Home Blog Page 1591

“ჯერ კიდევ 9 წლის წინ სალომე ზურაბიშვილი 7 აგვისტოს ცალსახად აღიარებდა სააკაშვილის მხრიდან საკუთარ თანამემამულეებზე მიტანილი იერიშის დღედ”

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ შეხედულებების რადიკალურ ცვლილებაზე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, პრეზიდენტის პოზიციების სისუსტე მის მიმართ უნდობლობას წარმოშობს.

„ჯერ კიდევ 9 წლის წინ სალომე ზურაბიშვილი 7 აგვისტოს ცალსახად აღიარებდა სააკაშვილის მხრიდან: ა) საკუთარ თანამემამულეებზე მიტანილი იერიშის დღედ; ბ) რუსეთის პროვოცირების დღედ, რამაც „ბიძგი“ მისცა ოკუპანტს ჩვენს ტერიტორიებს „გეგმურად“ დაუფლებოდა, ხოლო თვით სააკაშვილზე ბრძანებდა, რომ სანამ მას სწორედ ამ დანაშაულის ჩადენისათვის არ გაასამართლებენ, საქართველო ვერც მის მიერ ჩადენილი ბოროტებისაგან გათავისუფლდება და ვერც რუსეთს ვერ მოსთხოვს პასუხს ჩადენილ დანაშაულსა და ოკუპაციაზე…

ზოგადად, როდესაც ეცნობი ქალბატონი პრეზიდენტის 2014 წლის ამ პოზიციას, როდესაც ეცნობი მის პოზიციას 2017 წლის ბორჯომ-ბაკურიანის ტყეებში მასობრივ ხანძრებთან დაკავშირებით, სადაც არაორაზროვნად აცხადებს, რომ პოლიტიკურ სპექტრში მხოლოდ ერთი ძალა ეგულება, ვის ინტერესებშიც შეიძლება შედიოდეს სავარაუდო დანაშაულის ჩადენა, როდესაც ეცნობი მის 2017 წლის სტატუსს, სადაც ის პირდაპირ გამოხატავს სკეპსისს, რომ ამერიკული სამხედრო დახმარება არა თუ არ დაეხმარება საქართველოს ოკუპანტ რუსეთთან გამკლავებაში, არამედ ხიფათის მეტს ვერაფერს მოუტანს საქართველოს…

მოკლედ, აი, ამ ყველაფერს რომ ეცნობი, ერთი მხრივ ხვდები, რით „მოგვთაფლა“, რა „გვაჭამა“, როდესაც მსგავსი შეხედულებების გამო საპრეზიდენტო კვარცხლბეკზე ავიყვანეთ. მაგრამ, აქვე უფიქრდები – ეს ყველაფერი წინასწარ ჩაფიქრებული მზაკვრობა იყო და მხოლოდ იმიტომ იფიქრა/თქვა/დაწერა ყოველივე, რომ ჩვენი ნდობა მოეპოვებინა, თუ მასში რეალურ „მეტამორფოზებს“ ადგილი ჰქონდა მხოლოდ 2021 წლის შემდეგ, როდესაც მის ცნობიერებაში/შეხედულებებში/მოტივაციაში რაღაც მავნებლურმა ძალამ შეაღწია, საკუთარი გეგმების ტყვეობაში აიყვანა, მძევლად გახადა და დღეს მისი მეშვეობით საკუთარი ბოროტი ზრახვების განხორციელებაში, სალომე ზურაბიშვილი თავის ძირითად „გავლენის აგენტად“ აქცია? მესამე ვარიანტს პირადად მე ვერ ვხედავ…“, – წერს დავით ქართველიშვილი.

“მივიღეთ მაღალი ხარისხის სატელიტური ფოტოები, რომლებიც შოვში სტიქიის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში მოყვანილ შეფასებებს ადასტურებს”

ორი დღის წინ მივიღეთ მაღალი ხარისხის სატელიტური ფოტოები, რომლებიც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ შეფასებებს, რაც მოყვანილია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში, – ამის შესახებ გარემოს დაცვის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა.

მისივე თქმით, 3 აგვისტოს, სტიქიის განვითარებიდან გარკვეული პერიოდით ადრე გადაღებულ ფოტოში ნათლად ჩანს, რომ სტიქიამდე რაიმე ტიპის ბუნებრივი პროცესების განვითარებას ადგილი არ ჰქონია. მინისტრის განმარტებით, კიდევ ერთი ფოტო კი ადასტურებს, რომ სტიქია დაიწყო კლდე-ზვავის ჩამოშლით, შემდეგ მყინვარის მოწყვეტით, რასაც მოჰყვა შემდგომი პროცესები.

