“უკრაინის პრეზიდენტის ორმაგი სტრატეგია”- რას წერს უცხოური პრესა

125
spot_img

ფრანგულ გაზეთში „ლე ფიგარო“ (Le Figaro) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკრაინის პრეზიდენტის ორმაგი სტრატეგია“ (ავტორი – რენო ჟირარი), რომელშიც ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ამ დღეებში ევროპულ ქვეყნებში გამართული ვიზიტებია მიმოხილული, „დიდი შვიდეულის“ მოსალოდნელი სამიტის ფონზე.

„ძველი ევროპის უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ოთხმა სახელმწიფომ – იტალიამ, გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდი ბრიტანეთმა, რომლებსაც კარგად განვითარებული სამხედრო მრეწველობაც აქვთ, დიდი პატივისცემით მიიღეს ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც თავის „მილიტარის“ სტილის ტანსაცმელს უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის დროიდან ატარებს და დღემდე არ იხდის.

ყველა ოთხივე სახელმწიფო „დიდი შვიდეულის“ (G7) წევრია, რომელთა ლიდერები იაპონიის ქალაქ ჰიროშიმაში 19-21 მაისს დაგეგმილ სამიტზე შეიკრიბებიან. მიწვეულები არიან ევროპის საბჭოსა და ევროპის კომისიის ხელმძღვანელებიც. განსახილველი საკითხებიდან პირველია რუსეთის მოქმედების დაგმობა უკრაინის წინააღმდეგ“, შემდეგ მოდის პარტნიორული საერთაშორისო დიალოგის განხილვა განიარაღებისა და უსაფრთხოების სფეროებში, შემდეგ – ეკონომიკის, კლიმატის, კვების, ჯანდაცვის პრობლემები და ა.შ.

ამრიგად, უკრაინის კონფლიქტი დღეს დასავლეთის სახელმწიფოებისათვის პირველ ნომრად ითვლება. „დიდი შვიდეულის“ სამიტზე მათ უნდა შეათანხმონ კიევისათვის ფინანსური დახმარების გამოყოფა (ბიუჯეტისათვის, სამხედრო და ჰუმანიტარული მიზნებისათვის). როგორც ცნობილია, აშშ-მა უკრაინას 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე თითქმის 72 მილიარდი ევროს დახმარება გაუწია, ხოლო ევროკავშირმა – 50 მილიარდი ევროს ოდენობით. უახლეს ისტორიაში ესოდენ დიდი დახმარების ანალოგების ძიებისას, მას მხოლოდ 1941-45 წლებში ანტიჰიტლერული კოალიციის მიერ საბჭოთა კავშირისადმი გაწეული დახმარება შეიძლება შევადაროთ.

ვოლოდიმირ ზელენსკის ევროპული ტურნე ხაზს უსვამს იმის მნიშვნელობას, რომელიც უკრაინისათვის დახმარების გაწევის საკითხში „დიდი შვიდეულის“ სამიტს აქვს. გავიხსენოთ, რომ შარშან დეკემბრის ბოლოდ უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-ში ტრიუმფალური ტურნე განახორციელა და დიდი ფულიც მიიღო რუსეთის არმიის მოსაგერიებლად.

სხვათა შორის, როცა რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა, ამერიკელებმა ვოლოდიმირ ზელენსკის თავშესაფარი შესთავაზეს. უკრაინის პრეზიდენტმა კი მოგვიანებით უპასუხა, რომ მას თავშესაფარი კი არა, საბრძოლო მასალების მიწოდება უფრო მეტად ჭირდებოდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ, პოლიტიკური ურთიერთობების გენიოსმა, შეძლო თავისი მომხრეებისათვის იმედის ჩანერგვა გამარჯვების მიზნით და დასავლეთის დარწმუნება იარაღის მიწოდებაში. მას შემდეგ, რაც უკრაინის არმიამ შეძლო კიევის დაცვა, შემდეგ კი შეტევაზე გადასვლა და რიგი ქალაქების დაბრუნება, უკრაინელებისა და დასავლეთის თვალში პრეზიდენტის მიმართ რწმენა მნიშვნელოვნად ამაღლდა.

მაგრამ მოგვიანებით რუსებმა მოახერხეს და ფრონტის ხაზზე გაჩენილი ნარღვევი ამოავსეს და 1400 კილომეტრიანი ფრონტი გაამაგრეს. თუმცა რუსებმა ისიც კარგად გააცნობიერეს, რომ უკრაინა მათთვის „კერკეტი კაკალი“ აღმოჩნდა და რომ რუსებს უკრაინის ბეჭებით წაქცევა, მხოლოდ იარაღის ტრადიციული სახეობების გამოყენებით, არ შეუძლიათ. გამოდის, რომ რუსეთის სტრატეგია რეალური გახდა: უკვე მეტად აღარ დგას საკითხი მთელი უკრაინის მიწა-წყლის გაკონტროლებაზე, ახლა მოსკოვისთვის მთავარია, რომ დაკავებული ტერიტორიებისადმი კონტროლი შეინარჩუნოს. ამ მიზნით კრემლმა თავისი „მაჟინოს ხაზი“ შექმნა.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მას აქვს შესაძლებლობა კონტრშეტევა დაიწყოს, მაგრამ ჯერ-ჯერობით იარაღით კარგად მომარაგებას დაელოდება, რადგან წინა შეტევა უკრაინელებს საკმაოდ ძვირი დაუჯდათ. რა დასამალია და პრეზიდენტი ასევე შიშობს, რომ ვაითუ ჯარი და მოქალაქეები 15-თვიანი ბრძოლებით უკვე დაიღალნენო.

დიპლომატიური თვალსაზრისთ, ვოლოდიმირ ზელენსკი ცდილობს დასავლეთის გრძელვადიანი დახმარება განიმტკიცოს და იმავდროულად საერთაშორისო შუამავლებს სერიოზულ შესაძლებლობას აძლევს, რომ თავიანთი შანსი ხელიდან არ გაუშვან: ამას წინათ იგი ერთ საათზე მეტხანს ესაუბრა ტელეფონით სი ძინპინს, შემდეგ კი იტალიაში ჩავიდა რომის პაპთან. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ზელენსკი უარს ამბობს სამხედრო მოქმედებებზე? არა, მაგრამ მას სურს შეტევა მომზადებული დივიზიებით და კარგად გაწვრთნილ არმიის მეშვეობით განახორციელოს.

ომის რაღაც მომენტში რუსებსა და უკრაინელებს შორის მოლაპარაკება გარდაუვალი გახდება – პირდაპირ თუ ირიბად. ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაიგო, თუ როგორია მისი ამოცანა: ისე გააკეთოს ყველაფერი, რომ მოლაპარაკების დაწყების წინ უკრაინას ძლიერი პოზიციები ჰქონდეს. და როცა ასე იქნება, მაშინ მოწინააღმდეგისაგან მეტი დათმობებია მოსალოდნელი.

წყარო