Home Blog Page 1580

“ევროკავშირის ქვეყნები ბელარუსის მეზობლები არიან და მათთან ურთიერთობის დაკარგვა არ შეიძლება” – ლუკაშენკო

ევროკავშირის ქვეყნები ბელარუსის მეზობლები არიან და მათთან ურთიერთობის დაკარგვა არ შეიძლება, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ.

„ახლა ჩვენ ვცხოვრობთ, უპირველეს ყოვლისა, აღმოსავლეთის ხარჯზე – ვთანამშრომლობთ რუსეთთან, ჩინეთთან. მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ მაღალტექნოლოგიური დასავლეთი. ისინი ახლოს არიან, ისინი ჩვენი მეზობლები არიან – ევროკავშირი. ჩვენ ვერ დავკარგავთ ურთიერთობას. ჩვენ მზად ვართ ამისთვის, მაგრამ ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით. დამიჯერეთ, მოვა დრო, 2024-2025 წლებში, დარწმუნებული ვარ, იქნება სერიოზული ცვლილებები“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბელარუსის პრემიერ-მინისტრს დაავალა, პოლონეთთან დიალოგი განაახლოს.

„პოლონელებთანაც უნდა ვისაუბროთ. მე დავავალე პრემიერ-მინისტრს, დაუკავშირდეს მათ. თუ მათი სურვილია, მოდით ვისაუბროთ, დავალაგოთ ურთიერთობები. ჩვენ მეზობლები ვართ, მეზობლებს კი არ ირჩევენ, ისინი ღვთისგან გვერგო“, – განაცხადა მან.

2022 წელს საქართველოდან ემიგრაციაში, რეკორდული რაოდენობის, 100 000-ზე მეტი ადამიანი წავიდა – PMC

„2022 წელს საქართველოდან ემიგრაციაში წასული ადამიანების რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია“, – ამის შესახებ მონაცემებს PMC კვლევითი ცენტრი ავრცელებს.

ორგანიზაციის თანახმად, გასულ წელს ქვეყნიდან ემიგრაციაში 100 000-ზე მეტი ადამიანი წავიდა.

„2022 წელს, მიუხედავად ეკონომიკის ზრდისა, საქართველოდან ემიგრანტების რიცხვმა რეკორდულ მაჩვენებელს, 100 000-ზე მეტ ადამიანს მიაღწია. ასევე, 2022 წელს იმიგრანტების რაოდენობა ემიგრანტების ნახევარს გაუტოლდა და 54.4 ათასი ადამიანი შეადგინა.

2022 წელს, მიუხედავად ქართველების მნიშვნელოვანი გადინებისა, წმინდა მიგრაცია პოზიტიური იყო და რეკორდულ მაჩვენებელს, 54.5 ათასი ადამიანს მიაღწია. აღნიშნული წმინდა მიგრაციის დადებითი რიცხვი ძირითადად გამოწვეული იყო იმიგრაციით რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელორუსიიდან“, – აღნიშნულია PMC კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ მაკრო მიმოხილვაში.

თიბისისთან პარტნიორობით ქართული რაგბი მსოფლიო ჩემპიონატისთვის სამზადისს იწყებს  

#ერთადგავიმარჯვებთ

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს რაგბის ნაკრები საფრანგეთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის სამზადისს იწყებს. პირველი ტესტ-მატჩი რუმინეთთან შაბათს, 12 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. აგვისტოს განმავლობაში სამზადისი სხვადასხვა ფორმატით გაგრძელდება და თიბისი მთელი ამ პროცესის განმავლობაში, სამზადისიდან ჩემპიონატამდე, რაგბის მთავარი მხარდამჭერი და გულშემატკივარია. 

ქართული რაგბისა და თიბისის სტრატეგიული თანამშრომლობა უკვე 8 წელია გრძელდება. მრავალწლიანი პარტნიორობა არაერთ წარმატებას ითვლის და მიზნად ისახავს ქართული რაგბის განვითარებას, სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების, შიდა ჩემპიონატების და ფესტივალების ხელშეწყობას. ამჯერად, ქართული რაგბი მსოფლიო ასპარეზზე გამარჯვების მოსაპოვებლად იბრძვის, რისთვისაც მთელი საქართველო ემზადება.

მსოფლიო ჩემპიონატი საფრანგეთში 8 სექტემბრიდან 28 ოქტომბრამდე გაიმართება, გლობალურ ასპარეზზე გამარჯვების მოპოვებას კი თითოეული ქართველი მოუთმენლად ელის. ამ გამარჯვებას ქართული რაგბისთვის და ზოგადად საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ეროვნული დატვირთვა აქვს. სწორედ ამიტომ, თიბისი, საქართველოსთან ერთად, გაერთიანებული ძალებით გულშემატკივრობს ნაკრებს.

„თიბისისა და რაგბის მრავალწლიანი მეგობრობის მანძილზე ერთად შევძელით, ქართული რაგბი გვექცია უდიდესი წარმატების მაგალითად და საქართველოს სახელი მსოფლიო ასპარეზზე გაგვეტანა. Გამარჯვების საერთო მიზნის გარშემო მთელი საქართველო გავერთიანდით. თიბისის კამპანია „ერთად გავიმარჯვებთ“ სწორედ ამ ერთიანობის გამოძახილია და გვჯერა, რომ თუ ერთად მოვემზადებით, ერთად ვიბრძოლებთ და ერთად ვუგულშემატკივრებთ, მაშინ აუცილებლად ერთად გავიმარჯვებთ.“ – მაკუნა თავბერიძე, თიბისი ბრენდის გამოცდილების, მარკეტინგის და დიზაინის დირექტორი. 

