Home Blog Page 1431

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმის ხელახალი განხილვა დაიწყო – პროცესს მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად ესწრება

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმის ხელახალი განხილვა დაიწყო, რომელზეც ბრალდებულები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და ყოფილი მაღალჩინოსნები არიან.

სხდომა სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს, რომელსაც დისტანციურად ესწრება მიხეილ სააკაშვილიც.

დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების ხელახლა გამოკვლევას დაიწყებენ, ვინაიდან გასულ სხდომაზე დაცვის მხარემ აღნიშნულის მოთხოვნით შუამდგომლობა დააყენა. ადვოკატები ითხოვდნენ, საქმის მასალები დეტალურად სცოდნოდა მოსამართლეთა კოლეგიიდან ერთ-ერთს – ლაშა კლდიაშვილს, ვინაიდან ის საქმეში ახლახან ჩაერთო.

სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა და რამდენიმეწლიანი სასამართლო განხილვებისა და მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ, პროცესები ისევ თავიდან ჩატარდება.

არსებული ინფორმაციით, დღევანდელ პროცესზე ვიდეომტკიცებულებებს გამოიკვლევენ, რომელიც 7 ნოემბრის დარბევას ასახავს.

ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პატრულ-ინსპექტორი ჯგუფურ ძალადობაში ამხილა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, მოქალაქის მიმართ ჯგუფურად ფიზიკური ძალადობის ჩადენის ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორი გ.ი. იქნა მხილებული, – ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ სამართალდამცავმა, თანმხლებ პირთან ერთად, 2023 წლის 28 სექტემბერს ახალციხეში, ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე ყოფით ნიადაგზე მომხდარი შელაპარაკებისას ფიზიკურად იძალადა მოქალაქეზე, რის შედეგადაც მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე საქართველოს პროკურატურამ საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ბრალდება ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინა. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე აგრძელებს გამოძიებას“, – აღნიშნულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

“ღია ბარათი საქართველოდან- სადღეგრძელო ყურძნის მოსავალს”- Financial Times

ბრიტანულ გაზეთ “ფაინენშელ თაიმსში” (Financial Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით “ღია ბარათი საქართველოდან: სადღეგრძელო ყურძნის მოსავალს // კახეთის ოჯახურ ვენახებში სტუმრებს რთველში მონაწილეობას და სუფრაზე ქეიფს სთავაზობენ“ (ავტორი – კამილა ბელ-დევისი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

თბილისში ყოფნის დროს ლეგენდა მოვისმინე სპარსეთის შაჰ აბას I-ზე,რომლისთვისაც 1616 წელს საქართველოდან სპარსეთში ჩატანილი საფერავის ღვინო უჩუქებიათ. როცა შაჰს ღვინო დაულევია, ისე მოსწონებია, რომ იმწუთასვე არმია შეუკრებია და კახეთს შესევია ნაყოფიერი მიწების დასაპყრობად. ქართველები თავდამსხმელებს არ დამორჩილდნენ და მტერს გაბედულად დახვდნენ. როცა შაჰს დაუნახავს, რომ ისინი ბრძოლისათვის საჭირო ძალას საფერავიდან იღებდნენ, მას უბრძანებია, რომ ვენახები აეჩეხათ და ვაზი ამოეძირკვათ. მოგვიანებით აბას I-მა ინანა თავის გადაწყვეტილება, მაგრამ უკვე გვიან იყო:ღვინო, რომელიც მას ესოდენ მოსწონდა, დაიკარგა.

საბედნიეროდ, როგორც აღმოჩნდა, სპარსეთის მმართველის ბრძანების შესრულებას ქართველები წინააღმდეგობას უწევდნენ და ვენახები ნაწილობრივ გადარჩა, შემდეგ კი ვაზი ისევ გავრცელდა. დღეს საქართველოს მეღვინეობის-მევენახეობის დარგი ფართოვდება, ქართული ღვინის წარმოება ბუმს განიცდის: ღვინოები უცხოურ კონკურსებში მონაწილეობენ და მაღალ საერთაშორისო ჯილდოებს იღებენ, ცნობილი უცხოური ბარ-რესტორნები ქართული ღვინით მარაგის შევსებას ცდილობენ.

საქართველოში ტურ კომპანია Wild Frontiers-ს მეშვეობით ჩავედი იმ მიზნით, რომ შემოდგომაზე ვენახში ყურძნის მოსავლის აღებაში – რთველში მიმეღო მონაწილეობა და საფერავის ყურძენი მომეკრიფა, რომლითაც მომავალი წლისათვის ღვინო დამზადდებოდა. ეს პერიოდი ვენახებით მოფენილ კახეთში ძალიან აქტიური და შრომატევადია. ყოველ ოჯახს სურს რთველის დროს ყურძნის რაც შეიძლება მეტი მკრეფავი ჰყავდეს: ვინც კი კახეთში ჩავა სექტემბერ-ოქტომბერში, ყველას შეუძლია რთველში მონაწილეობა მიიღოს. თქვენ, სტუმარს, ამისთვის არაფრის გადახდა არ გჭირდებათ და არც მასპინძლები არ გიხდიან, თუ მხედველობაში არ მივიღებთ უხვ საჭმელს – რაც გინდათ და რამდენიც გინდათ, მიირთვით. საერთოდ, უცხოელმა სტუმრებმა რთველში მონაწილეობა უმჯობესია კახეთის რომელიმე საოჯახო სასტუმროს მეშვეობით მიიღოს – თითქმის ყველას აქვს საკუთარი პატარა ვენახი – და წინასწარ დააზუსტოს, თუ როდის აქვთ დაგეგმილი მოსავლის აღება (მაგალითად, “კვირია” თელავში).

