ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, უძლურები ვართ და რაღაცების პრევენცია და თავიდან არიდება შეუძლებელია ხოლმე – ის დიდი ტრაგედია და უბედურება, რომელიც ჩვენ ქვეყანაში მოხდა, პოლიტიკური სპეკულაციის საგანი გახდა, მათ შორის, მორიგ ჯერზე ვერ ვაჩვენეთ მაღალი დონის პოლიტიკური კულტურა, სოლიდარობა,- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, ტრაგედიაც პოლიტიკური ქულების დაწერის საგანი გახდა.
„დღეს ქვეყანას რესურსების პრობლემა არ გააჩნია, მაგრამ სტიქიასთან დაკავშირებით, ერთი რამ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, უძლურები ვართ და რაღაცების პრევენცია, ან რაღაცების თავიდან არიდება შეუძლებელია ხოლმე. ასეთი რამ ხდება არამხოლოდ საქართველოში, არამედ ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში და ძალიან სამწუხაროა, რომ ხანდახან ადამიანები, სისტემები, სახელმწიფო ინსტიტუტები თუ მთლიანად ქვეყნები უძლურები არიან სტიქიური უბედურებების პრევენციის და აღკვეთის კუთხით.
ოთარ შამუგია მოგახსენებთ დეტალურ ინფორმაციას, რომელიც იმ დასკვნას უკავშირდება, რომელიც ოფიციალურად მომზადებულია გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური დეპარტამენტის მიერ. ერთადერთი კომპეტენტური უწყებაა, რომელსაც ძალუძს შეაფასოს ასეთი ტიპის სტიქიური მოვლენები, მკაფიო ექსპერტული და საბოლოო დასკვნა გააკეთოს, სპეკულაციები ამით დასრულდეს. ჩვენ დავინახეთ, რომ ის დიდი ტრაგედია და უბედურება, რომელიც ჩვენ ქვეყანაში მოხდა, პოლიტიკური სპეკულაციის საგანი გახდა, მათ შორის, მორიგ ჯერზე ჩვენ ვერ ვაჩვენეთ მაღალი დონის პოლიტიკური კულტურა, სოლიდარობა და ასეთი ტიპის ტრაგედიაც გავხადეთ სპეკულაციის და მათ შორის პოლიტიკური ქულების დაწერის საგანი“,- აღნიშნა მინისტრმა.