“ცვლილებები, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ წარმოადგინა, ფასადურია” – ხატია დეკანოიძე

27
spot_img

ნებისმიერი სახის იმუნიტეტი, რომელიც ექნება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს, რა თქმა უნდა, ვერ განაპირობებს მის დამოუკიდებლობას – ცვლილებები, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ წარმოადგინა, ფასადურია, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობას განაპირობებს გამჭვირვალე კონკურსით შერჩეული უფროსი და ამასთან, ბიუროსთვის საგამოძიებო ორგანოს დამატება.

მან ასევე NDI-ის ანგარიშთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ არც ეტყობა პოლიტიკური ნება, რომ „გამოასწოროს ძალიან მწვავე შეფასებებში ჩაწერილი რეკომენდაციები“.

„საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის პირველი შეფასება არის უარყოფითი. თუ ასე გაგრძელდება უარყოფითად წინასაარჩევნო გარემოს შეფასება, რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდ გავლენას მოახდენს არჩევნების დღეზე,“ – აღნიშნა დეკანოიძემ.

გარდა ამისა, მან რუსეთის სავარაუდო გავლენებზე ისაუბრა და განაცხადა რომ „ქართული ოცნება“ რუსეთის მიერ ღიად მხარდაჭერილი პარტიაა.

„რუსეთის პირდაპირი ინტერესია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოიგოს არჩევნები. მე ვთვლი, რომ სხვა ფარული ჩარევის მცდელობები რუსეთს არ აქვს, ერთადერთი რუსეთს რაც უნდა ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილი დარჩეს მმართველობაში. ამიტომ გასაგებია, უკვე რომ ეს არის ღია პრორუსული ინტერესები საქართველოში. საქართველოს არჩევნებში რუსეთის და პუტინის ინტერესი არ არის პროდასავლური ძალების კოალიციის გამარჯვება. მათი ინტერესია ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი „ქართულ ოცნებასთან“ ერთად დარჩეს მმართველობაში,“ – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.