Home Blog Page 1420

აშშ-ის ახალი ელჩი რობინ დანიგენი საქართველოში ჩამოვიდა

ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი რობინ დანიგენი საქართველოში ჩამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საელჩო ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.

„აშშ-ის საელჩო სიხარულით მიესალმება ელჩი რობინ დანიგენის ჩამოსვლას საქართველოში”, – წერს საელჩო და საქართველოში ახალი ელჩის ჩამოსვლის ფოტოს აქვეყნებს.

რობინ დანიგენმა აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანი შეცვალა, რომელიც საქართველოში 2020 წლის იანვრიდან მუშაობდა.

საქართველოში ელჩად დანიშვნამდე რობინ დანიგენი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილედ მუშაობდა. 2018-2021 წლებში იყო ავსტრიაში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილე.

დანიგენი სახელმწიფო დეპარტამენტში 1992 წლიდან მუშაობს. 2014-2017 წლებში ის მუშაობდა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილედ სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგეტიკული რესურსების ბიუროში.

დანიგენი ასევე მსახურობდა აშშ-ის საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და სალვადორში.

12 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ცხოვრება საინტერესო შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ. ეცადეთ, შანსი ხელიდან არ გაუშვათ და სწრაფად იმოქმედოთ. გინდათ თუ არა, მოსაწყენი და უინტერესო საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოთ და გზა გააგრძელოთ. შეეცადეთ, დახუჭოთ თვალები სხვის ნაკლოვანებებზე, მით უფრო, თუ ეს თქვენ არ გეხებათ.

კურო

გახსოვდეთ, რომ გრძნობებს განახლება სჭირდება, ამიტომ საყვარელ ადამიანს პერიდულად უნდა შეახსენოთ როგორ ძლიერ გიყვართ და საჩუქრით ან კომპლიმენტით გაანებივროთ. ყურადღება მიაქციეთ იმას, რაც თქვენს გარშემო ხდება და ეცადეთ, ვარსკვლავების მინიშნებები სწორად წაიკითხოთ. წარმატების მისაღწევად უფრო მტკიცედ უნდა იმოქმედოთ.

ტყუპები

ძალების აღსადგენად მეტი დასვენება და ყურადღების სასიამოვნო თემებზე გადატანა გჭირდებათ. გირჩევთ, კოლეგებთან შეთანხმებით, მუშაობის არასტანდარტული მეთოდები სინჯოთ. შეეცადეთ, წლის ბოლომდე კარგი განწყობა შეინარჩუნოთ – საბოლოო შედეგი სწორედ ამაზეა დამოკიდებული.

კირჩხიბი

რაც უფრო აქტიური იქნებით, ეს დღე მით უფრო წარმატებული იქნება. გირჩევთ, სახლიდან გახვიდეთ, ახალ ადგილებს და ღონისძიებებს ეწვიოთ და საინტერესო ადამიანებს დაუკავშირდეთ. საქმე, რომელიც უიმედო გეგონათ, შეიძლება დამატებითი შემოსავლის წყარო გახდეს.

ლომი

დღის პირველ ნახევარში ყოველდღიურ საკითხებს და პირად საჭიროებებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ. ამ დღეს შანსი გაქვთ, რომ მნიშვნელოვანი სამუშაო დაასრულოთ. შეეცადეთ, გადაწყვეტილების მიღებისას არსებული გარემოებები გაითვალისწინოთ. საყვარელ ადამიანებთან საუბარი სტრესისგან გაგათავისუფლებთ.

ქალწული

ამ დღეს შეგიძლიათ, მენეჯერს ხელფასის გაზრდის შესახებ მიანიშნოთ. ახლა თქვენ ამას ნამდვილად იმსახურებთ. ინტუიცია რთულ სიტუაციაში კომპრომისების პოვნაში გეხმარებათ. გირჩევთ ,ამით ისარგებლოთ და მშვიდობა დაამყაროთ ადამიანთან, ვისთანაც ურთიერთობა სერიოზულად გაგირთულდათ.

სასწორი

ძნელია, რაიმე ახალი და საინტერესო დაიწყოთ, სანამ ძველ, თუნდაც მოსაწყენ საქმეებს არ დაასრულებთ, ამიტომ მეტი უნდა იაქტიუროთ. გირჩევთ სამსახურში არსებულ პრობლემებს ფილოსოფიურად მიუდგეთ და ნაკლები ინერვიულოთ. რაც არ უნდა გაღიზიანდეთ, მოერიდეთ უტაქტო შენიშვნის მიცემას და მაქსიმალურად აკონტროლეთ თქვენი ემოციები, რათა შემდეგ არ ინანოთ.

