ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) ეხმაურება ახლო აღმოსავლეთში დაწყებულ მწვავე კრიზისს და აქვეყნებს სტატიას სათაურით „ისლამური ანტისემიტიზმი – ყველაზე მძიმე მომენტი ისრაელისთვის, „განკითხვის დღის“ ომის შემდეგ“ (ავტორი – ჯეიკ საიმონსი);
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
ისრაელში დღეს რაც ხდება, შეიძლება 50 წლის წინ მომხდარ ფაქტს – იომ-ქიფურის („განკითხვის დღის“) ომს შევადაროთ. 1973 წელს, ისრაელის დაზვერვის წარუმატებლობა გაუგონარი ხელის მოცარვის ტოლფასი იყო. როცა მოსახლეობა რელიგიური დღესასწაულის აღნიშვნას აპირებდა, ადამიანები გაოგნებულნი იყვნენ მასირებული მოულოდნელი თავდასხმით. ეს იყო ერთ-ერთი დამანგრეველი დილა ებრაული სახელმწიფოს ისტორიაში. იმ ომის შედეგად მსხვერპლი ერთ სულ მოსახლეზე სამჯერ მეტი იყო, ვიდრე აშშ-ის დანაკარგები ვიეტნამის ომში. რა თქმა უნდა, იომ-ქიფურის ომი უკვე ისტორიის კუთვნილებაა, მაგრამ დღევანდელ და იმდროინდელ სიტუაციას შორის გარკვეული პარალელი შეიძლება გატარდეს – 1973 წელს რაც მოხდა, დღესაც თითქმის იგივე კატასტროფას წარმოადგენს ებრაელებისათვის.
ისრაელის უსაფრთხოების სისტემაში მომხდარმა შეცდომებმა საქმე იქამდე მიიყვანა, რომ შეიარაღებული ტერორისტები ღაზას სექტორიდან ისრაელის ქალაქებში შეიჭრნენ და არავის არ ინდობდნენ. ეს ფაქტი ახსნა-განმარტებას მოითხოვს. 1973 წელს ისრაელის სამხედრო და პოლიტიკური ისტებლიშმენტი შეცდომით ფიქრობდა, რომ არაბული არმიები მათ არ შეუტევდა – ყველა დარწმუნებული იყო, რომ ისინი დამარცხდებოდნენ და ამიტომ ეგვიპტე და სირია თვითმკვლელობაზე არ წავიდოდნენ. იყო თუ არა მსგავსი სასირცხვილო ქედმაღლობა გამოვლენილი ამ დღეებშიც, როცა ებრაელები სუკოტის (კარვების) დღესასწაულის დასასრულს აღნიშნავდნენ?
ვიდეოკადრებში ჩანს, რომ არაბი მებრძოლები ისრაელის ქალაქების საცხოვრებელ კვარტლებს ესვრიან. გაურკვეველი რაოდენობის ებრაელები ტყვედ იქნენ ხელში ჩაგდებულნი. საზოგადოება ისრაელის სადაზვერვო სამსახურებს მძაფრად აკრიტიკებს. ბევრს იმის დანახვა, თუ როგორ ზეიმობენ და ცეკვავენ არაბები პალესტინის ქალაქებში, თუ როგორ ეპყრობიან ტყვედ აყვანილ ებრაელ ქალებს და ბავშვებს, ებრაელ ტანკისტებს, გულისრევის შეგრძნებას იწვევს. მათ შორის ჩემშიც.
ასე დაიწყო ჩვენს თვალწინ სამხედრო-პოლიტიკური ხანძარი, რომლის მსგავსი ცხოვრებაში არ მინახავს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ომი გამოაცხადა. ეს ნიშნავს, რომ ღაზას სექტორის უზრუნველყოფა ელექტროენერგიითა და გაზით შეწყდა.
ეს ნიშნავს, რომ ისრაელის არმია უდიდესი ძალის საპასუხო დარტყმას მიაყენებს არაბი ტერორისტების საყრდენ პუნქტებს, კავშირგაბმულობის სისტემას და ინფრასტრუქტურას. ომი არ დასრულდება მანამ, სანამ არაბები უკანასკნელ ებრაელ ტყვეს ან მოკლულთა ცხედრებს არ დააბრუნებს. ასე რომ, ტრაგედია ტრაგედიაზე აეწყობა. უნდა ვემზადოთ ხანგრძლივი საომარი პერსპექტივისათვის.
სხვათა შორის, არსებობს იმის საფრთხეც, რომ „ჰეზბოლა“ (არაბ ტერორისტთა დაჯგუფება ლიბანში), რომელსაც რაკეტების რეზერვი ზოგიერთ სახელმწიფოზე მეტი აქვს, ისრაელის ჩრდილოეთში მეორე ფრონტს გახსნის და ებრაელთა თავდაცვის ძალებს ორად გაყოფს – ანუ 1973 წლის მოვლენები განმეორდება. და ყველასათვის გასაგებია, ამ ყველაფრის უკან ირანი დგას, რომელიც აიარაღებს როგორც „ჰამასს“, ასევე „ჰეზბოლასაც“.
თეირანს დიდი ხანია სურს ისრაელზე თავდასხმა ამ ორი ტერორისტული დაჯგუფების მონაწილეობით.
