რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე აფეთქებები გახშირდება და მათი ეფექტურობა გაუმჯობესდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
„მინდა ვთქვა, რომ უკრაინის სპეცსამსახურებს – როგორც მთავარ სადაზვერვო სამმართველოს, ასევე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს – საკმაოდ ეფექტური ქსელი აქვთ რუსეთში. მათ შეუძლიათ გამოიყენონ ეს ქსელი. ვფიქრობ, რომ ასეთი ინციდენტების რიცხვი გაიზრდება”, – აღნიშნა პოდოლიაკმა და დასძინა, რომ დარწმუნებულია, რუსეთში „დაუდგენელი დრონების“ გამოყენებით ინციდენტები გახშირდება.
მისი თქმით, უკრაინა არ იბრძვის რუსეთის ტერიტორიაზე და ყველაფერს თავად რუსეთის ფედერაცია აკეთებს.
„ეჭვგარეშეა, რომ თავად რუსეთი იბრძვის რუსეთის ტერიტორიაზე. ის თავის თავს გაინადგურებს. ეს ცალსახაა”, – განაცხადა პოდოლიაკმა.