R

შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა

შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს აღმოჩენილია 3 ცხედარი და სხეულის ფრაგმენტი.

“გრძელდება და მიმდინარეობს შველა-ძიების სამუშაოები“, – განაცხადა ქარსელაძემ.

“დეკანოზ დავით ისაკაძის და ზოგიერთი მოძღვრის მიერ შოვში მომხდარი ტრაგედიის კონკრეტული მიზეზის განსაზღვრა მათი პირადი აზრია, რომელსაც საპატრიარქო ემიჯნება” – საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო შოვში მომხდარი ტრაგედიის მიზეზებთან დაკავშირებით დეკანოზ დავით ისაკაძისა და სხვა მოძღვრების განცხადებებს ემიჯნება.

საპატრიარქო სასულიერო პირებს მოუწოდებს, „თავი შეიკავონ არასწორი შეფასებებისაგან“.

„დეკანოზ დავით ისაკაძის და ზოგიერთი სხვა მოძღვრის მიერ შოვში მომხდარი ტრაგედიის კონკრეტული მიზეზის განსაზღვრა არის მათი პირადი აზრი, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ემიჯნება და, ამასთან, კიდევ ერთხელ მოუწოდებს სასულიერო პირებს, ასეთ მტკივნეულ და ფაქიზ თემებთან დაკავშირებით თავი შეიკავონ არასწორი შეფასებებისაგან.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვუცხადებთ თანაგრძნობას გარდაცვლილთა და დღემდე დაკარგულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს და შევთხოვთ ღმერთს, სულიერი მხნეობა მიმადლოს მათ, ხოლო სტიქიის შედეგად აღსრულებულთ ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს“,- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზმა დავით ისაკაძემ შოვში მომხდარი სტიქია ერთი წლის წინ შოვში ჩატარებულ მთის ფესტივალს დაუკავშირა. როგორც მან განაცხადა, ფესტივალის 3 დღის განმავლობაში „ეს წმინდა ადგილი წაბილწეს და იქაურობა პირდაპირ დაისაჯა“.

“დაე, შინდისის გმირების მემკვიდრეობა იყოს ჩვენი გზამკვლევი, შეგვახსენოს, რომ არც ერთი გამოწვევა არ არის გადაულახავი”

დაე, შინდისის გმირების მემკვიდრეობა იყოს ჩვენი გზამკვლევი, შეგვახსენოს, რომ არც ერთი გამოწვევა არ არის გადაულახავი, როდესაც ერთად ვდგავართ, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გამაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 2008 წლის 11 აგვისტოს შინდისთან გმირულად დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი უნდა მივაგოთ და საქართველოს უკეთესი მომავლისთვის სწრაფვა განვაგრძოთ.

„დღეს ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში, მნიშვნელოვანი წლისთავი აღინიშნება. დღე, რომელიც ჩვენი მამაცი ჯარისკაცების წარმოუდგენელ გამბედაობასა და თავგანწირვას გვახსენებს.

2008 წლის 11 აგვისტოს, ზუსტად 15 წლის წინ, სოფელ შინდისთან, ჩვენი 22 მსუბუქად შეიარაღებული ქართველი ჯარისკაცი დიდი გამოწვევის წინაშე დადგა – უთანასწორო ბრძოლა რუსულ ბატალიონთან. მხოლოდ ტყვიამფრქვევებით და მტკიცე მონდომებით შეიარაღებულები, ერთ საათზე მეტხანს იკავებდნენ თავიანთ პოზიციას. ისინი ჩაერთნენ ვაჟკაცურ ბრძოლაში, რომელიც სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში!

ჩვენ პატივი უნდა მივაგოთ მათ ხსოვნას, ვინც ასე გმირულად იბრძოდა შინდისში.

მოდით, ყველა დავდგეთ ერთად და გავაგრძელოთ სწრაფვა საქართველოს უკეთესი მომავლისთვის, რომელიც იცავს თავისუფლების, დემოკრატიისა და სამართლიანობის პრინციპებს, რისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი გმირები!

დაე, მათი მემკვიდრეობა იყოს ჩვენი გზამკვლევი, შეგვახსენოს, რომ არც ერთი გამოწვევა არ არის გადაულახავი, როდესაც ერთად ვდგავართ!

ძალა ერთობაშია! დიდება გმირებს!“, – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

უცხოური ვალუტის კურსი 12 აგვისტოსთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6211 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6211 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6315 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0104 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8816 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9015 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0199 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“რუსული ოცნება“ მსოფლიოს აღქმაში ქართველი ხალხის იმიჯს ანადგურებს”- კახა ოქრიაშვილი

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“შინდისის და საქართველოს ყველა დროის გმირები ვერ ისვენებენ საფლავებში, მონური, რუსეთის წინაშე გართხმული ხელისუფლების გამო. „რუსული ოცნება“ ანადგურებს ქართველების, როგორც ვაჟკაცი, ამაყი, მეომარი, თავისუფლებისმოყვარე, სამშობლოსთვის თავდადებული ხალხის იმიჯს.

