Home Blog Page 1449

“გვჯერა, საერთაშორისო თანამეგობრობის ძლიერი პოზიცია არის გადამწყვეტი, რათა რუსეთმა შეასრულოს ვალდებულებები, მათ შორის გაიყვანოს ძალები საქართველოს ტერიტორიიდან”

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 55-ე სესიის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, საკუთარ გამოსვლაში ილია დარჩიაშვილმა ყურადღება გაამახვილა მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ ვითარებაზე.

„მინისტრმა ისაუბრა ქართული მხარის მიერ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე. აღნიშნა 2022-2030 წლების ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების მნიშვნელობა.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტებზე და არსებული გამოწვევების ფონზე, ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების დაშვების აუცილებლობას“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამინისტროს ცნობით, ილია დარჩიაშვილმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და მათ როლზე, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ისე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით.

„ჩვენ გვჯერა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ძლიერი პოზიცია არის გადამწყვეტი, რათა რუსეთმა შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროკავშირის მედიაციით დადებული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და საქართველოს ტერიტორიიდან გაიყვანოს საკუთარი სამხედრო ძალები“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოზე რეზოლუციის „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მნიშვნელობა და იმედი გამოთქვა, რომ რეზოლუციას კვლავაც ექნება დიდი მხარდაჭერა.

„სიტყვით გამოსვლისას, რეგიონში არსებულ გამოწვევებზე საუბრისას, მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხრიდან უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა.

ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მანდატის სრულად გამოყენება კრიტიკულად მნიშვნელოვანია და საქართველო, როგორც საბჭოს წევრი, მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს ამ საქმეში.

ილია დარჩიაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს, როგორ წევრი ქვეყნის მზადყოფნა, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, როგორც ეროვნულ დონეზე, ისე საერთაშორისო ფორმატებში“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“გერმანია არ გადასცემს უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ რაკეტა „ტაურუსს“, რადგან ამან შესაძლოა, გერმანიის ომში ჩაბმა გამოიწვიოს” – შოლცი

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია არ გადასცემს უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ რაკეტა „ტაურუსს“, რადგან ამან შესაძლოა, გერმანიის ომში ჩაბმა გამოიწვიოს.

„მაკვირვებს, როცა ზოგიერთს საერთოდ არ აწუხებს, რომ ისინი საერთოდ არ ფიქრობენ, რომ საქმე შეიძლება, გერმანიის ომში ჩაბმამდე მივიდეს იმის გამო, რასაც ვაკეთებთ“, – განაცხადა შოლცმა.

შოლცის თქმით, აუცილებელია ბალანსის დაცვა კიევის რეალურ საჭიროებებსა და „ტაურუსის“ შესახებ დისკუსიებს შორის. გერმანიის კანცლერის შეფასებით, უკრაინას ახლა უპირველეს ყოვლისა საბრძოლო მასალის დანაკლისი აქვს.

„ტაურუსის“ რაკეტების გადაცემას გერმანიისგან უკრაინა ითხოვს. ამ რაკეტებით სამიზნეების განადგურება 500 კილომეტრის მანძილზეა შესაძლებელი.

“თბილისი-კიევი- უპრეცედენტო კრიზისი ურთიერთობებში, რომელსაც დასასრული არ უჩანს”-“ამერიკის ხმა”

ამერიკული სამაუწყებლო კომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სათაურით: “თბილისი-კიევი: უპრეცედენტო კრიზისი ურთიერთობებში, რომელსაც დასასრული არ უჩანს”, რომელშიც გაანალიზებულია საქართველო-უკრაინის ურთიერთობების ამჟამინდელი მდგომარეობა, რუსეთთან მიმდინარე ომის ფონზე.

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:

უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალების შეჭრის მეორე წლისთავზე, საქართველოს და უკრაინას შორის ორმხრივი ურთიერთობები, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. კიევს უკვე მეორე წელია გაწვეული ჰყავს ელჩი საქართველოდან იმის გამო, რომ თბილისი არ შეუერთდა, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს.

