Home Blog Page 1556

ოპოზიცია ცდილობს, საგამოძიებო კომისიის საშუალებით პოლიტიკურ დღის წესრიგში იტივტივოს – ბექა ოდიშარია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ბექა ოდიშარიას შეფასებით, შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა საჭირო არ არის.

მისივე თქმით, ოპოზიცია ცდილობს, „საგამოძიებო კომისიის საშუალებით კიდევ იტივტივოს პოლიტიკურ დღის წესრიგში“.

„მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად ზედმეტია, რადგან არ ვფიქრობ, რომ ქართული ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის სპეციალური სამსახური, ვგულისხმობ სამაშველო სამსახურს, ასევე, იქნება ეს თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო თუ სხვები, არ სცემდნენ ზედმიწევნით ამომწურავ პასუხებს საზოგადოებას, მათ შორის ჟურნალისტებს, მათ შორის ოპოზიციურ ნაწილს. შესაბამისად, ეს არის მათი ცდა, რომ საგამოძიებო კომისიის საშუალებით კიდევ ერთხანს იტივტივონ პოლიტიკურ დღის წესრიგში. შესაბამისად, ამის საშუალებას ალბათ საქართველოს პარლამენტი არ მისცემს“, – აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

“უკრაინა ევროკომისიის შვიდივე რეკომენდაციას 100%-ით ვერ შეასრულებს, მაგრამ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები მაინც დაიწყება” – უკრაინის ვიცე-პრემიერი

უკრაინის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა, რომ ოქტომბრისთვის ქვეყანა ევროკომისიის შვიდივე რეკომენდაციას 100%-ით ვერ შეასრულებს, მაგრამ გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებები მაინც დაიწყება.
ამის შესახებ მან კიევში კონფერენციაზე – „როგორ გამოიყურება უკრაინის გზა ევროკავშირისკენ“ გამოსვლისას თქვა.
„ოქტომბერში ჩვენ ვერ მოვისმენთ, რომ 7-ვე მოთხოვნა ჩვენს მიერ 100%-ით არის დაკმაყოფილებული, რადგან ეს არის მასშტაბური სამუშაო, რომელსაც წლები დასჭირდება“, – განაცხადა მან. თუმცა, სტეფანიშინა დარწმუნებულია, რომ უკრაინა ოქტომბრამდე მიიღებს „ყველა შეთანხმებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებას“.
პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ზოგიერთი რეფორმის განხორციელებისას, კერძოდ, ანტიკორუფციულის, „ახალი ამოცანების წინაშე ვდგებით, მაგალითად, ანტიკორუფციული პროგრამის სრული განხორციელება“.
„ჩვენი ამოცანაა, რომ ეს ახალი ამოცანები მოლაპარაკების დაწყებისთვის პირობა არ გახდეს”, – განაცხადა მან.
სტეფანიშინა დარწმუნებულია, რომ უკრაინა შეასრულებს საჯარო ელექტრონული დეკლარაციის აღდგენის პირობას.
ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, და დეკემბერი იქნება “მოლაპარაკებების დასაწყებად უკანასკნელი შესაძლებლობა“.

როგორ დაიცავს თავს დონალდ ტრამპი ჯორჯიაში წაყენებული ბრალდებისგან? – რას წერს “როიტერი”

ბრიტანული საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ (Reuters) აქვეყნებს ანალიზიტიკურ სტატია-კომენტარს სათაურით როგორ დაიცავს თავს დონალდ ტრამპი ჯორჯიაში წაყენებული ბრალდებისგან?(ავტორი – ჯეკ ქუინი), რომელშიც აშშ-ის ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ჯორჯიას შტატში წაყენებული ბრალდებები და ბრალდებულის გამართლების შესაძლებლობებია გაანალიზებული.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

დონალდ ტრამპი ახალი ბრალდებისგან სავარაუდოდ თავს სიტყვის თავისუფლების არგუმენტით დაიცავს და ხმების შესაძლო გაყალბებით გამოწვეულ შეშფოთებას მოიმიზეზებს. თუმცა, სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ყოფილ პრეზიდენტს ჯორჯიის სასამართლოში თავის დაცვა გაუჭირდება, რადგან ნებისმიერი მოტივაციის მიუხედავად, საქმე პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ტრამპი კანონს გამიზნულად არღვევდა.