ტურისტულმა კომპანიამ შემომთავაზა მონაწილეობა ავთანდილ (ავთო) ხუციშვილის – მცირე ბიზნესმენის რთველში. მცირე მეწარმეობა კახეთისათვის ტიპიური მოვლენაა. ავთო ყოველი მოსავლის აღების შემდეგ 10 ათას ბოთლამდე ღვინოს ამზადებს სტუმრებისა და ახლობლებისთვის.

კახეთში შემოდგომაა, მაგრამ ჯერ ისევ ცხელა. მივდივართ ავთოს ვენახში, რომელიც [ყვარლის მუნიციპალიტეტში, ალაზნის ხეობაში] სოფელ გავაზთან ახლოს მდებარეობს. ჰორიზონტზე კავკასიის შემოდგომის ფერებით შემოსილი მთები მოჩანს. ავთოს ოჯახის წევრებს – ყურძნის მკრეფავებს – ვენახში შორიდან უკვე ვხედავთ: ქალებს – ღია ფერის თავსაფრებით და კაცებს – ჩალის ქუდების მსგავსი ეროვნული თავსაბურავებით, რომლებიც ვაზის ყურძნის მტევნებს შორის მოჩანან.

ვიწყებთ რთველს: ვიღებთ ვედროებს, ვაზის დიდ ფოთლებს აქეთ-იქით ვწევ და მტევნებს ვჭრი. მზე მაცხუნებს და ოფლი მომდის. ოჯახის ერთ-ერთი წევრი ტრაქტორის მისაბმელის ძარაზე დგას, მას ყურძნით სავსე ვედროებს ვაწვდი, რომლებსაც ძარაში დაწყობილ ყუთებში ცლის. ყუთებიდან მათრობელა სასიამოვნო არომატი იფრქვევა.
ნაშუადღევს რთველს ვამთავრებთ და დაღლილები ხის ჩრდილში ბალახზე ვწვებით. წელში ცოტა ტკივილს ვგრძნობ, ხელებზე მეწამული ლაქები მაქვს… უკან დაბრუნებისას, გზაში ყურძნით დატვირთულ უამრავ ავტომანქანას ვხედავთ.

სასტუმრო სახლში იმ დროს დავბრუნდით, როცა რთველის კულმინაციური მომენტი უნდა დაწყებულიყო: ყურძნით სავსე ყუთები კაკლის დიდი ხის ქვეშ არსებულ ქვის საწნახელში იცლება. “ყურძნის დაწურვის დაწყებას ჩვენ ხშირად ბავშვებსაც ვანდობთ ხოლმე”, – ამბობს ავთო და გვანიშნებს, საწნახელში ჩავდგეთ. ყურძნის დაწურვა ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა.

სუფრასთან ვსხდებით. მაგიდაზე უამრავი საჭმელია – ღორის მწვადები, შემწვარი ბადრიჯანი ნიგვზით, ხაჭაპური, ბოსტნეული… ტრაპეზის დროს თამადა სადღეგრძელოებს ამბობს, ისმის შეძახილები – “გაუმარჯოს!”. თამადა აქებს მოსავალს, ლოცავს სტუმრებს და ოჯახის წევრებს.

ავთო ჭაჭის არაყსაც ხდის – სპირტის (ალკოჰოლის) შემცველ სასმელს, რომელიც ყურძნის ნარჩენებით მზადდება. ჭაჭის პირველივე ყლუპი ყელს მწვავს და მკერდზე ხელს ვიტაცებ, სხვები კი ამოისუნთქებენ, ზალპით სვამენ და ბოკალს აცარიელებენ. “ქართული ღვინო სამკურნალოა, ჯანმრთელობას უხდება, ამიტომ მისი დალევა ავადმყოფებისთვისაც შეიძლება, მაგრამ ჭაჭა რომ დალიო, ჯანმრთელი უნდა იყო”, – კომენტარს აკეთებს ოჯახის ერთ-ერთი წევრი. ჩემთვის ეს ყველაფერი ჰედონიზმია – სიამოვნების მომგვრელი, თავს ბედნიერად ვგრძნობ. ყურძენში მზის ენერგიაა განსახიერებული, რთველში კი ამ ენერგიის მიღება ადამიანების მიერ.

მომდევნო დღეს კაკაბეთში [საგარეჯოს მუნიციპალიტეტში] მდებარე დახვეწილი გემოვნებით დამზადებული ღვინოებით ცნობილ ღვინის მარნის “ველინოს” რთველში უნდა მიგვეღო მონაწილეობა, მაგრამ მისმა მფლობელმა ბექა ჯიმშელიძემ ყურძნის კრეფვა ორი კვირით გადადო – შარშან მისმა “გვიანი საფერავის” ღვინომ საკმაოდ კარგი საერთაშორისო აღიარება ჰპოვა, ამიტომ წელსაც მოსავლის გვიან აღება გადაწყვიტა. რთველის ნაცვლად მივდივართ ღვინის დეგუსტაციაზე, გზადაგზა კი პეიზაჟით ვტკბებით. იქვე ადგილობრივ თაფლსაც ვყიდულობთ. უკან, “ველინოში” გვიან ვბრუნდებით.