მორიელი

შეამცირეთ აქტიურობის დონე და ეცადეთ, ეს დღე მშვიდად გაატაროთ. ნუ აჩქარდებით, შეგიძლიათ დაწყებული საქმე ხვალ ან მომდენი დღეებში დაასრულოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მადლობა გადაუხადოთ მათ, ვინც ყოველთვის მხარს გიჭერდათ და წინსვლაში გეხმარებოდათ.

მშვილდოსანი

ამ დღეს მნიშვნელოვან სიახლეებს გაიგებთ, რაც გეგმების შეცვლას გაიძულებთ. თუ რამით უკმაყოფილო ხართ, ნუ გაჩუმდებით და საკუთარი აზრი თამამად გამოხატეთ. გირჩევთ, უცნობ ადამიანებთან ურთიერთობა მინიმუმამდე შეამციროთ. მოერიდეთ ნაჩქარევ შესყიდვებს და ფული დაუფიქრებლად არ დახარჯოთ.

თხის რქა

რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებას ნუ ეცდებით, თორემ იმედგაცრუებული დარჩებით. ყურადღებით იყავით – შესაძლოა, წარმატებას ერთი ნაბიჯი გაშორებთ, ამიტომ შეთავაზებაზე, რომელსაც საღამოს მიიღებთ, უარი არ უნდა თქვათ.

მერწყული

ამ დღეს სახლის გარეთ რაც უფრო მეტ დროს გაატარებთ, მით უფრო მაღალია მნიშვნელოვანი შეხვედრის შანსი. ეცადეთ, საუბრის დროს მეტი თავაზიანობა გამოიჩინოთ და თანამოსაუბრეზე ზეწოლა არ მოახდინოთ. თუ შოპინგს გეგმავთ, გირჩევთ რამდენიმე დღით გადადოთ – სავარაუდოდ, ამ დღეს შეძენილი ნივთები იმედებს გაგიცრუებთ.

თევზები

ურთიერთობებისთვის არახელსაყრელი დღეა. კითხვებზე მოკლე და კონკრეტული პასუხები გაეცით და თუ რამეში ბოლომდე დარწმუნებული არ ხართ, დიალოგზე საერთოდ უარი თქვით. ახალმა ნაცნობმა შეიძლება გული გატკინოთ და იმედი გაგიცრუოთ, ამიტომ ახალგაცნობილ ადამიანებთან გულწრფელობას უნდა მოერიდოთ.

„სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი მარაგი, მათ შორის საწვავი, საკვები და წყალი უნდა შევიდეს ღაზაში”

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა ღაზის სექტორში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საკვების, საწვავისა და წყლის მიწოდების აუცილებლობაზე განაცხადა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

„სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი მარაგი, მათ შორის საწვავი, საკვები და წყალი უნდა შევიდეს ღაზაში. ჩვენ გვჭირდება სწრაფი და შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომა ახლავე“, – აღნიშნა გუტერეშმა.

გუტერეშმა ასევე მადლობა გადაუხადა ეგვიპტეს აქტიური ჩართულობისთვის, რათა ხელი შეუწყოს ჰუმანიტრული ტვირთის ხელმისაწვდომობას.

„ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ 9 სექტემბერს განაცხადა: „მე გავეცი ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება. არა ელექტროენერგია, არა საკვები, არა საწვავი, ყველაფერი ჩაიკეტა“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

“ისრაელს, რომელიც საშინელი ტერორისტული თავდასხმების ობიექტი გახდა, უფლება აქვს საკუთარი ტერიტორია დაიცვას” – იენს სტოლტენბერგი

ისრაელს აქვს საკუთარი ტერიტორიის დაცვის უფლება. ისრაელი საშინელი ტერორისტული თავდასხმების ობიექტი გახდა. ბევრი მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ისრაელს აქვს უფლება დაიცვას თავი ამ ტიპის ტერორისტული თავდასხმებისგან, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„მე ასევე ველოდები, რომ როდესაც ვხედავთ ისრაელის საპასუხო ნაბიჯებს, ეს ნაბიჯები იყოს პროპორციული და მნიშვნელოვანია, რომ რადგან ეს კონფლიქტი გაგრძელდება, გავაკეთოთ ყველაფერი, რათა თავიდან იყოს აცილებული უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის [მსხვერპლი].

