Home Blog Page 1401

“იყო შენი ქვეყნის ჯარისკაცი, არის ყველაზე საამაყო საქმე, რომელიც მოითხოვს ყოველდღიურ ძალისხმევასა და თავგანწირვას”

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში სამხედრო მოსამსახურეების მიმართ მადლობის გადახდით დაიწყო მოხსენება.

როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, სწორედ ქართველი სამხედროები არიან ის ადამიანები, რომლებიც მზად არიან, ქვეყნის თავისუფლებისთვის, უსაფრთხოებისთვის და მშვიდობის დასაცავად გაიღონ ყველაზე მნიშვნელოვანი, მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე.

„იყო შენი ქვეყნის ჯარისკაცი, არის ყველაზე საამაყო საქმე, რომელიც მოითხოვს ყოველდღიურ ძალისხმევას და თავგანწირვას“, – აღნიშნა მინისტრმა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ დაღუპული სამხედროები გაიხსენა, მოხსენების დასაწყისში მინისტრმა ასევე, მადლობა გადაუხადა დაჭრილ-დაშავებულ გმირებს და მათ უფრო მეტი მხარდაჭერა აღუთქვა.

„ჩვენი სამხედროები ბოლო წლების განმავლობაში სამაგალითოდ მსახურობდნენ ნატო-სა და ევროკავშირის საერთაშორისო მისიებში, მხარს უჭერდნენ სამოქალაქო სტრუქტურებს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ჩვენს საამაყო მაშველებთან ერთად, მონაწილეობდნენ ბუნებრივი კატასტროფების სალიკვიდაციო სამუშაოებში. ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ, რაჭის სტიქიის დროს, როგორ თავდაუზოგავად შრომობდნენ ისინი მაშველებთან ერთად სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

მინისტრის თქმით, განსაკუთრებულ მადლობას უხდის თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს ღირსეული სამსახურისა და ქვეყნის ერთგულებისთვის. როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, ქართული ჯარი და მისი შესაძლებლობები საქართველოს სიძლიერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია.

“მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით” – ჯუანშერ ბურჭულაძე

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, ქართული ჯარის ბრძოლისუნარიანობის ამაღლების მიზნით განხორციელებული მნიშვნელოვანი შესყიდვების შესახებ ისაუბრა.
„მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით. აღნიშნული უმნიშვნელოვანესი პროცესია, რომ გაუმჯობესდეს სამანევრო ქვედანაყოფების მიერ მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკასთან ბრძოლა საშუალო და შორ მანძილზე,“ – განაცხადა მინისტრმა. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ გასულ წლებში მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან აქტიური თანამშრომლობით განხორციელდა ჯაველინების ორ პარტიად შესყიდვის პროცესი და მიმდინარეობს ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსის დამატებითი რაოდენობის შესყიდვა. მისი თქმით, გაფორმებულია ხელშეკრულებები ხელის ჯავშანსაწინააღმდეგო ერთჯერადი ყუმბარმტყორცნების მნიშვნელოვანი რაოდენობით შესყიდვაზე გერმანიასა და ესპანეთთან, ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები შვედურ მხარესთან ერთ-ერთი მაღალი ხარისხის მულტიფუნქციური სისტემების შეძენაზე.
მინისტრმა არტილერიის გაძლიერების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა: „მიმდინარეობს ღონისძიებები საარტილერიო სისტემების ცეცხლის დროულობისა და სიზუსტის გასაუმჯობესებლად. ასევე, აქტიურად ვმუშაობთ კონტრბატარეული რადარების შესყიდვებისა და არსებული საარტილერიო საშუალებების მოდერნიზების მიმართულებით. საარტილერიო საშუალებების განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი ამოცანაა ნატოსთან თავსებადი საარტილერიო სისტემების შეძენა. მომავალში მნიშვნელოვანი ძალისხმევა იქნება მიმართული 155 მმ-იანი თვითმავალი საარტილერიო სისტემებისა და შორი მანძილის რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემების შესაძენად,“ – აღნიშნა მინისტრმა.

