Home Blog Page 1573

“უკრაინის პრეზიდენტის ორმაგი სტრატეგია”- რას წერს უცხოური პრესა

ფრანგულ გაზეთში „ლე ფიგარო“ (Le Figaro) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკრაინის პრეზიდენტის ორმაგი სტრატეგია“ (ავტორი – რენო ჟირარი), რომელშიც ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ამ დღეებში ევროპულ ქვეყნებში გამართული ვიზიტებია მიმოხილული, „დიდი შვიდეულის“ მოსალოდნელი სამიტის ფონზე.

„ძველი ევროპის უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ოთხმა სახელმწიფომ – იტალიამ, გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდი ბრიტანეთმა, რომლებსაც კარგად განვითარებული სამხედრო მრეწველობაც აქვთ, დიდი პატივისცემით მიიღეს ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც თავის „მილიტარის“ სტილის ტანსაცმელს უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის დროიდან ატარებს და დღემდე არ იხდის.

ყველა ოთხივე სახელმწიფო „დიდი შვიდეულის“ (G7) წევრია, რომელთა ლიდერები იაპონიის ქალაქ ჰიროშიმაში 19-21 მაისს დაგეგმილ სამიტზე შეიკრიბებიან. მიწვეულები არიან ევროპის საბჭოსა და ევროპის კომისიის ხელმძღვანელებიც. განსახილველი საკითხებიდან პირველია რუსეთის მოქმედების დაგმობა უკრაინის წინააღმდეგ“, შემდეგ მოდის პარტნიორული საერთაშორისო დიალოგის განხილვა განიარაღებისა და უსაფრთხოების სფეროებში, შემდეგ – ეკონომიკის, კლიმატის, კვების, ჯანდაცვის პრობლემები და ა.შ.

ამრიგად, უკრაინის კონფლიქტი დღეს დასავლეთის სახელმწიფოებისათვის პირველ ნომრად ითვლება. „დიდი შვიდეულის“ სამიტზე მათ უნდა შეათანხმონ კიევისათვის ფინანსური დახმარების გამოყოფა (ბიუჯეტისათვის, სამხედრო და ჰუმანიტარული მიზნებისათვის). როგორც ცნობილია, აშშ-მა უკრაინას 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე თითქმის 72 მილიარდი ევროს დახმარება გაუწია, ხოლო ევროკავშირმა – 50 მილიარდი ევროს ოდენობით. უახლეს ისტორიაში ესოდენ დიდი დახმარების ანალოგების ძიებისას, მას მხოლოდ 1941-45 წლებში ანტიჰიტლერული კოალიციის მიერ საბჭოთა კავშირისადმი გაწეული დახმარება შეიძლება შევადაროთ.

ვოლოდიმირ ზელენსკის ევროპული ტურნე ხაზს უსვამს იმის მნიშვნელობას, რომელიც უკრაინისათვის დახმარების გაწევის საკითხში „დიდი შვიდეულის“ სამიტს აქვს. გავიხსენოთ, რომ შარშან დეკემბრის ბოლოდ უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-ში ტრიუმფალური ტურნე განახორციელა და დიდი ფულიც მიიღო რუსეთის არმიის მოსაგერიებლად.

სხვათა შორის, როცა რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა, ამერიკელებმა ვოლოდიმირ ზელენსკის თავშესაფარი შესთავაზეს. უკრაინის პრეზიდენტმა კი მოგვიანებით უპასუხა, რომ მას თავშესაფარი კი არა, საბრძოლო მასალების მიწოდება უფრო მეტად ჭირდებოდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ, პოლიტიკური ურთიერთობების გენიოსმა, შეძლო თავისი მომხრეებისათვის იმედის ჩანერგვა გამარჯვების მიზნით და დასავლეთის დარწმუნება იარაღის მიწოდებაში. მას შემდეგ, რაც უკრაინის არმიამ შეძლო კიევის დაცვა, შემდეგ კი შეტევაზე გადასვლა და რიგი ქალაქების დაბრუნება, უკრაინელებისა და დასავლეთის თვალში პრეზიდენტის მიმართ რწმენა მნიშვნელოვნად ამაღლდა.

მაგრამ მოგვიანებით რუსებმა მოახერხეს და ფრონტის ხაზზე გაჩენილი ნარღვევი ამოავსეს და 1400 კილომეტრიანი ფრონტი გაამაგრეს. თუმცა რუსებმა ისიც კარგად გააცნობიერეს, რომ უკრაინა მათთვის „კერკეტი კაკალი“ აღმოჩნდა და რომ რუსებს უკრაინის ბეჭებით წაქცევა, მხოლოდ იარაღის ტრადიციული სახეობების გამოყენებით, არ შეუძლიათ. გამოდის, რომ რუსეთის სტრატეგია რეალური გახდა: უკვე მეტად აღარ დგას საკითხი მთელი უკრაინის მიწა-წყლის გაკონტროლებაზე, ახლა მოსკოვისთვის მთავარია, რომ დაკავებული ტერიტორიებისადმი კონტროლი შეინარჩუნოს. ამ მიზნით კრემლმა თავისი „მაჟინოს ხაზი“ შექმნა.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მას აქვს შესაძლებლობა კონტრშეტევა დაიწყოს, მაგრამ ჯერ-ჯერობით იარაღით კარგად მომარაგებას დაელოდება, რადგან წინა შეტევა უკრაინელებს საკმაოდ ძვირი დაუჯდათ. რა დასამალია და პრეზიდენტი ასევე შიშობს, რომ ვაითუ ჯარი და მოქალაქეები 15-თვიანი ბრძოლებით უკვე დაიღალნენო.

