“მთავარი პრობლემა, რომელიც შეიძლება არჩევნებში ამ ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით გაღრმავდეს, არის ფარულობა”

91
spot_img

მთავარი პრობლემა, რომელიც შეიძლება ამ ტექნოლოგიების გამოყენებით გაღრმავდეს, არის ფარულობა – საზოგადოებას, პოლიტიკურ პარტიებს და სამოქალაქო ჯგუფებს სამუშაო ექნებათ არა იმდენად ტექნოლოგიაზე, არამედ კლიმატზე, რომ ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან მოსყიდვამ და დაშინებამ ვეღარ იმუშაოს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მხრიდან საარჩევნო კამპანიის დროს, დაშინებისა და მოსყიდვის მეთოდები „უდავოდ იქნება გამოყენებული“, თუმცა წინასწარ საუბარი იმაზე, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს „პრინციპულად არასწორად“ მიაჩნია. ბოკერიას შეფასებით, „ამაზე საუბარი არათუ არაფრის მომტანია, არამედ ეს არის ის, რაც ივანიშვილის რეჟიმს აწყობს“.

„მე ვფიქრობ, მთავარი პრობლემა, რომელიც შეიძლება ამ ტექნოლოგიების გამოყენებით გაღრმავდეს, არის ფარულობა. ეს აღნიშნა ყველამ. ფარულობის საკითხი არის პოლიტიკური კლიმატის საკითხი, ხელისუფლებისადმი ნდობის და იმ მეთოდების თემა, როგორც ხელისუფლება საარჩევნო კამპანიას ექცევა – მოსყიდვა, დაშინება. „ქართული ოცნების“ კამპანიის საკვანძო ნაწილი არის სწორედ ანგარიშის ჩაბარება, რომ იცოდნენ და აკონტროლებდნენ ხმებს. ეს იყო მანიპულაციის მთავარი მეთოდი. აქ საზოგადოებას, მათ შორის, პოლიტიკურ პარტიებს და სამოქალაქო ჯგუფებს სამუშაო ექნებათ არა იმდენად ტექნოლოგიაზე, არამედ კლიმატზე და იმ ატმოსფეროზე, რომელიც საზოგადოებაში იარსებებს, სადაც ამ მეთოდებმა, რომელიც აქამდე საკმარისი იყო ივანიშვილის რეჟიმისთვის, ვგულისხმობ, მოსყიდვა, დაშინება და ხმების კონტროლი, ვეღარ იმუშაოს,“ – განაცხადა ბოკერიამ.