პირველადი დასკვნის თანახმად, მოვლენები იმდენად მყისიერი და კომპლექსური იყო, რომ მისი თავიდან აცილება ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც კი, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნებოდა , – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ 3 აგვისტოს შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მან მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან აღნიშნა, სპეციალისტების წინასწარი შეფასების მიხედვით, კომპლექსური მოვლენები, რომლებმაც ღვარცოფი გამოიწვია, 8-10 წუთის განმავლობაში განვითარდა.
მისივე თქმით, ინფორმაცია, რომ მდინარე ჭანჭახი სტიქიამდე ორი დღით ადრე დაგუბდა, მცდარია.
გარდა ამისა, ოთარ შამუგიამ პოლიტიკოსებს მოუწოდა, რომ სპეციალისტებს, რომლებიც აღნიშნულ საკითხს იკვლევენ, თავიანთი განცხადებებით შეურაცხყოფა არ მიაყენონ, რადგან ისინი პროფესიონალები არიან და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმესა აკეთებენ.
„საქართველოში გლოვის დღეა და მინდა ყველა დაღუპულის ოჯახს მივუსამძიმრო. სამწუხაროდ, ამ ტრაგედიას თავიდან ვერ ავიცილებდით. ამის შესახებ ჩვენ სპეციალისტების პირველადი შეფასება საზოგადოებას მივაწოდეთ. მე მინდა გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებს 24 – საათიანი მუშაობისთვის მადლობა გადავუხადო. მათ საკმაოდ მოკლე დროში შეძლეს, რომ პირველადი დასკვნა დაედოთ. სამწუხაროდ, დღეს სხვადასხვა პოლიტიკოსისგან მოვისმინეთ განცხადებები, თითქოს ამ ადამიანებმა დავალება შეასრულეს. ყველას ვთხოვ, მსგავსი განცხადებებისგან თავი შეიკავოს, რადგან ეს ადამიანები პროფესიონალები არიან. მათ ძალიან მოკლე დროში შეძლეს დასკვნა დაედოთ, ისინი თავიანთ საქმეს ასრულებენ. სააგენტო, რა თქმა უნდა, მუშაობას და კვლევას გააგრძელებს. მნიშვნელოვანია, სტიქიის გამომწვევ მიზეზებთან ერთად, შემდგომ განსახორციელებელ მიზნებზე ვისაუბროთ და ზუსტად განვსაზღვროთ, თუ რა უნდა მოხდეს სამომავლოდ ამ ხეობაში.
მინდა საზოგადოებას ის მნიშვნელოვანი დეტალები მივაწოდო, რაც წინასწარი შეფასებით დადგინდა. სტიქია იმით დაიწყო, რომ კლდეზვავური მასა ჩამოიშალა. ის შემდგომში შეეჯახა მყინვარს, გარკვეული ნაწილი ჩამოინგრა, რასაც მოჰყვა მეწყრული პროცესები და ყველაფერი გადაიზარდა ღვარცოფში. სპეციალისტების დასკვნით, ეს ყოველივე სტიქიის 8-10 წუთის განმავლობაში განვითარდა. საუბარი იმაზე, რომ მდინარის ორდღიანი დაგუბება იყო, ეს არასწორი ინფორმაციაა. მდინარე ჭანჭახზე არსებობს ჰიდროლოგიური სადგური, რომლისგან აღებული მონაცემების თანახმად, სტიქიამდე და სტიქიის დროს მდინარის წყლის დონის სხვაობა არ დაფიქსირებულა. ამის საფუძველზე, სპეციალისტები ამბობენ, რომ იქ რაიმე სახის ხანგრძლივი შეგუბება ვერ იარსებებდა.
ასევე, მნიშვნელოვანია, რომ პირველადი დასკვნის თანახმად, ეს მოვლენები იმდენად მყისიერი და კომპლექსური იყო, რომ მისი თავიდან აცილება ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც კი, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნებოდა. მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში, ეს დასკვნა ყველა სპეციალისტმა უნდა შეაფასოს. პოლიტიკოსებს მოვუწოდებ, რომ თავიანთი განცხადებებით შეურაცხყოფა არ მიაყენონ იმ ადამიანებს, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.