“თუნდაც მას ეფიქრა, რომ იმის უფლება ჰქონდა, რაც ჩაიდინა, ეს არ ამართლებს თაღლითურ აქტივობას”, – ამბობს ყოფილი ფედერალური პროკურორი დანია პერი. მისი თქმით, “რომც გჯეროდეს, რომ ვინმე სხვას ბანკში შენი კუთვნილი ფული უდევს, ეს არ ნიშნავს, რომ მისი გაფლანგვის უფლება გაქვს”.

შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს 15 აგვისტოს ახალი ბრალი წაუყენეს. ჯორჯიის შტატის ნაფიც მსაჯულთა დიდი კოლეგიის საბრალდებო დასკვნა დონალდ ტრამპს შეთქმულებაში და 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების თავის სასარგებლოდ შეცვლის მცდელობაში ადანაშაულებს.

ფულტონის ოლქის პროკურორმა ფანი უილისმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს და მის თანაშემწეებს ბრალი სისხლის სამართლის დანაშაულის 41 პუნქტით წაუყენეს. აქედან 13 პუნქტი თავად ექს-პრეზიდენტს ეხება. მათში შედის რეკეტი, ყალბი განცხადებები და საჯარო მოხელეების კანონდარღვევისკენ წაქეზება.

ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც მონაწილეობას აპირებს, თავს დამნაშავედ არ ცნობს. ბრალდების გამოქვეყნებამდე, მან პროკურორი პარტიულ მიკერძოებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ფანი უილისი არჩევნებზე მისი გამარჯვების შანსების შემცირებას ცდილობს. “ეს მმართველი კლასის მხრიდან ხალხის არჩევანის შეზღუდვის სახიფათო მცდელობაა” – ნათქვამია დონალდ ტრამპის განცხადებაში.

სამართლებრივი საქმის ექსპერტულ წრეებში ვარაუდობენ, რომ დონალდ ტრამპის დაცვის გუნდი ძირითადად დაეყრდნობა შეერთებული შტატების კონსტიტუციის პირველ შესწორებას, რომელიც სიტყვის თავისუფლებას იცავს. მაგრამ, ჯერ კიდევ კითხვვის ნიშნის ქვეშაა ის, თუ რამდენად მოიცავს ეს მუხლი გაყალბებას, შეთქმულებას, მოქრთამვას და მსგავს ბრალდებებს.

არ არის გამორიცხული, რომ ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატებმა თქვან – მან არ იცოდა, თუკი კანონს არღვევდაო. დაცვის მხარეს შეუძლია ასევე განაცხადოს, რომ ეს პოლიტიკური პროცესია, რადგან პროკურორი ფანი უილისი მმართველი ძალის – დემოკრატიული პარტიის წევრს წარმოადგენს.

“ეს ყველაფერი ‘სიტყვიერი დანაშაულია” და სიტყვიერი დანაშაული შესაძლოა არც ისე სერიოზული იყოს, როგორც ფიზიკური ქმედება”, – ამბობს ბენეტ გერშმენი, ყოფილი ფედერალური პროკურორი. ის ახლა იურისპრუდენციის პროფესორია ფეისის უნივერსიტეტში.

მაგრამ, მისი თქმით, “ადვოკატები ძალზე ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან თუ მათი არგუმენტაცია მტკიცებულებას არ დაეყრდნობა, ისინი დაისჯებიან”. გერშმენი აღნიშნავს, რომ დისციპლინარული სასჯელი 2020 წლის არჩევნების საქმეზე მომუშავე ბევრმა ადვოკატმა მიიღო, რადგან მათ დამამტკიცებელი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინეს.

წყარო

გარემოს ეროვნული სააგენტო თბილისში, ქსნის ქუჩის მიმდებარედ კლდეზევავის ჩამოშლის ფაქტს ეხმიანება

გარემოს ეროვნული სააგენტო თბილისში, ქსნის ქუჩის მიმდებარედ კლდეზვავის ჩამოშლის ფაქტს ეხმიანება.

მიმდინარე წლის 17 აგვისტოს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის სარკინიგზო მაგისტრალის დერეფანში, ქ. თბილისში, დიდუბე-ავჭალის გადასარბენზე, ქსნის ქუჩის მიმდებარედ ადგილი ჰქონდა კლდეზვავის ჩამოშლას, რომელმაც დაფარა რკინიგზის ლიანდაგი და დროებით შეაფერხა სარკინიგზო მოძრაობა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჯგუფმა ადგილზე შეაფასა არსებული სიტუაცია. სააგენტოს სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე, გატარდა გაწმენდითი ღონისძიებები.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების მიერ ოპერატიულად მოხდება კლდეზვავის ჩამოშლის შეფასება და მომზადდება დასკვნა. შესაბამისი სამსახურების მიერ გადაუდებელი და პრევენციული ღონისძიებები აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გატარდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

“ბევრი ებრაელი წამოვიდა ისრაელში საქართველოდან, ისინი ცოცხალ ხიდად იქცნენ ჩვენს ქვეყნებს შორის” – ბენიამინ ნეთანიაჰუ ირაკლი ღარიბაშვილს

ბევრი ებრაელი წამოვიდა ისრაელში საქართველოდან. ისინი ცოცხალ ხიდად იქცნენ ჩვენს ქვეყნებს შორის. მე თავად მქონდა შესაძლებლობა მენახა საქართველო. ვიცი, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ ნიშნულამდე შეგვიძლია ავწიოთ და მივესალმები ამ შესაძლებლობას თქვენი ვიზიტის განმავლობაში,- ამის შესახებ ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, პრემიერთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, ისრაელსა და საქართველოს ძალიან თბილი ურთიერთობები გააჩნია.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, მოხარული ვარ გიმასპინძლოთ. ისრაელსა და საქართველოს ძალიან თბილი ურთიერთობები გააჩნიათ. ჩვენს ერებს შორის კავშირი 2500 წლის წინ იღებს დასაბამს ან, შესაძლოა, 2600 წელსაც ითვლიდეს. საქართველოში ებრაული თემები ცხოვრობდნენ. ბევრი ებრაელი წამოვიდა ისრაელში საქართველოდან. ისინი ცოცხალ ხიდად იქცნენ ჩვენს ქვეყნებს შორის. მე თავად მქონდა შესაძლებლობა მენახა საქართველო. ვიცი, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ ნიშნულამდე შეგვიძლია ავწიოთ და მივესალმები ამ შესაძლებლობას თქვენი ვიზიტის განმავლობაში.

კიდევ ერთხელ, კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება ისრაელში! შემდეგ ჯერზე თელავივსა და იერუსალიმში გელოდებით! ჩვენთან ასე ამბობენ – „შემდეგ ჯერზე იერუსალიმში ვიკრიბებით!“ – განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა.