ბექა წყნარი ახალგაზრდა კაცია, პერფექციონისტი (იგი ცდილობს საქმე სრულყოფილად გააკეთოს და არ კმაყოფილდება მიღწეულით), იცავს ქვევრებში – ამფორების მსგავს თიხის ჭურჭლებში – ღვინის დამზადების რვათასწლოვან ტრადიციებს. ქვევრში ჩასხმული ყურძნის წვენი, ფერმენტაციის შედეგად, რამდენიმე თვეში ღვინდება და თეთრ-ქარვისფერ ან წითელ ღვინოდ გადაიქცევა. ბექა გვიხსნის, რომ ქვევრში ღვინო ბუნებრივი წესით “იფილტრება” (სუფთავდება და გამჭვირვალე ხდება). იმის გამო, წომ ყურძნის წვენის ჩასხმის წინ ქვევრებს ალუბლის ხის ქერქისაგან დამზადებული სარცხელით რეცხავენ და ფუტკრის ცვილს უსვამენ, ღვინო იღებს ალუბლისა და ცვილის არომატს.

ვაგემოვნებთ ძველ ქართულ ქარვისფერ ღვინოს “რქაწითელს, რომელიც “ვალინოს” მარანშია დამზადებული. ბექა განმარტავს, რომ ქარვის შეფერილობა წარმოიქმნება ყურძნის კანით და წიპწით. სულ ბოლოს კი ვსვამთ იმ საბედისწერო წითელ ღვინოს, რომელმაც 400 წლის წინათ სარსეთის შაჰი აბას I საქართველოში მოიყვანა. “საფერავი” ისეთი ღვინოა, რომლის ძალასაც დალევისთანავე ძარღვებში იგრძნობთ. “თუ მტერი თავს დაგვესხმება, ჩვენ ამ ღვინოს დავლევთ, – ამბობს ბექა და სასმისს მაღლა სწევს, – ძალა გაგვიორმაგდება და მზად ვიქნებით საბრძოლველად”.

წყარო

“ფარულ კენჭისყრას იმდენი სპეკულაცია მოჰყვა, მზად ვართ, კენჭისყრა გამჭვირვალე იყოს ნებისმიერ საკითხზე”

ფარულ კენჭისყრას იმდენი სპეკულაცია მოჰყვა, რომ მზად ვართ, კენჭისყრა გამჭვირვალე იყოს ნებისმიერ საკითხზე, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ერთმანეთს თუ არ ენდობა, ეს მათი პრობლემაა.

„პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის განსაზღვრულია ვადები, რომელსაც ვერავინ გადავა. თუ არ ვცდები, სამ კვირამდეა დარჩენილი და, საბოლოო ჯამში, პარლამენტმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. რეგლამენტში ცვლილებები დაჩქარებული წესით არ შედის. ფარულ კენჭისყრას იმდენი სპეკულაცია მოჰყვა, რომ მზად ვართ, კენჭისყრა გამჭვირვალე იყოს ნებისმიერ საკითხზე. იმპიჩმენტს მხარს ვუჭერთ, მაგრამ არანაირი იმედი არ გვაქვს საპარლამენტო ოპოზიციის, რომელიც ამბობს, რომ მხარს არ უჭერს. თუ თავად ოპოზიცია ერთმანეთს არ ენდობა, ეს მათი პრობლემაა. რა თქმა უნდა, უმრავლესობაში ერთმანეთის მიმართ ნდობა გვაქვს. სალომე სამადაშვილს არაერთხელ ვურჩიე, თავი დაანებოს ბოროტი სიზმრების ახსნას. სჯობს, პარლამენტში მოვიდეს, გახალისდეს და კანონშემოქმედებით პროცესს დიდი დრო დაუთმოს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების თანამდებობაზე არჩევისა და გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, ფარული კენჭისყრის ნაცვლად, ღია კენჭისყრით მოხდება.

“პროფესორის ხელფასი რომ არ იზრდება და დაახლოებით 1000 ლარია, როგორ უნდა მისცეს მან ნორმალური განათლება ახალგაზრდა სტუდენტს?” – გიორგი ვაშაძე

უმაღლესი განათლების დასაფინანსებლად 2250 ლარი 2010 წელს დაწესდა. ამის მერე მოხდა ინფლაცია, გაუფასურება, ლარის კურსი დაეცა, გეკითხებით, ეს ციფრი არ უნდა შეიცვალოს? პროფესორის ხელფასი რომ არ იზრდება და დაახლოებით 1000 ლარია, როგორ უნდა მისცეს მან ნორმალური განათლება ახალგაზრდა სტუდენტს? – ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტში, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძეს, რომელიც 2024 წლის ბიუჯეტის პირველად ვერსიას წარადგენს.

მისივე თქმით, სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის ჩამოწერილი თანხები, ისევ უნივერსიტეტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს დააკლდათ.

