“მომავალ წელს მტერი უკრაინის შიდა წარმოების რისხვას იგრძნობს” – ზელენსკი

53
spot_img

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 2024 წელს მტერი უკრაინული წარმოების კიდევ უფრო მეტ იარაღს იხილავს, მათ შორის მილიონ დრონს.

„მომავალ წელს მტერი შიდა წარმოების რისხვას იგრძნობს. ჩვენი იარაღი, ჩვენი აღჭურვილობა, არტილერია, ჩვენი ჭურვები, ჩვენი დრონები, საზღვაო “სალამი” მტერს და მინიმუმ მილიონი უკრაინული FPV. ყველაფერს, რითაც გულუხვად გავუმასპინძლდებით. ხმელეთზე, ჰაერში და, რა თქმა უნდა, ზღვაზე. ჩვენს შავ ზღვაზე. წელს მტერმა ისე, როგორც არასდროს იგრძნო, რომ მისი ადგილი იქ არ არის. ჩვენი ქმედებები შავ ზღვაში გახდა შავი ფურცელი რუსული ფლოტის ისტორიაში“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა საახალწლო მიმართვაში.

მისი თქმით, უკრაინას დასავლელი პარტნიორები F-16 მოიერიშე თვითმფრინავებს მიაწოდებენ.

„ჩვენი პილოტები უკვე ეუფლებიან F-16 თვითმფრინავებს და მათ აუცილებლად ვიხილავთ ჩვენს ცაზე, რათა ჩვენმა მტრებმა დაინახონ, რა არის ჩვენი ნამდვილი რისხვა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რამდენი რაკეტაც არ უნდა ისროლოს მტერმა, რამდენჯერაც არ უნდა დაბომბოს და თავს დაესხას ქვეყანას უკრაინელების გატეხვისთვის, მიზანს ვერ მიაღწევს – უკრაინა მაინც ამაღლდება და ფეხზე წამოდგება.

„ისევე, როგორც გასული წლის 31 დეკემბერს, დღესაც ვამბობთ: „არ ვიცით, რას მოგვიტანს ახალი წელი“. მაგრამ წელს შეგვიძლია დავამატოთ: „რაც არ უნდა მოიტანოს, ჩვენ უფრო ძლიერები ვიქნებით“, – აღნიშნა ზელენსკიმ.