დიპლომატიური თვალსაზრისთ, ვოლოდიმირ ზელენსკი ცდილობს დასავლეთის გრძელვადიანი დახმარება განიმტკიცოს და იმავდროულად საერთაშორისო შუამავლებს სერიოზულ შესაძლებლობას აძლევს, რომ თავიანთი შანსი ხელიდან არ გაუშვან: ამას წინათ იგი ერთ საათზე მეტხანს ესაუბრა ტელეფონით სი ძინპინს, შემდეგ კი იტალიაში ჩავიდა რომის პაპთან. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ზელენსკი უარს ამბობს სამხედრო მოქმედებებზე? არა, მაგრამ მას სურს შეტევა მომზადებული დივიზიებით და კარგად გაწვრთნილ არმიის მეშვეობით განახორციელოს.

ომის რაღაც მომენტში რუსებსა და უკრაინელებს შორის მოლაპარაკება გარდაუვალი გახდება – პირდაპირ თუ ირიბად. ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაიგო, თუ როგორია მისი ამოცანა: ისე გააკეთოს ყველაფერი, რომ მოლაპარაკების დაწყების წინ უკრაინას ძლიერი პოზიციები ჰქონდეს. და როცა ასე იქნება, მაშინ მოწინააღმდეგისაგან მეტი დათმობებია მოსალოდნელი.

წყარო

სასტუმრო „თბილისი მარიოტში“, „როტარი კლუბი თბილისი ამბასადორის“ მორიგი შეხვედრა გაიმართა

2023 წლის 16 მაისს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ , „როტარი კლუბი თბილისი ამბასადორის“ მორიგი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას 2452 დისტრიქტის გუბერნატორის მოადგილე – პავლე თვალიაშვილი, საქართველოში არსებული კლუბების პრეზიდენტები, მისი წევრები და ასევე, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

შეხვედრა გახსნა კლუბის პრეზიდენტმა, ივეტა ჭელიშვილმა და სტუმრებს წარუდგინა პრეზენტაცია კლუბის მიერ ერთი თვის მანძილზე განხორციელებული პროექტების, კერძოდ, მოხუცთა თავშესაფარში და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სახლში ჩატარებული სააღდგომო აქციებისა და ხილის ხეების დარგვის შესახებ.

შეხვედრაზე მოწვეული სპიკერები იყვნენ – სახალხო არტისტი ბატონი ლეო ანთაძე და ბიზნესმენი გიორგი ანთაძე. მათ საინტერესოდ ისაუბრეს სხვადასხვა თემებზე, რამაც შეხვედრის მონაწილეების აღფრთოვანება გამოიწვია.

შეხვედრას, კლუბს ახალი წევრი, ფიქრია გოგოლაძეც, შემოუერთდა. “როტარი კლუბი თბილისი ამბასადორის” წევრებმა ფიქრია კლუბის წევრობა მიულოცეს და წარმატებული და სასარგებლო პროექტების განხორციელება უსურვეს.

შეხვედრის მონაწილეებმა, ასევე, მიიღეს მონაწილეობა რუსთავის როტარი კლუბის პრეზიდენტის, ირაკლი მაღლაფერიძის მიერ წარმოდგენილ ღვინის დეგუსტაციაში.

შეხვედრას მუსიკალურად აფორმებდა შესანიშნავი მევიოლინე გვანცა ჩხეიძე, ხოლო ფოტოები გადაიღო ნიჭიერმა ფოტოგრაფმა ირაკლი მაღრაძემ.

“ერთად ყოფნით შეგვიძლია მშვიდობისა და სტაბილურობის მიზნის მიღწევა ევროპის კონტინენტზე” – ირაკლი ღარიბაშვილი

ერთად ყოფნით შეგვიძლია მშვიდობისა და სტაბილურობის მიზნის მიღწევა ევროპის კონტინენტზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერზე” წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ევროსაბჭოს სამიტის ფარგლებში ორგანიზებულ გენერალურ დებატებზე მან კვლავ დაადასტურა საქართველოს ერთგულება დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპების დაცვისა და საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი.

“ევროპელ ლიდერებთან ერთად მივიღე მონაწილეობა ევროსაბჭოს სამიტის ფარგლებში ორგანიზებულ გენერალურ დებატებში თემაზე: “ვერთიანდებით ევროპისთვის”. კვლავ დავადასტურე საქართველოს ერთგულება დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპების დაცვისა და საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი. ერთად ყოფნით შეგვიძლია მშვიდობისა და სტაბილურობის მიზნის მიღწევა ევროპის კონტინენტზე”, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 მაისისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 18 მაისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.5347 ლარი ეღირება, ევრო – 2.7446 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.1542 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.5638 ლარი ღირდა, ევრო – 2.7925 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.2135 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 18 მაისს ამოქმედდება.

