Home Blog Page 1442

„აღმოსავლეთ-დასავლეთის“ მაგისტრალური გაზსადენის 20,5 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა საოკუპაციო გამყოფი ზოლის სიახლოვეს მიმდინარეობს

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ მაგისტრალური გაზსადენის „ლეხურა-სვენეთის“ 20,5 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობას ახორციელებს, რომელიც შიდა ქართლში საოკუპაციო გამყოფი ზოლის სიახლოვეს მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მილსადენის მშენებლობის სამუშაოებს, სოფელ ნადარბაზევთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ნავთობისა და გაზის კორპორაციის ხელმძღვანელი პირები გაეცნენ.

სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსის, ჯუბო ტურაშვილის განცხადებით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზრდება როგორც უშუალოდ გამყოფი ხაზის სიახლოვეს არსებული დასახლებების, ისე მთლიანად საქართველოს გაზმომარაგების ერთიანი სისტემის ფუნქციონირების ხარისხი.

„მნიშვნელოვანია, რომ გაზსადენის მშენებლობის პროცესში ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული. საქართველოს მთავრობა და ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად განაგრძობენ ქვეყნის რეგიონების გაზიფიკაციას, გაზსადენების სისტემის გამართული მუშაობა კი მოსახლეობის ენერგორესურსებზე წვდომისა და მიწოდების საიმედოობის უზრუნველყოფის გარანტიაა“, – აღნიშნა ჯუბო ტურაშვილმა.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორის, გიორგი ჩიქოვანის განცხადებით, ახალ მილსადენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს ის ფაქტი, რომ იგი საოკუპაციო გამყოფი ხაზის სიახლოვეს გადის და მისი მეშვეობით საქართველოს გაზმომარაგების ერთიანი სისტემის ფუნქციონირების ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

„აღნიშნული პროექტით გრძელდება „აღმოსავლეთი – დასავლეთის“ მაგისტრალური გაზსადენის განახლება. შარშან წარმატებით დავასრულეთ ნატახტარი – ლეხურას 31-კმ-იანი მონაკვეთი. კორპორაციას მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენების მშენებლობის არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული და შესაბამისად, მდიდარი გამოცდილება გააჩნია. მაგისტრალურ გაზსადენზე სარეაბილიტაციო – სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ ჩვენი ქვეყნის გაზის ქსელური ინფრასტრუქტურის მოწყობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება,“ – აღნიშნა გიორგი ჩიქოვანმა.

მისი თქმით, კორპორაცია აგრძელებს გაზის ტრანსპორტირების სისტემის მშენებლობასა და რეაბილიტაციას ქსელის განვითარების 10-წლიანი გეგმის შესაბამისად, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერაა დამტკიცებული.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის დეპარტამენტის უფროსის, ზვიად ზვიადაძის განცხადებით, აღნიშნული პროექტი უმნიშვნელოვანესია იმ მოსახლეობისთვის, რომელიც გამყოფი ხაზის გასწვრივ ცხოვრობს.

„ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობა, ყოველდღე საქმის კეთება მკაფიო გზავნილია გამყოფი ხაზის მიღმა მცხოვრები ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვისაც, რათა დაინახონ განსხვავება იმას შორის, რაც ჩვენთან ხდება და რაც, სამწუხაროდ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება. ამ ყველაფრისთვის თითოეულ ადამიანს, ვინც აქაა დასაქმებული, მინდა მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა ზვიად ზვიადაძემ.

აღსანიშნავია, რომ „ლეხურა-სვენეთის“ 20.5 კმ-იანი მშენებარე მილსადენი ჩაანაცვლებს უკვე არსებულ მოძველებულ მონაკვეთს და აგრეთვე ახალ ტერიტორიებსაც მოიცავს. ახალი გაზსადენი ექსპლუატაციაში 2024 წლის მეორე ნახევარში შევა.

ცხოველის ჯილეხით სიკვდილის შემთხვევაში მეპატრონეები სახელმწიფოსგან ფულად კომპენსაციას მიიღებენ

კომპენსაციის გადახდისა და ოდენობის განსაზღვრის შესახებ წესი 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა (საქართველოს მთავრობის №332 დადგენილება).