„უმაღლესი განათლების დასაფინანსებლად 2250 ლარი 2010 წელს დაწესდა. ამის მერე მოხდა ინფლაცია, გაუფასურება, ლარის კურსი დაეცა, გეკითხებით, ეს ციფრი არ უნდა შეიცვალოს? პროფესორის ხელფასი რომ არ იზრდება და დაახლოებით 1000 ლარია, როგორ უნდა მისცეს მან ნორმალური განათლება ახალგაზრდა სტუდენტს? პროფესორ- მასწავლებელმა რა დაგიშავათ ასეთი, რომ სამჯერ კი არ ვითხოვთ ზრდას, 10% -ითაც არ გაიზარდა მათი ხელფასი?! გეკითხებით, რატომ არ გადაიხედა? განათლება თუ არ არის ქვეყნის პრიორიტეტი, ის ქვეყანა წინ ვერ წავა. 2250 ლარიან გრანტს ერთი კაპიკითაც რომ არ ზრდით, არ არის ეს უსამართლო? საიდან ფული? ქამრები შემოიჭირეთ და ფული საკმარისზე მეტია! როცა ეს არ გაინტერესებთ, პროფესორი დილის 9 – დან საღამოს 9- მდე ლექციებს რომ კითხულობს, მშიერი არ მოკვდეს და როდის განვითარდეს? როდის მოემზადოს? როდის მისცეს უკეთესი ცოდნა ახალგაზრდას? და ამით ისევ ახალგაზრდა ზარალდება. ახლა მეორე საკითხი- სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხზე დაიბარეთ უნივერსიტეტები, “დააკაჩავეთ” და უთხარით, რომ ეს ვალები ჩამოაწერონ სტუდენტებს და 20% – ს გადმოგიგდებთო. მე კითხვა მაქვს ვის დააკლდა ეს ფული? უმაღლეს სასწავლებლებს! თქვენ რაიმე დაიკელით? საბოლოოდ პროფესორ- მასწავლებლებსა და მათ ხელფასს დააკლდა, ინფრასტრუქტურას დააკლდა, ასე არ არის?! სტუდენტს დააკლდა იმიტომ, რომ წარსულის ვალი ჩამოაწერინეთ, მაგრამ მომავლის, 1 წლის ფული მაინც გადაგეხადათ, რომ სტუდენტებს სწავლა გაეგრძელებინათ, რამდენმა გააგრძელა სწავლა? თითქმის, არცერთმა. ამით დაზარალდა, უნივერსიტეტი, პროფესორ- მასწავლებელი, სტუდენტი და მოგებული დარჩა ღარიბაშვილი. რატომ? იმიტომ, რომ ისევ ჩარტერით უნდა გაფრინდეს, ეს არის უსამართლობა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

რაც შეეხება საწვავის ფასს, როგორც ვაშაძემ ფრაქციის სხდომაზე აღნიშნა, საწვავის ფასის შესამცირებლად, საჭიროა სახელმწიფომ აქციზის გადასახადზე უარი თქვას.

„საწვავის ფასი კატასტროფულად ზრდის განმაპირობებელი ის, რომ რუსეთს გამოგვაბით ჭიპლარით. საწვავის ზრდა ახდენს ყველაზე ზეგავლენას, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, დისტრიბუციაზე, სოფელში მცხოვრებმა რომ დაამუშაოს მიწა, იქაც საწვავის ფასი ახდენს გავლენას. ბიუჯეტში შემოდის თანხა აქციზის სახით. ამდენით რომ იზრდება ბიუჯეტი, ხომ შეიძლება ერთხელ მაინც თქვათ, ვზრუნავთ ყველაზე თანაბრად, 523 მილიონზე ვიტყვით უარს და დაახლოებით 50 თეთრით შევამციროთ საწვავის ფასი?! ეს ფასების ზრდას შეანელებს და ყველა მოქალაქეზე აისახება, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, პროდუქტის ფასზე, სოფელში მცხოვრებზე, ყველაზე აისახება. აი, იმპორტიორებიც ამბობენ, რომ საწვავის ფასი როცა არის მაღალი, ფასს ვზრდით მყისიერადო. ამდენი ფული გაქვთ, თქვი უარი ამაზე, რაღაცა ნაბიჯი გადადგით ხალხისკენ. როცა ამბობთ, რომ ეკონომიკა იზრდება და ხალხს ეს არ ემჩნევა, ასე აღარ იქნება, იმიტომ, რომ მზარდი ეკონომიკა მოქალაქეებზე გადანაწილდება- ჩემზე, თქვენზე, დასაქმებულზე, უმუშევარზე, მანქანის მფლობელზე, ყველაზე თანაბრად აისახება. გეკითხებით, რატომ ამბობთ უარს, რომ აქციზი საწვავზე გაუქმდეს და დაუბრუნდეს ეს ხალხს? ახლა თუ მეტყვით რომ პოპულიზმიაო, პოპულიზმი არის ტყუილი დაპირებები, როცა კალაძე გამოვიდა და თქვა, რომ ქუთაისში ელექტრომანქანების საწარმოს ავაშენებთო, სად არის ეს საწარმო? ან როცა ღარიბაშვილი გამოვიდა და თქვა, რომ როჩილდებთან ერთად ჰაბი გავხდებითო. ფული გადავუხადეთ მათ, მაგრამ არაფერი მათი მოტანილი არ გვინახავს. 5 მილიონი ყველა სოფელს, უფასო ფული, ეგ არის ტყუილი! ეს არის პოპულიზმი! მე რასაც გეუბნებით, ეს არის ციფრებით გამყარებული“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

საქსტატი მოსახლეობის აღწერის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს

საქსტატი მოსახლეობის აღწერის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს.

„სოციალური ქსელებით საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ ვრცელდება მცდარი ინფორმაცია 2024 წელს დაგეგმილი საყოველთაო აღწერის მეთოდოლოგიის შესახებ და მიზნად ისახავს მოსახლეობის შეგნებულად შეცდომაში შეყვანის მცდელობას. კერძოდ, არასწორად არის მიწოდებული ინფორმაცია აღწერაში გამოყენებული ტერმინის „მუდმივი მოსახლეობის“ შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა ტარდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან (UN) მჭიდრო თანამშრომლობით. შესაბამისად, გაერო-ს მეთოდოლოგიის მიხედვით, პირი ითვლება მუდმივ მცხოვრებლად, თუ ის კონკრეტულ დასახლებულ პუნქტში ცხოვრობს 12 თვეზე მეტი პერიოდის განმავლობაში.