საქართველოს რუსულ ტურპაკეტებში „ალაგებენ“: ოპერატორებმა მოგზაურობის პროგრამების მომზადება დაიწყეს

„საქართველოს სრულყოფილმა დაბრუნებამ ტურისტულ ბაზარზე რუსი ტურისტებისა და მოგზაურობის მოყვარულთა გააქტიურება გამოიწვია. ტუროპერატორებმა უკვე დაიწყეს ორგანიზებული პროგრამების მომზადება იმ იმედით, რომ მალე რუსეთიდან საქართველოში და პირიქით პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყება. გაიზარდა საქართველოში დასვენების მსურველთა რაოდენობა, თუმცა ტურების გაყიდვამდე რეალურად საქმე ჯერ მისულა, რადგან ტურისტები უფრო მომგებიან შეთავაზებებს ელოდებიან. ამასთან, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ტუროპერატორები საქართველოში წამსვლელთა მზარდ ნაკადს ვერ დააკმაყოფილებენ, რადგან ავიაკომპანიების თვითმფრინავებში ადგილების რაოდენობა შეზღუდულია“, – ნათქვამია რუსული გაზეთის „კომერსანტში“ (КоммерсантЪ) 17 მაისის ნომრის პირველ გვერდზე დაბეჭდილ სტატიაში, სათაურით „საქართველოს რუსულ ტურპაკეტებში „ალაგებენ“: ოპერატორებმა მოგზაურობის პროგრამების მომზადება დაიწყეს“ (ავტორი – ალექსანდრა მერცალოვა).

„ტურიზმის ოპერატორებმა საქართველოში მოგზაურობის მსურველებისათვის ორგანიზებული ტურების შეთავაზება დაიწყეს“, – ამბობს „კომერსანტთან“ საუბარში დიმიტრი გორინი, რუსეთის ტურინდუსტრიის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი. ამჟამად პროგრამები ტრანზიტული რეისების ბაზაზე მზადდება, მაგრამ 20 მაისიდან უკვე პირდაპირი რეისების ჩათვლით გაკეთდება.

ტურკომპანია „დელფინის“ გენდირექტორის სერგეი რომაშკინის თქმით, ახალი ტურპაკეტები მიმდინარე კვირის ბოლოს გამოჩნდება, მანამდე კი კომპანია საქართველოში სასტუმროების ბაზას აფართოებს – ბოლო დროს მათი რაოდენობა ხუთიდან თვრამეტამდე გაიზარდა. 19 მაისიდან საქართველოში ფრენას იწყებს რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი“ (Azimuth) რუსული წარმოების თვითმფრინავებით, რომლებიც კვირაში 7 რეისს შეასრულებენ. 20 მაისიდან კი რუსეთის ავიასივრცეში გამოჩნდება ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ (Georgian Airways), რომელმაც ბილეთების გაყიდვა მოსკოვის მიმართულებით უკვე დაიწყო.

დიმიტრი გორინი ეჭვობს, რომ „აზიმუტის“ რეისებს ტუროპერატორები შედარებით ნაკლებ ყურადღებას დაუთმობენ, რადგან თვითმფრინავების „სუხოი სუპერჯეტ-100“-ების (Sukhoi Superjet 100) ტევადობა მცირეა, თუმცა, თავის მხრივ, „აზიმუტის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე პაველ უდოდი აცხადებს, რომ ტუროპერატორებთან თანამშრომლობა სრულიად შესაძლებელია.

ჯერ-ჯერობით საქართველოს მიმართულებით ავიაბილეთები საკმაოდ ძვირია – მათი საშუალო ფასი ერთი მიმართულებით 15 მაისისათვის 22 ათას რუსულ რუბლს შეადგენს. რუსების ინტერესი საქართველოს მიმართ საკმაოდ დიდია. კომპანია „ონლაინ-ტურის“ წარმომადგენელი იგორ ბლინოვი ამბობს, მსურველთა სატელეფონო ზარების რაოდენობა სწრაფად მატულობს – 15 მაისისათვის საქართველოს მიმართულებამ რეიტინგში მეოთხე ადგილი დაიკავა.

ბოლო დროს რუსეთის მოსახლეობაში პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მოგზაურობის მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა, მაგრამ საქართველო ამ ტალღაში ვერ მოხვდა, ავიარეისების არარსებობის გამო. ახლა ქვეყანა შეიძლება საზაფხულო დასვენების პროცესში ჩაერთოს, თუმცა როგორც დიმიტრი გორინი ვარაუდობს, ტურისტების გადაყვანა შეზღუდული იქნება. პირველ ეტაპზე უფრო მეტად ის რუსები იაქტიურებენ, რომელთაც ნათესაური კავშირები აქვთ რუსეთთან (მხედველობაშია მრავალი რელოკანტი, რომლებიც საქართველოში გაემგზავრნენ უკრაინის ომის დაწყებისა და მობილიზაციისა გამო). ტუროპერატორები აღნიშნავენ, რომ საქართველოში ტურისტული ტურების პროგრამების მომზადება „უიღბლო“ დროს დაემთხვა – ჯერ კიდევ მანამ, სანამ ფრენების აღდგენა გამოცხადდებოდა, ბევრ რუსს უკვე დაგეგმილი ჰქონდა, თუ სად დაისვენებდა ზაფხულში, ამიტომ მათ თავიანთი გადაწყვეტილების შეცვლა გაუჭირდებათ.

წყარო

“არაბ გიდს, სავიზიტო ბარათზე, მარჯანიშვილის ქუჩის ნაცვლად, არაბეთის ქუჩა ეწერა” – ვიკა შარია

ვლადიმირ პუტინმა, 10 მაისის განკარგულებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი და ჩვენს ქვეყანაში პირდაპირ ფრენებზე აკრძალვა გააუქმა. გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, მოსკოვი-თბილისის რეისზე Georgian Airways-ს ფრენების დაწყების ნებართვა მისცეს.

“თბილისი – მოსკოვი – თბილისის მიმართულებით რეგულარული ოპერირების განხორციელებას ავიაკომპანია Georgian Airways-ი იწყებს. ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, ფრენები 20 მაისიდან, კვირაში 7 სიხშირით განხორციელდება. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიაზე დღეს, მიმდინარე წლის 16 მაისს გაიცა”,-წერია განცხადებაში. რაც შეეხება ბილეთების ფასს, მიმდინარე თვეში, მოსკოვი-თბილისის რეისზე, ბილეთის ფასი 800-1000 ლარის ფარგლებში იქნება.

საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენების განხორციელებას ავიაკომპანია Azimuth Airlines-იც იწყებს. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. ფრენები მოსკოვი – თბილისი – მოსკოვის საჰაერო ხაზზე, შესრულდება მიმდინარე წლის 17 მაისიდან, კვირაში შვიდი სიხშირით“, – ნათქვამია ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის განმარტებით, „გამორიცხული არ არის, რომ პირდაპირი ფრენების პარალელურად, განახლდება ავტობუსის ტურებიც, რადგან ზემო ლარსის გამშვები პუნქტი ახლა ღიაა“.

როგორ აისახება აღნიშნული რეგულაციების ამოქმედება ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად სფეროზე, – ტურიზმის სექტორზე და რა მოლოდინები აქვთ ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებს? აღნიშნულ საკითხზე, „ჯორჯიან თაიმსს“ ტურიზმის ექსპერტი, ვიკა შარია ესაუბრა.

– ცოტა შორიდან დავიწყოთ. გვითხარით, როგორ შეიცვალა რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, ტურისტული გარემო საქართველოში, გამომდინარე იქიდან, რომ ათასობით რუსი, უკრაინელი და ბელორუსი ჩვენს ქვეყანაში გადმოვიდა საცხოვრებლად?

-ომის ფაქტორი, ჩვენს სექტორზე, პირველ რიგში, აისახა ისე, რომ ფაქტობრივად, დავკარგეთ უკრაინული ბაზარი, რომელიც საკმაოდ პერსპექტიული და მზარდი იყო, განსაკუთრებით – კორპორაციულ სეგმენტში. მეორე რიგში, ეს აისახა ქვეყნის იმიჯზე, იმიტომ, რომ ძალიან ბევრ ქვეყანას, განსაკუთრებით – ევროპის ქვეყნებს ჰგონიათ, რომ უკრაინა-საქართველო ერთია და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების კოდი არის ძალიან დაბალი. მათ ჰგონიათ, რომ აქ ჩამოსვლა არის საშიში და რომ ბომბები გვაცვივა თავზე. ეს ფაქტორი, ასევე ძალიან ცუდად აისახა ქვეყანაში ინფლაციის თვალსაზრისით, ვინაიდან, კატასტროფულად გაიზარდა ფასები ყველაფერზე. მეოთხე ფაქტორი ის არის, რომ ვისაც არ ეზარებოდა, ყველამ გიდობა დაიწყო. ახლა უკვე გამოდის ის, რომ რუსეთ-უკრაინის ტურისტული ბაზარი გაჩერებულია.

– რა მოლოდინები გაქვთ, – რა შედეგები მოჰყვება რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნისთვის ვიზის გაუქმებასა და პირდაპირი ფრენების აღდგენას და როგორ აისახება ის ტურიზმის სექტორზე?

– ამ საკითხს, მე საერთოდ არ ვუყურებ ბიზნეს პერსპექტივითა და მერკანტილური თვალსაზრისით, რომ აი, ახლა ახალი ბაზარი გაიხსნა და ამით ვინმე სარგებელს მიიღებს. ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, ეს საკითხი კატეგორიულად მიუღებელია, იმიტომ, რომ ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი დარტყმაა ქვეყნის რეპუტაციასა და მის პროდასავლურ იმიჯზე. თუმცა, ეს არ არის ჩვენი მხრიდან წამოსული ინიციატივა, ეს რუსეთის გადაწყვეტილებაა და ჩემი მოწოდებაც, ევროპელ და უკრაინელ პარტნიორებთან არის ის, რომ ჩვენ რუსებს უფრო ვჭირდებით, ეს მათ ინტერესშია და ამიტომაც ხსნიან რეგულაციებს, ვიდრე – ჩვენ მათ. კატეგორიულად უარვყოფ იმ ფაქტს, რომ აქ იფრინონ სანქცირებულმა ავიახაზებმა. პირადად მე, ჯერ კიდევ შარშან შევწყვიტე რუსულ კომპანიებთან თანამშრომლობა.

– თუმცა, ხომ არ გამორიცხავთ იმ ფაქტსაც, რომ გარკვეულმა ქართულმა ტურისტულმა კომპანიებმა გამოიყენონ ეს ფაქტი სათავისოდ და ამით სარგებელი მიიღონ?

– თუ ეს ასე იქნება, ამას ძირითადად, ისევ რუსები გამოიყენებენ. ისინი შავი ბუღალტერიით მუშაობენ და არანაირი თანხა არ შემოაქვთ სახელმწიფო ხაზინაში. შესაბამისად, არიან მინიმუმ 25%-ით იაფები, იმიტომ, რომ საკუთარ პროდუქტს ძირითადად ინსტაგრამ პლატფორმით ყიდიან. ისინი არც რეკლამაში იხდიან თანხას და ჰონორარს ნაღდი ანგარიშსწორებით, ხელზე იღებენ. გამოდის, რომ ძალიან რთული მდგომარეობაა და არავინ არ აკონტროლებს ამას. შავი ბაზარი და ჯუნგლების პრინციპია.