კომპენსაციის მიღებას შეძლებენ ის პირები:

  • რომელთა პირუტყვიც იდენტიფიცირებულია საყურე ნიშნით და აღრიცხულია ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მიკვლევადობის ეროვნულ სისტემაში (NAITS);
  • რომლებსაც უარი არ აქვთ ნათქვამი ცხოველის ვაქცინაცია/რევაქცინაციაზე.

ცხოველის მფლობელი/მომვლელი ვალდებულია, ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს. კომპენსაცია გაიცემა ჯილეხის ლაბორატორიულად დადასტურების შემთხვევაში.

კომპენსაცია არ გაიცემა თუ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში (ცხოველის ჯილეხის საწინააღმდეგო ვაქცინაცია/რევაქცინაცია) პასუხისმგებელმა პირმა უარი განაცხადა ცხოველის ვაქცინაციაზე და არსებობს სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ გაკეთებული ჩანაწერი პასუხისმგებელი პირის მხრიდან უარის განცხადების თაობაზე.

კომპენსაციის ოდენობას განსაზღვრავს და გასცემს სურსათის ეროვნული სააგენტო. გადაწყვეტილებას სააგენტოს მიერ შექმნილი კომისია იღებს ჯილეხით ცხოველის სიკვდილის დადასტურებიდან ერთი თვის ვადაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ცხელ ხაზზე – 1501.

კომპენსაციის ახალი წესის ამოქმედება შესაძლებელი გახდა ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მიკვლევადობის ეროვნულ სისტემის (NAITS) პროექტის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ერთობლივი მუშაობის შედეგად. NAITS-ის ფინანსური მხარდამჭერები არიან შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა (ADC)

დაავადება ჯილეხის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჩინეთის და გერმანიის 2 მოქალაქე, ასევე, რუსეთისა და უკრაინის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირი დააკავეს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამოღებულია – „კოკაინი“, „მდმა“, „მეტამფეტამინი“, „მეთადონი“ და ფსიქოტროპული საშუალება კეტამინის შემცველი ნივთიერებები.

„ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დაკავებულია 1995 წელს დაბადებული პ.კ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1994 წელს დაბადებული ხ.ვ., 1971 წელს დაბადებულ ი.ბ. და 1972 წელს დაბადებული ბ.ბ. დააკავეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოდანაშაულებრივ სქემაში იყვნენ ჩართული. მათ შორის ერთ-ერთი, 1995 წელს დაბადებული პ.კ. საქართველოში ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდან, თბილისის აეროპორტის გავლით შემოვიდა. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, აეროპორტში მისი პირადი ჩხრეკა განხორციელდა.

სამართალდამცველების მიერ, ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით, ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის „კოკაინი“, „მდმა“, „მეტამფეტამინი“, „მეთადონი“ და ფსიქოტროპული საშუალება კეტამინის შემცველი ნივთიერებები.

ნივთმტკიცებად, ასევე, ამოღებულია თანხა, ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ელექტრო სასწორები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“საქართველო არის ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა და შუა დერეფანი სრულად თუ განვითარდება, ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი არსებობს” – როლანდ პრაისი

შუა დერეფანი სრულად თუ განვითარდება, არსებობს ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, როლანდ პრაისმა შუა დერეფნის პოტენციალის ათვისების შესახებ მსოფლიო ბანკის ახალი კვლევის პრეზენტაციის დაწყებამდე განაცხადა.

როლანდ პრაისის თქმით, საქართველო არის ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა შუა დერეფანში.

„დღეს ჩვენ ვიწყებთ კვლევას შუა დერეფნის პოტენციალზე. მთავარი აღმოჩენა უკვე არის შესაძლებლობა, გავასამმაგოთ ვაჭრობა და გავანახევროთ მგზავრობის დრო 2021 წლის ვაჭრობისა და მგზავრობის მონაცემებთან შედარებით. შუა დერეფანი სრულად თუ განვითარდება, არსებობს ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი. ამას გარკვეული დრო და ინვესტიციები დასჭირდება. რაც მთავარია, დასჭირდება თანამშრომლობა მხარეებს შორის, როგორც საჯარო, ისე კერძო პირებთან.

