Home Blog Page 1575

,,ქვეყნის გარეთ, რომ გავიდა პრეზიდენტი, შედეგი რა იყო? ”- მდინარაძე

კონსტიტუციის დარღვევა პრეზიდენტის მხრიდან ფორმალური და სამართლებრივი თვალსაზრისით სახეზეა, ქვეყნის გარეთ რომ გავიდა პრეზიდენტი, შედეგი რა იყო?, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

„ოპოზიცია უბრალოდ გადადის მორალურ მხარეზე, სადაც უნდათ რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანენ, მაგრამ ვერ მოხდება ასე, რადგანაც როდესაც საქართველოს პრეზიდენტი, რომლის კომპეტენციის ფარგლებშიც საგარეო ურთიერთობები არ შედის და მიდის, რომ წარმოადგინოს საქართველო მის ფარგლებს გარეთ – ეს არის დარღვევა, თუკი ამას თან არ ახლავს მთავრობის თანხმობა. ცალსახაა ეს და კონსტიტუციაში წერია იმგვარად, რომ ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევა. ქვეყნის გარეთ რომ გავიდა პრეზიდენტი, შედეგი რა იყო? წავიდა პრეზიდენტი შეხვდა ლატვიის მხარეს, ამის შემდეგ გამოვიდა ლატვიის პრეზიდენტი და მიგვითითა, რომ შევუერთდეთ სანქციებს. სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის შემდეგ, რომელიმემ თქვა საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ჩვენ მხარს დავუჭერთო?! პირიქით, გზავნილები მოვისმინეთ, რომ მიუერთდით, დააწესეთ სანქციებიო, ეს იყო მისი შეხვედრების შედეგი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მთიან ყარაბაღში ეთნიკურად აზერბაიჯანელების დაბრუნების გეგმებს განიხილავენ – APA 

აზერბაიჯანის ხელისუფლების განცხადებით, მთიან ყარაბაღში, ქალაქ ხანკენდში ეთნიკურად აზერბაიჯანელების დაბრუნების გეგმებს განიხილავენ. ამის შესახებ აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო APA იუწყება.

„აზერბაიჯანის ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელი როვშან რზაევი შეხვდა აზერბაიჯანელების ჯგუფს, რომლებიც „32 წინ ქალაქ ხანკენდიდან იძულებით გადაადგილებული გახდნენ“, – ნათქვამია მოხსენებაში.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ არსებულ ვითარებაში დიდი დაბრუნება მალე შეეხება ხანკენდის აზერბაიჯანულ მოსახლეობას, რომლებიც იძულებით გადაადგილებული არიან.

27 სექტემბრის შუადღისთვის მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში 47 ათასზე მეტი ეთნიკურად სომეხი ჩავიდა.

,, ნიკა მელიას ვეღარ ვხედავ „ნაციონალურ მოძრაობაში“”- დეკანოიძე

ხატია დეკანოიძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, მელია არ გამორიცხავს, რომ „სხვა პლატფორმიდან“ მოუწიოს ბრძოლა.

დეკანოიძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულმა პრობლემებმა, ბევრს არ მისცა საქმიანობის საშუალება, რის გამოც, ამ პარტიაში ვერც ნიკა მელიას ხედავს.

„მე ვერ გეტყვით როგორი იქნება ნიკას გადაწყვეტილება. პირადად მე თუ მკითხავთ, მე მას ვეღარ ვხედავ „ნაციონალურ მოძრაობაში“, იმიტომ რომ იმ პრობლემებმა, რომელიც არის ამ პარტიაში, სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს არ მოგვცა საშუალება, რომ ამ პარტიაში გაგვეგრძელებინა საქმიანობა. ეს გადაწყვეტილება ოპოზიციური ფრონტის გაძლიერებას უნდა ემსახურებოდეს და არა – დასუსტებას“, – განაცხადა დეკანოიძემ.