ვფიქრობ, ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი გზავნილი, რომ ისრაელის მიმართ მტრულად განწყობილი ერი ან ორგანიზაცია არ უნდა ეცადოს სიტუაციის გამოყენებას. მაგალითად, შეერთებულმა შტატებმა გაზარდა თავისი სამხედრო წარმომადგენლობა რეგიონში, რაც ასევე შეკავების პოლიტიკის მკაფიო გზავნილია კონფლიქტის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ ისრაელზე თავდასხმა 7 ოქტომბერს, 06:30 საათზე განახორციელა და ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ისრაელმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე შეტევა დაიწყო.

“ამ დროს ძალიან მკაფიოდ უნდა ვთქვათ – ტერორიზმს გამართლება არ აქვს” – ჯო ბაიდენი

ჯო ბაიდენის თქმით, ის ისრაელში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით ეცნობა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით შესაბამისი განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში, ვარდების ბაღში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ბაიდენმა დასძინა, რომ დღეს უკვე ესაუბრა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს.

„ამ თავდასხმამ ანტისემიტიზმისა და ებრაელი ხალხის გენოციდის ათასწლოვანი მტკივნეული მოგონებები და ნაიარევები გააცოცხლა. ამ დროს ძალიან მკაფიოდ უნდა ვთქვათ: ტერორიზმს გამართლება არ აქვს“, – განაცხადა ბაიდენმა.

მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ისრაელისადმი აშშ-ის მხარდაჭერა.

„შეერთებული შტატები ზურგს გიმაგრებთ და ამ საკითხზე მთელი დღის განმავლობაში და მომდევნო დღეებშიც ვიმუშავებთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ ისრაელზე თავდასხმა 7 ოქტომბერს, 06:30 საათზე განახორციელა და ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ისრაელმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე შეტევა დაიწყო.

“14 წლის აითაჯ შახმაროვას დედა იყო დანაშაულის ორგანიზატორი” – პროკურორი

ქვემო ქართლის საოლქო პროკურორის, ხატია გოგრიჭიანის განცხადებით, საგარეჯოში მოკლული, 14 წლის გოგონას, აითაჯ შახმაროვას იძულებით ქორწინების ორგანიზატორი დედა იყო, რადგან სწორედ დედის გეგმის საფუძველზე მოხდა გოგონას თანაცხოვრება მამაკაცთან, რომელთანაც მას თანაცხოვრების სურვილი არ ჰქონია.

მისივე შეფასებით, დედა არის ის პირი, რომელსაც უშუალო წვრილი მიუძღვის შემდგომ უკვე გოგონას გარდაცვალებაში.

„დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე ორივე ბრალდებულის მიმართ, როგორც გარდაცვლილი გოგონას დედის, ასევე ბიძის მიმართ მოითხოვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას. როგორც მოგეხსენებათ ჩვენ ასეთი მოთხოვნა სასამართლოს მიმართ უკვე გვქონდა. თავდაპირველად, როგორც ბიძის, ასევე, დედის მიმართ ჩვენ მოვითხოვეთ დაკავების ღონისძიებაზე შესაბამისი განჩინების გაცემა, თუმცა რუსთავის საქალაქო სასამართლომ დედის მიმართ ასეთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, მაგრამ ბრალდების მხარემ პოზიცია არ შეიცვალა და დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე კვლავ დაასაბუთებს იმ საფუძვლებს, თუ რატომ უნდა იყოს დედა პატიმრობაში. ბრალდების მხარე წარადგენს ყველა ფაქტს და მტკიცებულებას, იმ არგუმენტებს, თუ რატომ უნდა იყოს დედა პატიმარი. რადგან დედა ფაქტობრივად იყო, ასე ვთქვათ, დანაშაულის ორგანიზატორი. მისი გეგმის საფუძველზე მოხდა გოგონას თანაცხოვრება იმ მამაკაცთან, რომელთანაც მას თანაცხოვრების სურვილი არ ჰქონია. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ სწორედ დედა არის ის პირი, რომელსაც უშაულო წვრილი მიუძღვის უკვე შემდგომ გოგონას გარდაცვალებაში.

