინსტიტუტები თუ მთლიანად ქვეყნები უძლურები არიან სტიქიური უბედურებების პრევენციის და აღკვეთის კუთხით.

ოთარ შამუგია მოგახსენებთ დეტალურ ინფორმაციას, რომელიც იმ დასკვნას უკავშირდება, რომელიც ოფიციალურად მომზადებულია გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური დეპარტამენტის მიერ. ერთადერთი კომპეტენტური უწყებაა, რომელსაც ძალუძს შეაფასოს ასეთი ტიპის სტიქიური მოვლენები, მკაფიო ექსპერტული და საბოლოო დასკვნა გააკეთოს, სპეკულაციები ამით დასრულდეს. ჩვენ დავინახეთ, რომ ის დიდი ტრაგედია და უბედურება, რომელიც ჩვენ ქვეყანაში მოხდა, პოლიტიკური სპეკულაციის საგანი გახდა, მათ შორის, მორიგ ჯერზე ჩვენ ვერ ვაჩვენეთ მაღალი დონის პოლიტიკური კულტურა, სოლიდარობა და ასეთი ტიპის ტრაგედიაც გავხადეთ სპეკულაციის და მათ შორის პოლიტიკური ქულების დაწერის საგანი“,- აღნიშნა მინისტრმა.

“ორ სახელმწიფოს შორის 200-წლიანი ომი მანამდე გაგრძელდება, სანამ ბოლო რუსი ჯარისკაცი არ დატოვებს საქართველოს ტერიტორიას” – სიმონ მასხარაშვილი

“8 აგვისტოს 15 წელი სრულდება რუსეთ-საქართველოს ორსაუკუნოვანი ომის უკანასკნელი ცხელი ფაზის განახლებიდან. დღეს საომარი მოქმედებები შეწყვეტილია, მაგრამ საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავაც რუსეთის ჯარის მიერაა ოკუპირებული”- წერს სოციალურ ქსელში ისტორიკოსი, სიმონ მასხარაშვილი.

მისი თქმით, ორ სახელმწიფოს შორის 200-წლიანი ომი მანამდე გაგრძელდება, სანამ ბოლო რუსი ჯარისკაცი არ დატოვებს საქართველოს ტერიტორიას.

„რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის მცდელობები ჯერ კიდევ 1770 წელს ტოტლებენის მიერ ერეკლე II-ს დამხობის მცდელობითა და 1783 წელს გეორგიევსკის ტრაქტატის თავზე მოხვევით დაიწყო.( ტოტლებენი ერეკლემ გააძევა, ხოლო გეორგიევსკის ტრაქტატი 1787 წელს გაუქმდა).

1801 წელს იმპერატორებმა პავლეI-მა და ალექსანდრე I-მა მანიფესტები გამოსცეს ქართლ-კახეთი სამეფოს გაუქმების შესახებ და 1802 წლის აპრილში რუსულმა ჯარმა ქართლ-კახეთის ოკუპაცია და ანექსია განახორციელა. სწორედ 1802 წლიდან დაიწყო რუსეთ-საქართველოს 200 წლიანი ომი, რომელიც დღემდე გრძელდება და გაგრძელდება მანამდე, სანამ უკანასკნელი რუსი ჯარისკაცი არ დატოვებს საქართველოს მიწა-წყალს! ამ ომს ჰქონდა ცხელი და ცივი ფაზები. ცხელი ფაზები იყო 1802 წლის ანტირუსული აჯანყება; 1804 წლის მთიულეთის აჯანყება, 1810 წლის იმერეთის აჯანყება; 1812-13 წლების კახეთის აჯანყება; 1819-20 წლების იმერეთ-გურიის აჯანყება; 1850-იანი წლების უტუ მიქავას აჯანყება და ასე შემდეგ. რუსეთს საქართველოს დასაპყრობად 65 წელი დასჭირდა და მხოლოდ 1867 წელს სამეგრელოს სამთავროს იურიდიულად გაუქმებით დასრულდა ანექსიის პროცესი, მაგრამ ქართველ ერს არც მერე შეუწყვეტია რუსების განდევნისათვის ბრძოლა: 1865 და 1877-78 წლებში ანტირუსული აჯანყება მოხდა აფხაზეთში, ხოლო 1871 წელს რუსეთს აუჯანყდა სვანეთი.