ამ მეთოდოლოგიას იყენებს გაერო-ს წევრი 200-მდე ქვეყანა და არავითარ კავშირში არ არის არჩევნებში პირის მონაწილეობასთან ან საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასთან. იგი წარმოადგენს საერთაშორისოდ აღიარებულ სტატისტიკურ ტერმინს და გამოიყენება მხოლოდ მოსახლეობის რაოდენობის გასაანგარიშებლად. უნდა აღინიშნოს, რომ ანალოგიურ პირობებში არიან ჩვენი ემიგრანტები, რომლებიც წლებია, ცხოვრობენ სხვადასხვა ქვეყანაში (გერმანია, საბერძნეთი, აშშ, იტალია და ასე შემდეგ), არიან შესაბამისი ქვეყნისთვის მუდმივი მოსახლეობა, მაგრამ ეს მათ არ აძლევს იმ ქვეყანაში არჩევნებში მონაწილეობის უფლებას. ამასთან, აღწერა ტარდება არჩევნების შემდეგ (2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე პერიოდში), შედეგები კი გამოქვეყნდება ექვს თვეში და, შესაბამისად, შემხებლობაში არ არის ერთმანეთთან“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

“საქართველოში მოსახლეობის აღწერა გაეროს მეთოდოლოგიის მიხედვით ტარდება”

სტატისტიკის ეროვნული სამსახური მოსახლეობის აღწერის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს.

„საქსტატის“ ცნობით, საქართველოში მოსახლეობის აღწერა გაეროს მეთოდოლოგიის მიხედვით ტარდება და მას არჩევნებში პირის მონაწილეობასთან, ან საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასთან არავითარი კავშირში არ აქვს.

„საქსტატის“ განმარტებით, ტერმინი „მუდმივი მოსახლეობა“ საერთაშორისოდ აღიარებულ სტატისტიკურ ტერმინს წარმოადგენს და მხოლოდ მოსახლეობის რაოდენობის გასაანგარიშებლად გამოიყენება.

„სოციალური ქსელებით, საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ ვრცელდება მცდარი ინფორმაცია 2024 წელს დაგეგმილი საყოველთაო აღწერის მეთოდოლოგიის შესახებ და მიზნად ისახავს მოსახლეობის შეგნებულად შეცდომაში შეყვანის მცდელობას. კერძოდ, არასწორად არის მიწოდებული ინფორმაცია აღწერაში გამოყენებული ტერმინის „მუდმივი მოსახლეობის“ შესახებ.

აღნიშნულთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან (UN) მჭიდრო თანამშრომლობით ტარდება. შესაბამისად, გაეროს მეთოდოლოგიის მიხედვით, პირი ითვლება მუდმივ მაცხოვრებლად, თუ ის კონკრეტულ დასახლებულ პუნქტში 12 თვეზე მეტი პერიოდის განმავლობაში ცხოვრობს. ამ მეთოდოლოგიას გაეროს წევრი 200-მდე ქვეყანა იყენებს და არჩევნებში პირის მონაწილეობასთან ან საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასთან არავითარი კავშირში არ არის. იგი საერთაშორისოდ აღიარებულ სტატისტიკურ ტერმინს წარმოადგენს და მხოლოდ მოსახლეობის რაოდენობის გასაანგარიშებლად გამოიყენება.

უნდა აღინიშნოს, რომ ანალოგიურ პირობებში არიან ჩვენი ემიგრანტები, რომლებიც წლებია სხვადასხვა ქვეყნებში (გერმანია, საბერძნეთი, აშშ, იტალია და ა.შ.) ცხოვრობენ, არიან შესაბამისი ქვეყნისთვის მუდმივი მოსახლეობა, მაგრამ ეს მათ იმ ქვეყანაში არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევს.

ამასთან, აღწერა არჩევნების შემდეგ (2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე პერიოდში) ტარდება, შედეგები კი 6 თვეში გამოქვეყნდება და შესაბამისად, ერთმანეთთან შემხებლობაში არ არის,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

“ისლამური ანტისემიტიზმი – ყველაზე მძიმე მომენტი ისრაელისთვის- “განკითხვის დღის” ომის შემდეგ”-The Daily Telegraph

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) ეხმაურება ახლო აღმოსავლეთში დაწყებულ მწვავე კრიზისს და აქვეყნებს სტატიას სათაურით „ისლამური ანტისემიტიზმი – ყველაზე მძიმე მომენტი ისრაელისთვის, „განკითხვის დღის“ ომის შემდეგ“ (ავტორი – ჯეიკ საიმონსი);

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ისრაელში დღეს რაც ხდება, შეიძლება 50 წლის წინ მომხდარ ფაქტს – იომ-ქიფურის („განკითხვის დღის“) ომს შევადაროთ. 1973 წელს, ისრაელის დაზვერვის წარუმატებლობა გაუგონარი ხელის მოცარვის ტოლფასი იყო. როცა მოსახლეობა რელიგიური დღესასწაულის აღნიშვნას აპირებდა, ადამიანები გაოგნებულნი იყვნენ მასირებული მოულოდნელი თავდასხმით. ეს იყო ერთ-ერთი დამანგრეველი დილა ებრაული სახელმწიფოს ისტორიაში. იმ ომის შედეგად მსხვერპლი ერთ სულ მოსახლეზე სამჯერ მეტი იყო, ვიდრე აშშ-ის დანაკარგები ვიეტნამის ომში. რა თქმა უნდა, იომ-ქიფურის ომი უკვე ისტორიის კუთვნილებაა, მაგრამ დღევანდელ და იმდროინდელ სიტუაციას შორის გარკვეული პარალელი შეიძლება გატარდეს – 1973 წელს რაც მოხდა, დღესაც თითქმის იგივე კატასტროფას წარმოადგენს ებრაელებისათვის.
ისრაელის უსაფრთხოების სისტემაში მომხდარმა შეცდომებმა საქმე იქამდე მიიყვანა, რომ შეიარაღებული ტერორისტები ღაზას სექტორიდან ისრაელის ქალაქებში შეიჭრნენ და არავის არ ინდობდნენ. ეს ფაქტი ახსნა-განმარტებას მოითხოვს. 1973 წელს ისრაელის სამხედრო და პოლიტიკური ისტებლიშმენტი შეცდომით ფიქრობდა, რომ არაბული არმიები მათ არ შეუტევდა – ყველა დარწმუნებული იყო, რომ ისინი დამარცხდებოდნენ და ამიტომ ეგვიპტე და სირია თვითმკვლელობაზე არ წავიდოდნენ. იყო თუ არა მსგავსი სასირცხვილო ქედმაღლობა გამოვლენილი ამ დღეებშიც, როცა ებრაელები სუკოტის (კარვების) დღესასწაულის დასასრულს აღნიშნავდნენ?