ნაცვლად ამისა, მთელ მსოფლიოში ნერგავენ, რომ ქართველები მათნაირი მონები არიან. ეს არის დიდი დანაკარგი ჩვენი ამაყი ერისთვის და მომავალ თაობებს დიდი დრო დასჭირდებათ, რომ მსოფლიოს აღქმაში ეს შელახული იმიჯი დავიბრუნოთ“,  – ნათქვამია ოქრიაშვილის განცხადებაში.

“2023 წლის ექვს თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შიდსის ახლად გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა 6 პროცენტითაა გაზრდილი” – თენგიზ ცერცვაძე

საქართველოს მოსახლეობის აივ ინფექციაზე უსაფრთხოება საიმედოდაა დაცული. მაგრამ ამის მიუხედავად, ვინაიდან გაზრდილი მიგრაციის პირობებში მაინც არსებობს აივ ინფექციის გავრცელების მატების რისკები, ჩვენ მოვუწოდებთ მოსახლეობას, განსაკუთრებით ახალგაზრდობას, რომ ზედმიწევნით დაიცვან აივ უსაფრთხოების წესები და რეკომენდაციები, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც მიგრაციის პროცესების გააქტიურებასთან დაკავშირებით აივ ინფექციის ეპიდსიტუაციასა და საქართველოში სერვისების მიწოდებაზე საუბრობს.

როგორც თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, 2023 წლის პირველი ექვსი თვის პერიოდში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აივ/შიდსის ახლად გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა გაზრდილია 6%-ით.

„ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში გამოითქმება შეშფოთება, რომ მიგრაციის პროცესების გააქტიურება, განსაკუთრებით რუსეთიდან და უკრაინიდან, შესაძლოა დაკავშირებული იყოს ქვეყანაში აივ/შიდსის ეპიდსიტუაციის გაუარესების რისკებთან, რაც საფუძველს მოკლებული არ არის, თუ გავითვალისწინებთ რუსეთსა და უკრაინაში აივ/შიდსის მაღალ პრევალენტობას და განსაკუთრებით ახალი შემთხვევების ზრდას. ამასთან დაკავშირებით გვინდა გავაკეთოთ შემდეგი განმარტებები:

საქართველო აივ/შიდსით ავადმყოფების მკურნალობისა და მოვლის თვალსაზრისით ერთ-ერთი მოწინავეა (თუ საუკეთესო არა) აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. ასე მაგალითად, გამოვლენილი აივ ინფიცირებულთა 86%-ზე მეტი სტაბილურად იღებს ანტირეტროვირუსულ მკურნალობას და მათი 92%-ზე მეტში მიღწეულია ვირუსის სუპრესია, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა შეზღუდული არ არის, გარანტირებული აქვთ ცხოვრების კარგი ხარისხი და რაც მთავარია ისინი პრაქტიკულად არ წარმოადგენენ ინფექციის გავრცელების წყაროს. ასეთი პაციენტები სრულფასოვნად არიან ინტეგრირებულები საზოგადოებაში, ქმნიან ოჯახებს, აჩენენ ჯანმრთელ შვილებს და ა.შ.

საქართველოში რუსი და უკრაინელი მოქალაქეების მიგრაციის დაწყებიდანვე (2022 წლის გაზაფხული) შიდსის სამსახურმა გააძლიერა აივ ინფექციაზე ეპიდზედამხედველობა და პრევენციის, მკურნალობის და მოვლის სერვისების მიწოდებაზე კონტროლი, რაც მნიშვნელოვანია კეთილსაიმედო ეპიდსიტუაციის შენარჩუნების კუთხით. 2023 წლის პირველი ექვსი თვის პერიოდში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აივ/შიდსის ახლად გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა გაზრდილია სულ 6%-ით. ამასთან, მათი ანალიზი გვიჩვენებს, რომ ეს ზრდა დაკავშირებულია არა იმდენად მიგრაციის პროცესების გაძლიერებასთან, რამდენადაც COVID-19 პანდემიის დასრულებასთან, რეგულაციების მოხსნასთან და ტესტირების რაოდენობის ზრდასთან. ჩვენ ვმუშაობთ მიგრანტებთან, რომ ყველა აივ ინფიცირებული მიგრანტი დროულად იყოს ჩართული მკურნალობის და მოვლის სერვისებში. შედეგიც კარგი გვაქვს. ბოლო 18 თვის განმავლობაში მკურნალობის სერვისები მიეწოდა უცხოეთის 214 მოქალაქეს, მათ შორის რუსეთის 91 მოქალაქეს და უკრაინის 74 მოქალაქეს. ამასთან ამ პაციენტებს გლობალურ ფონდთან შეთანხმებით ანტირეტროვირუსული მედიკამენტები მიეწოდებათ აბსოლუტურად უფასოდ. მაშინ, როდესაც ჩვეულებრივ ეს მედიკამენტები უფასოა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისათვის. გარდა ამისა, სახელმწიფოს გადაწყვეტილებით ზემოთაღნიშნული უკრაინის მოქალაქეებიდან 20 პირისთვის ანტირეტროვირუსული მედიკამენტების გარდა ნებისმიერი სამედიცინო მომსახურება არის სრულიად უფასო.