თბილისში, ავარიული შენობის კედელი ჩამოინგრა

თბილისში, ინგოროყვას ქუჩაზე ავარიული შენობის კედელი ჩამოინგრა. შემთხვევა 3 ნომერში, ცოტა ხნის წინ მოხდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ წუთებში, ნანგრევებისგან ტერიტორიას ასუფთავებენ.

უკრაინასთან ომის შედეგების მიუხედავად, რუსეთის ეკონომიკა გაიზრდება – Euronews

მიუხედავად უკრაინის ომისა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) შეფასებით, რუსეთის ეკონომიკა 1,5%-იან ზრდას დაინახავს. წინა პროგნოზით ნავარაუდევი იყო, რომ ის მსგავსი მაჩვენებლით შემცირდებოდა, თუმცა რუსეთის ეკონომიკა დასავლეთის სანქციების ფონზე ბევრად უფრო გამძლეა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ამის შესახებ Euronews წერს.

„ჩვენი ბოლო პროგნოზების დროს, ჩვენ ველოდით, რომ სანქციები, განსაკუთრებით ნავთობის ფასების შეზღუდვა, უფრო ეფექტური იქნებოდა რუსეთის აქტივობის შეზღუდვისთვის… მოსკოვის სახელმწიფო ხაზინა გაძლიერდა. ისევ იმაზე მეტად, ვიდრე მოსალოდნელი იყო“, – აღნიშნულია EBRD-ის განცხადებაში.

ამასთან აღნიშნულია, რომ რუსეთში მშპ-ის მაჩვენებლები – ეკონომიკური ჯანმრთელობის საზომი, რომელიც ქვეყნის მიერ წარმოებული საქონლისა და მომსახურების მთლიან ღირებულებას ასახავს – მეორე კვარტალში ასევე მაღალი იყო.

,უკრაინამ დასავლელი პარტნიორებისგან შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები მოითხოვა”- „გარდიანი“

რუსეთში, ირანსა და სირიაში უპილოტო საფრენი აპარატების საწარმოებელი ქარხნების დასაბომბად, უკრაინამ დასავლელი პარტნიორებისგან შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები მოითხოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აგვისტოში კიევმა დასავლელ პარტნიორებს საიდუმლო დოკუმენტი გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში 600-ზე მეტი დარტყმა მოხდა ქალაქებზე დასავლური ტექნოლოგიების შემცველი უპილოტო საფრენი აპარატების (UAVs) გამოყენებით. ხუთი ევროპული კომპანია, მათ შორის ბრიტანული მრავალეროვნული კომპანიის პოლონური შვილობილი კომპანია დასახელებულია, როგორც გამოვლენილი კომპონენტების მწარმოებელი.

დოკუმენტის თანახმად, მწარმოებლებს შორის არიან კომპანიები, რომელთა სათაო ოფისები განთავსებულნი არიან სანქციების კოალიციის ქვეყნებში: აშშ, შვეიცარია, ნიდერლანდები, გერმანია, კანადა, იაპონია და პოლონეთი.

დოკუმენტის თანახმად, ირანმა უკვე მოახდინა თავისი წარმოების დივერსიფიკაცია სირიის ქარხნის გამოყენებით, რომელიც მიეწოდება რუსეთის პორტ ნოვოროსიისკს, პარალელურად, თვითმფრინავების წარმოება რუსეთში გადადის, ასევე თეირანი აგრძელებს კომპონენტების მიწოდებას. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დარტყმები შეიძლება, განხორციელდეს უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ, თუ პარტნიორები უზრუნველყოფენ განადგურების აუცილებელ საშუალებებს.

,,ამ ურთულეს ვითარებაში დაზღვევის ძირითადი მექანიზმი არის თვითონ საზოგადოება”- ხუნდაძე

არ მჯერა, რომ ხელისუფლების მიერ შესრულებულ სამუშაოზე იქნება დამოკიდებული, მივიღებთ თუ არა სტატუსს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს მმართველი გუნდი სწორ პოლიტიკას ახორციელებს, მაგრამ ამ ურთულეს ვითარებაში დაზღვევის ძირითადი მექანიზმი არის თვითონ საზოგადოება.

