Home Blog Page 1595

“დასავლეთი უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებულ რიტორიკას თანდათან ცვლის” – პუტინი

უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებული რიტორიკა დასავლეთში თანდათან იცვლება, თუ ადრე საუბრობდნენ რუსეთის ფედერაციის სტრატეგიულ დამარცხებაზე, ახლა უკვე იწყებენ საუბარს მოლაპარაკებებზე, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„ისინი, ვინც გუშინ საუბრობდნენ რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენების აუცილებლობაზე, ახლა ეძებენ გამონათქვამებს, თუ როგორ შეიძლება კონფლიქტის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება“, – აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, დასავლეთი თანდათან აცნობიერებს, რომ რუსეთის განადგურება შეუძლებელია და სწორედ ეს არის მათი რიტორიკის შეცვლის მიზეზი.

“პრობლემის არსი უკრაინაში არ არის. ეს არის მათში, ვინც უკრაინის დახმარებით ცდილობს რუსეთის განადგურებას. აი, რაშია პრობლემა, მაგრამ არაფერი გამოუვათ. ეს უბრალოდ გამორიცხულია. აბსოლუტურად გამორიცხულია. ვფიქრობ, ამის გაცნობიერება თანდათან ხდება და რიტორიკა იცვლება“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

“რუსეთს უკრაინაში კონფლიქტის საკუთარი პირობებით დასრულება სურს” – ვლადიმერ პუტინი

რუსეთსაც სურს უკრაინაში კონფლიქტის დასრულება, ოღონდ საკუთარი პირობებით, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„ჩვენ ასევე გვსურს კონფლიქტის დასრულება. და რაც შეიძლება სწრაფად. მხოლოდ ჩვენი პირობებით. ჩვენ არ გვაქვს სურვილი გაუთავებლად ვიბრძოლოთ. მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი პოზიციების დათმობას“, – აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთის მოწინააღმდეგე დასავლეთია, რომელიც პრობლემების მოგვარებას უკრაინის დახმარებით ცდილობს. „საქმე იმაში კი არ არის, რომ ისინი ჩვენს მოწინააღმდეგეს ეხმარებიან, არამედ ისინი ჩვენი მოწინააღმდეგეები არიან. ისინი საკუთარ პრობლემებს მათი ხელით აგვარებენ, საქმე ამაშია“, – აღნიშნა პუტინმა ვიშნევსკის სამხედრო ჰოსპიტალში სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრისას.

“მომავალ წელს მტერი უკრაინის შიდა წარმოების რისხვას იგრძნობს” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 2024 წელს მტერი უკრაინული წარმოების კიდევ უფრო მეტ იარაღს იხილავს, მათ შორის მილიონ დრონს.

„მომავალ წელს მტერი შიდა წარმოების რისხვას იგრძნობს. ჩვენი იარაღი, ჩვენი აღჭურვილობა, არტილერია, ჩვენი ჭურვები, ჩვენი დრონები, საზღვაო “სალამი” მტერს და მინიმუმ მილიონი უკრაინული FPV. ყველაფერს, რითაც გულუხვად გავუმასპინძლდებით. ხმელეთზე, ჰაერში და, რა თქმა უნდა, ზღვაზე. ჩვენს შავ ზღვაზე. წელს მტერმა ისე, როგორც არასდროს იგრძნო, რომ მისი ადგილი იქ არ არის. ჩვენი ქმედებები შავ ზღვაში გახდა შავი ფურცელი რუსული ფლოტის ისტორიაში“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა საახალწლო მიმართვაში.

მისი თქმით, უკრაინას დასავლელი პარტნიორები F-16 მოიერიშე თვითმფრინავებს მიაწოდებენ.

„ჩვენი პილოტები უკვე ეუფლებიან F-16 თვითმფრინავებს და მათ აუცილებლად ვიხილავთ ჩვენს ცაზე, რათა ჩვენმა მტრებმა დაინახონ, რა არის ჩვენი ნამდვილი რისხვა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რამდენი რაკეტაც არ უნდა ისროლოს მტერმა, რამდენჯერაც არ უნდა დაბომბოს და თავს დაესხას ქვეყანას უკრაინელების გატეხვისთვის, მიზანს ვერ მიაღწევს – უკრაინა მაინც ამაღლდება და ფეხზე წამოდგება.