აივ/შიდსის ახალი შემთხვევების პრევენციისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ე.წ. პრეექსპოზიციური პრევენციის (PREP) პროგრამის წარმატებულ სრულფასოვან განხორციელებას, რომელიც გულისხმობს, რომ მაღალი რისკის ქცევების მქონე ჯანმრთელი (არა აივ ინფიცირებული) პირები, მათი სურვილის შემთხვევაში უფასოდ იღებენ ანტირეტროვირუსულ მედიკამენტებს, რაც აივ ინფიცირებულთან კონტაქტის შემთხვევაშიც კი მათ საიმედოდ იცავს აივ დაინფიცირებისგან. საქართველო ერთადერთია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის, რომელმაც 2017 წლიდან დაიწყო და დღემდე წარმატებით ახორციელებს ამ პროგრამას. დღემდე ამ პროგრამით ისარგებლა 1500-ზე მეტმა მაღალი რისკის ქცევების მქონე ჯანმრთელმა (არა აივ ინფიცირებულმა) პირმა და არცერთ მათგანთან არ დაფიქსირებულა აივ-ით დაინფიცირება. აღსანიშნავია, რომ 2022-2023 წლებში შიდსის ცენტრი PREP-ის ფარგლებში მოემსახურა აგრეთვე უცხოეთის 292 მოქალაქეს, მათ შორის რუსეთის და უკრაინის 253 მოქალაქეს.

ასე, რომ საქართველოს მოსახლეობის აივ ინფექციაზე უსაფრთხოება საიმედოდაა დაცული. მაგრამ ამის მიუხედავად, ვინაიდან გაზრდილი მიგრაციის პირობებში მაინც არსებობს აივ ინფექციის გავრცელების მატების რისკები, ჩვენ მოვუწოდებთ მოსახლეობას, განსაკუთრებით ახალგაზრდობას, რომ ზედმიწევნით დაიცვან აივ უსაფრთხოების წესები და რეკომენდაციები, კერძოდ: თავი აარიდონ შემთხვევით დაუცველ სქესობრივ კონტაქტებს, არ დაუშვან არასტერილური სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენება და საეჭვო კონტაქტის ან კლინიკური გამოვლინების მცირედი ეჭვის შემთხვევაშიც კი მიმართონ ტესტირებისა და კონსულტირებისათვის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებს ან ამ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.

მოსახლეობას მინდა შევახსენო, რომ საქართველოს დეკლარირებული აქვს აივ/შიდსის ეპიდემიის დასრულება 2030 წლისთვის, რაც ნიშნავს აივ ინფექციის ახალი შემთხვევების ნულამდე დაყვანას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მიგრაციის პროცესების გაძლიერებამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ამ საშვილიშვილო შედეგის მიღწევა”,- აღნიშნავს თენგიზ ცერცვაძე.

შავი ზღვის დიდი რეგიონი თანამედროვე კონტექსტში: გულახდილი საუბარი

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

(პირველი ნაწილი)

უკმარისობის განცდა…

შავი ზღვის დიდი რეგიონი ევრაზიაში უსაფრთხოების შესახებ მიმდინარე დისკუსიების დღის წესრიგის რეგულარულ საკითხად დამკვიდრდა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში განვითარებული პროცესების ფონზე ეს არც არის გასაკვირი. საკითხი გაცილებით აქტუალური გახდა უკრაინაში დიდ სახელმწიფოთა შორის არაპირდაპირი (proxy) დაპირისპირებისა და პირველი მსოფლიო ეკონომიკური ომის გათვალისწინებით. ფაქტია, რომ აღნიშნულმა დაპირისპირებამ მეტი სიცხადით გამოკვეთა შავი ზღვისა და მიმდებარე არეალზე პოლიტიკურ-სამხედრო დომინაციის მნიშვნელობა. მიზეზი კი ის არის, რომ რეგიონი, რომელშიც საქართველო იმყოფება, განახლებული სტრატეგიული კონკურენციის პირობებში ახალ გამყოფ საზღვრად – თავისებურ „გეოპოლიტიკურ დასავლეთ ბერლინად“ გადაქცევას უახლოვდება (თუ უკვე არ ჩამოყალიბდა ასეთად).

გარდა იმ მნიშვნელობისა, რომელიც მას ზოგადად ევრაზიული უსაფრთხოების კონტექსტში აქვს, შავი ზღვის დიდი რეგიონი არის სამხრეთ კავკასიის გავლით აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებისაკენ, ისე როგორც ახლო აღმოსავლეთისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისაკენ მიმავალი კრიტიკული სატრანზიტო მარშრუტების „ჩამკეტი“, ამ ერთიანი ლოგისტიკური დაქსელვის საკვანძო ჰაბი.

ამისდა მიუხედავად, შავი ზღვის რეგიონზე აქცენტირებული ყურადღება მეტწილად აკადემიურ და მკვლევართა წრეებში შეინიშნება. ცხადია, რომ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისათვის ესეც მეტად სასარგებლო და საჭირო ფორუმია. თუმცა მიმდინარე მოვლენების კონტექსტში არსებული გამოწვევების ფონზე მხოლოდ სამეცნიერო პუბლიცისტიკა არ კმარა: აუცილებელია რეგიონის სტატუსის ადეკვატურად გარდაქმნა სტრატეგიული ხასიათის პოლიტიკურ დოკუმენტებში, ისე როგორც შესაბამისი საფრთხეების მართვის მიზნით პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავება.