საქართველოს როლს რაც შეეხება, საქართველო არის ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა. ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველო, ყაზახეთი და აზერბაიჯანი სამი ძირითადი ქვეყანაა შუა დერეფანში. რა იქნება 2030 წელს? ჩემი შეხედულება ასეთია, რომ ჩვენ გვჭირდება საერთო ხედვა. ვსაუბრობთ კომერციაზე, კერძო სექტორზე. როგორც კი იქნება საერთო ხედვა და საერთო ვალდებულება ამ დერეფნის განვითარების შესახებ, ვფიქრობ, არაფერი იქნება შეუძლებელი. შუა დერეფანი შეიძლება გამოვიყენოთ არა მხოლოდ როგორც ხიდი ევროპასა და აზიას შორის, ევროპიდან აზიაში საქონლის შემოტანის მიზნით, არამედ ის დაეხმარება რეგიონთაშორისი ვაჭრობის განვითარებას. ასე რომ, ეს ნამდვილად არის ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობა შუა დერეფნის რეგიონის ქვეყნებისთვის“, – განაცხადა როლანდ პრაისმა.

პალესტინის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

პალესტინის პრემიერ-მინისტრი, მოჰამედ შტაიე თანამდებობიდან გადადგა.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, ეს ნაბიჯი მოჰყვა ამერიკის შეერთებული შტატების წნეხს პალესტინის ლიდერ მაჰმუდ აბასზე, რადგან ღაზაში ბრძოლების შესაჩერებლად საერთაშორისო მცდელობები ძლიერდება.

განცხადებაში შტაიემ აღნიშნა, რომ მომავალმა ადმინისტრაციამ უნდა გაითვალისწინოს ღაზაში არსებული რეალობა, რომელიც თითქმის ხუთთვიანმა მძიმე ბრძოლებმა შექმნა.

მისი თქმით, მომდევნო ეტაპი მოითხოვს ახალ სამთავრობო და პოლიტიკურ ფორმირებას, რომელიც გაითვალისწინებს ღაზის სექტორში არსებულ რეალობას, მოლაპარაკებებს და პალესტინელთა შორის კონსენსუსის გადაუდებელ აუცილებლობას.

შტაიეს განცხადებით, მომდევნო ეტაპი ასევე მოითხოვს ხელისუფლების უფლებამოსილების გაფართოებას პალესტინის მთელ ტერიტორიაზე“.

ისრაელი უკრაინას საჰაერო თავდასხმების გამაფრთხილებელ სისტემებს მიაწვდის

ისრაელი გეგმავს უკრაინას საჰაერო თავდასხმების ადრეული გაფრთხილების სისტემები მიაწოდოს, – ინფორმაციას უკრაინული მედია გაერო-ში ისრაელის მუდმივ წარმომადგენელზე, გილად ერდანზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ისრაელი მუშაობს იმაზე, რომ უკრაინას სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემები მიაწოდოს“,- აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, ისრაელი მოხარულია, რომ თავის პოტენციალს უკრაინელ მეგობრებს უზიარებს.

ერდანმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების პირველ დღეებში ისრაელმა უკრაინას 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული აღჭურვილობა გაუგზავნა.

„გარდა ამისა, ასობით უკრაინელმა მკურნალობა ისრაელის საავადმყოფოებსა და სარეაბილიტაციო ცენტრებში გაიარა“, – დასძინა ელჩმა.

“მიკვირს, რა დავაშავეთ ისეთი, რომ პრეზიდენტთან მიწვევის ობიექტები არ ვართ” – იაგო ხვიჩია

ძალიან მიკვირს, ჩვენ რა დავაშავეთ ისეთი, რაც ჩვენს კოლეგებს არ დაუშავებიათ, რომ ისინი არიან მოწვევის ობიექტები და ჩვენ – არა. ისე, როგორც ჩანს, ვაბრაზებთ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

იაგო ხვიჩიას თქმით, არ იცის, რა შანსი უნდა ჰქონდეს ერთობას, რადგან იდეა არავის გააჩნია.

