გამოცდების ეროვნული ცენტრი სახალხო დამცველის რეკომენდაციას ეხმიანება

95
spot_img

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ეხმიანება სახალხო დამცველის რეკომენდაციას ერთ-ერთი აბიტურიენტისათვის დამატებითი საგამოცდო სესიის ჩატარების თაობაზე.

„პირველ რიგში, გაცნობებთ, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უმთავრეს პრინციპს თითოეული გამოსაცდელისათვის განათლების მიღებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად თანაბარი და ჯანსაღი საგამოცდო გარემოს შექმნა წარმოადგენს. ცენტრი წლებია ათიათასობით გამოსაცდელს ემსახურება და სისტემაში დანერგილი საგამოცდო მოდელი სამართლიანობის, გამჭვირვალობისა და თანასწორობის პრინციპებზეა დაფუძნებული, რაც მსურველებს განათლების სხვადასხვა საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი თავისი მრავალწლიანი გამოცდილებით ადასტურებს იმას, რომ საგამოცდო პროცესი ყოველთვის გამოსაცდელების უფლებებისა და ინტერესების დაცვით, სამართლიანად და ობიექტურად იმართება.

სახალხო დამცველის რეკომენდაციასთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განმარტავს, რომ აბიტურიენტებისათვის დამატებითი სესიების დანიშვნის თაობაზე ცენტრმა იმოქმედა კანონმდებლობის სრული დაცვით.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ისტორიის საგანში ერთიანი ეროვნული გამოცდა ჩატარდა 17 და 18 ივლისს. 18 ივლისს ცენტრში წარმოდგენილი იქნა არაუფლებამოსილი პირის განცხადება, რაზეც ცენტრმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით 21 ივლისის წერილით მოითხოვა ხარვეზის გამოსწორება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცენტრს არ დაურღვევია ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესი და ვადა.

დროებითი განჩინების გამოტანის მოთხოვნით აბიტურიენტმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა 2023 წლის 27 ივლისს, ხოლო აღნიშნული განჩინება ცენტრში წარმოდგენილ იქნა 2023 წლის 28 ივლისს.

აქვე გაცნობებთ, რომ ყველა აბიტურიენტი, რომელმაც მომართა ცენტრს და აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, დაშვებულ იქნა დამატებით გამოცდაზე. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების“ დებულებაში ასახული გამონაკლისების გარდა, კერძოდ – ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა, ოჯახის წევრის გარდაცვალება და დაუძლეველი ძალა – სხვა მიზეზებით გამოუცხადებელი პირების დამატებით გამოცდაზე დაშვება არათანაბარ პირობებში ჩააყენებდა აბიტურიენტებს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ცენტრი მოკლებული იყო შესაძლებლობას აღესრულებინა 28 ივლისს შემოსული სასამართლოს განჩინება, ვინაიდან ისტორიის საგანში დამატებითი სესია დაინიშნა და ჩატარდა 2023 წლის 25 ივლისს და ამ სესიაზე გამოყენებული ტესტური დავალებები უკვე გამოქვეყნებული იყო ცენტრის ვებგვერდზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, ცენტრმა გაასაჩივრა სასამართლოს დროებითი განჩინება და დეტალურად განმარტა გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის თაობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველის რეკომენდაციასთან დაკავშირებით (შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა კიდევ ერთხელ ჩაატაროს დამატებითი სესია) ცენტრი აცხადებს, რომ 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში რეკომენდაციის შესრულებას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია“, – წერია განცხადებაში.