სასამართლოს არგუმენტაციაზე ყურადღებას არ გავამახვილებ, თუმცა ასე ჩათვალეს საჭიროდ, რომ ამ ეტაპისთვის არ იყო ახალი დანაშაულის ჩადენის და მტკიცებულების განადგურების იმ ხარისხის საფრთხეები, რომ დედა დაგვეკავებინა. რაც შეეხება ბრალდებულთა წრის გაფართოებას, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და თუ კი დადგინდება სხვა პირების ბრალეულობა, აუცილებლად ბრალდების მხარე კანონის გათვალისწინებულ ყველაზე მკაცრ ზომებს გაატარებს.

რადგან ყველა დეტალზე ვერ ვისაუბრებ არასრულწლოვანს შეეხება მოცემული სისხლის სამართლის საქმე, დედა იყო პირი, რომელსაც მოეწონა ასაკით უფროსი მამაკაცი, შესაბამისად შეძლებული, დედა იყო ორგანიზატორი, რომ მომხდარიყო ამ უფროსი ადამიანისგან მისი შვილის ნიშნობა და შემდეგ როცა უკვე მოტაცებულმა გოგომ მას დაურეკა საშველად და სთხოვა უკან დაებრუნებინა, სწორედ, დედა იყო პირი, ვინც იმ გამტაცებელ ადამიანთან ეს ბავშვი დააბრუნა“, – განაცხადა ხატია გოგრიჭიანმა.

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლემ, ნუნუკა თამაზაშვილმა და ვიქტორ ორბანის მეუღლემ, ანიკო ლევაიმ კომპანია „დავით კაკაბაძე მინანქარი ოქრომჭედლობა“ დაათვალიერეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლემ, ნუნუკა თამაზაშვილმა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მეუღლემ, ანიკო ლევაიმ კომპანია „დავით კაკაბაძე მინანქარი ოქრომჭედლობა“ დაათვალიერეს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომპანიის მფლობელმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა, დავით კაკაბაძემ ნუნუკა თამაზაშვილსა და ანიკო ლევაის კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. პრემიერ-მინისტრთა მეუღლეები ადგილზე დეტალურად გაეცნენ სამუშაოთა მიმდინარეობის პროცესს.

დავით კაკაბაძემ სტუმრებს თავისი საავტორო წიგნები გადასცა საჩუქრად.

სახელოსნო 1999 წელს დაარსდა. კომპანიაში დასაქმებულია 60-მდე ადამიანი. სახელოსნო არის მულტიფუნქციური და მოიცავს რვა სახელოსნოს, ასევე არის ოქრომჭედლობის სრული კომპლექტაციის შექმნის პირობები. კომპანია მუშაობს საეკლესიო ნივთებსა და საერო სამკაულებზე; საათის დეტალებსა და მინანქრის ციფერბლატებზე. ის თანამშრომლობს უცხოურ კომპანიებთან, მათ შორის − საათების შვეიცარიულ კომპანია Patek Philippe-თან, რომლისთვისაც ამზადებს მინანქრის ციფერბლატებსა და საათის სხვა დეტალებს.

აშშ უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების განვითარების კოალიციას უხელმძღვანელებს

აშშ უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების განვითარების კოალიციას უხელმძღვანელებს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა უკრაინის თავდაცვაზე საკონტაქტო ჯგუფის (ე.წ. “რამშტაინის” ფორმატი) მე-16 სხდომის შემდეგ განაცხადა.

“ამ საკონტაქტო ჯგუფის წევრები ერთიანდებიან იმაში, რასაც “შესაძლებლობების კოალიციას” ვეძახით, და ეს უსაფრთხოების სფეროში ჩვენ დახმარებას კიდევ უფრო მოქნილს გახდის. ამ კოალიციებიდან ზოგიერთი უკვე ჩამოყალიბებულია. ესტონეთი და ლუქსემბურგი უხელმძღვანელებენ კოალიციას, რომელიც IT-ის მხარდაჭერით არის დაკავებული. ლიეტუვა უკრაინისთვის უკრაინულ ტერიტორიაზე რუსული ნაღმების გაწმენდის მხრივ დახმარებაში ლიდერებს.

და სიამაყით ვამბობ, რომ შეერთებული შტატები კვლავ გამოვა, რათა უხელმძღვანელოს ქვეყნების კოალიციას, რომლებიც უკრაინასთან მისი სამხედრო-საჰაერო ძალების განვითარებაზე მუშაობენ”, – განაცხადა ოსტინმა.

მან აღნიშნა, რომ კოალიციის ხელმძღვანელობისას აშშ საკუთარი ქმედებების მჭიდრო კოორდინაციას მოახდენს უკრაინასთან და სხვა პარტნიორებთან, და განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს უკრაინული F-16 ავიაგამანადგურებლების პოტენციალის განვითარებას.

