რეიკიავიკის სამიტის მონაწილეებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ომის მსხვერპლებმა ანაზღაურება უნდა მიიღონ

109
spot_img

რეიკიავიკის სამიტის მონაწილეებმა, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერეს ზარალის რეგისტრაციის შესახებ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ომის მსხვერპლებმა ანაზღაურება უნდა მიიღონ. კერძოდ, დოკუმენტი ითვალისწინებს 2022 წლის 24 თებერვლიდან რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებების გამო უკრაინის სახელმწიფოს ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის მიყენებული ზარალის აღრიცხვას. ასევე, მონაცემთა ბაზაში ასახული იქნება დაზარალებულთა ფინანსური პრეტენზიები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.

როგორც ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა აღნიშნა, რუსული აგრესიით მიყენებული ზიანის აღრიცხვის შესახებ შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია კომპენსაციის კომპლექსური მექანიზმის შექმნისთვის.

„ეს არის აუცილებელი და სასწრაფო ნაბიჯი კომპენსაციის კომპლექსური მექანიზმის შექმნისთვის. გვიხარია, რომ ევროსაბჭოს ჰქონდა სათანადო სამართლებრივი ბაზა ფართო შეთანხმების ორგანიზებისთვის, რომელიც საშუალებას აძლევს საბჭოს წევრ ყველა ქვეყანას, შეუერთდეს ამ იდეას, ისევე, როგორც დამკვირვებელ ქვეყნებს და ნებისმიერ ქვეყანას მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი ეტაპი და წარმატებაა. ჩვენ გვსურს სამართლის უზენაესობა ყველა მსხვერპლისთვის, რომელთა რაოდენობა უკრაინაში ყოველდღიურად იზრდება. უამრავმა ადამიანმა, რომელიც ფიზიკურად თუ მორალურად იტანჯება, უნდა მიიღოს კომპენსაცია“, – განაცხადა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა.