Home Blog Page 1558

გაეროს უშიშროების საბჭოს წევრების უმრავლესობამ აზერბაიჯანისგან ლაჩინის დერეფნის გახსნა მოითხოვეს

გაეროს უშიშროების საბჭოში მთიანი ყარაბაღისა და სომხეთის ერთადერთ დამაკავშირებელ გზასთან, ლაჩინის დერეფანთან შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს.

სხდომაზე აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლებიც იყვნენ მიწვეული. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის იზოლირებასა და ჰუმანიტარული კრიზისის შექმნაში დაადანაშაულა, გაეროში აზერბაიჯანის ელჩმა კი სომხეთს ჰუმანიტარული თემებით მანიპულირებაში დასდო ბრალი.

საბჭოს წევრების უმრავლესობამ, მათ შორის, საფრანგეთმა და შეერთებულმა შტატებმა აზერბაიჯანისგან ლაჩინის დერეფნის გახსნა მოითხოვეს, თურქეთის წარმომადგენელმა კი უშიშროების საბჭოს აზერბაიჯანის სუვერენული უფლებების პატივისცემისკენ მოუწოდა.

ლაჩინის დერეფანი ერთადერთი გზაა, რომლითაც ყარაბაღი სომხეთს უკავშირდება. სომხეთის ხელისუფლება აზერბაიჯანს ლაჩინის დერეფნის ბლოკირებაში ადანაშაულებს

“პატიებას ვითხოვ ყველასგან, ვინც შეიძლება ჩათვალა, რომ ჩემ მიერ გაკეთებული განცხადებიდან ასეთი აღქმა ჩნდებოდა” – სარჯველაძე

არავითარი სურვილი არ მქონია, ვინმეს ღვაწლი, ვინმეს მონდომება, გმირობა იოტისოდენად მაინც შემებღალა და დამეკნინებინა, ამის მიზანი და განზრახვა ნამდვილად არ მქონია – პატიებას ვითხოვ ყველასგან, ვინც შეიძლება ჩათვალა, რომ ჩემს მიერ გაკეთებული განცხადებიდან ასეთი აღქმა ჩნდებოდა, – ეს განცხადება ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების” დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ის იმ ადამიანების კატეგორიას არ განეკუთვნება, ვისაც ადამიანის მონდომების დანახვა არ შეუძლია.

“იმ დღეს, როცა ვსაუბრობდი, ვთქვი და დღესაც გავიმეორებ, რომ ძალიან ხშირად ხდება, როცა გარკვეული ფრაზები კონტექსტიდან ამოგლეჯილად ვრცელდება და ეს გარკვეულ არასწორ შთაბეჭდილებას და არასწორ აღქმებს ქმნის. ის რაც გუშინ ირაკლი კობახიძემ თქვა, აბსოლუტურად სწორი იყო, თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ ის რაც ყველაზე მეტად ვაჟკაცურად გამოიყურებოდა და აბსოლუტურად კორექტული იყო, რა თქმა უნდა, არავის, არც პირველ, არც მეორე დღეს და არც არასდროს არ გვქონია სურვილი, რომ ვინმეს ღვაწლი, ვინმეს ჰეროიკული საქციელი და ვინმეს გმირობა დაგვეკნინებინა. ეს თქვა და ყოველგვარი სპეკულაციის მიზეზი მოსპო. ეს არის ძალიან დასაფასებელი რაც ირაკლიმ გააკეთა. რასაკვირველია, მე ამ განცხადებას ვუერთდები და მინდა დავადასტურო ჩემი ღრმა პატივისცემა ნებისმიერი ადამიანის მიმართ, ვინც არა თუ უბრალოდ გადარჩა, არამედ გმირობა გამოიჩინა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს და უნდა ვთქვათ, რომ არც ირაკლის და არც მე არასდროს გვქონია განზრახვა და სურვილი, რომ ვინმე შეურაცხყოფილი დარჩენილიყო, ვინმეს ღვაწლის დაკნინება ნამდვილად არ გვინდოდა – რა თქმა უნდა, პატიებას ვითხოვთ, თუკი ასე გამოვიდა და ვინმეს ასეთი შთაბეჭდილება გაუჩნდა, რომ ვინმეს ღვაწლი დავაკნინეთ”, – განაცხადა სარჯველაძემ.

14 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა, თითქოს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათი ებრძოდა ღვარცოფს. მისივე თქმით, საუბარი იმაზე, რომ ვიღაც 3 საათი ებრძოდა სტიქიას, უბრალოდ არის ცარიელი ტყუილი. ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ გაუგებარია რატომ შეიძლებოდა ღვარცოფის ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე ვინმე გადასულიყო.

აღნიშნული განცხადებების შემდეგ ირაკლი კობახიძე დავით ჯელაძეს შეხვდა და შეხვედრის შემდეგ, მან „სინანული გამოხატა დავით ჯელაძის გულის ტკენის გამო“.

უკრაინა საომარ მდგომარეობასა და მობილიზაციას ახანგრძლივებს

Col. Gen. Oleksandr Syrskyi, top military commander in charge of the defense of the Ukrainian capital, walks in a trench at a position north of the capital Kyiv, Ukraine, Tuesday, March 29, 2022. The first face-to-face talks in two weeks between Russia and Ukraine began Tuesday in Turkey, raising flickering hopes there could be progress toward ending a war that has ground into a bloody campaign of attrition. (AP Photo/Vadim Ghirda)

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონებს, რომლებიც უკრაინაში საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის ვადის გახანგრძლივებას ითვალისწინებს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია 90 დღით, ანუ 2023 წლის 15 ნოემბრამდე გაგრძელდა.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 24 თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან, უკრაინამ საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია მერვედ გაახანგრძლივა.

უკრაინაში საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში უნდა გამართულიყო, თუმცა, კანონის მიხედვით, საომარი მდგომარეობის დროს არჩევნები არ ტარდება.

რუსეთის ქმედებები შავ ზღვაში ნატო-სთან ომის საფრთხეს აჩენს – ჯეიმს სტავრიდისი

ევროპაში ნატო-ს ძალების ყოფილი მეთაური, ადმირალი ჯეიმს სტავრიდისი აცხადებს, რომ რუსეთის ქმედებები შავ ზღვაში ნატო-სთან ომის საფრთხეს აჩენს.

ამის შესახებ სტავრიდისმა გამოცემა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

ადმირალი მიიჩნევს, რომ მოსკოვის მცდელობა, შეაჩეროს საერთაშორისო წყლებში მცურავი გემები რუსეთსა და ნატო-ს შორის სამხედრო კონფლიქტის რისკს ზრდის.

„რუსეთის ქმედებები შავი ზღვის აკვატორიაში, საერთაშორისო წყლებში ქმნის ესკალაციის რეალურ საფრთხეს, რაც შესაძლოა ნატო-სა და რუსეთის ფედერაციას შორის ზღვაში ომამდეც კი მივიდეს“, – განაცხადა სტავრიდისმა.

მისივე თქმით, „ნატო უკრაინას შეიარაღებას და ფულს იმისთვის არ აწვდის, რომ უბრალოდ უცქიროს, როგორ ახრჩობს რუსეთი უკრაინის ეკონომიკას არალეგალური ბლოკადით“.

სტავრიდისმა ისაუბრა შავ ზღვაში მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც რუსმა სამხედროებმა გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნეს და შემდეგ შეამოწმეს პალაუს დროშის ქვეშ მცურავი თურქული სატვირთო ხომალდი. ევროპაში ნატო-ს ძალების ყოფილმა მეთაურმა მომხდარი მეკობრეობას შეადარა. მისივე თქმით, კრემლი ყველაფერზე წამსვლელია, რათა უკრაინასა და ევროპას შორის ვაჭრობა შეაფერხოს.

„რუსეთი თუ დაიწყებს სატვირთო ხომალდების დაპატიმრებას, რათა ისინი დააშინოს, ჩემი აზრით, მაშინ დიდი ალბათობით, ნატო-ს პასუხი იქნება ჰუმანიტარული დერეფნის მხარდაჭერა. რაც გულისხმობს უკრაინული პორტებიდან მოძრავი სატვირთო გემების ნატო-ს სამხედრო ხომალდებისა და ავიაციის გამოყენებით დაცვას“, – ამბობს ადმირალი.