„ისევე, როგორც გასული წლის 31 დეკემბერს, დღესაც ვამბობთ: „არ ვიცით, რას მოგვიტანს ახალი წელი“. მაგრამ წელს შეგვიძლია დავამატოთ: „რაც არ უნდა მოიტანოს, ჩვენ უფრო ძლიერები ვიქნებით“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

“რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა შეიარაღებულმა კონფლიქტებმა – ვინც არ უნდა იყოს დაინტერესებული ამ კონფლიქტებით, სინდისის ხმას უნდა მოუსმინოს”

რომის პაპმა ფრანცისკემ საახალწლო დღესასწაულზე ტრადიციული საკვირაო კურთხევის დროს ლოცვა „ტანჯული უკრაინელი ხალხისთვის, პალესტინისა და ისრაელის მოსახლეობისთვის და სხვებისთვის“ აღავლინა.

მედიის ინფორმაციით, რომის პაპმა განაცხადა, რომ 2023 წელი ომიანობით განცდილი ტანჯვით გამოირჩა. „წლის ბოლოს, უნდა გამოვიჩინოთ გამბედაობა და ვკითხოთ საკუთარ თავს : რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა შეიარაღებულმა კონფლიქტებმა, რამდენი დაიღუპა და რამდენი ნგრევა, რამდენი ტანჯვა, რამდენი სიღარიბე მოიტანა“, – აღნიშნა პაპმა. მისი თქმით, ვინც არ უნდა იყოს დაინტერესებული ამ კონფლიქტებით, სინდისის ხმას უნდა მოუსმინოს.

ახალი პენიტენციური კოდექსი ძალაში შევიდა

ახალი პენიტენციური კოდექსი ძალაშია.

2024 წლის პირვეელი იანვრიდან “პენიტენციური კოდექსი“ ამოქმედდა, რომლის საფუძველზეც ბრალდებულს ხანგრძლივი პაემნის უფლება ენიჭება.

მას აგრეთვე სხვადასხვა სახის მხარდამჭერ პროგრამებში ჩართვის შესაძლებლობა ექნება.

განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს ვიდეოპაემნის უფლება ენიჭება. მსჯავრდებულს ენიჭება პაემნის გარე სამყაროსთან ურთიერთობის სხვა ფორმით ჩანაცვლების შესაძლებლობა (ხანმოკლე პაემანი – ვიდეოპაემანი, ხანგრძლივი პაემანი – ხანმოკლე პაემანი, ვიდეოპაემანი ან სატელეფონო საუბარი, საოჯახო პაემანი – ხანმოკლე პაემანი, ვიდეოპაემანი ან სატელეფონო საუბარი). ყველა სახის პაემანი სრულიად უფასო ხდება. ამჟამად დადგენილი სატელეფონო საუბრების მაქსიმალური რაოდენობა და ხანგრძლივობა მინიმალურ რაოდენობად/ხანგრძლივობად გარდაიქმნება. მინისტრი უფლებამოსილი იქნება სატელეფონო საუბრების რაოდენობა და ხანგრძლივობა გაზარდოს;განსაკუთრებული გარემოების არსებობისას (ოჯახის წევრის დაბადების დღე, შვილის დაბადება და სხვ.) ბრალდებულს და მსჯავრდებულს შესაძლებელია დამატებითი სატელეფონო საუბრის უფლება მიენიჭოთ. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ოჯახის წევრ ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს ენიჭებათ ერთმანეთთან სატელეფონო საუბრის უფლება. დასაშვები იქნება მათ შორის მიმოწერაც. ყველა მსჯავრდებულს ეძლევა უმაღლესი განათლების მიღების უფლება;თანაბრდება ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საცხოვრებელი პირობები;გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში შესაძლებელი იქნება ქალი მსჯავრდებულის განთავსებაც. ამ გზით მათზე გავრცელდება ის უფლებები, რომლებიც ამ დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს აქვს. პენიტენციური სამსახურის ყველა დანაყოფს სპეციალური სტატუსი ენიჭება, რაც თანამშრომელთა პირობებს ათანაბრებს და აუმჯობესებს.

მოსამსახურეები თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს გარდა, მიიღებენ წელთა ნამსახურობის დანამატს, ხოლო საამისო წინაპირობების არსებობისას – აგრეთვე სახელმწიფო კომპენსაციას.

შვეიცარიას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

შვეიცარიის თავდაცვის, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, 61 წლის ვიოლა ამგერდი, 2024 წლის 1 იანვრიდან ერთი წლით შვეიცარიის პრეზიდენტი გახდება.

შვეიცარიის პრეზიდენტს რეალური უფლებამოსილება არ გააჩნია. იგი არ არის სახელმწიფოს მეთაური, სახელმწიფოს კოლექტიური მეთაურის ფუნქციას ასრულებს ფედერალური საბჭო. მისი შვიდი წევრიდან თითოეული ხდება პრეზიდენტი ერთი წლის განმავლობაში როტაციის წესით.

შვეიცარიის ფედერალური საბჭოს წევრებს და პრეზიდენტს პარლამენტის ორივე პალატის დახურულ სხდომაზე ირჩევენ.

