“პატიებას ვითხოვ ყველასგან, ვინც შეიძლება ჩათვალა, რომ ჩემ მიერ გაკეთებული განცხადებიდან ასეთი აღქმა ჩნდებოდა” – სარჯველაძე

174
spot_img

არავითარი სურვილი არ მქონია, ვინმეს ღვაწლი, ვინმეს მონდომება, გმირობა იოტისოდენად მაინც შემებღალა და დამეკნინებინა, ამის მიზანი და განზრახვა ნამდვილად არ მქონია – პატიებას ვითხოვ ყველასგან, ვინც შეიძლება ჩათვალა, რომ ჩემს მიერ გაკეთებული განცხადებიდან ასეთი აღქმა ჩნდებოდა, – ეს განცხადება ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების” დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ის იმ ადამიანების კატეგორიას არ განეკუთვნება, ვისაც ადამიანის მონდომების დანახვა არ შეუძლია.

“იმ დღეს, როცა ვსაუბრობდი, ვთქვი და დღესაც გავიმეორებ, რომ ძალიან ხშირად ხდება, როცა გარკვეული ფრაზები კონტექსტიდან ამოგლეჯილად ვრცელდება და ეს გარკვეულ არასწორ შთაბეჭდილებას და არასწორ აღქმებს ქმნის. ის რაც გუშინ ირაკლი კობახიძემ თქვა, აბსოლუტურად სწორი იყო, თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ ის რაც ყველაზე მეტად ვაჟკაცურად გამოიყურებოდა და აბსოლუტურად კორექტული იყო, რა თქმა უნდა, არავის, არც პირველ, არც მეორე დღეს და არც არასდროს არ გვქონია სურვილი, რომ ვინმეს ღვაწლი, ვინმეს ჰეროიკული საქციელი და ვინმეს გმირობა დაგვეკნინებინა. ეს თქვა და ყოველგვარი სპეკულაციის მიზეზი მოსპო. ეს არის ძალიან დასაფასებელი რაც ირაკლიმ გააკეთა. რასაკვირველია, მე ამ განცხადებას ვუერთდები და მინდა დავადასტურო ჩემი ღრმა პატივისცემა ნებისმიერი ადამიანის მიმართ, ვინც არა თუ უბრალოდ გადარჩა, არამედ გმირობა გამოიჩინა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს და უნდა ვთქვათ, რომ არც ირაკლის და არც მე არასდროს გვქონია განზრახვა და სურვილი, რომ ვინმე შეურაცხყოფილი დარჩენილიყო, ვინმეს ღვაწლის დაკნინება ნამდვილად არ გვინდოდა – რა თქმა უნდა, პატიებას ვითხოვთ, თუკი ასე გამოვიდა და ვინმეს ასეთი შთაბეჭდილება გაუჩნდა, რომ ვინმეს ღვაწლი დავაკნინეთ”, – განაცხადა სარჯველაძემ.

14 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა, თითქოს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათი ებრძოდა ღვარცოფს. მისივე თქმით, საუბარი იმაზე, რომ ვიღაც 3 საათი ებრძოდა სტიქიას, უბრალოდ არის ცარიელი ტყუილი. ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ გაუგებარია რატომ შეიძლებოდა ღვარცოფის ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე ვინმე გადასულიყო.

აღნიშნული განცხადებების შემდეგ ირაკლი კობახიძე დავით ჯელაძეს შეხვდა და შეხვედრის შემდეგ, მან „სინანული გამოხატა დავით ჯელაძის გულის ტკენის გამო“.