როგორც „პოლიტიკო“ წერს, შავ ზღვაში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც რუსეთმა 17 ივლისს დატოვა ე.წ. მარცვლეულის შეთანხმება და განაცხადა, რომ უკრაინული პორტებისკენ მცურავ გემებს სამხედრო სამიზნედ განიხილავს. თავის მხრივ, უკრაინამ საზღვაო დრონებით მიიტანა თავდასხმა რუსულ ტანკერზე, რითაც აჩვენა, რომ მას შეუძლია რუსული ენერგომატარებლების ექსპორტი შეაფერხოს. კიევში განაცხადეს, რომ რუსეთის შავი ზღვის პორტები 23 აგვისტოდან „ომის საფრთხის ზონად“ ჩაითვლება.

გორში სამშენებლო კონსტრუქციიდან მუშა ჩამოვარდა

გორის ცენტრში, ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ არსებულ სამშენებლო ობიექტზე, სამშენებლო კონსტრუქციიდან მუშა ჩამოვარდა.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფი იმყოფებოდა. დაშავებულ 37 წლის მამაკაცს პირველადი დახმარება ადგილზე გაეწია, შემდგომ კი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებული კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანა.

“კობახიძის მონანიებას ჩალის ფასი აქვს” – სერგო ჩიხლაძე

კობახიძის ამ მონანიებას ჩალის ფასი აქვს – „ქართული ოცნება“, ბატონი კობახიძე კვლავ დარჩება არაჰუმანურ ადამიანად და ძალად, რომელსაც ადამიანები, ქართველები არ უყვართ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რითაც”ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა დავით ჯელაძესთან დაკავშირებით.

სერგო ჩიხლაძის თქმით, კობახიძის განცხადება ტაქტიკური უკან დახევაა.

„კობახიძის ამ მონანიებას ჩალის ფასი აქვს, რადგან დღეს ამ ადამიანს შეუძლია თეთრზე შავი თქვას, შემდეგ გადათქვას და შემდეგ ისევ თქვას თეთრზე შავი. ამიტომ ამით არ იცვლება მათი დამოკიდებულება. ამით ისინი არც კეთილშობილები ხდებიან, არც ემპათიურები, არც ადამიანის მოყვარულები. იმავეს გააგრძელებენ და უკვე აგრძელებენ. მის მონანიებას არაფერი ფასი არ აქვს და ასევე, ათასობით უსახელო ტროლ-ბოტი, რომ ჰყავთ და შეასევენ ხოლმე ადამიანებს, ისინიც მოინანიებენ?! ან სახელ-გვარიანი ტროლ-ბოტები ოფიციალურ სამსახურში რომ ჰყავთ აყვანილი, სარჯველაძეები, ტროლ-ბოტი ოღონდ სახელი და გვარის მქონე, ისიც მოინანიებს?!

როგორც ჩანს დატესტეს, ნახეს, რომ ძალიან ცუდად იმოქმედა ამან და ახლა ტაქტიკურად უკან დაიხიეს, თუმცა ხვალ იმავეს კეთებას გააგრძელებენ, არაფერი ამით არ შეიცვლება. „ქართული ოცნება“, ბატონი კობახიძე კვლავ დარჩება არაჰუმანურ ადამიანად და ძალად, რომელსაც ადამიანები, ქართველები არ უყვართ“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.By R@1n.

თბილისში, ქსნის ქუჩაზე კლდის მასა ჩამოიშალა

თბილისში, ქსნის ქუჩაზე კლდის მასა ჩამოიშალა, რომელმაც რკინიგზის ლიანდაგი გადაკეტა.

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, დიდუბე-ავჭალის გადასარბენზე, ქსნის ქუჩის მიმდებარედ, ლიანდაგზე დღეს გამთენიისას ფერდობიდან ქვის მასა ჩამოიშალა.

მომხდარი ფაქტის შედეგად, დროებით შეფერხდა ბათუმი-თბილისის, თბილისი-ბორჯომის და თბილისი-ბათუმის მატარებლების მოძრაობა.