– ქართველი გიდები სახელმწიფოსგან ითხოვენ, რომ გიდებთან დაკავშირებით გარკვეული რეგულაციები დაწესდეს. ამ მოთხოვნით მათ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან აქციაც კი გამართეს, მათი თქმით, აუცილებელია, რომ საქართველოში ოპერატორ გიდებს საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდეთ და სახელმწიფო ენა B2 დონეზე იცოდნენ. რა პრობლემებს ქმნიან უცხოელი გიდები ქართულ ბაზარზე და როგორ წარმოგიდგენიათ ამ საკითხის მოგვარება?

– ეს პრობლემა, დიდი ხანია არსებობს ჩვენს ქვეყანაში. თურქს რომ მოუსმინო, თურქეთის ყოფილი პროვინცია ვართ, რუსს რომ მოუსმინო კი, – რუსეთის გუბერნია.

მთელი უბედურება იმაშია, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, ბენეფისებსაც კი ვერ იღებს აქედან, იმიტომ, რომ საერთოდ არაფერს არ ატარებენ თეთრ ბუღალტერიაში. ყველაფერს შავად აკეთებენ და ქვეყანა კი, იცვითება. იცვითება უნიკალური ისტორიული ძეგლები, გზები და ა.შ.

საკითხის მოგვარება, მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს ნებაზე, მკაცრი რეგულაციებისა და სტანდარტების დაწესებაზეა დამოკიდებული. არ არის აუცილებელი, რომ გიდი მაინც და მაინც საქართველოს მოქალაქე იყოს. თუმცა, მას უნდა ჰქონდეს გავლილი მინიმუმ სერტიფიცირება და მიღებული ჰქონდეს თუნდაც საბაზისო კურსი ამ მიმართულებით. ვიღაც აუცილებლად უნდა აკონტროლებდეს, თუ რას ეუბნებიან გიდები საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს. მინიმუმ, რაიმე სტანდარტი უნდა არსებობდეს, რაც განასხვავებს პროფესიონალ გიდს – არაპროფესიონალისგან.
ჩემდა გასაოცრად, არაბი გიდის სავიზიტო ბარათი ვნახე, სადაც, მარჯანიშვილის ქუჩას, მისამართად არაბეთის ქუჩა ეწერა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამაზე სახელმწიფო განგებ ხუჭავს თვალებს.

/თამუნა დუღაშვილი/

“რეიკიავიკის სამიტის საბოლოო დეკლარაცია არის ჩვენი წარმატება, საქართველოს სჭირდება ეს პოლიტიკური მხარდაჭერა”

რეიკიავიკის სამიტის საბოლოო დეკლარაცია არის ჩვენი წარმატება, წარმატებაა ის, რომ საქართველო ამ რეზოლუციაში არის წარმოდგენილი იმ ფორმით, როგორი ფორმითაც არის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, რეიკიავიკის სამიტის ტექსტი არის პარტნიორების მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულება.

„საქართველოს სჭირდება ეს პოლიტიკური მხარდაჭერა, რომ ერთი მხრივ, შევძლოთ ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები განვახორციელოთ და ყველაზე მთავარი, რომ ჩვენ მშვიდობიანი პოლიტიკით მოვახერხოთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია, რაც ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და სენსიტიური საკითხია. ჩვენ ამას ჩვენს პარტნიორებთან ერთად აუცილებლად მოვახერხებთ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

მასობრივი მკვლელის კულტი: რატომ დადიან რუსები მომლოცველებად საქართველოში, სტალინის მშობლიურ ქალაქში

გერმანულ გაზეთ „ბერლინერ მორგენპოსტში“ (Berliner Morgenpost) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „მასობრივი მკვლელის კულტი: რატომ დადიან რუსები მომლოცველებად საქართველოში, სტალინის მშობლიურ ქალაქში“ (ავტორი – ჯო ანგერერი)

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ვისაც დიქტატორობა და დიქტატორის ნახვა სურს, უნდა მოძებნოს და წავიდეს იმ ქალაქში, სადაც იოსებ სტალინი დაიბადა – გორში, საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან 85 კილომეტრის მოშორებით. იქ, ქალაქის განაპირას მდებარე ბანაკში პირქვე დამხობილ იოსებ სტალინის ძეგლს ნახავს, რომელსაც „მეფოლადეს“ უწოდებენ.
საბჭოთა ბელადის ძეგლისადმი ასეთი მოპყრობა საქართველოს მიერ თავისი ისტორიისადმი დამოკიდებულების ერთგვარ სიმბოლოს წარმოადგენს. 2010 წელს ქალაქის ხელმძღვანელობამ გორის ცენტრში მდგარი სტალინის ძეგლი პოსტამენტიდან ჩამოაგდო. იმ დროს, რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ, საქართველოს უკვე დიდი ხნის ჰქონდა აღებული ორიენტაცია ევროკავშირზე. ქვეყნის ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის მიხედვით, საქართველოში არ უნდა დარჩენილიყო არავითარი სიმბოლო, რომელიც ადამიანებს საბჭოთა პერიოდს გაახსენებდა მას შემდეგ გორში ძეგლთან დაკავშირებით დავა არ წყდება.

„ეს ჩვენი ისტორიის ნაწილს წარმოადგენს“, – ამბობს გაზეთის კორესპონდენტთან საუბარში ქეთევან ახობაძე, „სტალინის მუზეუმის ფონდის“ მთავარი მცველი. მას სურს ძეგლის აღდგენა არა ქალაქის ცენტრში, არამედ მუზეუმის ტერიტორიაზე: „რასაკვირველია, არიან ადამიანები, რომლებსაც იოსებ სტალინის მმართველობის წლებში ტკივილი განიცადეს და დღემდე ვერ შეძლეს მისი დავიწყება. ასევე არიან ადამიანები, რომლებიც იოსებ სტალინში საქართველოს ისტორიის ნაწილს ხედავენ და ამ საკითხს ეგუებიან, მის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება აქვთ“, – აღნიშნავს ქეთევან ახობაძე.