“განსაკუთრებული ურთიერთობა და მეგობრობა გვაკავშირებს ისრაელთან, ებრაელ ხალხთან” – ირაკლი ღარიბაშვილი ბენიამინ ნეთანიაჰუს

ბატონო პრემიერ-მინისტრო, მადლობა ჩემი და დელეგაციის მიღებისთვის. ჩემთვის დიდი პატივი და სიამოვნებაა აქ ყოფნა. ყოველთვის სიხარულით ჩამოვდივარ ისრაელში და როგორც თქვენ ბრძანეთ, განსაკუთრებული ურთიერთობა და მეგობრობა გვაკავშირებს ისრაელთან, ებრაელ ხალხთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ებრაული თემი ყოველთვის გრძნობდა მეგობრობას ქართული საზოგადოების მხრიდან.
„ებრაული თემი ყოველთვის გრძნობდა მეგობრობას, სრულ მხარდაჭერასა და კომფორტს  ქართული საზოგადოების მხრიდან. ამიტომ, მიხარია აქ ყოფნა. დიდი მადლობა!,”- აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი  ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრებმა შეხვედრა გამართეს როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატებში.

მათივე ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებსა და არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვთ.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა ისრაელის სახელმწიფოსთან არსებული მეგობრობისა და თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის პარტნიორობა ყოველთვის მაღალ ნიშნულზეა.

მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დინამიკაში ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები იზრდება, მომავალი წლიდან კი – თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყება, რაც ქვეყნებს შორის პარტნიორობას თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

შეხვედრაზე, ერთობლივი ეკონომიკური კომისიის ფარგლებში, ახალი მიდგომების და სამომავლო თანამშრომლობის ახალი სფეროების განსაზღვრის პერსპექტივებზე იმსჯელეს. განიხილეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა.

განსახილველ საკითხებს შორის ასევე იყო მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები.

ირაკლი ღარიბაშვილმა ბენიამინ ნეთანიაჰუ საქართველოში მიიწვია.

პირისპირ ფორმატში შეხვედრის დროს ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელსა და საქართველოს ძალიან თბილი ურთიერთობები გააჩნიათ.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, მოხარული ვარ გიმასპინძლოთ. ისრაელსა და საქართველოს ძალიან თბილი ურთიერთობები გააჩნიათ. ჩვენს ერებს შორის კავშირი 2500 წლის წინ იღებს დასაბამს ან, შესაძლოა, 2600 წელსაც ითვლიდეს. საქართველოში ებრაული თემები ცხოვრობდნენ. ბევრი ებრაელი წამოვიდა ისრაელში საქართველოდან. ისინი ცოცხალ ხიდად იქცნენ ჩვენს ქვეყნებს შორის. მე თავად მქონდა შესაძლებლობა მენახა საქართველო. ვიცი, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ ნიშნულამდე შეგვიძლია ავწიოთ და მივესალმები ამ შესაძლებლობას თქვენი ვიზიტის განმავლობაში.

კიდევ ერთხელ, კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება ისრაელში! შემდეგ ჯერზე თელავივსა და იერუსალიმში გელოდებით! ჩვენთან ასე ამბობენ – „შემდეგ ჯერზე იერუსალიმში ვიკრიბებით!“, – განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ებრაული თემი ყოველთვის გრძნობდა მეგობრობას, სრულ მხარდაჭერასა და კომფორტს ქართული საზოგადოების მხრიდან.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, მადლობა ჩემი და დელეგაციის მიღებისთვის. ჩემთვის დიდი პატივი და სიამოვნებაა აქ ყოფნა. ყოველთვის სიხარულით ჩამოვდივარ ისრაელში და როგორც თქვენ ბრძანეთ, განსაკუთრებული ურთიერთობა და მეგობრობა გვაკავშირებს ისრაელთან, ებრაელ ხალხთან.

ებრაული თემი ყოველთვის გრძნობდა მეგობრობას, სრულ მხარდაჭერასა და კომფორტს ქართული საზოგადოების მხრიდან. ამიტომ, მიხარია აქ ყოფნა. დიდი მადლობა!“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თალიბებმა ავღანეთში ყველა პარტიის საქმიანობა აკრძალეს

ავღანეთის სათავეში მყოფმა რადიკალურმა მოძრობა „თალიბანმა“ ქვეყანაში ყველა პოლიტიკური ძალის საქმიანობა აკრძალა. თალიბების განცხადებით, ეს ისლამის წესებს ეწინააღმდეგება.

ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

ეს გადაწყვეტილება თალიბებმა ავღანეთის ხელისუფლებაში დაბრუნების 2 წლის იუბილეს შემდეგ გამოაცხადეს.

როგორც თალიბების მთავრობის იუსტიციის მინისტრმა აბდულ ჰაკიმ ისჰაკზაიმ ქაბულში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „ავღანეთში პოლიტიკური პარტიების საქმიანობა იკრძალება, ვინაიდან ეს შარიათის ნორმებს ეწინააღმდეგება და ხალხის ინტერესებს არ იცავს. „ავღანელ ხალხს ამ პარტიების საქმიანობა არ სჭირდება“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ორი წლის წინ, ანუ ხელისუფლებაში „თალიბანის“ დაბრუნებამდე ავღანეთში 70-ზე მეტი მსხვილი და მცირე პარტია იყო რეგისტრირებული. 2021 წლის აგვისტოს შემდეგ მათმა უმრავლესობამ ქვეყანა დატოვა, რადგანაც თალიბების მხრიდან რეპრესიების ეშინოდათ.

სტიქიის ზონაში მყოფმა თავდაცვის ძალების პირადმა შემადგენლობამ ახალი დავალება მიიღო

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სტიქიის ზონაში მყოფმა საქართველოს თავდაცვის ძალების პირადმა შემადგენლობამ ახალი დავალება მიიღო.

უწყების ცნობით, მე-3 ქვეითი ბრიგადისა და ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები მაშველებთან ერთად, სასტუმრო „სანსეტ შოვის” ტერიტორიაზე, როგორც გარე პერიმეტრის, ასევე, შენობაში, სპეციალური შესაბამისი საშუალებების გამოყენებით, ძებნა-გაწმენდის სამუშაოებს ასრულებდნენ.

„სამუშაოების მიმდინარეობას ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალი, ბრიგადის გენერალი კახა ტაბატაძე აკვირდებოდა, რომელიც ჯარისკაცებს რჩევებსა და მითითებებს აძლევდა და სამუშაო პროცესშიც აქტიურად იყო ჩართული“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კოლხეთის ეროვნულ პარკში 50-მდე ხოხობი გაუშვეს

კოლხეთის ეროვნულ პარკში 50-მდე ხოხობი გაუშვეს. ფრინველები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს ფონდმა „ქართუმ“ გადასცა. პროექტი მომავალშიც გაგრძელდება და მისი მიზანია გადაშენების პირას მყოფი ფრინველების მომრავლება და ბუნებაში გაშვება.

სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში, გიორგი ურუშაძე ფონდ „ქართუს“ და ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს გურიის ფაუნის გამრავალფეროვნებისთვის მადლობას უხდის.

„ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ველურ ბუნებაში გავუშვით ხოხბები, რომლებიც გურიის რეგიონს საჩუქრად გადმოეცა. მოგეხსენებათ, აღნიშნული ფრინველის რაოდენობა მკვეთრად არის შემცირებული ბოლო პერიოდში და მისი მოშენების და გამრავლების ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია. ფრინველის მოშენების ინიციატივა ეკუთვნის ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მინდა პირადად მას და ფონდ „ქართუს“ გადავუხადო მადლობა. აღნიშნული აქცია მომავალშიც გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს გურიის რეგიონში, ფაუნის გამრავალფეროვნებას“, – აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.

“ირაკლი კობახიძის ნაბიჯი ღირსეული ადამიანის ნაბიჯი იყო” – ირაკლი ქადაგიშვილი

ირაკლი კობახიძის ნაბიჯი ღირსეული ადამიანის ნაბიჯი იყო – მან როგორც პოლიტიკოსმა გვაჩვენა, რომ ის არის ლიდერი! – ასე ეხმაურება პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებას უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი.