“არ მესმის, რატომ გადააქვს აშშ-ს ავიამზიდების ჯგუფები ხმელთაშუა ზღვაში, ანუ ვინმეს შეშინება გადაწყვიტეს?” – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ავიამზიდთა ჯგუფის გაგზავნით ახლო აღმოსავლეთს აქეზებს.

მან იმედი გამოთქვა, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს.

პუტინმა, მოსკოვში გამართულ ენერგეტიკულ კონფერენციაზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ ეს პრობლემის გადაჭრის გზა არ არის.

“მე არ მესმის, რატომ გადააქვს აშშ-ს ავიამზიდების ჯგუფები ხმელთაშუა ზღვაში. მე ნამდვილად არ მესმის ეს აზრი. აპირებენ ისინი ლიბანის დაბომბვას თუ რა?

ანუ ვინმეს შეშინება გადაწყვიტეს? არიან ადამიანები, რომლებსაც არაფრის აღარ ეშინიათ, ეს არ არის პრობლემის გადაჭრის გზა, კომპრომისული გადაწყვეტილებები უნდა ვეძებოთ. რა თქმა უნდა, ასეთი ქმედებები აქეზებს სიტუაციას”, – დასძინა პუტინმა.

“ისრაელი დააბრუნებს უსაფრთხოების განცდას ღაზის სასაზღვრო ქალაქებში”- ისააკ ჰერცოგი

ისრაელი დააბრუნებს უსაფრთხოების განცდას ღაზის სასაზღვრო ქალაქებში, – ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა განაცხადა.

როგორც მედია წერს, ისრაელის პრეზიდენტი ქალაქ სდეროთს ეწვია და „ჰამასის“ სასტიკი თავდასხმის შემდეგ შემთხვევის ადგილზე მომუშავე ადამიანების წარმოუდგენელ გმირობაზე ისაუბრა.

„რასაც ჩვენ აქ ვხედავთ, არის ერის წარმოუდგენელი გმირობა, ერის, რომელიც აღდგა დღესასწაულზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ. აქ შეგიძლიათ ნახოთ მოხალისეები, ჯარისკაცები, პოლიციელები, მედიკოსები, ყველა ერთად დგას და მე ვეუბნები მთელ ისრაელს – ჩვენ გავიმარჯვებთ ჩვენი ხალხის წარმოუდგენელი სიმამაცის წყალობით“, – განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა.

“შესაძლოა, ხაბეიშვილის ხელმძღვანელობა უკმაყოფილო იყოს მისი საქმიანობით და გადაადგილების მცდელობა ჰქონდეთ” – ნიკა მელია

მე ვუსურვე ლევანს [ხაბეიშვილს], რომ ღირსებითა და სიმართლით ემართა პარტია. არ მიკვირს, შესაძლებელია, ხაბეიშვილის ხელმძღვანელობა უკმაყოფილო იყოს მისი საქმიანობით და შეიძლება მცდელობა ჰქონდეთ რაღაც გადაადგილების, იმედია, ლევანი გამოიჩენს პრინციპულობას, ღირსებას და თავს ასე არ გაათამაშებინებს კეზერაშვილ-მერაბიშვილს , – ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ კითხვას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების კვიპროსზე ვიზიტსა და პარტიის თავმჯდომარეობის პოსტზე ლევან ხაბეიშვილის ნიკა გვარამიას კანდიდატურით ჩანაცვლების შესახებ დაუდასტურებელ ინფორმაციას ეხებოდა.

როგორც მელიამ აღნიშნა, მისი დამოკიდებულება დავით კეზერაშვილისა და ვანო მერაბიშვილის მიმართ უკვე ცნობილია და ის მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის დამარცხება შესაძლებელია, თუმცა არა ფულით და ფულის შოვნის სურვილით, არამედ გულწრფელობითა და მორალური უპირატესობით.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხალხის ინტერესი იყოს ასახული პოლიტიკაში, პოლიტიკა უნდა განისაზღვრებოდეს ხალხის მიერ და არა კულუარებში. რატომ არიან ესა თუ ის ადამიანები ამა თუ იმ ქვეყანაში, ამა თუ იმ ადამიანთან შეხვედრებზე მთელი შემადგენლობით, ეს, ალბათ, თავად, როდესაც ჩამობრძანდებიან, მათ უნდა ჰკითხოთ. კეზერაშვილთან, მერაბიშვილთან ჩემი დამოკიდებულება ცნობილია. მე მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება არის შესაძლებელი მხოლოდ და მხოლოდ მორალური უპირატესობით, მორალური სიცხადით, დიდი კონტრასტული სხვაობით. არ მჯერა იმ ადამიანების მიერ ბრძოლის ფრონტის გახსნის, რომელიც ძირითადად ფულის შოვნას გულისხმობს. ფული ვერ დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილს და ვერც ფულის შოვნის ინტერესით ვერ დაამარცხებ. დაამარცხებ გულწრფელობით, მორალური უპირატესობით და ხალხის ინტერესის ასახვით პოლიტიკაში“, – განაცხადა მელიამ.