„Ცოტა ხანში, მგონი, ჩემი კოლეგები მიხვდებიან, რომ ეს ყველაზე ნაყოფიერი შეხვედრა არ იყო მათ ცხოვრებაში. მე გამოვლილი მაქვს ეს ეტაპი ერთი-ორჯერ და აქედან გამომდინარე ვიცი, თუმცა მაინც ძალიან მიკვირს, ჩვენ რა დავაშავეთ ისეთი, რაც ჩვენს კოლეგებს არ დაუშავებიათ, რომ ისინი არიან მოწვევის ობიექტები და ჩვენ – არა. ისე, ვაბრაზებთ, როგორც ჩანს.

რა შანსი უნდა ჰქონდეს ამ ერთობას? იდეა არავის გააჩნია და რამ უნდა გააერთიანოს ერთმანეთთან, არ ვიცი. ერთმანეთი არ უყვართ, სიყვარული ვერ გააერთიანებს, იდეა არ გააჩნიათ, არ მეგობრობენ, არ ვიცი, პურ-მარილი თუ გაიშალა, კაი, შეიძლება, მივიდნენ და დასხდნენ ერთად, მაგრამ, მგონი, ეგეც არ იშლება პრეზიდენტის სასახლეში ასე მარტივად“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

“ჩინელი ტურისტები სასურველი არიან მთელი მსოფლიოსთვის, მათ ახასიათებთ ხანგრძლივი მოგზაურობა, საკმაოდ ბევრ ფულს ხარჯავენ”

ჩინელი ტურისტები ძალიან სასურველი ტურისტები არიან მთელი მსოფლიოსთვის. მათ ახასიათებთ ხანგრძლივი მოგზაურობა, საკმაოდ ბევრ ფულს ხარჯავენ, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ განაცხადა.

„ვფიქრობთ, რომ ჩვენთვის ძალიან სასურველი იქნება ჩინელი ტურისტი. 2023 წელს 50 ათასამდე ჩინელის სტუმრობდა საქართველოს. წელს გვაქვს მთელი რიგი აქტივობები დაგეგმილი. ვგეგმავთ ვიზიტს ჩინეთში და მონაწილეობას საერთაშორისო გამოფენაში, შანხაიში, სადაც ქართულ ტურისტულ კომპანიებს წავიყვანთ და დავამეგობრებთ, დავაკავშირებთ ადგილობრივ ტურისტულ კომპანიებთან. ასვე ტურიზმის ასოციაციებთან გვექნება მჭიდრო კავშირები და რა თქმა უნდა, ვგეგმავთ მარკეტინგულ კამპანიებს, როგორც ციფრული ასევე ტრადიციული მედია საშუალებებით“, – აღნიშნა ომიაძემ.

ჩინეთში საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ვეტინგის“ სისტემის შემოთავაზება რადიკალური ოპოზიციის კოლონიალური დამოკიდებულების გამოვლენაა”

„ვეტინგის“ სისტემის შემოთავაზება სხვა არაფერია, თუ არა კიდევ ერთხელ რადიკალური ოპოზიციის კოლონიალური დამოკიდებულების გამოვლენა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, ქვეყნები საკუთარი სუვერენიტეტისა და სახელმწიფო ინსტიტუტების გარე ძალების ჩარევისგან დაცვას ცდილობენ, ამ დროს ოპოზიცია ცდილობს, უცხოური ძალები შემოუშვან ქართულ პოლიტიკასა და მართლმსაჯულებაში.

„„ვეტინგის“ სისტემა ბუნებრივად მიუღებელი და ანტიკონსტიტუციურია. თურმე დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ამდენი იმიტომ ვიბრძოლეთ, რომ მოსამართლეები ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას და იუსტიციის საბჭოს კი არ დაენიშნა, არამედ საელჩოებს, რომლებიც თურმე ხელისუფლების მესამე შტოს უნდა მართავდნენ. ეს არის, ოპოზიციის გაგებით, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოითხოვა „ვეტინგის“ სისტემის შემოღება, რომელიც მოსამართლეების მიერ ე.წ. კეთილსინდისიერების ტესტის გავლას გულისხმობს.