მათვე ცნობით, საქართველოს რკინიგზის შესაბამისი სამსახურების მიერ ერთი ლიანდაგი ოპერატიულად გაიწმინდა და დროულად მოხერხდა მატარებლების მოძრაობის განახლება.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეორე მიმართულების ლიანდაგის გაწმენდითი სამუშაოები. სამუშაოების დასრულებისთანავე მოძრაობა მეორე ლიანდაგზეც უსაფრთხოების ყველა წესის გათვალისწინებით ჩვეულ რეჟიმში განახლდება. პარალელურად, მიმდინარეობს ქვათაცვენის ადგილმდებარეობის დათვალიერება და შესწავლა შესაბამისი სპეციალისტების მიერ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გამოცდების ეროვნული ცენტრი სახალხო დამცველის რეკომენდაციას ეხმიანება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ეხმიანება სახალხო დამცველის რეკომენდაციას ერთ-ერთი აბიტურიენტისათვის დამატებითი საგამოცდო სესიის ჩატარების თაობაზე.

„პირველ რიგში, გაცნობებთ, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უმთავრეს პრინციპს თითოეული გამოსაცდელისათვის განათლების მიღებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად თანაბარი და ჯანსაღი საგამოცდო გარემოს შექმნა წარმოადგენს. ცენტრი წლებია ათიათასობით გამოსაცდელს ემსახურება და სისტემაში დანერგილი საგამოცდო მოდელი სამართლიანობის, გამჭვირვალობისა და თანასწორობის პრინციპებზეა დაფუძნებული, რაც მსურველებს განათლების სხვადასხვა საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი თავისი მრავალწლიანი გამოცდილებით ადასტურებს იმას, რომ საგამოცდო პროცესი ყოველთვის გამოსაცდელების უფლებებისა და ინტერესების დაცვით, სამართლიანად და ობიექტურად იმართება.

სახალხო დამცველის რეკომენდაციასთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განმარტავს, რომ აბიტურიენტებისათვის დამატებითი სესიების დანიშვნის თაობაზე ცენტრმა იმოქმედა კანონმდებლობის სრული დაცვით.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ისტორიის საგანში ერთიანი ეროვნული გამოცდა ჩატარდა 17 და 18 ივლისს. 18 ივლისს ცენტრში წარმოდგენილი იქნა არაუფლებამოსილი პირის განცხადება, რაზეც ცენტრმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით 21 ივლისის წერილით მოითხოვა ხარვეზის გამოსწორება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცენტრს არ დაურღვევია ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესი და ვადა.

დროებითი განჩინების გამოტანის მოთხოვნით აბიტურიენტმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა 2023 წლის 27 ივლისს, ხოლო აღნიშნული განჩინება ცენტრში წარმოდგენილ იქნა 2023 წლის 28 ივლისს.

აქვე გაცნობებთ, რომ ყველა აბიტურიენტი, რომელმაც მომართა ცენტრს და აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, დაშვებულ იქნა დამატებით გამოცდაზე. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების“ დებულებაში ასახული გამონაკლისების გარდა, კერძოდ – ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა, ოჯახის წევრის გარდაცვალება და დაუძლეველი ძალა – სხვა მიზეზებით გამოუცხადებელი პირების დამატებით გამოცდაზე დაშვება არათანაბარ პირობებში ჩააყენებდა აბიტურიენტებს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ცენტრი მოკლებული იყო შესაძლებლობას აღესრულებინა 28 ივლისს შემოსული სასამართლოს განჩინება, ვინაიდან ისტორიის საგანში დამატებითი სესია დაინიშნა და ჩატარდა 2023 წლის 25 ივლისს და ამ სესიაზე გამოყენებული ტესტური დავალებები უკვე გამოქვეყნებული იყო ცენტრის ვებგვერდზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, ცენტრმა გაასაჩივრა სასამართლოს დროებითი განჩინება და დეტალურად განმარტა გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის თაობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველის რეკომენდაციასთან დაკავშირებით (შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა კიდევ ერთხელ ჩაატაროს დამატებითი სესია) ცენტრი აცხადებს, რომ 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში რეკომენდაციის შესრულებას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია“, – წერია განცხადებაში.

ლატვიის პრეზიდენტმა ბელარუსის საზღვართან შექმნილი ვითარების გამო ეროვნული უსაფრთხოების საბჭო მოიწვია

ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩსმა ბელარუსის საზღვართან შექმნილი ვითარების გამო ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საბჭო მოიწვია.