“მე და ქეთი თურაზაშვილი თავად გადავწყვეტთ, იმპიჩმენტის პროცესისას სხდომას დავესწროთ თუ არა” – ალეკო ელისაშვილი

პრეზიდენტის მოწოდება მოვისმინეთ. მე და ქეთი თურაზაშვილი საკმაოდ დიდები, ზრდასრულები ვართ იმისთვის, რომ თავად გადავწყვიტოთ, სხდომას დავესწროთ თუ არა. ამაზე ჯერ არ ჩამოვყალიბებულვართ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განაცხადა.

მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით „მოქალაქეები“ გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებენ.

„სხდომაზე არშესვლის მიზეზი თუ ის არის, რომ ვინმეს ხელი არ გაექცეს, შემთხვევით მწვანეზე ხელი არ მიეჭიროს, ჩვენი თავის გვჯერა და იმედი გვაქვს. ასეთ რაღაცებზე მათ იფიქრონ, ვისაც საკუთარი თავის იმედი არ აქვს და წითელი და მწვანე ფერები ერევა ერთმანეთში. ჩვენ პოლიტიკური დალტონიზმით არ ვართ დაკავებული. იმპიჩმენტს მხარს არ დავუჭერთ არც ერთ შემთხვევაში. ჩვენ ვიცით, რა ხდება, როცა მწვანე ღილაკს აჭერ ხელს და წითელი ღილაკი რას გამოხატავს. რეალური პრობლემაა, რომ ვიღაცები შემოვლენ და ხელი გაექცევათ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც განაცხადა: „არ გადავდგები, არ გადმოვდგები, პარლამენტშიც მივალ. მინდა, ვურჩიო ოპოზიციას, ძლიერი სურათი თუ უნდათ, გარეთ დადგნენ, შიგნით მე ვიქნები“.

“უსაფუძვლო პოლიტიკურ ამბიციებს შესწირეთ პრეზიდენტის ინსტიტუტის სულისკვეთება” – ირაკლი ქადაგიშვილი

უსაფუძვლო პოლიტიკურ ამბიციებს შესწირეთ პრეზიდენტის ინსტიტუტის სულისკვეთება, საქართველოს კონსტიტუცია და რაც შეგეძლოთ თქვენი ქმედებებით მაქსიმალურად აგრძელებთ დაზიანებას იგივე ევროკავშირთან დაახლოების გზის, – ასე მიმართა უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ ცხადყო, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია.

„ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც არის ავტორი ევროპული საპარლამენტო რესპუბლიკის კონსტიტუციის, მოახდინა დროული რეაგირება და კონსტიტუციის ფუძემდებლური მუხლების მიზანმიმართულად და შეგნებულად დარღვევასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო წარდგინება შეიტანა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის ნათელი და ცალსახა. ჩვენ წავიკითხეთ ასევე, სამი მოსამართლის განსხვავებული ხედვა რაშიც მდგომარეობს და ისინი თურმე პოლიტიკურ შიგთავსზე საუბრობენ და არა კონსტიტუციის კონკრეტული მუხლების ერთმანეთის შეჯერებაზე და დარღვევაზე. კონსტიტუცია დარღვეული იყო და საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი სამართლიანი ვერდიქტი გამოიტანა.

სამწუხაროდ, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა ჩათვალა, რომ მას შეიძლება შიდა თუ გარე აქტორებმა დააკისრონ ის როლი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის გარეთ არის და ის თუ ამ როლს მოირგებდა ამით საქართველოს პოლიტიკაში ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე გახდებოდა და ეს სურვილი რომ ჰქონდა მას, ეს თვითონვე გაშიფრა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, როდესაც თქვა, რომ – ახლა მიყურეთ როგორ პოლიტიკაში ვიქნები ჩართულიო.

ჩვენ უკვე კარგად გიყურეთ და დავინახეთ, რომ სწორედ უსაფუძვლო პოლიტიკურ ამბიციებს შესწირეთ პრეზიდენტის ინსტიტუტის სულისკვეთება, საქართველოს კონსტიტუცია და რაც შეგეძლოთ თქვენი ქმედებებით მაქსიმალურად აზიანეთ ევროკავშირთან დაახლოების გზა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

მან ასევე მიმართა ოპოზიციას, რომ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს.