2023 წლის ივლისში, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციით, კიევი ასევე დატოვა უკრაინაში საქართველოს ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა. უკრაინის ეს დემარში, უკრაინის მოქალაქის, ამჟამად, საქართველოში პატიმრობაში მყოფი, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის „მკვეთრ გაუარესებას“ მოჰყვა.

ივლისშივე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის გამოსახატად დაიბარეს, უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული. თბილისმა ასე უპასუხა უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რუსეთში ფრენების დაწყების გამო, სანქციები დაეწესებინა ქართულ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისისა“ და მისი პრეზიდენტის თამაზ გაიაშვილისთვის.

„ეს რომ არანაირად არ წაადგება, არც საქართველოს და არც უკრაინას, მე მგონი ყველასთვის ცხადია. ურთიერთობების გაფუჭება უსასრულოდ შეიძლება, მაგრამ უნდა ვიფიქროთ იმ შედეგზე, რაც ორივე ქვეყნისთვის შეიძლება დადგეს“ – უთხრა „ამერიკის ხმას“ თენგიზ ფხალაძემ, საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის (ECIPE) უფროსმა მკვლევარმა, საქართველოს პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა.

თენგიზ ფხალაძის თქმით, „თანამედროვე საქართველოს და უკრაინის ურთიერთობები, ამ 30 წლის მანძილზე, ძალიან დიდი რუდუნებით და შრომით შენდებოდა. არაფერს ვამბობ, ქართველი და უკრაინელი ხალხების ისტორიულ კავშირებზე. ჩვენ ორივეს გვყავს ერთი მტერი ეს არის რუსეთი და არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა რომ გაგვხლიჩოს.

ჩვენ ორივე მივდივართ, ევროკავშირისკენ და ნატოსკენ, აქაც ცალ-ცალკე სიარული ძალიან გაგვიჭირდება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ურთიერთობების გაფუჭება ძალიან ადვილია, მაგრამ ურთიერთობების აშენება და გაფუჭებულის გამოსწორება არის ძალიან რთული. ერთის მხრივ, საქართველოს მხარე, დიდი ხანია ნაწყენია უკრაინაზე, რადგან „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ოპონენტები იყვნენ და არიან აქტიურები უკრაინაში. მეორეს მხრივ, უკრაინის ხელისუფლება ნაწყენია იმ განცხადებების გამო, რომელიც კეთდება საქართველოს მხრიდან, ომის პერიოდში განსაკუთრებით. ამ ფონზე ურთიერთობების განვითარება არის შეუძლებელი“, – მიაჩნია თენგიზ ფხალაძეს.

ის, რომ საქართველოსა და უკრაინას ორმხრივ ურთიერთობებში სერიოზული კრიზისია, დაადასტურა უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეორე წლისთავისადმი მიძღვნი პანელურ დისკუსიაზე, ოლექსანდრ შულგამ აღნიშნა, რომ „ამჟამად ჩვენი ურთიერთობა დიპლომატიურ კონტექსტში საკმაოდ დაბალია“.

„მშვიდად ვერ შევხედავთ, რუსი ტურისტების იმ რაოდენობას, რომელიც საქართველოში ჩამოდის, რუსული ეკონომიკური გავლენის გაძლიერებას საქართველოში და ავიამიმოსვლის აღდგენას, როდესაც რუსეთში ფრენაზე ყველა უარს ამბობს. ვფიქრობ, რომ ეს საკითხი კომპლექსურადაა განსახილველი“ – განაცხადა უკრაინელმა დიპლომატმა და ხაზი გაუსვა, რომ „უკრაინა არასდროს საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებში არ ჩარეული“.

უკრაინა ასევე უკმაყოფილოა, რომ ჯერჯერობით ვერ მიიღო თბილისიდან პასუხი საინჟინრო ტექნიკის მიწოდებაზე. „ჩვენ არ გვითხოვია სამხედრო ტექნიკა, საქართველოს მთავრობას ვთხოვეთ, რომ საინჟინრო ტექნიკა მოგვაწოდონ, იმ პირობებში როდესაც მუდმივად იბომბება უკრაინის ინფრასტრუქტურა, აუცილებელია აი ამ ნანგრევებისგან გასუფთავება, იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე მივუღებთ ამის შესახებ პასუხს” – თქვა შულგამ.