გორის მუზეუმი რუს ტურისტებს იზიდავს

გორში მდებარე იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმი ტურისტებს აქტიურად იზიდავს: გასულ წელს მუზეუმი მოინახულა 89 ათასმა დამთვალიერებელმა, ძირითადად რუსეთიდან. მუზეუმი 1957 წელს გაიხსნა, იოსებ სტალინის გარდაცვალებიდან ოთხი წლის შემდეგ. როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, დროებით დაიხურა, მაგრამ მოგვიანებით ისევ გაიხსნა. 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ კავკასიაში რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო: მოსკოვმა მხარი დაუჭირა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებს – აფხაზეთ/სამხრეთ ოსეთს, მათ დასახმარებლად საქართველოში შეიჭრა და მათი ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა, საქართველოს იმდროინდელ კულტურის მინისტრს ნიკოლოზ ვაჩეიშვილს იოსებ სტალინის მუზეუმი „რუსეთის აგრესიის მუზეუმად“ სურდა გადაექცია. რამდენიმე წლის განმავლობაში შენობის შესასვლელში ეკიდა პლაკატი წარწერით, რომ მუზეუმში საქართველოს ისტორიის ფალსიფიცირება ხდებაო, თუმცა ის უკვე დიდი ხანია რაც გაქრა. 2012 წელს ქალაქის ადმინისტრაციამ ხმა მისცა დადგენილებას, რომლის თანახმად, ექსპოზიციის რეკონსტრუქცია არ განხორციელდებოდა.

მუზეუმის ექვს დარბაზში წარმოდგენილია იოსებ სტალინის ცხოვრებისა და საქმიანობის ამსახველი მრავალრიცხოვანი ექსპონატები – ადრეულ ასაკში დაწერილი ლექსები, ფოტოები, სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებისაგან მიღებული საჩუქრები, თვით სიკვდილისშემდგომი ნიღბების ჩათვლით. შეიძლება დაათვალიეროთ მისი კაბინეტი, აგრეთვე დაჯავშნილი 83-ტონიანი სარკინიგზო ვაგონი, რომლითაც ბელადი სარგებლობდა. მოკლედ, დარბაზებში განდიდებულია სტალინი და მის მიერ სსრკ-ში განხორციელებული ტერორი მხოლოდ მეზობელ პატარა ოთახში თუ არის მოხსენიებული.

რუსეთი: სტალინის აღორძინებული კულტი პუტინის იმპერიაში

იოსებ სტალინი განასახიერებს დიქტატურას, რეპრესიებს, თავისუფალი აზრისა და დამოუკიდებელი პოზიციის ყოველგვარი გამოვლენის ჩახშობას, მკაცრ „წმენდებს“. მილიონობით ადამიანი დაიღუპა „გულაგის“ შრომით გამომასწორებელ ბანაკებში, სადაც პატიმრები იძულებულნი იყვნენ არაადამიანურ პირობებში ემუშავათ. მათი აგებულია ტრანსციმბირის მაგისტრალის მნიშვნელოვანი ნაწილი, თეთრი ზღვა – ბალტიის ზღვის არხი და უამრავი საბჭოთა ობიექტი. ბევრი პატიმარი შიმშილისა და ორგანიზმის გამოფიტვისაგან გარდაიცვალა, რადგან მათ მხოლოდ დღეში ერთი ჯამი სუპი და 300 გრამი პური ეძლეოდათ – და ეს ყველაზე მძიმე და დამღლელი ფიზიკური შრომის პირობებში. იოსებ სტალინის სავარაუდო პოლიტიკური მეტოქეები დაპატიმრებულები იქნენ და განაჩენი საჩვენებელ სასამართლო სხდომებზე გამოუტანეს.

მაგრამ იმავდროულად იოსებ სტალინი მეორე მსოფლიო ომში გერმანელ ფაშისტებზე საბჭოთა ხალხის გამარჯვების სიმბოლოსაც წარმოადგენს – იმ ომში, რომელსაც დღეს რუსეთში „დიდ სამამულო ომს“ უწოდებენ. გამარჯვების დღე ყოველწლიურად ჯერ საბჭოთა კავშირში და ახლა რუსეთის დედაქალაქში წითელ მოედანზე დიდი სამხედრო აღლუმით აღინიშნება ხოლმე. „სპეცოპერაციის“ პირობებში (ასე უწოდებს კრემლი უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომს) იოსებ სტალინის გამარჯვებამ გერმანიასთან ომში განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. ბოლოს და ბოლოს, უკრაინასთან ომის დაწყებაც ხომ მისი „დენაციფიკაციის“ მიზნით განხორციელდა.

პუტინისეულ ახალ რუსეთში, რომელსაც შეიძლება „სსრკ II“ ვუწოდოთ, იოსებ სტალინის კულტი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. მოსკოვში რეტრო-რესტორნების ბუმია – მაგალითად რესტორანი „საბჭოთა დრო“, რომელიც რუსეთის დედაქალაქის ცენტრში მდებარეობს, სპეციალურად არის გაფორმებული ორიგინალური საბჭოური სტილით, კედლებზე ჰკიდია პროპაგანდისტული პლაკატები, აგრეთვე საბჭოთა სახელმწიფოს ყოფილი ლიდერების დიდი ფოტოსურათები – სტალინიდან გორბაჩოვამდე.