საზღვარგარეთ შვეიცარიის ოფიციალური წარმომადგენლობის გარდა, პრეზიდენტი უძღვება ფედერალური საბჭოს სხდომებს და შუამავლის როლს ასრულებს დავების შემთხვევაში.

საგანგებო სიტუაციებში – მაგალითად, თუ ფედერალური საბჭო გარკვეული მიზეზების გამო ვერ იკრიბება – შვეიცარიის პრეზიდენტს შეუძლია ცალმხრივი გადაწყვეტილებების მიღება ან გადაუდებელი ზომების გატარება.

ჯუანშერ ბურჭულაძემ ახალი წლის დადგომა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აღნიშნა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ახალ წელს ვაზიანში, თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მეოთხე ქვეით ბრიგადაში სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად შეხვდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ჯუანშერ ბურჭულაძემ პირად შემადგენლობას 2024 წლის დადგომა მიულოცა, გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და მათ ოჯახებსა და საქართველოს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.

​ჯარისკაცებს ახალი წელი მიულოცეს ასევე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა.

თორნიკე შენგელია „ვირტუსის“ წლის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს

საქართველოს ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია „ვირტუს ბოლონიას“ წლის საუკეთესო კალათბურთელად აღიარეს.

ტიტულის მფლობელი კლუბის გულშემატკივრებმა ხმის მიცემით გამოავლინეს.

სეზონის მსვლელობისას შენგელია არაერთხელ გამხდარა MVP.

“ახალი წლის ღამეს ჩვენს აეროპორტებში 775 ავიატორი ხვდება და ზრუნავს უსაფრთხო ოპერირებაზე” – ირაკლი ქარქაშაძე

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ ახალი წელი ავიაციაში დასაქმებულებსა და მგზავრებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მიულოცა, სადაც 2024 წლის პირველი რეისი მადრიდიდან შესრულდა. ირაკლი ქარქაშაძე ადგილზე გაეცნო აეროპორტის 24 საათიან უწყვეტ მუშაობას და მადლობა გადაუხადა თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც სადღესასწაულო დღეებში სამსახურებში ხვდებიან.

„ჩვენს აეროპორტებში ახალი წლის ღამეს 775 ავიატორი ხვდება და ზრუნავს უსაფრთხო ოპერირებაზე. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის იმ 90 ადამიანს, რომელიც ახალ წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებით ხვდება და ულამაზებს ჩვენს მგზავრებს ამ ჯადოსნურ ღამეს. სწორედ თქვენი და თქვენი კოლეგების პასუხისმგებლობის, შრომისმოყვარეობისა და თავდადების შედეგია ის მიღწევები, რომელიც ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს.

მსურს თითოეულ თქვენგანს მივულოცო ახალი წელი და მადლობა გადავუხადო 2023 წლის მანძილზე გაწეული შრომისთვის. ეს იყო რთული, გამოწვევებით აღსავსე წელი, თუმცა ჩვენ ყველა გამოწვევას ღირსეულად გავართვით თავი. ამავე დროს, 2023 წელი იყო ისტორიული წელი ქართული კომერციული ავიაციისთვის და განსაკუთრებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტისთვის. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ისტორიული, უპრეცედენტო მგზავრთნაკადი მივიღეთ“, – განაცხადა ქარქაშაძემ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა იმედი გამოთქვა, რომ 2024 წელი იქნება უფრო საინტერესო და კიდევ უფრო წარმატებული წელი ავიაციის სექტორში დასაქმებულებისთვის და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაში შევა.

იაპონიაში 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, – ამის შესახებ BBC იტყობინება.

მედიის ცნობით, სტიქია ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრე 7,6 მაგნიტუდას აღწევდა. ნოტოსა და იშიკავას პრეფექტურაში ცუნამის საფრთხე გამოცხადდა. ოკეანის პირას მცხოვრებ მოქალაქეებს ევაკუაციისკენ მოუწოდეს.

იაპონიის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ტალღების სიმაღლემ შესაძლოა, 5 მეტრს მიაღწიოს. ცუნამის საფრთხე გამოცხადდა ასევე ნიიგატასა და ტოიამას პრეფექტურებშიც.

“მადლობა 2023 წელს იმ წარმატებისთვის, რაც ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს ამ ერთი წლის განმავლობაში ჰქონდა” – კახა კალაძე

ახალ 2024 წელს თბილისი პირველი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო გალაკონცერტით შეხვდა.

დედაქალაქის მერმა თბილისის მოსახლეობას საკონცერტო სცენიდან მიმართა და ახალი წელი მიულოცა.