ვიდეოკადრებში ჩანს, რომ არაბი მებრძოლები ისრაელის ქალაქების საცხოვრებელ კვარტლებს ესვრიან. გაურკვეველი რაოდენობის ებრაელები ტყვედ იქნენ ხელში ჩაგდებულნი. საზოგადოება ისრაელის სადაზვერვო სამსახურებს მძაფრად აკრიტიკებს. ბევრს იმის დანახვა, თუ როგორ ზეიმობენ და ცეკვავენ არაბები პალესტინის ქალაქებში, თუ როგორ ეპყრობიან ტყვედ აყვანილ ებრაელ ქალებს და ბავშვებს, ებრაელ ტანკისტებს, გულისრევის შეგრძნებას იწვევს. მათ შორის ჩემშიც.

ასე დაიწყო ჩვენს თვალწინ სამხედრო-პოლიტიკური ხანძარი, რომლის მსგავსი ცხოვრებაში არ მინახავს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ომი გამოაცხადა. ეს ნიშნავს, რომ ღაზას სექტორის უზრუნველყოფა ელექტროენერგიითა და გაზით შეწყდა.

ეს ნიშნავს, რომ ისრაელის არმია უდიდესი ძალის საპასუხო დარტყმას მიაყენებს არაბი ტერორისტების საყრდენ პუნქტებს, კავშირგაბმულობის სისტემას და ინფრასტრუქტურას. ომი არ დასრულდება მანამ, სანამ არაბები უკანასკნელ ებრაელ ტყვეს ან მოკლულთა ცხედრებს არ დააბრუნებს. ასე რომ, ტრაგედია ტრაგედიაზე აეწყობა. უნდა ვემზადოთ ხანგრძლივი საომარი პერსპექტივისათვის.

სხვათა შორის, არსებობს იმის საფრთხეც, რომ „ჰეზბოლა“ (არაბ ტერორისტთა დაჯგუფება ლიბანში), რომელსაც რაკეტების რეზერვი ზოგიერთ სახელმწიფოზე მეტი აქვს, ისრაელის ჩრდილოეთში მეორე ფრონტს გახსნის და ებრაელთა თავდაცვის ძალებს ორად გაყოფს – ანუ 1973 წლის მოვლენები განმეორდება. და ყველასათვის გასაგებია, ამ ყველაფრის უკან ირანი დგას, რომელიც აიარაღებს როგორც „ჰამასს“, ასევე „ჰეზბოლასაც“.

თეირანს დიდი ხანია სურს ისრაელზე თავდასხმა ამ ორი ტერორისტული დაჯგუფების მონაწილეობით.
ძნელია არაფერი არ ვთქვათ და არ გავაკრიტიკოთ დასავლეთის ე.წ. „დამწყნარებელი“ პოლიტიკა, რომელმაც ირანი და მისი საცეცები, მათ შორის, „ჰამასი“ გაათამამა. შორს რომ არ წავიდეთ, გავიხსენოთ, თუ როგორ გამოვიდა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმ წინადადების წინააღმდეგ, რომ „ისლამური რევოლუციის გუშაგების კორპუსი“ „შავ სიაში“ შეტანილიყო, მიუხედავად იმისა, რომ MI-5-ის გენდირექტორმა თავის მოხსენებაში ირანელ „გუშაგთა“ ანტიბრიტანული ტერორისტული ქმედების დამადასტურებელი ფაქტები წარადგინა.

ამასობაში კი ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ირანის მმართველ რეჟიმს ჩუმად ეხმარება: ნავთობის ექსპორტის აკრძალვას აუქმებს და თეირანს ნებას აძლევს მილიონობით დოლარის შემოსავლები მიიღოს და ამ ფულით საზღვარგარეთ ტერორისტულ ორგანიზაციებს არსებობა გაუგრძელოს, ასევე გააგრძელოს ბირთვული იარაღის შექმნის პროგრამა.

სამწუხაროდ, ჩვენ ახლაც მოწმენი ვართ იმისა, რაც ხშირად ხოლმე ხდება ისრაელის მიმართ: როცა ერთი ომი რეალურად მიმდინარეობს, მეორე ომი ონლაინ რეჟიმით ინტერნეტში ხდება: ტროლები არმია ცდილობს ეჭვქვეშ დააყენოს ებრაული სახელმწიფოს თავდაცვითი ნაბიჯები. იმ დროსაც კი, როცა „ჰამასის“ ტერორისტები ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობას კლავენ, ჩვენ გვესმის, რომ „ებრაელები თურმე სიკვდილს იმსახურებენ“. როცა ისრაელის არმია „ჰამასს“ საპასუხო დარტყმას აყენებს, ჩვენ გვეუბნებიან, არაპროპორციული მოქმედებთო. მაჰმუდ აბასმა, პალესტინელმა ე.წ. „ზომიერმა“ ლიდერმა, რომელიც უკვე 18 წელია პრეზიდენტის როლს ასრულებს, თანამემამულეთა მიერ ჩადენილი მხეცობა გაამართლა და თქვა, რომ ეს ყველაფერი გამოწვეულია ისრაელის საოკუპაციო ჯარის მოქმედებით და არაბების მიწაზე ებრაელთა ახალმა დასახლებებით.

