თალიბებმა ავღანეთში ყველა პარტიის საქმიანობა აკრძალეს

94
spot_img

ავღანეთის სათავეში მყოფმა რადიკალურმა მოძრობა „თალიბანმა“ ქვეყანაში ყველა პოლიტიკური ძალის საქმიანობა აკრძალა. თალიბების განცხადებით, ეს ისლამის წესებს ეწინააღმდეგება.

ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

ეს გადაწყვეტილება თალიბებმა ავღანეთის ხელისუფლებაში დაბრუნების 2 წლის იუბილეს შემდეგ გამოაცხადეს.

როგორც თალიბების მთავრობის იუსტიციის მინისტრმა აბდულ ჰაკიმ ისჰაკზაიმ ქაბულში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „ავღანეთში პოლიტიკური პარტიების საქმიანობა იკრძალება, ვინაიდან ეს შარიათის ნორმებს ეწინააღმდეგება და ხალხის ინტერესებს არ იცავს. „ავღანელ ხალხს ამ პარტიების საქმიანობა არ სჭირდება“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ორი წლის წინ, ანუ ხელისუფლებაში „თალიბანის“ დაბრუნებამდე ავღანეთში 70-ზე მეტი მსხვილი და მცირე პარტია იყო რეგისტრირებული. 2021 წლის აგვისტოს შემდეგ მათმა უმრავლესობამ ქვეყანა დატოვა, რადგანაც თალიბების მხრიდან რეპრესიების ეშინოდათ.