„მინდა, კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარება გამოვხატო მძიმე ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელიც 3 აგვისტოს განვითარდა შოვში და მივუსამძიმრო ყველა დაღუპულის ოჯახს, ახლობლებს და მთელ საქართველოს. საზოგადოებაში სტიქიის განვითარებასთან დაკავშირებით მაღალი ინტერესია. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას გააცნო პირველადი დასკვნა სტიქიის მიზეზებთან, ასევე მასშტაბებთან დაკავშირებით. დასკვნაში ასევე ასახულია სავარაუდო დრო, რა დროშიც განვითარდა მოვლენები. სპეციალისტები ამის შემდგომ მუდმივად აგრძელებენ მუშაობას დამატებით დეტალებზე. ჩვენ ორი დღის წინ მივიღეთ მაღალი ხარისხის სატელიტური ფოტოები, რომლებიც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ შეფასებებს, რაც მოყვანილია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.

ჩვენ გვაქვს ფოტო, რომელიც გადაღებულია 3 აგვისტოს, სტიქიის განვითარების დღეს გარკვეული პერიოდით ადრე, სადაც ნათლად ჩანს, რომ რაიმე ტიპის ბუნებრივი პროცესების განვითარებას იქ ადგილი არ აქვს. ჩვენ რამდენიმე დღის განმავლობაში გვესმოდა, თითქოს ორი დღე იყო იქ წყლის დაგროვება, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. რაც შეეხება მეორე ფოტოს, რომელიც უკვე შემდგომ არის გადაღებული, ამ ფოტოთი ასევე დასტურდება, როგორ განვითარდა პროცესები, რომ სტიქია დაიწყო კლდე-ზვავის ჩამოშლით, შემდგომ მყინვარის მოწყვეტით, საკმაოდ დიდ ფართობებზეა აქ საუბარი, რასაც მოჰყვა შემდგომი პროცესები. ამ ფოტოებთან დაკავშირებით დანარჩენ დეტალებს დღეს ჩვენი სპეციალისტები საზოგადოებას წარუდგენენ“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

შოვში მომხდარი სტიქიის მიზეზებზე გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველადი დასკვნა 6 აგვისტოს გამოქვეყნდა. პირველად დასკვნაში აღნიშნულია, რომ „3 აგვისტოს მყისიერად განვითარებული სტიქიური მოვლენის ფორმირება მრავალ ფაქტორზე იყო დამოკიდებული და მთელ მსოფლიოში ამ ტიპის მოვლენების ზუსტი დროის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია“. დასკვნის თანახმად, „სტიქიის ჩასახვა-გააქტიურების ზონიდან შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე ღვარცოფულ ნაკადს, წინასწარი გათვლებით, უნდა მიეღწია, სავარაუდოდ, 8-10 წუთში“.

პუტინმა კანონმდებლებს შესთავაზა, რუსეთში საომარი მდგომარეობის შემოღებისა და გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს არ ეცნობოს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმას წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც გამორიცხავს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ინფორმირების აუცილებლობას რუსეთის ფედერაციაში საომარი ან საგანგებო მდგომარეობის შემოღების, ან შეწყვეტის შესახებ.

დოკუმენტი სახელმწიფო სათათბიროს მონაცემთა ბაზაში გამოქვეყნდა.

ცვლილებები შედის საომარი მდგომარეობისა და საგანგებო მდგომარეობის შესახებ ფედერალურ კონსტიტუციურ კანონებში. მოქმედი წესების თანახმად, ქვეყანაში საომარი ან საგანგებო მდგომარეობის შემოღებისას, რუსეთმა უნდა აცნობოს გაეროს და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებებიდან გადახრის შესახებ. რუსების ეს ვალდებულება შეესაბამებოდა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მოთხოვნებს.

პუტინი კანონმდებლებს სთავაზობს, კანონებიდან გამოირიცხოს კონვენციის ხსენება და პუნქტი ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ინფორმირების შესახებ. განმარტებით ბარათში ეს წინადადება აიხსნება იმით, რომ „2022 წლის 16 მარტიდან მითითებულმა კონვენციამ, ისევე როგორც რუსეთის მიერ რატიფიცირებულმა ოქმებმა, შეწყვიტა მოქმედება რუსეთის ფედერაციისადმი“.

თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობას განაგრძობენ

საქართველოს თავდაცვის ძალების სტრუქტურული ერთეულები შოვში მიმდინარე სამაშველო-სამძებრო სამუშაოებს აგრძელებენ. დღეს სამხედროები მეექვსე ლოკაციაზე, კერძოდ, კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე გადანაწილდნენ.

თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის მაშველებთან ერთად კოორდინირებულად მუშაობენ. სამძებრო პროცესში თავდაცვის ძალები შსს-ს შესაბამისი სამსახურების მხარდამჭერ ფუნქციას ასრულებს. სამუშაოებში ჩართულია ცოცხალი ძალა, თავდაცვის ძალების მძიმე ტექნიკა და აღჭურვილობა, ასევე მეტალო-დეტექტორები, რაც აიოლებს მეწყრულ მასაში მოყოლილი ტექნიკის ლოკაციების დადგენას.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობენ აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობების სამხედრო მოსამსახურეები, საბრძოლო-საინჟინრო ქვედანაყოფები, ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა და ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონი.

“არ მიმდინარეობს არანაირი განხილვა, რომ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით კანონი მივიღოთ” – გია ვოლსკი

არ მიმდინარეობს არანაირი განხილვა, რომ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით კანონი მივიღოთ – იმაზე საუბარი, რომ საკითხი მომავალში არ განიხილება, ერთი ან ათი წლის შემდეგ არ განიხილება და ამაზე ხატის წინაშე ფიცი დადო, არასწორია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

ვოლსკის შეფასებით, არსებობს საზოგადოების და გარკვეული პოლიტიკოსების მოსაზრება ცილისწამებაზე პასუხისმგებლობის გამკაცრებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, არსებული კანონი საკმარისი რესურსია იმისთვის, რომ ცილისწამებისგან თავი დაიცვა.

“არანაირ კანონზე საუბარი არ არის. მოსაზრება გამოითქვა ცილისწამების თაობაზე ისეთ კანონის შემოღებაზე როგორიც ევროპულ ქვეყნებშია – მაგალითად საფრანგეთში. ვფიქრობ, რომ დღესაც შეიძლება არსებული კანონის გამოყენებით საკუთარი პოზიცია და თავი დაიცვა, თუმცა რასაკვირველია, არსებობს აზრი, რომ როცა საქმე ცილისწამებას ეხება, პასუხისმგებლობა უფრო მკაცრი იყოს.

მსგავსი თემის განხილვა არ მიმდინარეობს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

„კავკასიის მთები და ველური ბუნება“ – საქართველოს შესახებ გერმანულმა ტელერადიოსადგურმა ფილმი გადაიღო

გერმანულმა ტელერადიოსადგურმა „ნორდდოიჩე რუდფუნკმა“ (Norddeutscher Rundfunk – ჩრდილოგერმანული რადიო), რუბრიკით „დედამიწა-ადამიანები-თავგადასავალი“, თავის ვებ-გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია დოკუმენტური ფილმის შესახებ სახელწოდებით „კავკასიის მთები: საქართველოს ველური ბუნება“, რომელიც ტელეეკრანზე 14 და 17 სექტემბერს იქნება ნაჩვენები (ავტორები: კატერინა რუნგე, მანუელ დაუბერგერი და ფელიქს მეშადი).

გთავაზობთ ფილმის შინაარსს, რომელიც გამოქვეყნდა „ნორდდოიჩე რუდფუნკის“ ვებ-გვერდზე:

„საქართველო პატარა ქვეყანაა – ფართობით ბავარიას უტოლდება – მაგრამ იმავდროულად ის სხვადასხვა სამყაროების კოსმოსს წარმოადგენს. ევროპისა და აზიის შემაერთებელ რეგიონში მდებარე ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ ის გეოგრაფიული და კულტურული თვალსაზრისით ევროპის ნაწილია, მასში აზიური ელემენტებიც შეინიშნება, საქართველოს დასავლეთიდან შავი ზღვა ეკვრის, ჩრდილოეთიდან კი კავკასიის თოვლიან-ყინულიანი მწვერვალები დასცქერიან, აღმოსავლეთით აზერბაიჯანი ესაზღვრება..

საქართველოში განსაკუთრებით ველური და პირველყოფილი ბუნება ფშავ-ხევსურეთშია. ამ განმარტოებულ მთიან კუთხეში დაახლოებით მხოლოდ სამი ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.. ძნელადმისადგომ ხეობებში მიკარგულ სოფლებში ერთმანეთში არის არეული ქრისტიანული და წარმართული დროის ტრადიციები.