“ცვლილებას ვერ მოიტანს ბარიერთან ჭიდაობითა და მისი ვერ გადალახვის შიშით ნაკარნახევი ერთობა, ცვლილებებს მოიტანს ხალთან ერთობა” – ნიკა მელია

ცვლილებას ვერ მოიტანს ბარიერთან ჭიდაობითა და მისი ვერ გადალახვის შიშით ნაკარნახევი ერთობა, ცვლილებებს მოიტანს ხალთან ერთობა – მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანი არის „არცერთი“, რაც არ ნიშნავს გადაუწყვეტელობას, ეს ნიშნავს მათ მყარ გადაწყვეტილებებსა და ცვლილების სურვილს, – ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნიკა მელია საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე წერს.

მისი თქმით, პოლიტიკური სპექტრის „ნაცებად“ და „ქოცებად“ დაყოფა არის „მოცემულობისა და ელექტორალური დამოკიდებულებების უგულებელყოფა“.

„ბოლო დროს, ხშირად იმის საექსპერტო მოსაზრებები როგორ უნდა დაჯგუფდეს ოპოზიცია მომავალი არჩევნებისთვის, როგორ გამსხვილდეს და ა.შ.

ხშირად ისმის დაყოფა, ყოფილი „ნაცი“, მოქმედი თუ ყოფილი „ქოცი“.

მაშინ, როდესაც „ოცნება“ ცდილობს დაყოს პოლიტიკური სპექტრი და არსებული ელექტორატი „ნაცებად“ და „ქოცებად“, რაც არის დაყოფა წარსულის და არა მომავლის პერსპექტივისა თუ არჩევანის მიხედვით, ჩაგვკეტოს წარსულსა და აწმყოს შორის არჩევანში, ისე თითქოს არ გვქონდეს ახალი მოცემულობები, ახალი გამოწვევები და მომავალი – არის მოცემულობისა და ელექტორალური დამოკიდებულებების უგულებელყოფა.

წარსულში, 2004 წლის მდგომარეობით, „ნაცი“, მოსახლეობის 94%-ია , ხოლო 2012 წლის მდგომარეობით, ქოცი 55%-ის.

დღეის მდგომარეობით კი, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის, მყარი და პრინციპული და არა „შუაშისტური” არჩევანი არის – „არცერთი“, რაც არ ნიშნავს გადაუწყვეტელობას, ეს ნიშნავს მათ მყარ გადაწყვეტილებებსა და ცვლილების სურვილს, ჩვენ კი უნდა მოვძებნოთ ის გზა, რომელსაც მივყავართ მომავლისკენ, რომელიც, პირველ რიგში, აერთიანებს ჩვენს ამომრჩეველს.

ცვლილებას ვერ მოიტანს ბარიერთან ჭიდაობითა და მისი ვერ გადალახვის შიშით ნაკარნახევი ერთობა, ცვლილებებს მოიტანს ხალთან ერთობა და მომავლის რწმენა, ხალხის ერთობა რომელსაც ბევრად მეტი საერთო აქვს, ვიდრე წარსულში გაკეთებული განსხვავებული პარტიული არჩევანია.

ხოლო ერთობის ზომას, არ განსაზღვრავს მასში შემავალი სუბიექტების რაოდენობა, განსაზღვრავს ხალხის რაოდენობა, რომელსაც ეს ერთობა აერთიანებს, რომლის ინტერესსაც ატარებს და ასახავს“,- აცხადებს ნიკა მელია.