ამ თვალსაზრისით, მოდით, თვალი შევავლოთ იმ სტატუს-კვოს, რომელიც ჩვენს ქვეყანას ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით აქვს. ეს ხომ ის მიმართულებაა, რომელიც, გარდა საკონსტიტუციო დანაწესისა, მტკიცედ არის განსხეულებული ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის წიაღიდან აღმოცენებულ არჩევანში (სხვა დასკვნას არც 2008 წლის პლებისციტი გვთავაზობს და არც შემდგომში პოლიტიკურ-სამართლებრივ აქტებში გამოხატული ნებელობა). მიგვაჩნია, რომ ამ მხრივ ქართული სახელმწიფოს პარტნიორთა დამოკიდებულება არ ქმნის სასურველის განცდას, ხოლო მათი პრაქტიკული მექანიზმები დროსა და რეალობასთან შესაბამისობაში უსწრაფესად არის მოსაყვანი.

ასე მაგალითად, ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების 2022 წლის ეროვნული თავდაცვის სტრატეგია სულაც გვერდს უქცევს შავი ზღვის რეგიონის საკითხს და ამ მხრივ აცდენილია დროსაც და რეალობასაც. ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ აშშ-ს დოქტრინული მიდგომის ეს ხარვეზი თითქოსდა უნდა დაკომპენსირდეს კონგრესში ინიციირებული აშშ-ს შავი ზღვის უსაფრთხოების კანონპროექტის მოქმედ კანონად გადაქცევით. თუმცა საერთო პოლიტიკის დოკუმენტებში არათანმიმდევრულობის პარალელურად, საფუძვლიან კრიტიკას იმსახურებს კანონპროექტის განხილვის გაჭიანურება.

მიგვაჩნია, რომ აუცილებელ მოთხოვნას ვერც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უპასუხებს, როდესაც რუსული გაგებით შავი ზღვის რეგიონის „პრივილეგირებული ინტერესების ზონის“ საპირისპიროდ, ნატო რეგიონს „ალიანსისათვის სტრატეგიულად სასიცოცხლო მნიშვნელობის“ მქონედ ასახელებს. სიტყვები „სტრატეგიული“ და „სასიცოცხლო“ შესაძლოა ლიტერატურულად დამაკმაყოფილებელ შინაარსს ატარებდეს, მაგრამ ალიანსის კონსტატაცია გეოპოლიტიკური რეგისტრით მაინც ჩამოუვარდება რუსულს. ასეთი შედარებითი ამბივალენტურობა მით უფრო გასაკვირია, როცა 2022 წლის მადრიდის სამიტზე მიღებულ სტრატეგიულ კონცეფციაში ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა განაცხადა, რომ „რევიზიონისტულ, სასტიკ და აგრესიულ რუსეთსა“ და „დემოკრატიულ სამყაროს“ შორის „დიდი კონკურენცია“ შავ ზღვაზე გაივლის. ჩვენი აზრით, შავი ზღვის რეგიონის როლის რეალური გადაფასების მხრივ დიდად არც ვილნიურის სამიტის ტექსტი გამოირჩევა.

ვაღიაროთ ისიც რომ…

…შავი ზღვის რეგიონის მიმართ დასავლეთის ერთიანი და მწყობრი სტრატეგიული მიდგომის დეფიციტი შესაძლოა რიგი ობიექტური სირთულეებით აიხსნას. მაგალითად, უკრაინაში მიმდინარე ომმა დიპლომატიური რესურსი სრულად „შთანთქა“ და დიდი რეგიონალური სურათის მშვიდად განსჯისა და ანალიზის სივრცე თითქოსდა მკვეთრად შეკვეცა. აქ ისიც უნდა ითქვას, რომ პოლიტიკის შექმნის თვალსაზრისით უკმარისობის განცდა არათუ რეგიონალური უსაფრთხოების დიდი სურათის, არამედ თვით უკრაინაში სამხედრო ფაზის პოლიტიკურით დაბოლოების მიმართაც არის – და ეს მიუხედავად უკრაინის გამორჩეული პრიორიტეტულობისა.

შემდეგი გასათვალისწინებელი გარემოებაა უკრაინაში მიმდინარე ომის გამო დასავლური რესურსის მაქსიმალური მობილიზება, რამაც, მინიმუმ საშუალოვადიან პერსპექტივაში, შესაძლოა საგრძნობლად შეზღუდოს ინდოეთისა და წყნარი ოკეანის აუზში ჩინეთიდან მომავალი საფრთხეების განეიტრალების საშუალებები. ამგვარი იძულებითი შეზღუდვა განსაკუთრებით საყურადღებოა ამერიკის შეერთებული შტატების – გლობალურად გავლენიანი ქვეყნის გადასახედიდან, რომელიც, გარდა ხსენებულ აუზში ამერიკული „პრივილეგირებული ინტერესებისა“, მრავალი ათწლეული ტრადიციულად ორ გეოპოლიტიკურ არეალში (ევროპა/აზია) აქტიური ზემოქმედებისათვის რესურსულ თვითკმარობას ანიჭებდა თანაბარ პრიორიტეტს.

ამდენად, ერთი მხრივ, რუსეთსა და მის მოკავშირეთა ბანაკს, ხოლო მეორე მხრივ, უკრაინასა და მის მოკავშირეებს შორის ომის გაჭიანურების პირობებში, საფიქრალია, რესურსულად კიდევ რამდენად შეზღუდული შეიძლება გახდეს დასავლეთი შავი ზღვის რეგიონში. ეს საკითხი ისეთივე აქტუალურია, რამდენადაც აქტუალურია აშშ-ს და მოკავშირეთა რეგიონული პარტნიორების თავდაცვისუნარიანობის შემდგომი განმტკიცება. ასეთი აქტუალურობა, სულ მცირე, ორი პრაქტიკული მოსაზრებით საბუთდება: ერთია, რომ იგივე აშშ-ს ეროვნული თავდაცვის სტრატეგია ამბობს, რომ ალიანსები და პარტნიორული კავშირები „ქმნიან აშშ-ს სიძლიერეს, რაც კრიტიკულია მისი ამოცანების მისაღწევად“; ხოლო მეორეა, რომ ევროპასა და აზიას შორის სწორედ რომ რესურსის თანაზომიერი გადანაწილებისათვის შავი ზღვის რეგიონში მოკავშირეთა და პარტნიორთა მედეგობასა და მათი თავდაცვითი შესაძლებლობების ამაღლებას არსებითი როლი ენიჭება.