„მმართველი გუნდის პოლიტიკა სწორია – ამ 12 პუნქტთან დაკავშირებით აქტიურად მუშაობს, მაგრამ რა თქმა უნდა, ამ მუშაობის პროცესში არ გადადის იმ ხაზიდან, სადაც გადის ქვეყნისა და მოსახლეობის უსაფრთხოება, ანუ ასე ხელაღებით ყველა დაკვეთას არ ასრულებს. არ მჯერა, რომ ამ სამუშაოს შესრულებაზე იქნება დამოკიდებული, მივიღებთ თუ არა სტატუსს. გეტყვით, რატომ არ მჯერა – მაქვს ჩემი არგუმენტი. მთავარი დავალება – დეპოლარიზაცია არის მოცემული ჩვენთვის დავალება, მაგრამ ყველაფერი კეთდება ამ დავალების მომცემების მიერ, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია არ დასრულდეს. ფაქტობრივად, ხდება ამის ხელშეწყობა და სწორედ ამ არგუმენტების გამო მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ სტატუსის მონიჭება არის ინსტრუმენტი ქვეყნის უსაფრთხოების საქმეებში ჩარევის, მათ საკუთარი მიზნებისთვის ამის გამოყენების და ინსტრუმენტი იმისა, როგორ გახადონ ქვეყანა მართული; ამ ვითარებაში საზოგადოებას თავისი ნეგატიური როლი მიანიჭონ და საზოგადოება დააყენონ იმ რეალობის წინაშე, რომ მათვე შექმნან ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის საჭიროება, მაგრამ საზოგადოება რომ ამაზე არ მიდის, ამას თვითონაც ხედავენ. დღეს მმართველი გუნდი სწორ პოლიტიკას ახორციელებს, მაგრამ ამ ურთულეს ვითარებაში დაზღვევის ძირითადი მექანიზმი არის თვითონ საზოგადოება. რამდენად გამოხატავენ ისინი ამის გამო გაბრაზებას, სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული, მოგვცემენ თუ არა სტატუსს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

შვეიცარიის პარლამენტმა კვლავ არ დაუჭირა მხარი უკრაინაში სამხედრო ტექნიკის რეექსპორტს – უკრაინული მედია

შვეიცარიის პარლამენტმა კვლავ არ დაუჭირა მხარი უკრაინაში სამხედრო ტექნიკის რეექსპორტს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

საუბარია სამხედრო ტექნიკის რეექსპორტის შესახებ კანონში ცვლილების შეტანაზე, რომელსაც ჯერ კიდევ ივნისში დაუჭირა მხარი შვეიცარიის კანტონების საბჭომ.

ცვლილებების პროექტის თანახმად, რეექსპორტი დაიშვებოდა იმ შემთხვევაში, თუ კონფლიქტის მონაწილე ქვეყანა თავდაცვის უფლებას იყენებს.

გარდა ამისა, შვეიცარიული იარაღის რეექსპორტი ქვეყნიდან, რომელმაც ის შეიძინა, დაშვებული იქნებოდა შეძენიდან ხუთი წლის შემდეგ, მაგრამ მხოლოდ იმ ქვეყნებში, რომლებიც „იზიარებენ შვეიცარიის ღირებულებებს და აქვთ ექსპორტის კონტროლის ერთობლივი რეჟიმი“.

პარალელურად, შვეიცარიის პარლამენტი მუშაობს კიდევ ერთ კანონპროექტზე იარაღის რეექსპორტის შესახებ კანონში ცვლილებების შესახებ. ის შესაძლებელს გახდის რეექსპორტს, თუ გაეროს უშიშროების საბჭო ან გენერალური ასამბლეის წევრთა ორი მესამედი დაადასტურებს საერთაშორისო სამართლის დარღვევას იმ სახელმწიფოს მიმართ, რომელიც მიიღებს იარაღს.

