საქართველოს რუსულ ტურპაკეტებში „ალაგებენ“: ოპერატორებმა მოგზაურობის პროგრამების მომზადება დაიწყეს

191
spot_img

„საქართველოს სრულყოფილმა დაბრუნებამ ტურისტულ ბაზარზე რუსი ტურისტებისა და მოგზაურობის მოყვარულთა გააქტიურება გამოიწვია. ტუროპერატორებმა უკვე დაიწყეს ორგანიზებული პროგრამების მომზადება იმ იმედით, რომ მალე რუსეთიდან საქართველოში და პირიქით პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყება. გაიზარდა საქართველოში დასვენების მსურველთა რაოდენობა, თუმცა ტურების გაყიდვამდე რეალურად საქმე ჯერ მისულა, რადგან ტურისტები უფრო მომგებიან შეთავაზებებს ელოდებიან. ამასთან, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ტუროპერატორები საქართველოში წამსვლელთა მზარდ ნაკადს ვერ დააკმაყოფილებენ, რადგან ავიაკომპანიების თვითმფრინავებში ადგილების რაოდენობა შეზღუდულია“, – ნათქვამია რუსული გაზეთის „კომერსანტში“ (КоммерсантЪ) 17 მაისის ნომრის პირველ გვერდზე დაბეჭდილ სტატიაში, სათაურით „საქართველოს რუსულ ტურპაკეტებში „ალაგებენ“: ოპერატორებმა მოგზაურობის პროგრამების მომზადება დაიწყეს“ (ავტორი – ალექსანდრა მერცალოვა).

„ტურიზმის ოპერატორებმა საქართველოში მოგზაურობის მსურველებისათვის ორგანიზებული ტურების შეთავაზება დაიწყეს“, – ამბობს „კომერსანტთან“ საუბარში დიმიტრი გორინი, რუსეთის ტურინდუსტრიის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი. ამჟამად პროგრამები ტრანზიტული რეისების ბაზაზე მზადდება, მაგრამ 20 მაისიდან უკვე პირდაპირი რეისების ჩათვლით გაკეთდება.

ტურკომპანია „დელფინის“ გენდირექტორის სერგეი რომაშკინის თქმით, ახალი ტურპაკეტები მიმდინარე კვირის ბოლოს გამოჩნდება, მანამდე კი კომპანია საქართველოში სასტუმროების ბაზას აფართოებს – ბოლო დროს მათი რაოდენობა ხუთიდან თვრამეტამდე გაიზარდა. 19 მაისიდან საქართველოში ფრენას იწყებს რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი“ (Azimuth) რუსული წარმოების თვითმფრინავებით, რომლებიც კვირაში 7 რეისს შეასრულებენ. 20 მაისიდან კი რუსეთის ავიასივრცეში გამოჩნდება ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ (Georgian Airways), რომელმაც ბილეთების გაყიდვა მოსკოვის მიმართულებით უკვე დაიწყო.

დიმიტრი გორინი ეჭვობს, რომ „აზიმუტის“ რეისებს ტუროპერატორები შედარებით ნაკლებ ყურადღებას დაუთმობენ, რადგან თვითმფრინავების „სუხოი სუპერჯეტ-100“-ების (Sukhoi Superjet 100) ტევადობა მცირეა, თუმცა, თავის მხრივ, „აზიმუტის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე პაველ უდოდი აცხადებს, რომ ტუროპერატორებთან თანამშრომლობა სრულიად შესაძლებელია.

ჯერ-ჯერობით საქართველოს მიმართულებით ავიაბილეთები საკმაოდ ძვირია – მათი საშუალო ფასი ერთი მიმართულებით 15 მაისისათვის 22 ათას რუსულ რუბლს შეადგენს. რუსების ინტერესი საქართველოს მიმართ საკმაოდ დიდია. კომპანია „ონლაინ-ტურის“ წარმომადგენელი იგორ ბლინოვი ამბობს, მსურველთა სატელეფონო ზარების რაოდენობა სწრაფად მატულობს – 15 მაისისათვის საქართველოს მიმართულებამ რეიტინგში მეოთხე ადგილი დაიკავა.

ბოლო დროს რუსეთის მოსახლეობაში პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მოგზაურობის მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა, მაგრამ საქართველო ამ ტალღაში ვერ მოხვდა, ავიარეისების არარსებობის გამო. ახლა ქვეყანა შეიძლება საზაფხულო დასვენების პროცესში ჩაერთოს, თუმცა როგორც დიმიტრი გორინი ვარაუდობს, ტურისტების გადაყვანა შეზღუდული იქნება. პირველ ეტაპზე უფრო მეტად ის რუსები იაქტიურებენ, რომელთაც ნათესაური კავშირები აქვთ რუსეთთან (მხედველობაშია მრავალი რელოკანტი, რომლებიც საქართველოში გაემგზავრნენ უკრაინის ომის დაწყებისა და მობილიზაციისა გამო). ტუროპერატორები აღნიშნავენ, რომ საქართველოში ტურისტული ტურების პროგრამების მომზადება „უიღბლო“ დროს დაემთხვა – ჯერ კიდევ მანამ, სანამ ფრენების აღდგენა გამოცხადდებოდა, ბევრ რუსს უკვე დაგეგმილი ჰქონდა, თუ სად დაისვენებდა ზაფხულში, ამიტომ მათ თავიანთი გადაწყვეტილების შეცვლა გაუჭირდებათ.

წყარო