რუსეთში ხშირად იდგმება სტალინის ახალი ძეგლები – მაგალითად, მილიონიან ქალაქ ვოლგოგრადში, რომლის მოსახლეობა ითხოვს რეფერენდუმის მეშვეობით ქალაქს სტალინის დროინდელი სახელი „სტალინგრადი“ დაუბრუნდეს. სხვათა შორის, ვოლგოგრადის მერი თავის გამოსვლებში ხშირად უსვამს ხაზს ევროპის ზოგიერთი ქვეყნის მცდელობას, მათ სურვილს, რომ თავიანთი ხალხის მახსოვრობაში ფაშისტებზე გამარჯვებისას იოსებ სტალინის როლი დააკნინონ და საერთოდ წაშალონ.

საქართველო: ადამიანები საკუთარ წარსულს ებრძვიან

რუსეთისაგან განსხვავებით, ის, რაც საქართველოში ხდება, უფრო მეტად ნოსტალგიას ჰგავს. გორის მცხოვრებლები სტალინს თავიანთი ქალაქის შვილად თვლიან. მუზეუმის დახურვა? არავითარ შემთხვევაში. ბოლოს და ბოლოს, მუზეუმს ქალაქისათვის ფული მოაქვს და რაც მეტი ტურისტი დაათვალიერებს, გორის ბიუჯეტს უფრო მეტი შემოსავალი ექნება. ყველგან შეიძლება სტალინური სუვენირების ყიდვა. მაგალითად, ასორტიმენტში შეიძლება მოძებნოთ პატარა ბიუსტები და „სტალინის წინდებიც“ კი.

რატომაა საბჭოური ნოსტალგია ქვეყანაში, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს? „ჩვენ ხშირად გვეკითხებიან, გვიყვარს თუ არა სტალინი“, – ამბობს ქეთევან ახობაძე, – მაგრამ ეს საკმაოდ სულელური კითხვაა. იმიტომ, რომ რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს ისტორიის შენარჩუნებას ნიშნავს. სხვათა შორის, იოსებ სტალინის პოლიტიკით ჩემი ოჯახის წევრებისა და ახლობლების წინა თაობამაც წარმოუდგენელი ტანჯვა განიცადა“.

წყარო

“თუ აეროპორტი არ მიიღებს სანქცირებულ ბორტებს, ვერ დასანქცირდება” – ირაკლი კობახიძე

რუსეთთან ფრენებს რაც შეეხება, არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში ჩამოყალიბებული მოდელები და ჩვენ გავყვებით ერთ-ერთ ასეთს, რაც გულისხმობს, რომ არცერთი სანქცირებული ბორტი, თვითმფრინავი, კომპანია არ იქნება მიღებული საქართველოში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ აეროპორტი არ მიიღებს სანქცირებულ ბორტებს, ვერ დასანქცირდება, მაშინ უნდა დაასანქცირონ თურქეთის, ისრაელის, აზერბაიჯანის და სხვა ქვეყნის აეროპორტებიც.

ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, ამაზე საუბარი უბრალოდ სპეკულაციაა და ეს აწყობს რადიკალურ ოპოზიციას, რომელსაც ქვეყანაში უნდა ქაოსი და მეორე ფრონტი.

„რუსეთთან ფრენებს რაც შეეხება, არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში ჩამოყალიბებული მოდელები, რომელიც მოქმედებს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგაც. მაგალითად, ეს არის თურქეთის, ისრაელის, აზერბაიჯანის. ყველას აქვს სხვადასხვა ხარისხის პარტნიორობა დასავლეთთან. თურქეთი არის ნატო-ს წევრი, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, ისრაელს აქვს სტრატეგიული პარტნიორობა, აზერბაიჯანსაც აქვს პარტნიორული ურთიერთობები და ასე შემდეგ. არსებობს კონკრეტული მოდელები და ჩვენ გავყვებით ერთ-ერთ ასეთ მოდელს. ეს გულისხმობს, პირველ რიგში იმას, რომ არცერთი სანქცირებული ბორტი, თვითმფრინავი, კომპანია არ იქნება მიღებული საქართველოში. აქედან გამომდინარე, კითხვის ნიშნები უბრალოდ არ არსებობს. ეს კითხვის ნიშნები თუ შეიძლება არსებობდეს, მაშინ იგივე კითხვის ნიშნები უნდა იყოს ისრაელთან, თურქეთთან, აზერბაიჯანთან და სხვა ქვეყნებთან მიმართებით.

თავისთავად აბსურდია ის, რომ ამ დროს, მაგალითად, ხოშტარია, რომელიც რუსულ რუბლებს იღებს პერმანენტულად რუსეთის ბიუჯეტიდან, აანონსებს რაღაც აქციებს და ასე შემდეგ. აქედან ჩანს მთელი სიყალბე ამ ადამიანების, რომლებიც საუბრობენ, თითქოს რაღაც არის საფრთხის შემცველი და რაღაც არის მიუღებელი. ესენი არიან ყალბი ადამიანები. ჩვენ ვიმოქმედებთ იმ პრინციპების შესაბამისად, რაც გვაქვს გაცხადებული. ეს გულისხმობს, რომ სანქციების გვერდის ავლა არ მოხდება, სანქცირებული ბორტების შესაბამისად, არ იყვნენ საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესებაც არ მოხდება“, – აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, სანქციების დაწესების მოთხოვნა სხვა არაფერია, თუ არა ქვეყანაში ქაოსის გამოწვევის სურვილი.

