“გამაოგნებელია, როცა ტრაგედიის მიუხედავად, ვიღაცები „ფეიკებისთვის“ იცლიან” – მამუკა მდინარაძე

48
spot_img

„ქართული ოცნების“ წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში სამუშაოები გრძელდება და დაღუპულებთან დაკავშირებით მონაცემები არ შეცვლილა. მამუკა მდინარაძემ სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

„დაკარგული ადამიანების აღმოჩენის შესახებ ახალი ინფორმაცია არ არის. იძებნება 16 ადამიანი, ხოლო აღმოჩენილი 18 ცხედრიდან ოთხის იდენტიფიცირება ჯერ ვერ ხერხდება, დანარჩენი იდენტიფიცირებული არიან. ზოგიერთი მათგანი უკვე გადასვენებულია. დღეს გლოვის დღეა და კიდევ ერთხელ ძალიან გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ თითოეულ ოჯახს. წარმოუდგენელი ამბავია, ტრაგედიაა, როცა დაკარგულია ოჯახის რამდენიმე წევრი და მათ ეძებენ. აქ როცა ამბებს ისმენ, თავიანთი ოჯახების ამბებს გიყვებიან, არ შეიძლება, ეს მარტივად გადმოსცე. თითოეულ ოჯახს და მთელ საქართველოს გულწრფელად თანავუგრძნობ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ სტიქიის ზონაში.

მამუკა მდინარაძეს კითხვით მიმართეს, როგორ შეაფასებდა და რას ემსახურება ის, რომ შოვში სტიქიის დაწყების დღიდან სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ ლიდერების მიმართ სხვადასხვა დაუზუსტებელი ინფორმაცია ვრცელდება.

მამუკა მდინარაძის თქმით, ტრაგედიის ფონზე, გარკვეული ადამიანების მხრიდან განცხადებების გაყალბება ხდება, რაც გამაოგნებელია.

„გამაოგნებელია, როცა ასეთი ტრაგედიის მიუხედავად, ასეთი ტრაგედიის ფონზე ვიღაცები ახერხებენ და იცლიან იმისთვის, რომ დასხდნენ და „ფეიკები“ აკეთონ. ბოლო პერიოდში სოციალური ქსელი გაჯერებულია მოგონილი ამბებით არაერთ ადამიანთან, პოლიტიკოსთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კახა კალაძეზე, ირაკლი კობახიძეზე და რასაკვირველია, ჩვენზეც, ყველაზე. ადამიანები ახერხებენ, მორალი აძლევთ იმის საშუალებას, რომ ისეთი განცხადებები გაავრცელონ, რისი მსგავსიც არ გაკეთებულა, განცხადებებს აყალბებენ და ამით საზოგადოებას აბრაზებენ. სამწუხაროდ, შემდეგ ამას ვიღაცები იჯერებენ. არაერთი გაზიარება ჰქონდა ერთ-ერთ „ფეიკს“. როგორც მეუბნებიან, დაზარალებული ოჯახის ერთ-ერთმა წევრმაც გააზიარა. ხომ შეიძლება, ცოტა ხანს გაჩერდნენ და გლოვის დღეს, ასეთი უბედურების დღეებში ოპონენტის, ამ შემთხვევაში, ხელისუფლების რომელიმე ლიდერის პოლიტიკურ დაზიანებაზე არ იფიქრონ, ამით არ იყვნენ დაკავებული. მოვუწოდებ ყველას, ამ უბედურების, ტრაგედიის ირგვლივ მაინც შევძლოთ გაერთიანება და არავის არაფერი დააბრალონ. ამაზრზენია, როცა სიცრუის ტირაჟირებასაც კი არ ერიდებიან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.