ინფორმაციას ლატვიის პრეზიდენტი Twitter-ზე აქვეყნებს.

„მოვიწვიე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა. დღის წესრიგშია: დასჯის პოლიტიკა ჰიბრიდული ომის პირობებში, ვითარება აღმოსავლეთ საზღვარზე და „ვაგნერის“ არსებობა ბელარუსის ტერიტორიაზე“, – განაცხადა რინკევიჩსმა.

მისივე თქმით, არალეგალური მიგრაციის ორგანიზებისთვის პასუხისმგებელი პირების სისხლის სამართლის პოლიტიკა ძალიან მსუბუქია.

„ვინც, არალეგალურ მიგრაციას ეხმარება და ორგანიზებას უწევს, ის ეხმარება ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმს, ეხმარება მტერს. ამისთვის კი დაპატიმრების 30 დღე არის გათვალისწინებული, რის შემდეგაც ეს ხალხი აგრძელებს იგივე საქმიანობას. ეს ძალიან რბილი სასჯელია“, – განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა

ქალის შიშველ მდგომარეობაში გადაღებული ფოტოების დაზარალებულის ახლობლებთან გაგზავნის გამო, თურქეთის მოქალაქე დააკავეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საქართველოში ყოფნის პერიოდში ქართველი გოგო გაიცნო, რომელთანაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში თანაცხოვრობდა. ისინი ერთმანეთს პერიოდულად სოციალური ქსელებითა და სხვადასხვა ინტერნეტ აპლიკაციების საშუალებით ეკონტაქტებოდნენ, რა დროსაც ბრალდებული შიშველ მდგომარეობაში მყოფ დაზარალებულს სურათებს ფარულად უღებდა და ე. წ “სქრინებს” კუთვნილ მობილურ ტელეფონში ინახავდა. ამასთან, აღნიშნავენ, რომ დაზარალებულთან ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, ბრალდებულმა უკანონოდ მოპოვებული სურათებით ვიდეოკოლაჟი დაამზადა და იგი დაზარალებული ქალის ახლობლებს გადაუგზავნა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულის მომართვის შემდეგ, მისი კონფიდენციალურობის სრული დაცვით, საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები ჩაატარა, რის შემდეგაც დაკავებული იქნა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1992 წელს დაბადებული მ.ა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით წარუდგინა.

დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფრანკფურტის აეროპორტში წყალდიდობის გამო ავიარეისები გაუქმდა

გერმანიაში, ფრანკფურტის აეროპორტში ძლიერი წვიმის გამო ათობით ავიარეისი გაუქმდა, – ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ასაფრენ-დასაფრენ ბილიკის ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით წყალი დაგროვდა, რის გამოც, მგზავრები დაშვებული თვითმფრინავებიდან გადმოსვლას ვერ ახერხებდნენ.

ფრანკფურტის აეროპორტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, უამინდობის გამო 70-მდე ფრენა გაუქმდა. აეროპორტის ადმინისტრაციის პირველადი შეფასებით, ათასზე მეტი მგზავრი დაზარალდა.

F-16 ტიპის გამანადგურებლებს უკრაინა გაზაფხულამდე ვერ მიიღებს – უკრაინის შეიარაღებული ძალების სპიკერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურობის პრესმდივანი იური იგნატი აცხადებს, რომ ქვეყანა F-16 ტიპის ამერიკულ გამანადგურებლებს შემოდგომაზე ან ზამთარში ვერ მიიღებს.

„უკვე ნათელია, რომ შემოდგომაზე ან ზამთარში უკრაინას F-16 ტიპის გამანადგურებლებით ვერ დავიცავთ“, – აცხადებს იგნატი.

მისივე თქმით, ამ გამანადგურებლებს დიდი იმედი უკავშირდებოდა, ვინაიდან ეს გააძლიერებდა უკრაინის საჰაერო თავდაცვას და გაანეიტრალებდა რუსულ რაკეტებს.

„ასეა თუ ისე, ყინული დაიძრა. გვესმის, რომ უახლოესი დროის განმავლობაში ჩვენი მფრინავები F-16 ტიპის გამანადგურებლების მართვას ისწავლიან“, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურობის პრესმდივანი.