თბილისსა და კიევსა შორის უკიდურესად დაძაბული სიტუაცია, შესაძლოა არც გამოსწორდეს, თუ საქართველოში (ან უკრაინაში) ხელისუფლება არ შეიცვალა, თვლიან ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტია „გირჩში“.

„მე მაგალითად, სინამდვილეში ახალი მთავრობა თუ ეყოლება საქართველოს, გადავტვირთავდი ამ ურთიერთობებს, როგორც დასავლეთთან, ახალი პირობებით, ისე განსაკუთრებით უკრაინასთან“ – ამბობს საპარლამენტო უმცირესობის წევრი, „გირჩელი“ ვახტანგ მეგრელიშვილი, რომელიც იმ 9-კაციანი საპარლამენტო დელეგაციის წევრი იყო, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დასაწყისში, 2022 წლის აპრილში, კიევში, ირპენსა და ბუჩაში ჩავიდა და რუსი ოკუპანტების შემზარავ დანაშაულს ადგილზე გაეცნო.

მას შემდეგ, ასეთი ან უფრო მაღალი დონის, ოფიციალური შეხვედრა საქართველოს და უკრაინის ხელისუფლებას შორის აღარ გამართულა. თუ არ ჩავთვლით, პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ ზურაბიშვილის დაუგეგმავ, რამდენიმეწუთიან გადაკვეთას, ახლახან, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.

„მე მგონია, რომ ეს არის ანტიუკრაინული პროპაგანდა, რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა. შეიძლება რაღაც გაგებით, ეს ვიღაცისთვის მისაღები პოლიტიკაა (საქართველოში), მაგრამ ჩვენ სინამდვილეში არ ვფლობთ იმ ინფორმაციას, რაზეც „ქართული ოცნება“ ამ პოლიტიკას აგებს. თუ რაიმე პრეტენზია გვაქვს (უკრაინასთან), ამაზე დაველაპარაკებოდი, ვეტყოდი, რომ შენთან ამ პრობლემებს ვხედავ და ამიტომ ასე და ასე ვიქცევი. მაგრამ ეს განმარტებები (კიევთან) ხომ არ გვქონია? და, ურთიერთობების სურვილიც არ გვქონია“, – მიაჩნია დეპუტატ ვახტანგ მეგრელიშვილს.

საქართველოს ხელისუფლება, პირიქით, ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებში არსებულ უპრეცედენტო კრიზისში, მთელ პასუხისმგებლობას კიევს აკისრებს.
„ქართული ოცნებაში“ აცხადებენ, რომ უკრაინამ თავშესაფარი, მოქალაქეობა და თანამდებობები მისცა პირებს, რომლებზეც საქართველო სისხლის სამართლებრივ დევნას ახორციელებდა. მათ შორის, ყოფილ მთავარ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს.
პარლამენტის სპიკერის მტკიცებით, 2021 წელს, უკრაინის კონტრდაზვერვის სამსახურმა საქართველოში არეულობის მოსაწყობად, უკანონოდ შემოაპარა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

„რა გგონიათ, რომ (მიხეილ სააკაშვილმა) მარტომ დაგეგმა ეს ყველაფერი? ვიცით ოფიციალურად, რომ მთლიანად უკრაინის კონტრდაზვერვამ დაუგეგმა ეს შემოპარვა. ვინ დგას უკრაინის კონტრდაზვერვის უკან ეს კიდევ ცალკე საკითხია. ფაქტია, რომ ის შემოაპარეს, იმისთვის, რომ საქართველოში მომხდარიყო არეულობა. ეს ოპერაცია ებარა გია ლორთქიფანიძეს, რომელიც არის უკრაინის კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილე. იგი ამ სპეცოპერაციის შემდეგ დაწინაურდა, ოფიციალური პირი არის, ყოფილი ქართველი, ახალ უკრაინის მოქალაქე, გია ლორთქიფანიძე, რომელიც ჩვენი სამართალდამცველების მიერ იძებნება“, – ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

