ყოფილი ძალოვანების პენსია 560 ლარიდან 1000 ლარამდე გაიზრდება

57
spot_img

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში ცვლილებები განიხილა. მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა კომიტეტის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, ცვლილებები ასევე შედის „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ და „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონებში.

პროექტი ძალოვანი უწყებიდან დათხოვნილ მოსამსახურეთა სოციალური გარანტიების გაუმჯობესებას ითვალისწინებს, შესაბამისად, პენსიის მაქსიმალური ზღვარი იზრდება.

„ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის კანონმდებლობაში. წლების განმავლობაში პრობლემას წარმოადგენდა კანონით განსაზღვრული პენსიის ზედა ჭერი – 560 ლარი, რომელიც 2006 წელს არის დადგენილი. პირველადი პენსიის ზრდის მიუხედავად, ეს ზედა ჭერი იყო უცვლელი. ადამიანებს, ვისაც ჰქონდათ მრავალი წელი ნამსახურები ძალოვან სტრუქტურებში, ასევე ყოფილ პარლამენტარებს, მოსამართლეებს და ა. შ. შეზღუდული ჰქონდათ უფრო მეტი აკადემიური სტიპენდიის მიღება. ცვლილებით იზრდება ზედა ჭერი“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

ცვლილებების თანახმად, მთავრობის ინიციატივით შემოთავაზებულია, რომ 560-ლარიანი შეზღუდვა გაიზარდოს 1000 ლარამდე, ხოლო ადამიანებს, ვისაც მარჩენალის გარდაცვალების გამო დანიშნული ჰქონდათ კომპენსაცია, მათთვის ზედა ზღვარი გაიზარდოს 1200 ლარამდე.

გარდა ამისა, 2013 წლის შემდეგ პირველად იცვლება კოეფიციენტების დაანგარიშების წესი და კოეფიციენტების ოდენობა წოდებების მიხედვით 5-დან 25 ლარამდე იზრდება. ზედა ჭერი ასევე იზრდება ყოფილი მოსამართლეებისთვის, ყოფილი პროკურორებისთვის, ყოფილი პარლამენტარებისთვის, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის, ყოფილი დიპლომატებისთვის, სამოქალაქო ავიაციის ყოფილი მოსამსახურეებისთვის, ყოფილი გენერალური აუდიტორის და მისი მოადგილისათვის.

ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, საბოლოო ჯამში ეს ცვლილებები გავლენას იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე და დამატებით გათვალისწინებულია 45 მილიონი ლარის ხარჯი.

საკანონმდებლო ცვლილება 2024 წლის 1-ელი მაისიდან უნდა ამოქმედდეს. შესაბამისად, მოხდება პენსიის გადაანგარიშება მათთვის, ვისაც უკვე დანიშნული აქვს.