„აქ ოპოზიციის გარკვეული წარმომადგენლები სრულ ვაკუუმში იმყოფებიან, არ იციან ეკონომიკური ზრდა რა შედეგებით არის, ბიუჯეტი როგორ იზრდება, საქართველოს რეიტინგები მთელ წამყვან მსოფლიო შეფასებით სისტემებში როგორი მაღალია. ეს არის ის რეალობა, რის გამოც ჩვენ ევროკავშირი მოგვანიჭებს კანდიდატის სტატუსს და არა ის პოლიტიკური ბაკქანალია, რომელსაც თქვენ აქ მუდმივად მიმართავთ ხოლმე“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ბავშვის საქმეზე სამხარაულის ბიუროს ექსპერტს ბრალი წარედგინა

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ბავშვის დედა, მტკიცებულებების დაზიანებაში ბრალდებული ექსპერტისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ ავრცელებს.

ორგანიზაციის იურისტები მიიჩნევენ, რომ საქმის კვალიფიკაცია უნდა შეიცვალოს და ბრალი უნდა დამძიმდეს.

„დიდ დიღომში 12 წლის ანის გარდაცვალების საქმეში, საკვანძო მნიშვნელობის მტკიცებულებების დაზიანების ფაქტზე, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტს, სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი გულგრილობა), ბრალი წარედგინა.

არსებული ინფორმაციით, პროკურატურა ბრალდებულისათვის რაიმე სახის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობის დაყენებას არ აპირებს. „უფლებები საქართველოს“ ადვოკატები და ბავშვის დედა მიიჩნევენ, რომ აუცილებელია, ბრალდებულ ექსპერტს შეეფარდოს წინასწარი პატიმრობა, რათა თავიდან იქნას აცილებული, მათ შორის, შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობის, მოწმეზე ზემოქმედების ან/და მტკიცებულების განადგურების საფრთხე.

„უფლებები საქართველოს“ ადვოკატები ასევე მიიჩნევენ, რომ საქმეზე გამოძიება უნდა გაგრძელდეს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით (საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობა), რასაც ორგანიზაცია თავიდანვე ითხოვდა.

შეგახსენებთ, რომ 12 წლის ანის გარდაცვალების საქმეში საკვანძო მტკიცებულებების დაზიანების შესახებ „უფლებები საქართველომ“ საზოგადოებას 2023 წლის 5 ივლისს აცნობა. საუბარია იმ კატეგორიის ნივთმტკიცებებზე, რომელთა გამოკვლევითაც, შესაძლოა, დადგენილიყო გოგონას სხეულზე უცხო ადამიანის დნმ-ის არსებობის ფაქტი ან/და საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოება.

„უფლებები საქართველო“ 12 წლის გოგოს გარდაცვალების და მტკიცებულებების დაზიანების ფაქტებზე მიმდინარე საქმეებს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, დიდ დიღომში, 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი მიმდინარე წლის 16 მარტს იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

“ჩემმა კოლეგამ გაიხადა პიჯაკი და ასე ჩამიქრო ცეცხლი, მესამე და მეოთხე ხარისხის დამწვრობა მივიღე” – დაზარალებული პოლიციელი გრიგორიადისის საქმეზე

ჩემმა კოლეგამ გაიხადა პიჯაკი და ასე ჩამიქრო ცეცხლი. მესამე და მეოთხე ხარისხის დამწვრობა მივიღე, მარჯვენა ხელის ცერა და საჩვენებელი თითი პარალიზებულია, – ამის შესახებ დაზარალებულმა პოლიციელმა, ზურაბ ლურსმანაშვილმა ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესზე განაცხადა.

სწორედ აღნიშნული პოლიციელის ჯანმრთელობის დაზიანებას ედავებიან გრიგორიადისს.

პოლიციელმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მას კონკრეტულად არ დაუნახავს, თუ ვინ ისროლა “მოლოტოვის კოქტეილი”, თუმცა, ცეცხლმოკიდებული საგანი მისი მისამართით, რომ ისროლეს, დაინახა.

„ჩემმა კოლეგამ გაიხადა პიჯაკი და ასე ჩამიქრო ცეცხლი. გადამიყვანეს დამწვრობის ცენტრში, სადაც ერთკვირიანი მკურნალობა ჩამიტარდა, შემდეგი ერთი კვირა გადახვევებზე დავდიოდი. დაზიანების შედეგად ორგანიზმში ინფექცია მოხვდა და თრომბი, სისხლის შედედება დამემართა და გავაგრძელე მკურნალობა”, – განაცხადა პოლიციელმა.

მისივე განმარტებით, მას პრეტენზია ყველა დამნაშავის მიმართ აქვს.

„დავინახე საიდან წამოვიდა “მოლოტოვის კოქტეილი”, ეს იყო პარლამენტის კუთხიდან, მსროლელის სახე, თავად ეს პიროვნება არ დამინახავს, უბრალოდ, ჰაერში რომ მოდიოდა, იმას ვხედავდი. როცა ჩვენი მისამართით განხორციელდა სროლა, ცეცხლისგან მეტ-ნაკლებად დამცავი ფარი იყო, მისი აწევა მოვასწარი, რომ სახეში არ მომხვედროდა. რაშიც იყო დამზადებული „მოლოტოვის კოქტეილი”, ის ნაჭერი ხელზე დამეცა და ცეცხლი ფორმაზე გადავიდა. რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეული იყო, მესამე და მეოთხე ხარისხის დამწვრობა მივიღე, მარჯვენა ხელის ცერა და საჩვენებელი თითი პარალიზებულია. პრეტენზია გამაჩნია ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, მითუმეტეს, სამართალდამცავის და ჩემ მიმართ“,- განაცხადა ლურსმანაშვილმა.

ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“. ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 7-8 მარტის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსით ჯამში, 6 პირი დააკავეს, მათგან 5 ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

პარლამენტში უმრავლესობის წევრთა რაოდენობა 85-მდე გაიზარდა

პარლამენტში უმრავლესობის წევრთა რაოდენობა 85-მდე გაიზარდა. პარლამენტმა 85 ხმით გიორგი სოსიაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო.

გიორგი სოსიაშვილი ოქტომბერში, გორის მაჟორიტარულ ოლქში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული დეპუტატია „ქართული ოცნებიდან“.

“პრეზიდენტმა საკუთარ თავზე იწვნია, როგორი უსამართლო სასამართლო გვაქვს” – დავით კირკიტაძე

მინდა, საქართველოს პრეზიდენტს ვუთხრა, კიდევ სჯერა, რომ ქართული სასამართლო სამართლიანია და არ არის პოლიტიკური დავალებების შემსრულებელი? მან ხომ საკუთარ თავზე იწვნია, როგორი უსამართლო სასამართლო გვაქვს ჩვენ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, დავით კირკიტაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც კირკიტაძემ აღნიშნა, თუ პრეზიდენტს მართლაც სურს, რომ თავისუფალ პოლიტიკოსად დარჩეს, მიხეილ სააკაშვილი უნდა შეიწყალოს.

„მინდა, საქართველოს პრეზიდენტს მოვუწოდო და ვუთხრა, მას კიდევ სჯერა, რომ ქართული სასამართლო სამართლიანია, დამოუკიდებელი და არ არის პოლიტიკური დავალებების შემსრულებელი? მან ხომ საკუთარ თავზე იწვნია, როგორი უსამართლო სასამართლო გვაქვს ჩვენ, როგორი პოლიტიკურად ანგაჟირებული სასამართლოა, როგორ ემორჩილება „ქართული ოცნების“ მხრიდან ზეწოლას.

მინდა, შევახსენო, რომ ამავე სასამართლოს გასამართლებულია საქართველოს მესამე პრეზიდენტი. მას ხელთ აქვს ბერკეტი, ამ უსამართლო სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილება გამოასწოროს. რას ელოდება ის? – თუ კიდევ დარჩა იმედი, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ქართული სასამართლო ხელმძღვანელობდა კანონით და სამართლიანად. არა, ქალბატონო პრეზიდენტო, ისევე როგორც თქვენს შემთხვევაში, ქართული სასამართლო მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მოქმედებდა პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე.