დასავლელი „სასარგებლო იდიოტები“ სოციალისტური მიდგომით აცხადებენ, რომ „ჰამასის“ ორგანიზაცია „წინააღმდეგობის მებრძოლთა ჯგუფს“ წარმოადგენს და რომ ისინი, როცა ებრაელებს ხოცავენ, უბრალოდ, კოლონიურ სახელმწიფოს ებრძვიან. საღად მოაზროვნე ადამიანების პასუხი ამ მართლაც იდიოტების მიმართ ასეთია: ეს არის ანტისემიტური თავდასხმა. მსგავსი რამ ადრეც ხდებოდა, მაგრამ ახლა შეიძლება პირდაპირი პარალელის გავლება „ჰამასსა“ და ადოლფ ჰიტლერს შორის: მეორე მსოფლიო ომის დროს ექსტრემისტული პალესტინელი ლიდერი, ამინ ალ-ჰუსეინი, რომელიც ებრაელობას ინფექციურ ავადმყოფობად მიიჩნევდა, ხოლო უშუალოდ ებრაელს – მიკრობად და ბაცილად თვლიდა, მესამე რეიხის იდეოლოგიის გამტარებლად მუშაობდა ახლო აღმოსავლეთში: ხელს უწყობდა ფაშიზმის პროპაგანდას რადიოს, პრესის და პროკლამაციების მეშვეობით.

წაიკითხეთ „ჰამასის“ წესდება: 32-ე მუხლში ნათქვამია, რომ „ჰამასი“ იბრძვის სიონისტთა შეთქმულების წინააღმდეგ, რომლებსაც სურთ ნილოსსა და ევფრატს შორის არსებული ტერიტორიის დაპყრობა. ეს გეგმა „სიონელი ბრძენების ოქმებშია“ გამოხატული“. არასაკმარისი იქნებოდა იმის თქმა, რომ „ჰამასი“ ნაცისტური პროპაგანდის გავლენის ქვეშაა მოქცეული. ეს პირდაპირ ნაცისტურ პროპაგანდას წარმოადგენს.
ის ფაქტი, რომ ზოგიერთი დასავლელი ლიბერალი ორაზროვნად ლაპარაკობს და ირიბად მხარს უჭერს არაბებს, ისინი თავიანთი ასეთი ქცევით ფაქტობრივად მხარს ისლამისტ ფაშისტებს უჭერენ.

ასეთ „გულუბრყვილობას“ ვერაფრით გამართლებ. ეს არის მორალური კრახი. დასავლეთი წინ უნდა აღუდგეს მსგავს პოლიტიკოსებს და ისრაელის გვერდით დადგეს.

წყარო

“ვერავინ ვერასდროს დაივიწყებს, რა ქნეს ტერორისტებმა ისრაელში” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში მიმდინარე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 69-ე სესიაზე გამოსვლისას ისრაელში არსებულ ვითარებას გამოეხმაურა.

„ამ დღეების განმავლობაში ჩვენი ყურადღება შუა აღმოსავლეთისკენაა მიმართული, ვერავინ ვერასდროს დაივიწყებს, რა ქნეს ტერორისტებმა ისრაელში. ათასობით რაკეტა მშვიდობიანი ქალაქების წინააღმდეგ; ხალხს მანქანებში ესვრიან; ქუჩები სისხლითაა დაფარული“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ისრაელსა და უკრაინაში არსებულ ვითარებას შორის პარალელი გაავლო და აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანაზე თავდასხმას ტერორისტები ახორციელებენ.

„ისრაელელებმა, ისრაელელმა იორდანელებმა, ვინც იყვნენ უკრაინაში, ვინც იყვნენ ბუჩაში, ნახეს იგივე ბორეტება, რაც რუსეთმა დაატრიალა. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ისრაელზე თავდამსხმელი ტერორისტული ორგანიზაციაა, ხოლო უკრაინაზე თავდამსხმელი – ტერორისტული სახელმწიფო. არსი იგივეა. თქვენ ხედავთ სისხლს ქუჩებში, იმავე სამოქალაქო მანქანებისთვის სროლას, ადამიანების ცხედრებს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ირანის პასუხისმგებლობის საკითხზეც გაამახვილა ყურადღება.

„ირანს არ შეუძლია, თქვას, რომ არაფრის გაკეთება შეუძლია იმასთან დაკავშირებით, რაც ისრაელში ხდება. სადამდე შეიძლება, ეს ბოროტება მივიდეს?“ – აღნიშნა ზელენსკიმ.

თიბისის მოსწავლის ბარათის მფლობელები ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ ისარგებლებენ

თიბისის და ქუთაისის მერიის ინიციატივით, ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ ისარგებლებენ.

შეთავაზებით სარგებლობისთვის, მოსწავლეებმა მგზავრობისას თიბისის მოსწავლის Visa/Mastercard ფიზიკური ბარათი უნდა გამოიყენონ. მგზავრობის რაოდენობა შეზღუდული არ არის. სატრანსპორტო შეღავათი გავრცელდება თიბისის ქუთაისის ფილიალებში გაცემულ მოსწავლის ბარათებზე. ახალი მომხმარებლებისთვის, სატრანსპორტო შეღავათი ბარათის აღებიდან 2 სამუშაო დღეში გააქტიურდება.

ქუთაისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობაზე შეღავათი ვრცელდება ასევე თიბისის სტუდენტის ბარათის მფლობელებისთვისაც. ქუთაისის უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების 33 ათასზე მეტ სტუდენტს ნახევარ ფასად შეუძლია მგზავრობა.

თიბისისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი თაობის მხარდაჭერა და ხელშეწყობა, შესაბამისად მათზე  მორგებული პროდუქტების, სერვისებისა და შეთავაზებების შექმნა ბანკისთვის ყოველთვის პრიორიტეტულია.

R

“მთავარი პრობლემა, რომელიც შეიძლება არჩევნებში ამ ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით გაღრმავდეს, არის ფარულობა”

მთავარი პრობლემა, რომელიც შეიძლება ამ ტექნოლოგიების გამოყენებით გაღრმავდეს, არის ფარულობა – საზოგადოებას, პოლიტიკურ პარტიებს და სამოქალაქო ჯგუფებს სამუშაო ექნებათ არა იმდენად ტექნოლოგიაზე, არამედ კლიმატზე, რომ ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან მოსყიდვამ და დაშინებამ ვეღარ იმუშაოს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მხრიდან საარჩევნო კამპანიის დროს, დაშინებისა და მოსყიდვის მეთოდები „უდავოდ იქნება გამოყენებული“, თუმცა წინასწარ საუბარი იმაზე, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს „პრინციპულად არასწორად“ მიაჩნია. ბოკერიას შეფასებით, „ამაზე საუბარი არათუ არაფრის მომტანია, არამედ ეს არის ის, რაც ივანიშვილის რეჟიმს აწყობს“.

„მე ვფიქრობ, მთავარი პრობლემა, რომელიც შეიძლება ამ ტექნოლოგიების გამოყენებით გაღრმავდეს, არის ფარულობა. ეს აღნიშნა ყველამ. ფარულობის საკითხი არის პოლიტიკური კლიმატის საკითხი, ხელისუფლებისადმი ნდობის და იმ მეთოდების თემა, როგორც ხელისუფლება საარჩევნო კამპანიას ექცევა – მოსყიდვა, დაშინება. „ქართული ოცნების“ კამპანიის საკვანძო ნაწილი არის სწორედ ანგარიშის ჩაბარება, რომ იცოდნენ და აკონტროლებდნენ ხმებს. ეს იყო მანიპულაციის მთავარი მეთოდი. აქ საზოგადოებას, მათ შორის, პოლიტიკურ პარტიებს და სამოქალაქო ჯგუფებს სამუშაო ექნებათ არა იმდენად ტექნოლოგიაზე, არამედ კლიმატზე და იმ ატმოსფეროზე, რომელიც საზოგადოებაში იარსებებს, სადაც ამ მეთოდებმა, რომელიც აქამდე საკმარისი იყო ივანიშვილის რეჟიმისთვის, ვგულისხმობ, მოსყიდვა, დაშინება და ხმების კონტროლი, ვეღარ იმუშაოს,“ – განაცხადა ბოკერიამ.

“ევროკავშირში მხარდამჭერი, მეგობარი ქვეყანა აღარ დაგვრჩა, რომელიც საქართველოს ლობირებას გაუწევს” – ზურაბ ჯაფარიძე

ევროკავშირის მხრიდან წინაპირობებია დაყენებული. ეს ერთი მხრივ, 12 რეკომენდაციის შესრულებაა, რომელიც არ შესრულებულა და არც აპირებენ. ახლა თამაშობენ, რომ ვითომ რაღაცას ასრულებენ. ვენეციის კომისიაში სამოქმედო გეგმები და რაღაცები გადააგზავნეს, ეს არის ბოდვა,- ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, საქართველოს უსაფრთხოება, მშვიდობა და განვითარება გადის იმაზე, თუ რამდენად მალე გახდება ქვეყანა ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი. „მეორე, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან იყოს თანხვედრაში, სადაც მკვეთრი ვარდნა გვაქვს. ეს არის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი და ამას გვეუბნება ევროკავშირიც. ამის გარდა, ბევრი სხვა პრობლემაცაა. [მაგალითად ის,] რომ ევროკავშირში მხარდამჭერი, მეგობარი ქვეყანა აღარ დაგვრჩა, რომელიც საქართველოს ლობირებას გაუწევს. შემდეგ ის, რომ იქ ბევრი ქვეყანაა, რბილად, რომ ვთქვათ, ნაწყენი, იმაზე, რომ საქართველოს დამოკიდებულება უკრაინაში [მიმდინარე] ომთან დაკავშირებით, ცალსახა და გასაგები არ არის. ეს არის ის, რასაც ბრიუსელში ყოფნისას გვეუბნებიან. ჩემი აზრით, ყველა რუსულ სანქციასთან უნდა ვიყოთ შეერთებული. რუსეთში არც ერთი სანქცირებული პროდუქტი არ უნდა შედიოდეს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ სტატუსს და ზოგადად, ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციის რამე საფრთხე არ შეექმნას. ხელისუფლება კი ყველაფერს აკეთებს ამის საწინააღმდეგოდ. საქართველოს უსაფრთხოება, მშვიდობა და განვითარება გადის იმაზე, რაც უფრო მალე გავხდებით ევროკავშირის და ნატო-ს წევრები. ყველაფერი ძალიან მარტივია“, – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.