ქადაგიშვილის თქმით, ადვილად გასაგებია, რომ ოპოზიცია კობახიძის სინანულს ვერ აღიქვამს, რადგან “რაც ამ ოპოზიციამ მისი ქმედებებითა და ხელდასმით ტრაგედიები დაატრიალა, არც ერთზე ბოდიში არ მოუხდია და არც სინანული გამოუთქვამს”.

ქადაგიშვილის შეფასებით, სწორედ ამიტომ მათთვის პოლიტიკოსის მხრიდან გულწრფელი ნაბიჯის გადადგმა და ლიდერის თვისებების ქონა წარმოუდგენელი და გაუგებარია.

„შოვის სტიქია არის ნამდვილად ტრაგედია. ხელისუფლებამ ეს სწორედ ასე აღიქვა და იმ მიმართულებით იმოქმედა, რომ სტიქიის შედეგები შეძლებისდაგვარად სწრაფად ყოფილიყო ლიკვიდირებული.

ამავდროულად, თუ ვინმეს რაიმე წყენა ან სულიერი ტკივილი მიადგა ამა თუ იმ უნებლიე განცხადების გამო, ხელისუფლების წარმომადგენელმა ამაზე თქვა – ბოდიში, რადგან ამას ხელისუფლება საკუთარი ხალხის ტრაგედიად აღიქვამს.

ოპოზიცია ავითარებს აზრს, რომ თითქოს ხელისუფლებას მიზანმიმართულად სურს, ამ ტრაგედიის შემდეგ კიდევ ვიღაცები დაჩაგროს. ამას ლოგიკური ახსნაც კი არ შეიძლება მოუძებნო. როცა ადამიანს აზრად მოგდის, რომ ხელისუფლების სურვილია ტრაგედიაში მოხვედრილი ადამიანების დაბულინგება, დაჩაგვრა, მაშინ გამაგებინეთ რა არის არის მიზანი?!“ – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ასჯერ უფრო მნიშვნელოვანია უსწრაფესად მოხდეს იმ რეჟიმის ჩამოცილება, რომელიც კლავს და თავს ესხმის შოვის ტრაგედიის დროს დაზარალებულებს – ლევან ხაბეიშვილი

ასჯერ უფრო მნიშვნელოვანია უსწრაფესად მოხდეს იმ რეჟიმის ჩამოცილება, რომელიც კლავს და თავს ესხმის შოვის ტრაგედიის დროს დაზარალებულ ადამიანებს. მთელი აგვისტო დაგეგმილი გვქონდა შეხვედრები, მაგრამ ამ უდიდესი ტრაგედიის ფონზე, ცხადია ეს ვერ მოხდებოდა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი დაზარალებულების მიმართ თავდასხმას არ ერიდება.

„შოვის ტრაგედიამ კიდევ ერთხელ აჩვენა „რუსული ოცნების” უთავმოყვარეობა, უსაქმურობა, კორუმპირებულობა, მათი აგდებული დამოკიდებულება ადამიანის სიცოცხლის მიმართ.

შესაბამისად, ასჯერ უფრო მნიშვნელოვანია უსწრაფესად მოხდეს იმ რეჟიმის ჩამოცილება, რომელიც უბრალოდ კლავს. ცინიზმით განმსჭვალულ განცხადებებს ავრცელებენ, არ ერიდებიან დაზარალებულებზე თავდასხმას.

ჩვენ მთელი აგვისტოს განმავლობაში გვქონდა დაგეგმილი მოსახლეობასთან შეხვედრა, ამ ტრაგედიის დროს და ფონზე, ცხადია, ეს ვერ და არ მოხდებოდა.

უდიდესი გლოვაა ქვეყანაში, ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენს მხარდამჭერებს, წარმომადგენლებს შევხვდეთ დახურულ რეჟიმში და ვესაუბროთ მკვლელი რეჟიმის ჩამოშორების გზებსა და სტრატეგიაზე“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.