საბრძოლო მასალების შესახებ შვეიცარიის კანონი ამჟამად არ იძლევა საბრძოლო მასალების ექსპორტის საშუალებას, თუ დანიშნულების ქვეყანა ჩართულია შიდა ან საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტში.

„ვაგნერის” მებრძოლები რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის გაფორმების შემდგომ უკრაინაში იომებენ

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის” ყოფილი სამხედროები, რომლებიც ბელარუსში იმყოფებოდნენ, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი გააფორმეს და უკრაინის ფრონტის აღმოსავლეთ ნაწილში ბრძოლაში ჩაერთნენ. მათი ნაწილი კი აფრიკაში წავიდა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების და უსაფრთხოების სამსახურის სპიკერებზე დაყრდნობით უკრაინული მედია წერს.

„კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ყოფილი სამხედროები ახლა ნამდვილად იმყოფებიან აღმოსავლეთის ჯარების ჯგუფის ტერიტორიაზე…

ისინი არ წარმოადგენენ ისეთ საფრთხეს, როგორსაც ადრე, ერთი წლის წინ. მათი ლიდერის ევგენი პრიგოჟინის დაკარგვის გამო“, – თქვა უკრაინის აღმოსავლეთის ძალების ჯგუფის სპიკერმა ილია იევლაშმა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების 92-ე ბრიგადის ავიადაზვერვის ოპერატორმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „ვაგნერელები ბახმუტის რაიონში“ დაბრუნდნენ.

„დიახ, „ვაგნერიც“ აქ არის. ისინი დაბრუნდნენ, სწრაფად შეცვალეს მეთაურები და აქ დაბრუნდნენ” – თქვა მან.

ზუგდიდში, დენის დარტყმის შედეგად 34 წლის მამაკაცი დაიღუპა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში დენის დარტყმის შედეგად 34 წლის მამაკაცი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი უკვე გადაასვენეს ექსპერტიზის ბიუროში.

როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

,,ოპოზიცია რომ სტატუსთან დაკავშირებით რაიმეს ხელშეშლაზე ლაპარაკობს, უკვე კომიკური და უხერხულია”- იონათამიშვილი

ოპოზიცია რომ სტატუსთან დაკავშირებით რაიმეს ხელშეშლაზე ლაპარაკობს, უკვე კომიკური და უხერხულია, ვინაიდან ერთადერთს რასაც რადიკალური ოპოზიცია აკეთებს, ეს არის ხელის შეშლა ევროპული წინსვლისთვის, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი „ქრონიკასთან“ ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი იგივეა, რაც კანდიდატის სტატუსის იმპიჩმენტი.

„ამას აკეთებდნენ ყოველთვის, როდესაც რაიმე მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღების თარიღი ახლოვდებოდა ჯერ კიდევ ასოცირების შეთანხმებისა თუ ვიზალიბერალიზაციის დროიდან მოყოლებული.