1917 წელს რუსეთის იმპერია დაემხო და 1918 წელს საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა. რუსეთ- საქართველოს შორის ბრძოლები მიმდინარეობდა 1918-შიც, 1919-შიც, 1920-შიც და 1921-შიც. სამჯერ დავამარცხეთ რუსები, მეოთხედ ჟორდანიასა და კვინიტაძის ბედოვლათობის წყალობით დავმარცხდით. 1921 წელს ბოლშევიკური ოკუპაცია დაიწყო, ხოლო 1922 წლის 30 დეკემბრიდან დაპყრობილი და გასაბჭოებული საქართველო ძალით გააწევრიანეს სსრკ-ში. ამის მერე იყო 1922 და 1924 წლის აჯანყებები, 1937 წლების რეპრესიები, 1956 წლის 9 მარტი, 1978 წლის 14 აპრილი, 1989 წლის 9 აპრილი, რაც ადასტურებდა, რომ ქართველი ერი რუს დამპყრობელთა წინააღმდეგ ბრძოლას არ წყვეტდა! 1991 წელს დაინგრა სსრკ და დამოუკიდებლობა აღიდგინა საქართველომ, მაგრამ აწ რუსეთის ფედერაციად გარდაქმნილმა რუსულმა იმპერიამ პირველივე დღეებიდან გააჩაღა საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო ომი და ეგრეთწოდებული ეთნოკონფლიქტები! დესტრუქციის ექსპორტით ცდილობდა ელცინის რუსეთი საქართველოს დანგრევასა და ხელახლა დამონებას. (1992-2008 წლებში რუსეთის ჯარი მშვიდობისმყოფელთა სტატუსით აგრძელებდა ჩვენი მიწის ოკუპაციას). მაგრამ რუსეთმა მიზანს ვერ მიაღწია, ქართველი ერი ვერ დაიმონა და 2008 წლის 8 აგვისტოს აშკარა აგრესიაზე გადმოვიდა! პუტინისა და მედვედევის ბრძანებით რუსეთის 58-ე არმია როკის გვირაბიდან საქართველოში შემოიჭრა, რუსეთის ავიაციამ და სარაკეტო ჯარებმა საქართველოს დაბომბვა დაიწყეს, მაგრამ ქართული მხედრობის გმირული ბრძოლის წყალობით მიზანს ვერ მიაღწიეს! თბილისი ვერ აიღეს, მშვიდობისმყოფელის მანტია დაკარგეს და ოკუპანტებად გამოცხადდნენ გაეროს, ნატო-ს, ევროკავშირისა და მსოფლიო საზოგადოების მხრიდან! ხვალ 8 აგვისტოს 15 წელი სრულდება რუსეთ-საქართველოს ორსაუკუნოვანი ომის უკანასკნელი ცხელი ფაზის განახლებიდან. დღეს რუსეთ-საქართველოს შორის საომარი მოქმედებები შეწყვეტილია, მაგრამ საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავაც რუსეთის ჯარის მიერაა ოკუპირებული, შესაბამისად, რა უვიზო რეჟიმიც არ უნდა არსებობდეს რუსეთ-საქართველოს შორის , რუსეთი საქართველოს მტრად რჩება, სანამ რუსეთის ჯარი არ გავა საქართველოს ტერიტორიიდან და რუსეთის ხელისუფლება არ აღიარებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საქართველოს განუყოფელ ნაწილებად!
2008 წლის 8 აგვისტო გვემახსოვრება მარად!“, – წერს სიმონ მასხარაშვილი Facebook-ზე.

“საქართველოზე რუსეთის 2008 წლის თავდასხმა არის საშინელი შეხსენება მათთვის, ვინც რუსეთის შეჭრის შედეგად კვლავ იტანჯება”

რუსეთის მიერ 2008 წელს განხორციელებული ბნელი თავდასხმა არის საშინელი შეხსენება მათთვის, ვინც საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად კვლავ იტანჯება , – ამის შესახებ ეუთო-ში აშშ-ის მისიის განცხადებაშია აღნიშნული.

“15 წლის წინ, რუსეთი საქართველოში შეიჭრა. ათწლეულების მანძილზე, საქართველოს მოქალაქეები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ოკუპაციის ქვეშ ცხოვრობენ, ბევრი იძულებით გადაადგილებული და დევნილია. რუსეთის მიერ 2008 წელს განხორციელებული ბნელი თავდასხმა არის საშინელი შეხსენება მათთვის, ვინც საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად კვლავ იტანჯება”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასეთი სცენარის წინასწარმეტყველება შეუძლებელი იყო – ილიას უნივერსიტეტის პროფესორი

“ასეთი კატასტროფების მოძლიერების მიზეზი ანთროპოგენური პროცესია, მათ შორის ხე-ტყის უკანონო ჭრა, მაგრამ შოვის შემთხვევაში ამას ადგილი არ ჰქონია”, – ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა არჩილ მაღალაშვილმა შოვის სტიქიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით ამ სცენარის წინასწარმეტყველება შეუძლებელია.

“მოხდა ისეთი კატასტროფა, რომელზეც რეაგირება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო იმიტომ, რომ ის მასა, რომელიც ჩამოვიდა თითქმის 2800 მეტრ სიმაღლიდან პრაქტიკულად 10-12 წუთში გაიფინა შოვის ტერიტორიაზე. 10-12 წუთში პრაქტიკულად არაფრის მოსწრება არ იყოს შესაძლებელი. სამწუხაროდ, ასეთი სცენარის წინასწარმეტყველება შეუძლებელი იყო. ასეთი კატასტროფების მოძლიერების მიზეზი ანთროპოგენური პროცესია, მათ შორის ხე-ტყის უკანონო ჭრა, მაგრამ შოვის შემთხვევაში ამას ადგილი არ ჰქონია”, – განაცხადა არჩილ მაღალაშვილმა.

საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია, სისასტიკე გრძელდება, უნდა დავასრულოთ რუსეთის აგრესიის ციკლი – კაია კალასი

საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი კვლავ ოკუპირებულია. სისასტიკე და საერთაშორისო სამართლის დარღვევა გრძელდება, – ასე ეხმაურება ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი საქართველოში რუსეთის შემოჭრის 15 წლისთავს.

კაია კალასის თქმით, რუსეთის მიერ სისასტიკე და საერთაშორისო სამართლის დარღვევა გრძელდება.

„15 წლის წინ, ამ დღეს, რუსეთმა დაიწყო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი კვლავ ოკუპირებულია. სისასტიკე და საერთაშორისო სამართლის დარღვევა გრძელდება. ჩვენ უნდა დავასრულოთ რუსეთის აგრესიის ციკლი. ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა კაია კალასმა.