დასავლეთისაკენ „ხელის გაშვერისას“ არ უნდა დაგვავიწყდეს შავი ზღვის რეგიონის ფრაგმენტირებული გეოპოლიტიკური ლანდშაფტი. აქ ქვეყნების, სულ მცირე, სამი წყებაა და რუსეთთან ურთიერთობასა თუ მიმდინარე ომთან დაკავშირებით სამივეს თავისი განსხვავებული პოზიცია აქვს. ესეც, ცხადია, ხელს უშლის ერთიანი და თანმიმდევრული რეგიონული უსაფრთხოებისათვის მყარი და გასაგები საფუძვლების ჩაყრას. მხოლოდ თურქეთის ფაქტორის თავისებურება რად ღირს, ქვეყნისა, რომლის საგარეო პოლიტიკის აქსიომა – „თურქეთი ყოველთვის მოქმედებს ისე, როგორც ეს თურქეთს აწყობს“ – ერთდროულად არის რეგიონული თანამშრომლობის გასაღებიც და რებუსიც.

და კიდევ ერთი მოსაზრება, რაკიღა ამ სტატიის სათაურში გულახდილობის პირობა დავდეთ. დიახ, დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ შავი ზღვის რეგიონზე რუსეთის დომინაცია გამორიცხულია, – ამას გვიკარნახებს არა მარტო უკრაინაში საბრძოლო მოქმედებათა მსვლელობა, არამედ ბოლო წლების რეგიონული თუ სუბრეგიონული დინამიკაც. ეს ის მოცემულობაა, რომელიც „მიწაზე“ ყალიბდება, რაც არ უნდა მტკიცედ აცხადებდეს მოსკოვი შავი ზღვის რეგიონს „საკუთარი პრივილეგირებული ინტერესების ზონად“. ამავდროულად, რეალიზმი მოითხოვს გავაცნობიეროთ და, შესაბამისად, განვეწყოთ და შევემზადოთ კიდეც, რომ რუსული კვალი რეგიონში ბოლომდე არ გაქრება, არ აორთქლდება (შესახსენებელია ისიც, რომ რუსეთის ფედერაციისათვის შავი ზღვა სირიასა და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში ინტერესების პროეცირების ინსტრუმენტული პლაცდარმიც არის). სხვაგვარად განწყობის წინაპირობად, განჭვრეტად მომავალში, ვერც რუსეთის, როგორც რეგიონული მოთამაშისა და ეკონომიკური აგენტის სტატუსი, ვერც, ელემენტარულად, გეოგრაფია ვერ იძლევა. აქედან გამომდინარე, მით უფრო გარდაუვალია ქართული უსაფრთხოების დოქტრინის მაქსიმალური მოქნილობისა და რეზისტენტულობის აუცილებლობა, მათ შორის, უსაფრთხოების ქმედით სისტემებში მისი რეალური ინტეგრირების გზით.

რამდენიმე „თეორიული“ წანამძღვარი

იმ რამდენიმე მნიშვნელოვანი პრაქტიკული რეკომენდაციის ჩამოყალიბებამდე, რომლებიც, ჩვენი აზრით, თანამედროვე პროცესების კონტექსტით და პრაქტიკული საჭიროებებით არის ნაკარნახევი, სავალდებულოდ მივიჩნევთ ასევე რამდენიმე საბაზისო პრინციპის დასახელებას. ვფიქრობთ, რომ მათი ხაზგასმა დაგვეხმარება კონკრეტული ინიციატივების მონიშვნასა და მათ უკეთ გააზრებაში:

 

რისკების ანალიზი: მხრივ შავი ზღვის პარტნიორი ქვეყნების მხრიდან რისკებისა და საფრთხეების შეფასების უნიფიკაციის გარეშე რეგიონის უსაფრთხოების ერთიანი და ყოვლისმომცველი სტრატეგიის შემუშავება გართულდება.

ამ პროცესში შავი ზღვის დიდი რეგიონის ქვეყნებთან ერთად (განსაკუთრებით კი, უშუალოდ ზღვისპირა ქვეყნების ინტერესების გათვალისწინებით) დასავლურმა კოალიციამ საღად და პრაგმატულად უნდა გაიაზროს:

(ა) კონკრეტულად რა რისკებისა და საფრთხეების წინაშე არიან რეგიონის ქვეყნები?

(ბ) კონკრეტულად რა დახმარება შეიძლება გაეწიოს ამ ქვეყნებს რისკების შესამცირებლად თუ საფრთხეების სამართავად?

(გ) რამდენად საგნობრივი და შედეგზე ორიენტირებული შეიძლება იყოს დასავლური (თანა)მონაწილეობა რეგიონალური უსაფრთხოებისათვის თანამშრომლობაში?