ფშავ-ხევსურეთის მთები 5 ათას მეტრ სიმაღლეს აღწევენ. სოფელი შატილი, რომელიც შუა საუკუნეებში შეიქმნა, რუსეთის საზღვრიდან ოთხ კილომეტრში მდებარეობს. შატილი ფშავ-ხევსურეთის უნიკალური არქიტექტურული ხელოვნების ნიმუშს განასახიერებს და რომ შეხედავ, კლდეზე დაკიდებულს ჰგავს. სოფელი ერთიანი ციხე-სიმაგრის ცენტრს წარმოადგენს: რეგიონს ჩრდილო-აღმოსავლეთიდან 60 თავდაცვითი კოშკი იცავდა.

ადგილობრივ მოსახლეობაში, ასწლეულების განმავლობაში, ცხენი უდიდეს როლს ასრულებდა. ცხენების რემა ეროვნული პარკის ტერიტორიაზე თავისუფლად არიან, ზამთრობით კი სამხრეთით, უფრო რბილი კლიმატის რაიონებში ჩამოჰყავთ. იმართება ხოლმე ცხენების დოღი, რომლის დროსაც მხედრები ცხენებზე უნაგირის გარეშე სხედან.

მცირედდასახლებული ხევსურეთის მცხოვრებლები პატივს სცემენ როგორც ქრისტიანულ, ასევე წარმართულ ტრადიციებსა და ადათ-წესებს. არსებობს ფესტივალი სახელწოდებით „ათენგენობა“, ხალხური დღესასწაული (ზოგან „ათენგენობას“ იმ ხატის სახელი ჰქვია, სადაც დღეობა იმართება – ლაშარობა, თამარობა და ა.შ.).

ფშავ-ხევსურეთის ბუნება და ტრადიციები კავკასიაში შემონახულნი არიან თავიანთი პირველყოფილი სახით, რადგან თანამედროვე ცივილიზაციას მათზე თითქმის არავითარი გავლენა არ მოუხდენია.

წყარო

იტალიის კუნძულ ლამპედუზასთან ნავის ჩაძირვის შედეგად 41 ადამიანი დაიღუპა

იტალიის კუნძულ ლამპედუზასთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა.როგორც იტალიური მედია გადარჩენილებზე დაყრდნობით იუწყება, დაიღუპა 41 ადამიანი.

როგორც სააგენტო „ანსა“ წერს, კატასტროფას გადარჩენილმა ოთხმა ადამიანმა მაშველებს უამბო, რომ ისინი ნავზე იმყოფებოდნენ, რომელიც ტუნისიდან ევროპის მიმართულებით მიდიოდა და იტალიის სანაპიროსკენ გზად ჩაიძირა.

მათი თქმით, ნავში სულ 45 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, სამი ბავშვი.

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “ჯორჯიან თაიმსი” უცვლელად გთავაზობთ:

“გვსურს, გამოვეხმაუროთ დღეს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, თითქოს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობის გამო, მოქალაქეები 50-დან 60 ლარით ჯარიმდებიან.

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ხაზგასმით აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე და მიმართულია მოქალაქეების შეცდომაში შეყვანისკენ.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უბილეთოდ მგზავრობა, აგრეთვე, 10-დან 16 წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა საზოგადოებრივი ტრანსპორტით, გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით. ჯარიმის ნებაყოფლობით გადასახდელად, განსაზღვრულია 30 დღე.

აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, სამართალდამრღვევ პირს დაერიცხება საურავი ჯარიმის ორმაგი ოდენობით, ხოლო საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში, დაჯარიმებულმა პირმა თუ კვლავ არ გადაიხადა დაკისრებული ჯარიმა და საურავი, მის მიმართ ხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

აქვე განვმარტავთ, რომ უბილეთო მგზავრის დაჯარიმება კანონით განსაზღვრული იძულებითი ღონისძიებაა, ჯარიმებიდან შემოსული თანხა კი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამართულად ფუნქციონირებას ხმარდება.

ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან და საჭიროების შემთხვევაში, დარეკონ სააგენტოს ცხელ ხაზზე: 13 98,”- ნათქვამია განცხადებაში.

