მინდა, სააკაშვილს ვუთხრა, რომ თუ ასე გააგრძელა მისი პარტიის მენეჯმენტმა, როგორც იქცევა, არასერიოზულად და ზევით-ქვევით ირბინა კარტოფილებით და ბარკლებით და არ მიხედა რეალურ საქმეს, შეიძლება მათაც ვერ გადალახონ ეს საარჩევნო ბარიერი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც შეაფასა მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ „თუ ასე გაგრძელდა, პატარა პარტიები 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ“.
ოდიშარიას თქმით, „კოლექტიური ნაცები“ ნამდვილად ახლოს არიან იმასთან, რომ 2024-ის არჩევნებზე კატასტროფულ მარცხი იწვნიონ.
„მსჯავრდებულ სააკაშვილს ვეთანხმები იმაში, რომ ნამდვილად ძალიან ახლოს არიან „კოლექტიური ნაცები“ იმასთან, რომ 2024-ის შემოდგომაზე იწვნიონ კატასტროფულ მარცხი, რაც გულისხმობს იმას, რომ, ბუნებრივია, ისინი საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავენ. მაგრამ ასევე სააკაშვილს მინდა ვუთხრა, რომ თუ ასე გააგრძელა მისი პარტიის მენეჯმენტმა, როგორც ის იქცევა, არასერიოზულად, ზევით-ქვევით ირბინა კარტოფილებით და ბარკლებით და არ მიხედა რეალურ საქმეს და არ ჩაერთო რეალურ პოლიტიკაში, შეიძლება მათაც ვერ გადალახონ ეს საარჩევნო ბარიერი. ასე რომ, ყველა ერთად კარგი გზით მიდიან, სწორი კალაპოტით და ამ კალაპოტში, რომელიც მარცხისკენ მიდის, ვუსურვებთ ზურგის ქარს“,- განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ თუ ასე გაგრძელდა, პატარა პარტიები 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ, ამიტომ „ნაციონალურ მოძრაობას – გამარჯვების პლატფორმას“ მოუწევს ერთპიროვნულად გამარჯვება. „მე ძალიან ვშიშობ, რომ თუ ასე გაგრძელდა, პატარა პარტიები ვერ გადალახავენ 5%-იან ბარიერს. პრობლემატურია, მათ შორის, მთლიანად ოპოზიციისთვის და ქვეყნისთვის. ეს საფრთხე არის ძალიან რეალური, ამიტომ „ნაციონალურ მოძრაობას“ – „გამარჯვების პლატფორმას“ მოუწევს ერთპიროვნულად გამარჯვება. გამარჯვებაში მე საერთოდ ეჭვი არ მეპარება“,- განაცხადა სააკაშვილმა.