საბოლოდ, რეგიონთან დაკავშირებით ნებისმიერი ყოვლისმომცველი კონცეფცია უნდა მოიცავდეს არა მხოლოდ სამხედრო ხასიათის, არამედ ეკონომიკური, ენერგეტიკული, დიპლომატიური და საინფორმაციო ზომების მწყობრ და ერთიან კომპლექსს. მხოლოდ ასე და ამ პირობით, რეგიონში უსაფრთხოების მოწყვლად ეროვნულ სისტემებს გაუჩნდებათ სრული დაცულობის თუ არა, მინიმუმ, კრიზისის დროს ქმედითი დახმარების პაკეტით გარანტირებული ხელშეწყობის განცდა.

 

ე.წ. „ეთნიკური კონფლიქტები“: არაერთგზის გვითქვამს, რომ ქართულ სივრცეში არსებული კონფლიქტები, აფხაზეთში იქნება ეს თუ ცხინვალში, რეალურად და უმეტესად გეოპოლიტიკური ხასიათისაა და არა ეთნიკურის. სხვა სიტყვებით, ეს კონფლიქტები – მათი გაღვივებიდან „ტერიტორიების აღიარებამდე“ – არის რუსეთის ფედერაციის ხისტი პასუხი საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებზე.

აღსანიშნავია, რომ დასავლურ წყაროებში ამ კონფლიქტების ნამდვილი გენეზისის გააზრება ნელა და თანდათანობით იკიდებს ფეხს. თუმცა ჯერ კიდევ მაინც გვხვდება არსიდან გადახვევის შემთხვევები, რაც ერთხელ და საბოლოოდ აღსაკვეთია, რადგან მათი კვლავ „ეთნოკონფლიქტებად“ მოხსენიება რუსული ნარატივის უნებლიე მხარდაჭერა და ამ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო ნაწილების ყოფნის „ლეგიტიმაციაა“. გასაგებია, რომ საკითხის ასე სანახევროდ კვალიფიცირება თუ საკუთარ გეოპოლიტიკურ კომფორტზე მორგების მცდელობა, სხვა პრობლემებთან ერთად, აუარესებს შავი ზღვის დიდი რეგიონის უსაფრთხოების გარემოს და დამატებით წინაღობას ქმნის არსებული გამოწვევების დასაძლევად.

არის კიდევ ერთი მოსაზრება, რომელიც ამ „ეთნოკონფლიქტების“ პოლიტიკური საშუალებებით შესაძლო მოგვარებას ეხება. იგი უკავშირდება ჩვენი პარტნიორების არა მარტო არსებულ სამშვიდობო-სამომლაპარაკებლო ფორმატებში თანამონაწილეობას, არამედ ახალი და უფრო ეფექტიანი ფორმატების შეძლებისდაგვარად გამოძებნას. გარდა ქართული სივრცის რეინტეგრირებისა, დასავლეთის მიერ ასეთი აქტივობის მიზანი უნდა მოიაზროს რუსული გეოპოლიტიკური გაგებით „ახლო საზღვარგარეთში“ რუსული გავლენის შემცირება და მისი „პრივილეგირებული ინტერესების ზონის“ მაქსიმალური განეიტრალება. დავძენთ მხოლოდ, რომ ესეც ერთ–ერთი იმ საკითხთაგანია, რომელთა მიმართაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დასავლური გეოპოლიტიკური მიდგომა კიდევ დიდხანს „სცოდავდა“ რუსეთის სამეზობლოს მნიშვნელოვან ნაწილზე რუსული ექსკლუზივის მდუმარე აღიარებით.

უსაფრთხოება რეგიონისათვის: დღეს ხშირად და ბევრი გვესმის, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგი დიდ გავლენას მოახდენს რეგიონის ქვეყნებზე. არ არის საკამათო, რომ ეს ასეა.

ამასთანავე, აუცილებელია, რომ ოფიციალურმა თბილისმა ასევე ხშირად იმეოროს სხვების გასაგონად, რომ შავი ზღვის დიდ რეგიონში უსაფრთხოება და სტაბილურობა არ განისაზღვრება მხოლოდ უკრაინით. სხვაგვარად რომ განვმარტოთ, ქართული უსაფრთხოება, ისე როგორც რეგიონის სხვა მოწყვლადი ქვეყნების უსაფრთხოება, მხოლოდ უკრაინისათვის გაცემული გარანტიებით ვერ შემოიფარგლება. ამდენად, თუნდაც იმ პირობით, რომ რუსეთ-უკრაინის ომი შავი ზღვის რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში სამართლიანად არის გარდამტეხი ფაქტორი, კრიტიკულია, რომ მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნები რეგიონის უსაფრთხოებას დიდ ფორმატში აღიქვამდნენ და არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ქვეყნის, თუნდაც უკრაინის პრიზმაში.

 

თურქეთის ფაქტორი: თურქეთის როლი შავი ზღვის დიდ რეგიონში იმგვარია, რომ როგორც არ უნდა სცადო უსაფრთხოების მოდელის აწყობა, ანკარის გაუთვალისწინებლად ყოველგვარი მცდელობა სანახევრო იქნება. თუ რატომ ასე და არ სხვაგვარად, მიზეზი მრავალია და არაერთი არგუმენტის დასახელება შეიძლება, რომლებიც მკითხველს კარგად მოეხსენება.