რაც შეეხება პრეზიდენტს – ადამიანი, რომელიც ასეთი ლექსიკით საუბრობს, ზიზღნარევი სიტყვებით გამოდის, არათანმიმდევრულია თავის გადაწყვეტილებებში და მიაჩნია, რომ საქართველოს არცერთი პუნქტი არ შეუსრულებია ევრორეკომენდაციებისა, – ეს ადამიანი საქართველოს ევროპული არჩევანის ადვოკატი ვერ იქნება. პირიქით, ის იქნება ხელის შემშლელი და დღეს ამაზე ჩვენ შეგვიძლია კონკრეტული ფაქტებით ვისაუბროთ: ერთ დღეს, ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქში გაიმართა შეხვედრები; ერთის მხრივ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრები რუმინეთში უმაღლესი თანამდებობის პირებთან და მეორეს მხრივ პრეზიდენტის შეხვედრა ლატვიაში. ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრების შემდეგ ყოველთვის ჟღერდება კონკრეტული გზავნილები. პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრის შემდეგ, რუმინულმა მხარემ ღიად და საჯაროდ თქვა, რომ ისინი მხარს დაუჭერენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებას, ხოლო საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ლატვიის პრეზიდენტი გამოვიდა და სანქციებზე შეერთებისკენ მოუწოდა ჩვენს ქვეყანას. ეს არის კონკრეტული ფაქტი. ეს კონკრეტული გზავნილები გამოხატავს იმ განწყობას, რაც შეხვედრების დროს დაისვა. ეს მაგალითი იყო გუშინდელი, თორემ თუ გადავავლებთ ჩვენი გუნდის ლიდერების სხვადასხვა შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან, ეს შეხვედრები მთავრდება კონკრეტული გზავნილით, რაც არის საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდაჭერა. პრეზიდენტის შეხვედრა, ასევე კონკრეტული მესიჯით დამთავრდა და ამ მესიჯში ჩვენ ამოვიკითხეთ სრულიად განსხვავებული საკითხი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო არც 12 რეკომენდაციასთან, არც ასოცირების შეთანხმებასთან, არც იმ მიმდინარე რეფორმებთან, რომელსაც საქართველოს მთავრობა და პარლამენტი ახორციელებს. მთლიანად აცდენილი იყო ამ ყველაფერთან. კანდიდატის სტატუსის საკითხის განხილვის წინ, მსგავსი თემების ხელოვნურად დაყენება, ცხადია არის ქვეყნის მტრობა, რომელშიც სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

“ღმერთმა დალოცოს საქართველოს ყველა კუთხე, მათ შორის აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს ჩვენი სამშობლო და მოგვასწროს გამთლიანებულ საქართველოს”

27 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ჯვართამაღლებას. ბიზანტიის იმპერატორ წმინდა კონსტანტინეს დედის, წმინდა დედოფალ ელენეს, მიერ სამი საუკუნის შემდეგ იმ ჯვრის პოვნას, რომელზეც მაცხოვარი აწამეს. ეს დღე დიდად მნიშვნელოვანია მთელი ქრისტიანული სამყაროსთვის, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, ილია მეორემ განაცხადა.

„შევნიშნავთ იმასაც, რომ იგი ამავე დროს მწუხარების დღეცაა, რადგან ვნების შვიდეულის პარასკევის და იმ დანაშაულის გახსენების დღეა, რომელიც კაცთა მოდგმამ ჩაიდინა ღმერთის ჯვარცმით.

ამ განცდას ჩვენთვის ემატება მწუხარებაც სოხუმის დაცემის გამო, რაც 30 წლის წინ სწორედ ამ დღეს მოხდა და, ბუნებრივია, საქართველოსთვის ეს მოუშუშებელი ჭრილობაა. მაგრამ ქრისტიანობა ტკივილთან ერთად იმედისა და სიხარულის რელიგიაა და ჩვენც გვწამს, რომ, როგორც ჯვარცმით არ დამთავრებულა მაცხოვრის ამქვეყნიური ყოფა, არამედ აღდგომითა და ამაღლებით, ჩვენი ქვეყანაც, თუ ქრისტეს მცნებების ერთგული იქნება და აღდგება და ამაღლდება სულიერად, აუცილებლად აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას.

ინებოს ღმერთმა ყოველი ჩვენგანის სულიერი აღდგომა და ამაღლება.

ღმერთმა დალოცოს საქართველოს ყველა კუთხე, მათ შორის აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, და მკვიდრნი მათ შინა; ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს ჩვენი სამშობლო და მოგვასწროს გაერთიანებულ და გამთლიანებულ საქართველოს, ამინ!“, – აღნიშნა ილია მეორემ.