“ინტენსიურად გრძელდება სამუშაოები, მძიმე ტექნიკით მოვახერხეთ და მივაღწიეთ კოტეჯების სასადილოსთან” – ირაკლი ქარსელაძე

ინტენსიურად გრძელდება სამუშაოები, დაგვემატა მეცხრე ლოკაცია, მძიმე ტექნიკით მოვახერხეთ და მივაღწიეთ კოტეჯების სასადილოსთან, შესაბამისად, ამ არეალის დამუშავება შესაძლებელი გახდა და მუშავდება, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე დამონტაჟდა ახალი ხიდი.

„ტექნიკის რაოდენობა ყოველდღიურ რეჟიმში იმატებს, რადგან მეტი მისასვლელი იწმინდება, უფრო დიდი არეალის მოცვა ხდება, რაც სამაშველო ოპერაციას ეხმარება. ყველაზე დიდი გამოწვევა არის სამუშაოები პირობები, იმ მასასთან, რომელიც რთულად ექვემდებარება დამუშავებას. ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება სამუშაოები, მაშველების, ჯარისა და მძიმე ტექნიკის ჩართულობით“, – განაცხადა ქარსელაძემ.

“იმ ქვეყანამ, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს, რუსეთთან ვაჭრობა არ უნდა გააფართოოს” – Danmarks Radio

დანიის რადიოსადგურმა „დენმაკ რადიომ“ (Danmarks Radio) 7 აგვისტოს ეთერში გადასცა სიუჟეტი სათაურით „საქართველო აღმოსავლეთ-დასავლეთის გზაჯვარედინზე: იმ ქვეყანამ, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს, რუსეთთან ვაჭრობა არ უნდა გააფართოოს“ (ავტორები – ბრიტა ჰანსენი და სესილია კალესტრუპი).

გთავაზობთ რადიოსიუჟეტის ტექსტს:

ავტოფურის მძღოლი ნუგზარ ბოლქვაძე სიგარეტს ეწევა და ღრმა ნაფაზს აკეთებს, თან რადიოს უსმენს. იგი, უკვე მერამდენედ, ისევ რიგში დგას საქართველო-რუსეთის საზღვარზე გადასასვლელად. ნუგზარ ბოლქვაძე მარტო არ არის: სხვა მსგავსი სატვირთო ავტომობილებიც საათობით და ზოგჯერ დღე-ღამეობით ელოდებიან ნებართვას საზღვრის გადაკვეთისათვის.

ომი და დასაქმება

უკრაინელების მსგავსად, რომლებსაც დღეს რუსეთთან ომი აქვთ, 15 წლის წინათ ქართველებიც რუსეთის თავდასხმის მსხვერპლნი გახდნენ. ამიტომ მათ ერთმანეთთან სოლიდარობა აკავშირებთ – თბილისში და საქართველოში ძალიან ხშირად დაინახავთ უკრაინის დროშებს.

თუმცა ნუგზარი ამაზე მაინცდამაინც ბევრს არ ფიქრობს. „ყველა ომი რაღაც მომენტში მთავრდება.. და ისევ ისე იქნება, როგორც ადრე იყო“, – ამბობს იგი. კარგია, რომ ნუგზარი ავტოფურის მძღოლია და საქმით არის დაკავებული – სხვა სფეროებში უმუშევრობის დონე ძალიან მაღალია. ნუგზარს ფული ჭირდება: „ოჯახი მყავს, ცოლ-შვილი… მოვალე ვარ, რომ მათზე ვიზრუნო. ოჯახი ძირითადად ჩემს შემოსავალზეა დამოკიდებული“.

საქართველო არჩევანის წინაშე

სამხრეთკავკასიური სახელმწიფო უკვე დადგა იმ გზაზე, რომელიც რუსეთთან მის ეკონომიკურ დამოკიდებულებას განამტკიცებს. იმავდროულად ქვეყანა ევროკავშირის „კარზეც აკაკუნებს“. გასულ წელს ქართველებმა ოფიციალურად წარადგინეს განაცხადი ევროკავშირის წევრად მიღების თაობაზე. „მაგრამ ამ შემთხვევაში ორმაგი თამაში არ მუშაობს“, – ამბობს ორგანიზაცია Transparency International – Georgia-ს დირექტორის მოადგილე გიორგი ონიანი, – „საქართველომ არჩევანი უნდა გააკეთოს – ან რუსეთი, ან ევროკავშირი“.