ჟურნალისტების კომენტარის საპასუხოდ, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ნიკა მელიას არ ელოდნენ პარტიის ღონისძიებაზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივი მისაღების გახსნას ეძღვნება, მელიამ აღნიშნა, რომ ადამიანური, პოლიტიკური ვალდებულება აქვს იყოს იქ, სადაც სააკაშვილის ე.წ. ოფისი იხსნება.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანაში აღარ არსებობდნენ პოლიტპატიმრები. პოლიტპატიმრების ეპოქის დასრულება შესაძლებელია ოლიგარქიული რეჟიმის დასრულებით. მე მჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილი, როგორც პოლიტპატიმარი, მხოლოდ მაშინ გათავისუფლდება, როდესაც ოლიგარქიული რეჟიმი შეიცვლება დემოკრატიული წყობითა და ძალებით. მე ვარ სოლიდარული პოლიტპატიმრების მიმართ, ვარ სოლიდარული მიხეილ სააკაშვილის ტყვეობის მიმართ და არა უბრალოდ სოლიდარული, მე ყოველთვის, წლების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც სააკაშვილი არის უკანონო ტყვე, ჩემთვის ერთ-ერთი ვალდებულებად რჩება, სადაც არ უნდა ვიყო, რომელი პოლიტიკურ პლატფორმაზეც არ უნდა ვიყო, რომელი პოლიტიკური პლატფორმიდანაც არ უნდა ვიბრძოლო, ადამიანები, განსაკუთრებით ქვეყნის პრეზიდენტი არ იყოს ტყვე. ეს არის ჩემთვის წმინდათა წმინდა“,- განაცხადა მელიამ.

“ადამიანები თავიანთი პრობლემებით მოვლენ სააკაშვილის ოფისში, შემდეგ ეს პრობლემები მივა ადრესატამდე” – გიული ალასანია

უამრავი პრობლემა აქვთ ადამიანებს, თავიანთი პრობლემებით მოვლენ სააკაშვილის ოფისში და გაუზიარებენ, შემდეგ ეს პრობლემები მივა ადრესატამდე, ჩემი სურვილი იქნება, ოფისი რაც შეიძლება ბევრ ადამიანს მოემსახუროს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილის ოფისის გახსნასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

გიული ალასანიას თქმით, ყველაფერი მნიშვნელოვანია, რაც მოემსახურება ადამიანებს, ხალხს.

„ძალიან ბევრი ადამიანი ვერ აღწევს პარტიების ოფისამდე, მე ასე წარმომიდგენია, ეს იქნება ადგილი, სადაც ყველას მოესვლება. უამრავი პრობლემა აქვთ ადამიანებს, თავიანთი პრობლემებით მოვლენ და გაუზიარებენ. შემდეგ ეს პრობლემები მივა ადრესატამდე, ყოველ შემთხვევაში, მე ამის იმედი მაქვს. ჩემი სურვილი იქნება, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს მოემსახუროს. აი, ეს არის ჩემი სურვილი“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.

ამასთან, გიული ალასანიამ ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მისი მდგომარეობა რთულია.

„სამწუხაროდ, ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის კარგი, რადგან საერთოდ კუნთის ნასახი არ აქვს ადამიანს. გულიც ხომ კუნთია და, მართალი გითხრათ, ყოველ ჯერზე შიშით შევდივარ, გული რა წუთში გაჩერდება, არ ვიცი“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

სააკაძის დაღმართზე დღეს მიხეილ სააკაშვილის ოფისი გაიხსნა. სააკაშვილის წარმომადგენელის, სოფო ჯაფარიძის განცხადებით, მოქალაქეებს შეეძლებათ ოფისში სააკაშვილისთვის წერილების დაწერა და დატოვება.