„გილოცავთ 2024 წლის შემობრძანებას. მინდა მივულოცო ემიგრაციაში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს. დღეს, ამ ჯადოსნურ ღამეს, მთელ მსოფლიოში ერთიანდებიან ერთი სურვილის გარშემო – მშვიდობა იყოს ჩვენს ქვეყნებში და კეთილდღეობა ჩვენს ოჯახებში.

სულ რამდენიმე წუთის წინ გავაცილეთ 2023 წელი და მინდა, მადლობა გადავუხადო ამ წელს იმ წარმატებისთვის, რაც ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს ერგო ამ ერთი წლის განმავლობაში.

რა თქმა უნდა, ყველა წარმატების უკან დგას უამრავი ადამიანის შრომა.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც თავიანთი შრომით, შემოქმედებით, მიღწეული სპორტული წარმატებით და თუნდაც, ყოველდღიური, კეთილსინდისიერი პროფესიული საქმიანობით ჩვენი ქვეყანა წინ წასწია, გაალამაზა ჩვენი დედაქალაქი. არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება, რომ შენი გადადგმული ნაბიჯებით აბედნიერებდე ხალხს და ქმნიდე უკეთეს გარემოს.

მინდა, ასევე მივულოცო და მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებს, ემსახურება თავის ქვეყანას და აქ მცხოვრებ ადამიანებს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მილოცვაში ასევე ხაზი გაუსვა 2023 წლის მთავარ მიღწევას – ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.

„სულ რამდენიმე დღის წინ, ჩვენმა ქვეყანამ მიიღო დამსახურებულად მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და კიდევ ერთხელ გილოცავთ, მეგობრებო. ვულოცავ სრულიად საქართველოს. ეს არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების და იმ გუნდის დამსახურება, რომელსაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” ქვია.

მინდა მივულოცო ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც ემიგრაციაში იმყოფებიან და ვუსურვო დაბრუნება შინ – ევროპაში.

გილოცავთ, პირველ რიგში ჯანმრთელობას გისურვებთ. დღეგრძელობა, სიხარული, ბედნიერება არ მოგკლებოდეთ თქვენ ოჯახებთან ერთად. ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის და ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ადამიანის მფარველი. 2024 წელი აუცილებლად იქნება მეტი გამარჯვების და სიხარულის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ულამაზესი დედაქალაქისთვის”, – განაცხადა კახა კალაძემ.

გალაკონცერტი პირველი რესპუბლიკის მოედანზე გრძელდება. ორსაათიან შთამბეჭდავ სანახაობას, სახელწოდებით „ევროპული ქალაქიდან ევროპაში” მაყურებელს ქართველი მომღერლები, გუნდები, ანსამბლები და მოცეკვავეები ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან და მაესტრო ნიკოლოზ რაჭველთან ერთად წარუდგენენ.

 

“დარწმუნებული ვარ, 2024 წელს ერთობლივი ძალისხმევით არაერთ მნიშვნელოვან ინიციატივას განვახორციელებთ” – გიორგი ამილახვარი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი განათლების სფეროს წარმომადგენლებსა და სრულიად საზოგადოებას ახალ წელს ულოცავს.

„გილოცავთ ახალ 2024 წელს! განსაკუთრებით მსურს, მივულოცო განათლების სფეროს წარმომადგენლებს, მოსწავლეებს, მათ მშობლებს, მასწავლებლებს, სკოლის ხელმძღვანელებს, სტუდენტებს, პროფესორებს, მეცნიერებს.

2023 მართლაც გამორჩეული წელი იყო ჩვენი ქვეყნისთვის. გვქონდა მრავალი წარმატება და, რაც მთავარია, გავხდით ისტორიული მოვლენის მომსწრე – საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო.

ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ საქართველოს უკეთეს მომავალზე ზრუნვას და ქვეყნის სასარგებლოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას. მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია განათლება, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ სწორედ განათლებული თაობა ქმნის ძლიერი ევროპული ქვეყნის შენების მყარ საფუძველს.
საქართველოს სჭირდება ახალი ხედვები, ინოვაციური იდეები – ამისთვის საჭირო ენერგია და შემართება კი სწორედ ჩვენს ახალგაზრდებშია. დარწმუნებული ვარ, 2024 წელს ერთობლივი ძალისხმევით არაერთ მნიშვნელოვან ინიციატივას განვახორციელებთ და ჩვენს შვილებს შევუქმნით კიდევ უფრო უკეთეს გარემოს, სადაც მათ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენის შესაძლებლობა ექნებათ.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას, მთელი გულით გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. მჯერა, 2024 წელი იქნება განვითარების, წარმატებისა და გამარჯვების წელი თითოეული თქვენგანისთვის და სრულიად საქართველოსთვის!“, – აცხადებს გიორგი ამილახვარი.