“ვინც ითხოვს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, ჩვენ განვმარტეთ, რა უნდათ მათ. ეს არის მინუს 10-დან 18 პროცენტამდე ეკონომიკური ე.წ. ზრდა, ანუ ეკონომიკური ვარდნა. სანქციების დაწესების შემთხვევაში, ჩვენ გვექნება წლიური მინუს 10-დან 18 პროცენტამდე  ეკონომიკური ვარდნა, რაც ნიშნავს, რომ რა ვითარებაც გვქონდა ქვეყანაში კოვიდის დროს, იმაზე ორჯერ-სამჯერ მძიმე ვითარება გვექნება. ამას ითხოვს რადიკალური ოპოზიცია. სანქციების დაწესების მოთხოვნა სხვა არაფერია, თუ არა ქვეყანაში ქაოსის გამოწვევის სურვილი. ძალიან მკაფიო განმარტებები გაკეთდა ეკონომიკის სამინისტროს და ასევე შესაბამისი სააგენტოების მხრიდან ყველაფერთან, სანქციებთან, სანქციების გვერდის ავლასთან, მოდელების ამოქმედებასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ამაზე იზრუნებს ეკონომიკის სამინისტრო, იზრუნებენ შესაბამისი სააგენტოები და ყველაფერი იქნება დაცული, დანარჩენი ყველაფერი არის სპეკულაცია.

იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება სანქცირებული ბორტები მიღებული, რა თქმა უნდა, აეროპორტები ვერ დასანქცირდება, მაშინ უნდა დაასანქცირონ თურქეთის, ისრაელის, აზერბაიჯანის და სხვა ქვეყნების აეროპორტები. ამაზე საუბარი არის უბრალოდ სპეკულაცია და ეს სპეკულაცია ერთადერთი აწყობს რადიკალურ ოპოზიციას, რომელსაც უნდა ამ ქვეყანაში ქაოსი და მეორე ფრონტი, მეტი ახსნა ამას არ აქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე ცესკოს დაკომპლექტების საკითხი განიხილა – განხილვაში ოპიზიცია არ მონაწილეობდა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის თაობაზე მომზადებული კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა კითხვა-პასუხის გარეშე დასრულდა.

სხდომაზე საკითხი განსახილველად გივი მიქანაძემ გამოიტანა, ამ დროს სხდომას არც ერთი ოპოზიციონერი არ ესწრებოდა, რის გამოც კანონპროექტის განხილვა დაახლოებით ერთ წუთში დასრულდა.

როგორც ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განუცხადა, ის, რომ სხდომას ოპოზიციას არ ესწრებოდა, ეს მხოლოდ მათი პრობლემაა.

„კანონპროექტის განხილვა ზუსტად ერთ წუთში დასრულდა, სხდომათა დარბაზის წინ ვიდექი და საკითხის განხილვა ერთ წუთში დასრულდა. პრობლემა იყო ის, რომ სხდომათა დარბაზში ოპოზიცია არ იმყოფებოდა. როცა მეორე მოსმენა იქნება, იმედია, მუხლობრივი განხილვა იქნება, რადგან კანონპროექტი პრეზიდენტის უფლებამოსილებაა ზღუდავს. სხდომაზე რომ არ იყო ოპოზიცია, ეს მისი ბრალია“, – განაცხადა აქუბარდიამ.

კანონპროექტის მიხედვით, ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების კანდიდატებს პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარე დაასახელებს.

რეიკიავიკის სამიტის მონაწილეებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ომის მსხვერპლებმა ანაზღაურება უნდა მიიღონ

რეიკიავიკის სამიტის მონაწილეებმა, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერეს ზარალის რეგისტრაციის შესახებ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ომის მსხვერპლებმა ანაზღაურება უნდა მიიღონ. კერძოდ, დოკუმენტი ითვალისწინებს 2022 წლის 24 თებერვლიდან რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებების გამო უკრაინის სახელმწიფოს ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის მიყენებული ზარალის აღრიცხვას. ასევე, მონაცემთა ბაზაში ასახული იქნება დაზარალებულთა ფინანსური პრეტენზიები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.

როგორც ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა აღნიშნა, რუსული აგრესიით მიყენებული ზიანის აღრიცხვის შესახებ შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია კომპენსაციის კომპლექსური მექანიზმის შექმნისთვის.

„ეს არის აუცილებელი და სასწრაფო ნაბიჯი კომპენსაციის კომპლექსური მექანიზმის შექმნისთვის. გვიხარია, რომ ევროსაბჭოს ჰქონდა სათანადო სამართლებრივი ბაზა ფართო შეთანხმების ორგანიზებისთვის, რომელიც საშუალებას აძლევს საბჭოს წევრ ყველა ქვეყანას, შეუერთდეს ამ იდეას, ისევე, როგორც დამკვირვებელ ქვეყნებს და ნებისმიერ ქვეყანას მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი ეტაპი და წარმატებაა. ჩვენ გვსურს სამართლის უზენაესობა ყველა მსხვერპლისთვის, რომელთა რაოდენობა უკრაინაში ყოველდღიურად იზრდება. უამრავმა ადამიანმა, რომელიც ფიზიკურად თუ მორალურად იტანჯება, უნდა მიიღოს კომპენსაცია“, – განაცხადა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა.

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, ქაშვეთიდან სამების ტაძრამდე მსვლელობა გაიმართა

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, მეუფე შიომ ქაშვეთის ტაძარში დოქსოლოგია აღასრულა, რის შემდეგაც სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით მსვლელობა გაიმართა.

მანამდე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა მრევლს გადასცა.

ოჯახის სიწმინდის დღედ 17 მაისი უწმინდესმა ილია მეორემ 2014 წელს გამოაცხადა.