თბილისსა და კიევს შორის შორის ბოლო დაძაბულობა, თებერვლის დასაწყისში მოხდა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ „აღკვეთა უკრაინაში დაგეგმილი ტერორისტული აქტი”.
სუს-ის მტკიცებით, უკრაინის ქალაქ ოდესიდან, რუმინეთის, ბულგარეთის, თურქეთის და საქართველოს გავლით რუსეთის ქალაქ ვორონეჟში შენიღბულად გზავნიდნენ ასაფეთქებელ მოწყობილობებს, რომელსაც ხალხმრავალ ადგილას აფეთქების შემთხვევაში, „დიდი მსხვერპლის“ გამოწვევა შეეძლო.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს) ამ განცხადების გამო, მკაცრად გააკრიტიკა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა და საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, თადარიგის გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

„წინასწარ რუსული ტერმინების გამოყენება, რომ ეს ტერორისტული აქტი იქნებოდა, არასწორი და არამართებულია. თუ ეს აფეთქება მოხდებოდა, ეს იქნებოდა არა ტერაქტი, არამედ დივერსიული აქტი, რადგან უკრაინა ომშია რუსეთთან. ვინაიდან რუსეთი დაესხა თავს, კიევს ლეგიტიმური უფლება აქვს მოწინააღმდეგე ქვეყნის ტერიტორიაზე ნებისმიერ მიზანზე მიიტანოს იერიში.

მეორეც გაუგებარია, რატომ მოხდებოდა საქართველოს დადანაშაულება, როცა ამ მანქანამ, როგორც თავად ამბობენ, ჩვენამდე, ევროპის სამი ქვეყანა გამოიარა?“ – აღნიშნა ვახტანგ კაპანაძემ.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადების საპასუხოდ, საქართველოში უკრაინის საელჩომ იმედი გამოთქვა, რომ „ქართული მხარე ამ საქმის პოლიტიზებისგან თავს შეიკავებს“.

“უკრაინის საელჩო ამოწმებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგზე გავრცელებულ ინფორმაციას, არკვევს ყველა გარემოებას, კერძოდ, უკრაინის მოქალაქეების უკანონო საქმიანობაში ჩართულობასთან დაკავშირებით” – განაცხადა უკრაინის საელჩომ.

მოხდა თუ არა კონტაქტი ამ საქმესთან დაკავშირებით, თბილისსა და კიევს შორის უცნობი დარჩა და დამატებითი კომენტარი აღარ გაკეთებულა.

წყარო:

“გირჩი“ ოქროთი ვაჭრობის დღგ-გან გათავისუფლების ინიციატივით გამოდის

პოლიტიკური ჯგუფი “გირჩი“ ოქროთი ვაჭრობის დღგ-გან გათავისუფლების ინიციატივით გამოდის.

მათ პარლამენტს შესთავაზეს პროექტი, რომლის გათვალისწინებით, ოქროსა და ოქროს ნაწარმის მიწოდება დღგ-გან გათავისუფლება.

როგორც “გირჩი“ განმარტავს, ოქროსა და ოქროს ნაკეთობებზე არსებული დამატებითი ღირებულების გადასახადი სტაბილური ინვესტიციების წახალისებას უშლის ხელს. მათივე განცხადებით, აღნიშნული საგადასახადო შეღავათი მიზნად ისახავს მოქალაქეების მიერ ოქროში – ისტორიულად სტაბილურ აქტივში ინვესტირების გამარტივებას.

პროექტის ინიციატორები არიან დეპუტატები: – იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი და ჰერმან საბო.

სუს-მა დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ორი თანამშრომელი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები თ. მ. და ბ. ძ. დააკავეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში მდებარე 1550 კვ/მ მიწის ნაკვეთის აუქციონზე გამოტანის სანაცვლოდ, მათ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს 20 000 ლარი.

სუს-ის ცნობით, გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 11 წლამდე.