“ჩინეთი უზარმაზარი შესაძლებლობების ქვეყანაა, მათ შორის, ეკონომიკური, სპორტული, კულტურული, საგანმანათლებლო კუთხით”

ჩინეთი უზარმაზარი შესაძლებლობების ქვეყანაა, მათ შორის, ეკონომიკური, სპორტული, კულტურული, საგანმანათლებლო კუთხით, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„შესაბამისად, თუკი ექნებათ მათ მოქალაქეებს შესაძლებლობა, რომლებიც ამ სფეროების მიხედვით არიან დაინტერესებულები თანამშრომლობის აწყობაში, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ კარგი – ადამიანებს ახალი პერსპექტივები უჩნდებათ“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

ჩინეთში საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

“ჩვენ ცარიელი სანქციებით რუსეთს ვერაფერს ვავნებთ“ – რას წერს ბრიტანული “თაიმსი”

ბრიტანულ გაზეთ „თაიმსში“ (The Times) გამოქვეყნებულია ცნობილი ჟურნალისტის, პოლიტოლოგისა და ექსპერტის, რუსეთის შესახებ მრავალი წიგნის ავტორის ედვარდ ლუკასის სტატია სათაურით „ჩვენ ცარიელი სანქციებით რუსეთს ვერაფერს ვავნებთ“, რომელშიც განხილულია დასავლეთის მიერ გამოცხადებული ანტირუსული სანქციების არაეფექტიანობის მიზეზები: რა შეცდომები დაუშვეს ევროკავშირმა და აშშ-მა კრემლის წინააღმდეგ ემბარგოს დაწესების დროს და როგორ შეიძლება სიტუაციის გამოსწორება.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

სასურველის სინამდვილედ გასაღება და ცარიელი ჟესტები – დასავლური საგარეო პოლიტიკის უბედურებას წარმოადგენს. ამის ნათელი მაგალითია ის სანქციები, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მა და ევრვოკავშირმა შემოიღეს. თითქმის 13-რაუნდიანი ანტირუსული სანქციების შედეგად, რითაც დასავლეთი მოსკოვს განუწყვეტლივ სასჯელს უცხადებდა, დღეისათვის სანქცირებულია 11 ათასი კერძო პირი და 4600 საწარმო (კომპანია). სანქციები მოიცავს ენერგორესურსებს (ნავთობი და გაზი), საბანკო საქმეს, იმპორტსა და ექსპორტს, ფინანსურ ოპერაციებს და პროდუქციის ფიზიკურ მიწოდებებს. სანქციების მიზანი იყო კრემლის სამხედრო მანქანის მწყობრიდან გამოყვანა, მაგრამ აკრძალვა-ემბარგოებმა არ იმუშავეს – ისევე როგორც იმ 2600-მა სანქციამ, რომლებიც ომამდელ წლებში იქნა მიღებული დასავლეთის მიერ. ისმება კითხვა: რატომ?

მიზეზები საკმარისზე მეტია. ავიღოთ, მაგალითად, ფინანსური სანქციები, რომლებიც თავისი არსით ძალიან მკაცრია და მიმართულია იმ რუსული ბანკების წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებულნი არიან გაზის, ნავთობისა და ქვანახშირის გაყიდვასთან.

სანქციები დაწესდა, მაგრამ რა გამოვიდა? ჩვენ, უბრალოდ [ჩვენივე გადაწყვეტილების გვერდის ავლით], აქტივები სანქცირებული ბანკებიდან იმ ბანკებში გადავიტანეთ, რომლებზეც სანქციები არ ვრცელდებოდა. ჩვენ ისეთი სავაჭრო სანქციები დავაწესეთ იმდენი შენიშვნებით და გამორიცხვებით, რომ რუსეთმა იოლად იპოვა „ხვრელები“ და კარგად ისარგებლა – განსაკუთრებით ნავთობის გაყიდვის სფეროში.

იცით დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ სულ ბოლო დროს შემოღებული ანტირუსული სანქციები ვის ეხება? ვის და სადღაც ჩრდილოეთის პოლარული წრის მიღმა თუ ციმბირში მდებარე საპყრობილეს უფროსებს – იქ, სადაც ალექსი ნავალნი იხდიდა უკანონო სასჯელს. გამოცხადებული სანქციის თანახმად, საპყრობილეს ხელმძღვანელებს სასტიკად აეკრძალათ დიდი ბრიტანეთში ჩასვლა. კი, საკმაოდ ხმამაღლა ჟღერს – „სასტიკად აეკრძალათ“, მაგრამ პრაქტიკულად ეს სანქცია არაფრის მომტანი არ არის. უფრო მეტიც – ჩვენ ვთვალთმაქცობთ, როცა ვამბობთ, რომ რუსეთს ზიანს ვაყენებთ და ამ დროს მასთან ჩვენი კავშირების შენარჩუნებას ვცდილობთ.