საქართველო არ მიუერთდა ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ ბევრ ანტირუსულ სანქციას და რუსეთთან ვაჭრობას აგრძელებს. შესაბამისად, ვაჭრობის მოცულობის ზრდა Transparency International-ის („საერთაშორისო გამჭვირვალობის“) შეშფოთებას იწვევს. „ჩვენ არ შეგვიძლია დოკუმენტურად დავადასტუროთ, რომ საქართველოდან რუსეთში აკრძალული (სანქციადადებული) პროდუქცია გადის, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულება ძალიან მატულობს“, – ამბობს გიორგი ონიანი, – ჩვენს ფართო ვაჭრობას შეუძლია დასავლეთის სანქციები შეასუსტოს და საქართველო ისეთ ქვეყნად გადააქციოს, რომელიც რუსეთს ეხმარება“.

სახიფათო გზით

გაზეთ „პოლიტიკოში“ გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, იმ დროიდან, როცა რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა, საქართველო-რუსეთის ვაჭრობა 20%-ით გაიზარდა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა რუსეთთან ვაჭრობა იმით გაამართლა, რომ საქართველოს მცირე მოცულობის ეკონომიკა აქვს და რუსეთთან კავშირების გაწყვეტა მოსახლეობას ძალიან დააზარალებს. მაგრამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ თვლის, რომ საქართველო სახიფათო გზაზე იმყოფება: მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან ვაჭრობა დღეს ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირებას ახდენს, გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ ასე გაგრძელდება, ვაჭრობა რისკის ფაქტორი გახდება. „ჩვენ დავრწმუნდით, რომ რუსეთი სავაჭრო ურთიერთობებს პოლიტიკური მიზნების შესასრულებლად იყენებს. წარსულში მოსკოვს არაერთხელ მოუხდენია ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ბოიკოტირება“, – ამბობს გიორგი ონიანი.

ამჟამად საქართველო თავისი ღვინის 60%-ს რუსეთში ჰყიდის. რუსეთს სურს საქართველო თავის ეკონომიკურ მიზიდულობაში ჰყავდეს – პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბრძანებულებით ავიამიმოსვლაც განაახლა და საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმი დააწესა.

„საქართველო გრძელვადიანად უნდა აზროვნებდეს“, – თვლის „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ დირექტორის მოადგილე, – თუ ჩვენ ევროკავშირის წევრობა გვსურს, მაშინ რუსეთისაკენ არ უნდა ვიხედებოდეთ. საქართველოს მოსახლეობის დიდ უმრავლესობას დასავლეთთან ინტეგრირება უნდა“.

ისევ იმ მარშრუტით…

ნუგზარ ბოლქვაძის ავტომობილს კი, რომელიც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით არის დატვირთული, გეზი რუსეთისაკენ აქვს აღებული. დოკუმენტაციას უკვე მესაზღვრეები ამოწმებენ და მალე რუსეთის ტერიტორიაზე გადავა. შემდეგი გაჩერება – ბელგოროდი.

და ეს ბოლოჯერ არ იქნება, იგი ამ მარშრუტზე კიდევ მრავალჯერ გაივლის. „რუსეთში მოძრაობა რთული არ არის. რუსული ენა კარგად ვიცი და არასოდეს რაიმე პრობლემა არ შემქმნია“, – ამბობს ნუგზარ ბოლქვაძე.

წყარო

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განუცხადა.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 21 ადამიანი, სტიქიის ზონაში კიდევ რამდენიმე ადამიანს ეძებენ.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.

სტიქიის ზონაში 90-ზე მეტი მძიმე ტექნიკა ცხრა პრიორიტეტულ მდებარეობაზე მუშაობას აგრძელებს

რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი რაჭის სტიქიის ზონაში მუშაობას მეშვიდე დღეა, აგრძელებს.

მიმდინარე შველა-ძიების სამუშაოების შესახებ განახლებულ მონაცემებს მინისტრი ირაკლი ქარსელაძე დილით სტიქიის ზონაში მოწყობილ საველე შტაბში გაეცნო.

ამ დროისთვის, სტიქიის ზონაში სულ მობილიზებულია 90 ერთეული მძიმე ტექნიკა.

ტექნიკის საშუალებით, შველა-ძიების სამუშაოები, მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ განსაზღვრულ ცხრა პრიორიტეტულ მდებარეობაზე.

ასევე დაწყებულია ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136 კმ-ზე, მდინარე ჭანჭახზე, სტიქიის შედეგად წაღებული მეორე დროებითი ხიდის ნაცვლად, ახალი დროებითი სარმის ხიდის აწყობა-მონტაჟის სამუშაოები.

მძიმე ტექნიკის რაოდენობის გაზრდის საჭიროებისთვის, მობილიზებულია დამატებითი რესურსი.

ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.