“ხალხის მხარდაჭერის გარეშე ხელისუფლებაში ვერავინ მოვა, მოიპოვონ მხარდაჭერა და, კი ბატონო, ოპოზიციაში გადავალთ”

ხალხის მხარდაჭერის გარეშე ხელისუფლებაში ვერავინ მოვა. ხალხის მხარდაჭერა მოიპოვონ და, კი ბატონო, ოპოზიციაში გადავალთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ხელისუფლებაში მოსასვლელად ოპოზიციაში ახლა ალტერნატიულ გზებზე ფიქრობენ, რომელიც რევოლუციურ საწყისებზეა აგებული.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ამას ქართული სახელმწიფო არ დაუშვებს.

„დღეს „ნაცმოძრაობასთან“ სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის ჯერი კი არ იყო, დღეს იყო სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის ჯერი „ნაცმოძრაობასთან“, რადგან მის მთავარ თანამზრახველებსა და პარტნიორებს შეხვდა, სადაც მათ როლები უნაწილდებათ. ისინი დღეს როლს ასრულებდნენ – ერთი მხარე პრეზიდენტისას, მეორე კონსტრუქციული ოპოზიციისას. რაც არ უნდა ირონიული იყოს, ამ „კონსტრუქციულ“ ოპოზიციას „ნაცმოძრაობა“ ჰქვია. მისი განშტოებებია ხაზარაძე და გახარიები. როლების შესრულების ბოლო ის ფინალი არ იქნება, რაც მათ წარმოუდგენიათ, რადგან მათი წარმოდგენა არ არის რელევანტური. მათი წარმოდგენა უტოპიურია, მათ ხელისუფლებაში ისე უნდათ მოსვლა, რომ ამისთვის ხალხის მხარდაჭერა არ იყოს საჭირო, რაც შეუძლებელია.

ხალხის მხარდაჭერის გარეშე ხელისუფლებაში ვერავინ მოვა. ხალხის მხარდაჭერა მოიპოვონ და, კი ბატონო, ოპოზიციაში გადავალთ. 60 პროცენტი ერთ პარტიას როცა უჭერს მხარს, 20 პროცენტი ერთს და დანარჩენ 20 პროცენტზე ჭიდაობაა, ამ მოცემულობაში, 20 პროცენტამდე რეიტინგში ჩარჩენილი ადამიანები ხელისუფლებაში ვერ მოვლენ. ახლა ალტერნატიულ გზებზე ფიქრობენ, რასაც ამ ქვეყანაში გასავალი არ ექნება და ვერ გაიყიდება, რადგან რევოლუციურ საწყისებზეა აგებული. ამას ქართული სახელმწიფო არ დაუშვებს. ქვეყანა ძლიერად არის და მათ სწორედ ეს აწუხებთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ბულგარეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლაი დენკოვს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ბულგარეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლაი დენკოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს.

„დღეს, როგორც ყოველთვის, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლაი დენკოვთან, ჩვენ პროდუქტიული და ძალიან კონკრეტული მოლაპარაკებები გავმართეთ“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ზე.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიკოლაი დენკოვს შავი ზღვისა და დუნაის რეგიონში სავაჭრო გზების გაფართოებისა და ნორმალური ნავიგაციის აღდგენის პროცესში უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ რთულ დროსაც კი, ყველა სირთულის მიუხედავად, ჩვენ ნორმალური ეკონომიკური ურთიერთობების უზრუნველყოფა მოვახერხოთ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

“ერთი კვირის ვადაში „სტრატეგია აღმაშენებელი“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, პრეზიდენტს წარვუდგენთ გეგმას, როგორ ვხედავთ ცხრა პუნქტის შესრულებას”

ერთი კვირის ვადაში „სტრატეგია აღმაშენებელი“ პრეზიდენტს წარვუდგენთ გეგმას, როგორ ვხედავთ ცხრა პუნქტის შესრულებას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

გიორგი ვაშაძის თქმით, ფართო ჯგუფი ჰყავთ, რომელიც თითოეული რეკომენდაციის შესრულებაზე მუშაობს.