ცხადია ვაცნობიერებთ, რომ ამ კონკრეტული საკითხის ჭრილში დიდ რეგიონზე საუბარი უთუოდ მოითხოვს მეტად დელიკატურ მიდგომას: თანაც არა მარტო საქმით, არამედ სიტყვით. ჩვენც დელიკატურობას შევინარჩუნებთ და მხოლოდ რამდენიმე „აშკარა“ ასპექტს აღვნიშნავთ. კერძოდ, რეგიონული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, გასათვალისწინებელია:

(ა) დასავლეთთან თურქეთის მოქმედებათა სინქრონიზაცია, პროცესის მიმდინარეობა, მისი პერსპექტივები, ობიექტური და სუბიექტური გარემოებები;

(ბ) შავი ზღვის აკვატორიაში უსაფრთხო ნაოსნობისათვის დამატებითი გარანტიების შექმნა. საეჭვოა, ახლო მომავალში თურქეთმა მონტროს კონვენციის გადახედვის მზადყოფნა გამოაცხადოს, თუმცა უკრაინის ომმა შეუზღუდავი ნაოსნობის უზრუნველმყოფი „საკომპენსაციო მექანიზმების“ აუცილებლობა გამოააშკარავა;

(გ) თურქეთის დამატებითი, პოლიტიკურ-დიპლომატიური შესაძლებლობების კონტრიბუცია შავი ზღვის რეგიონული უსაფრთხოების განსამტკიცებლად.

პირველი ნაწილის დასასრული..

ვიქტორ ყიფიანი

„ჯეოქეისი“, თავმჯდომარე

“რუსეთში აფეთქებები უფრო ხშირი და ეფექტური გახდება” – მიხაილო პოდოლიაკი

რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე აფეთქებები გახშირდება და მათი ეფექტურობა გაუმჯობესდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

„მინდა ვთქვა, რომ უკრაინის სპეცსამსახურებს – როგორც მთავარ სადაზვერვო სამმართველოს, ასევე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს – საკმაოდ ეფექტური ქსელი აქვთ რუსეთში. მათ შეუძლიათ გამოიყენონ ეს ქსელი. ვფიქრობ, რომ ასეთი ინციდენტების რიცხვი გაიზრდება”, – აღნიშნა პოდოლიაკმა და დასძინა, რომ დარწმუნებულია, რუსეთში „დაუდგენელი დრონების“ გამოყენებით ინციდენტები გახშირდება.

მისი თქმით, უკრაინა არ იბრძვის რუსეთის ტერიტორიაზე და ყველაფერს თავად რუსეთის ფედერაცია აკეთებს.

„ეჭვგარეშეა, რომ თავად რუსეთი იბრძვის რუსეთის ტერიტორიაზე. ის თავის თავს გაინადგურებს. ეს ცალსახაა”, – განაცხადა პოდოლიაკმა.

“ოპოზიციის მიზანია, თუ სადმე მეწყერი ჩამოწვა, ყალბი აჟიოტაჟი ატეხოს” – მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ოპოზიციის მიზანია, რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით ყალბი აჟიოტაჟი შექმნას.

მისივე თქმით, სამშენებლო პროცესში ყველა საკითხზე სწრაფი გადაწყვეტილების მიღება ხდება და ავტორიტეტული ინსტიტუციების მიერ სათანადო ზედამხედველობა ხორციელდება.

„რიკოთზე არის სამშენებლო პროცესი, რაც იმას ნიშნავს, რომ ცოცხალი პროცესია და ამას ადგილზე გადაწყვეტილებების მიღება სჭირდება. კარგად ვიცი, სამართლებრივად როგორ ხდება, მათ შორის ხელშეკრულებების მოწესრიგება. ეს ზედმიწევნით სრულფასოვანი პროცესია. პროექტის უკან ავტორიტეტული ინსტიტუცია დგას, რაც მშვიდად ყოფნის საფუძველს გვაძლევს, რომ იქ სუფთად და სწორად ხორციელდება პროცესის მართვა. ხელშეკრულება ინსტიტუციურად ისეა გამართული, რომ ყველა საკითხზე სწრაფი გადაწყვეტილების მიღება ხდება, ეფექტიანი სისტემაა, მათ შორის აუდიტი. ურთიერთობების მხარე, ვინც ზედამხედველობას ახორციელებს, იმდენად ავტორიტეტულია, რომ არ მგონია, პოლიტიკურმა ჯგუფებმა კითხვები იქ გააჩინონ, სადაც ობიექტურად ამის საფუძველი არ არსებობს. ოპოზიციის მიზანია, თუ სადმე მეწყერი ჩამოწვა, ყალბი აჟიოტაჟი ატეხოს, რაც გათვლილია იმ ადამიანებზე, ვინც შეიძლება, ამ კონტრაქტებს არ იცნობდეს. ეს არის პოპულიზმის ერთგვარი სახეობა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრის დაბარების საკითხს, მიხეილ სარჯველაძის თქმით, როცა ადამიანები ცდილობენ, პოლიტიკური დივიდენდებისთვის ახალი ასპარეზები გაიჩინონ, ეს აჩვენებს, რომ მათ ჭეშმარიტების დადგენა არ სურთ.

„ვინც ამ ინიციატივით გამოდის, მათი მიზანია ჭეშმარიტების დადგენა თუ პოლიტიკური პერფორმანსის მოწყობა? – კითხვის დასმა სწორია, მაგრამ როცა ადამიანები ცდილობენ, პოლიტიკური დივიდენდებისთვის ახალი ასპარეზები გაიჩინონ, რასაკვირველია, ეს აჩვენებს, რომ აქ არავის ჭეშმარიტების დადგენა არ უნდა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.