ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვებისა და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე თამაშის აღსანიშნავად, საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ მიიღო. საკოლექციო მონეტის დიზაინზე სებ-ი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად იმუშავებს.
„საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს. ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი გერმანიაში გაიმართება და ჯგუფის პირველ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები 18 ივნისს თურქეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
2022 წელს სებ-მა საქართველოში ევრობასკეტის მასპინძლობასთან დაკავშირებით „ევრობასკეტი 2022“-ის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა გამოუშვა“,- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.