„აუცილებელია ცხრა პუნქტის შესრულება. სწორედ ამას ეხება პრეზიდენტის ინიციატივა. ერთი კვირის ვადაში „სტრატეგია აღმაშენებელი“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, წარვუდგენთ პრეზიდენტს, როგორ ვხედავთ ცხრა პუნქტის შესრულებას. ფართო ჯგუფი გვყავს, რომელიც მუშაობს თითოეული რეკომენდაციის შესრულებაზე. ხალხის გამარჯვების შემდეგ, პირველი ამ ყველაფრის შესრულება იქნება საჭირო, რათა 15 დეკემბრისთვის გახსნას მოლაპარაკებები საქართველომ. პრეზიდენტის ინიციატივა ხელს უწყობს,  შეთანხმებული იყოს ფართო სპექტრი, რას ვაკეთებთ ევროინტეგრაციის გზაზე პირველივე დღიდან“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, როგორც ვაშაძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებითაც ისაუბრეს.

„ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ ამ საკითხზე. ღიად ვიტყვი, უფრო კმაყოფილი ვიქნებოდი, კონკრეტული პასუხით გამოვსულიყავი, თუმცა საკმაოდ საინტერესო საუბარი იყო. დანარჩენს დრო გვიჩვენებს. ამ შეხვედრაზე არ ველოდებოდი „კი“ თუ „არაზე“ საუბარს და არც იყო მიზანი. ნუ ჩავთვლით, რომ ერთი შეხვედრის დროს მყისიერად ყველაფერი უნდა იყოს წარმოჩენილი. ჩემი განწყობაა, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი და დარწმუნებული ვარ, მიშაც იქნება თავისუფალი“, – აღნიშნა გიორგი ვასაძემ.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6525 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6525 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6525 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6530 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8769 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8708 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0061 ლარი შეადგინა.

“ცვლილებები, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ წარმოადგინა, ფასადურია” – ხატია დეკანოიძე

ნებისმიერი სახის იმუნიტეტი, რომელიც ექნება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს, რა თქმა უნდა, ვერ განაპირობებს მის დამოუკიდებლობას – ცვლილებები, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ წარმოადგინა, ფასადურია, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობას განაპირობებს გამჭვირვალე კონკურსით შერჩეული უფროსი და ამასთან, ბიუროსთვის საგამოძიებო ორგანოს დამატება.

მან ასევე NDI-ის ანგარიშთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ არც ეტყობა პოლიტიკური ნება, რომ „გამოასწოროს ძალიან მწვავე შეფასებებში ჩაწერილი რეკომენდაციები“.

„საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის პირველი შეფასება არის უარყოფითი. თუ ასე გაგრძელდება უარყოფითად წინასაარჩევნო გარემოს შეფასება, რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდ გავლენას მოახდენს არჩევნების დღეზე,“ – აღნიშნა დეკანოიძემ.

გარდა ამისა, მან რუსეთის სავარაუდო გავლენებზე ისაუბრა და განაცხადა რომ „ქართული ოცნება“ რუსეთის მიერ ღიად მხარდაჭერილი პარტიაა.

„რუსეთის პირდაპირი ინტერესია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოიგოს არჩევნები. მე ვთვლი, რომ სხვა ფარული ჩარევის მცდელობები რუსეთს არ აქვს, ერთადერთი რუსეთს რაც უნდა ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილი დარჩეს მმართველობაში. ამიტომ გასაგებია, უკვე რომ ეს არის ღია პრორუსული ინტერესები საქართველოში. საქართველოს არჩევნებში რუსეთის და პუტინის ინტერესი არ არის პროდასავლური ძალების კოალიციის გამარჯვება. მათი ინტერესია ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი „ქართულ ოცნებასთან“ ერთად დარჩეს მმართველობაში,“ – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

“სალომე ზურაბიშვილთან ქვეყნის ევროპული მომავლის ფარგლებში სააკაშვილის თავისუფლებაზე ვისაუბრეთ” – თინა ბოკუჩავა