ძნელია არაფერი არ ვთქვათ და არ გავაკრიტიკოთ დასავლეთის ე.წ. „დამწყნარებელი“ პოლიტიკა, რომელმაც ირანი და მისი საცეცები, მათ შორის, „ჰამასი“ გაათამამა. შორს რომ არ წავიდეთ, გავიხსენოთ, თუ როგორ გამოვიდა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმ წინადადების წინააღმდეგ, რომ „ისლამური რევოლუციის გუშაგების კორპუსი“ „შავ სიაში“ შეტანილიყო, მიუხედავად იმისა, რომ MI-5-ის გენდირექტორმა თავის მოხსენებაში ირანელ „გუშაგთა“ ანტიბრიტანული ტერორისტული ქმედების დამადასტურებელი ფაქტები წარადგინა.
ამასობაში კი ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ირანის მმართველ რეჟიმს ჩუმად ეხმარება: ნავთობის ექსპორტის აკრძალვას აუქმებს და თეირანს ნებას აძლევს მილიონობით დოლარის შემოსავლები მიიღოს და ამ ფულით საზღვარგარეთ ტერორისტულ ორგანიზაციებს არსებობა გაუგრძელოს, ასევე გააგრძელოს ბირთვული იარაღის შექმნის პროგრამა.
სამწუხაროდ, ჩვენ ახლაც მოწმენი ვართ იმისა, რაც ხშირად ხოლმე ხდება ისრაელის მიმართ: როცა ერთი ომი რეალურად მიმდინარეობს, მეორე ომი ონლაინ რეჟიმით ინტერნეტში ხდება: ტროლები არმია ცდილობს ეჭვქვეშ დააყენოს ებრაული სახელმწიფოს თავდაცვითი ნაბიჯები. იმ დროსაც კი, როცა „ჰამასის“ ტერორისტები ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობას კლავენ, ჩვენ გვესმის, რომ „ებრაელები თურმე სიკვდილს იმსახურებენ“. როცა ისრაელის არმია „ჰამასს“ საპასუხო დარტყმას აყენებს, ჩვენ გვეუბნებიან, არაპროპორციული მოქმედებთო. მაჰმუდ აბასმა, პალესტინელმა ე.წ. „ზომიერმა“ ლიდერმა, რომელიც უკვე 18 წელია პრეზიდენტის როლს ასრულებს, თანამემამულეთა მიერ ჩადენილი მხეცობა გაამართლა და თქვა, რომ ეს ყველაფერი გამოწვეულია ისრაელის საოკუპაციო ჯარის მოქმედებით და არაბების მიწაზე ებრაელთა ახალმა დასახლებებით.
დასავლელი „სასარგებლო იდიოტები“ სოციალისტური მიდგომით აცხადებენ, რომ „ჰამასის“ ორგანიზაცია „წინააღმდეგობის მებრძოლთა ჯგუფს“ წარმოადგენს და რომ ისინი, როცა ებრაელებს ხოცავენ, უბრალოდ, კოლონიურ სახელმწიფოს ებრძვიან. საღად მოაზროვნე ადამიანების პასუხი ამ მართლაც იდიოტების მიმართ ასეთია: ეს არის ანტისემიტური თავდასხმა. მსგავსი რამ ადრეც ხდებოდა, მაგრამ ახლა შეიძლება პირდაპირი პარალელის გავლება „ჰამასსა“ და ადოლფ ჰიტლერს შორის: მეორე მსოფლიო ომის დროს ექსტრემისტული პალესტინელი ლიდერი, ამინ ალ-ჰუსეინი, რომელიც ებრაელობას ინფექციურ ავადმყოფობად მიიჩნევდა, ხოლო უშუალოდ ებრაელს – მიკრობად და ბაცილად თვლიდა, მესამე რეიხის იდეოლოგიის გამტარებლად მუშაობდა ახლო აღმოსავლეთში: ხელს უწყობდა ფაშიზმის პროპაგანდას რადიოს, პრესის და პროკლამაციების მეშვეობით.
წაიკითხეთ „ჰამასის“ წესდება: 32-ე მუხლში ნათქვამია, რომ „ჰამასი“ იბრძვის სიონისტთა შეთქმულების წინააღმდეგ, რომლებსაც სურთ ნილოსსა და ევფრატს შორის არსებული ტერიტორიის დაპყრობა. ეს გეგმა „სიონელი ბრძენების ოქმებშია“ გამოხატული“. არასაკმარისი იქნებოდა იმის თქმა, რომ „ჰამასი“ ნაცისტური პროპაგანდის გავლენის ქვეშაა მოქცეული. ეს პირდაპირ ნაცისტურ პროპაგანდას წარმოადგენს.
ის ფაქტი, რომ ზოგიერთი დასავლელი ლიბერალი ორაზროვნად ლაპარაკობს და ირიბად მხარს უჭერს არაბებს, ისინი თავიანთი ასეთი ქცევით ფაქტობრივად მხარს ისლამისტ ფაშისტებს უჭერენ.
ასეთ „გულუბრყვილობას“ ვერაფრით გამართლებ. ეს არის მორალური კრახი. დასავლეთი წინ უნდა აღუდგეს მსგავს პოლიტიკოსებს და ისრაელის გვერდით დადგეს.