ჩვენ რომ ორი წლის წინ დაგვეწყო საბრძოლო მასალების წარმოება და უკრაინისათვის საჭირო იარაღი ომის პირველივე თვეებში მიგვეცა – მაგალითად, შორი რადიუსით მოქმედი რაკეტები, ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებები, ავიაგამანადგურებლები და სხვა ტექნიკა, რასაც კიევი ითხოვდა, დღევანდელი ომი სულ სხვაგვარი იქნებოდა.

ჩვენ დაყოვნებით ვმოქმედებთ. ჩვენმა დაგვიანებამ უამრავი საცხოვრებელი სახლი დაანგრია, უამრავი მშვიდობიანი ადამიანების სიცოცხლე შეიწირა, რომ არაფერი ვთქვათ სამხედრო მოსამსახურეებზე.. ჩვენი პოლიტიკოსები გასაკვირად გულგრილად უყურებენ ამ ყველაფერს.

საჭირო იყო უფრო ეფექტური სანქციების გამოცხადება და რაც გამოცხადდა, მათ მიმართ ეფექტური კონტროლი და არა [რუსი] პოტიომკინისავით საკუთარი თავის მოტყუება. ჩვენ შეგვეძლო რუსეთის ცენტრალური ბანკის 300 მილიარდიანი აქტივის დაყადაღება და მისი უკრაინისთვის გადაცემა. დიახ, არსებობს იურიდიული ბარიერები, მაგრამ რა ვუყოთ იმ საფრთხეს, რომელიც ჩვენ დაგვემუქრება, თუ უკრაინა ომს წააგებს?

ჩვენ შეგვეძლო იმ დასავლური (ანუ ჩვენივე) კომპანიების დასჯა, რომლებიც კრემლის სამხედრო ეკონომიკას ხელს უწყობენ. დიდი ბრიტანეთი, ჩვენდა სამარცხვინოდ, რუსული ნავთობით საერთაშორისო ვაჭრობის უდიდესი დამზღვევია, ანუ ჩვენი დახმარებით რუსეთმა ომის პირველ 18 თვეში 100 მილიარდი გირვანქა სტერლინგი მიიღო. არადა, ვერაფერს ვიტყვით: ყველაფერი კანონიერია…

ზოგიერთი დასავლური კომპანია რუსეთში საქმიანობას ძველებურად აგრძელებს. მაგალითად, კვების პროდუქტების მწარმოებელი „მონდელეზი“ (Mondelez) აცხადებს, რომ გმობს რუსეთის ომს უკრაინასთან, მაგრამ რუსეთის ბაზარს არ ტოვებს და ამას იმით ხსნის, რომ მომხმარებლების, თანამშრომლებისა და მომწოდებლების წინაშე ვალდებულებები გვაქვსო…

შეიძლებოდა სხვა ტაქტიკის გამოყენებაც – მკაცრად დასჯილიყვნენ ჩვენი კომპანიები, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთს. უნდა დასჯილიყვნენ არა მათი ფიქტიური ფილიალები, რომლებიც სადღაც კარიბის ზღვის კუნძულებზე არიან რეგისტრირებულები, არამედ რეალური ადამიანები, მათი მფლობელები. მათთვის უნდა დაგვეკისრებინა დამატებითი გადასახადები… თუ უარს იტყოდნენ გადახდაზე, მათი აქტივების დაყადაღება მოხდებოდა, საბოლოოდ კი აუქციონზე გაყიდვა.  არ მოეწონებოდათ? მიმართავდნენ სასამართლოს, მაგრამ ეს იქნებოდა მათი მორალური სახის ჩვენება. კარგი იქნებოდა, თუ [მათი ქონების გაყიდვის შედეგად] მიღებული თანხები უკრაინაში გაიგზავნება.

წყარო