სალომე ზურაბიშვილთან ქვეყნის ევროპული მომავლის ფარგლებში პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებაზე ვისაუბრეთ, არ მივცემ თავს უფლებას, პრეზიდენტის ნაცვლად გავაკეთო განმარტებები მის განწყობაზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„პოლიტიკურ პარტიებთან პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართა შეხვედრები ევროპულ დღის წესრიგზე და იმ ცხრა დათქმაზე, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს. ამ თვალსაზრისით „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს კონკრეტული ხედვები და კონკრეტული პროექტები, რომელი ასევე გავუზიარეთ პრეზიდენტს. ამ ცხრა დათქმის მნიშვნელოვანი ნაწილია ასევე პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება. ეს უკავშირდება სასამართლო რეფორმას, საარჩევნო პროცესს, დეპოლარიზაციას და პოლიტიკური პროცესების ნორმალიზაციას. ამიტომ, რა თქმა უნდა, სწორედ ქვეყნის ევროპული მომავლის და დღის წესრიგის ფარგლებში ვისაუბრეთ პრეზიდენტი სააკაშვილის თავისუფლებაზე.

ჩვენი მხრიდან ეს საკითხი ძალიან პრინციპულია. ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის საკითხი და არა მხოლოდ პიროვნული ან პარტიული საკითხი. მაგრამ არ მივცემ ჩემ თავს უფლებას, პრეზიდენტის ნაცვლად გავაკეთო განმარტებები მის განწყობაზე“,- განაცხადა ბოკუჩავამ.

ყოფილი ძალოვანების პენსია 560 ლარიდან 1000 ლარამდე გაიზრდება

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში ცვლილებები განიხილა. მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა კომიტეტის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, ცვლილებები ასევე შედის „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ და „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონებში.

პროექტი ძალოვანი უწყებიდან დათხოვნილ მოსამსახურეთა სოციალური გარანტიების გაუმჯობესებას ითვალისწინებს, შესაბამისად, პენსიის მაქსიმალური ზღვარი იზრდება.

„ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის კანონმდებლობაში. წლების განმავლობაში პრობლემას წარმოადგენდა კანონით განსაზღვრული პენსიის ზედა ჭერი – 560 ლარი, რომელიც 2006 წელს არის დადგენილი. პირველადი პენსიის ზრდის მიუხედავად, ეს ზედა ჭერი იყო უცვლელი. ადამიანებს, ვისაც ჰქონდათ მრავალი წელი ნამსახურები ძალოვან სტრუქტურებში, ასევე ყოფილ პარლამენტარებს, მოსამართლეებს და ა. შ. შეზღუდული ჰქონდათ უფრო მეტი აკადემიური სტიპენდიის მიღება. ცვლილებით იზრდება ზედა ჭერი“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

ცვლილებების თანახმად, მთავრობის ინიციატივით შემოთავაზებულია, რომ 560-ლარიანი შეზღუდვა გაიზარდოს 1000 ლარამდე, ხოლო ადამიანებს, ვისაც მარჩენალის გარდაცვალების გამო დანიშნული ჰქონდათ კომპენსაცია, მათთვის ზედა ზღვარი გაიზარდოს 1200 ლარამდე.

გარდა ამისა, 2013 წლის შემდეგ პირველად იცვლება კოეფიციენტების დაანგარიშების წესი და კოეფიციენტების ოდენობა წოდებების მიხედვით 5-დან 25 ლარამდე იზრდება. ზედა ჭერი ასევე იზრდება ყოფილი მოსამართლეებისთვის, ყოფილი პროკურორებისთვის, ყოფილი პარლამენტარებისთვის, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის, ყოფილი დიპლომატებისთვის, სამოქალაქო ავიაციის ყოფილი მოსამსახურეებისთვის, ყოფილი გენერალური აუდიტორის და მისი მოადგილისათვის.

ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, საბოლოო ჯამში ეს ცვლილებები გავლენას იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე და დამატებით გათვალისწინებულია 45 მილიონი ლარის ხარჯი.

საკანონმდებლო ცვლილება 2024 წლის 1-ელი მაისიდან უნდა ამოქმედდეს. შესაბამისად, მოხდება პენსიის გადაანგარიშება მათთვის, ვისაც უკვე დანიშნული აქვს.