მნიშვნელოვანია, რომ თქვენ გუშინ ოპოზიციას მოუწოდეთ, არ შემოსულიყო დარბაზში, როდესაც იქნებოდა საკითხის განხილვა. კარგად იცით, რომ ჩვენ ეს პოზიცია დავაფიქსირეთ თქვენს მოწოდებამდე, ჩვენ არ შემოვდივართ დარბაზში იმიტომ, რომ ის პროცესი, რომელიც ამ დარბაზში უნდა გაიმართოს, არ არის ქართველი ხალხის ინტერესში, ჩვენს ეროვნულ ინტერესებში. როდესაც სწორი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა დაიწყეთ, ევროპულ დედაქალაქებში სიარული, მაშინ დაიწყო „ქართულმა ოცნებამ“ თქვენი იმპიჩმენტის პროცედურა.

თუ მართლაც გსურთ, თავისუფალ პოლიტიკოსად დარჩეთ, სამართლიან პოლიტიკოსად, უნდა გადადგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯი, უნდა შეიწყალოთ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მაშინ დავიჯერებთ, რომ ნამდვილად თავისუფალი პრეზიდენტი ხართ, რეალურად ბიძინა ივანიშვილისგან თავისუფალი პრეზიდენტი და თავს არ ესხმით მხოლოდ კობახიძეს და იმ ადამიანებს, ვინც თქვენი იმპიჩმენტის პროცედურა წამოიწყო“,-აღნიშნა კირკიტაძემ.

“სალომე ზურაბიშვილი აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, ილუზიებშია”-კახა კალაძე

ეს (სალომე ზურაბიშვილი) ადამიანი აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, საერთოდ ილუზიებშია, ვერ ხვდება როგორ გახდა პრეზიდენტი და ვისი დამსახურებაა ეს ყველაფერი, საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რა ხდებოდა მის არჩევნებზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ნამდვილად იმსახურებს იმპიჩმენტს პრეზიდენტი, რომელიც პატივს არ სცემს საკუთარ სახელმწიფოს, ხალხს, კონსტიტუციას და კანონს.

„რაც შეეხება ზოგადად პრეზიდენტის ბოლოდროინდელ ქმედებებს, ეს ყველაფერი ძალიან მძიმეა. პირველი, უმძიმესი ფაქტია, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას. სამარცხვინოა აღნიშნული ქმედება. ადამიანი, რომელიც პირველი უნდა იყოს, ვინც უნდა დაიცვას კონსტიტუცია.

რაც შეეხება იმპიჩმენტის საკითხს, ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ფაქტობრივად, შეუძლებელია მისი ბოლომდე მიყვანა და განხორციელება, თუმცა ნამდვილად იმსახურებს იმპიჩმენტს პრეზიდენტი, რომელიც პატივს არ სცემს საკუთარ სახელმწიფოს, ხალხს, კონსტიტუციას და კანონს.

სადაც უნდა იქ წავიდეს და სადაც უნდა იქ გადავიდეს, ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს.

პირველ რიგში, ვიტყვი, რომ მის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ქმედებები და განცხადებები ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს, ეწინააღმდეგება სახელმწიფოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეგვიძლია მოვიძიოთ და ვნახოთ, რომელი ქვეყნის პრეზიდენტი იქცევა იმდაგვარად, როგორც იქცევა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. ადამიანი, რომელიც პირველი უნდა იყოს, რომ დაიცვას კონსტიტუცია, მას ფიცი აქვს დადებული და პირველი არღვევს. ამ ყველაფერს ნიღბავს იმით, რომ თითქოს საქართველოს ევროპულ მომავალზე შესტკივა გული და ამ დროს, რეალობაში რა ხდება? ვისმენთ განცხადებებს მისი მხრიდან, (ჩვენ ხომ არ ვიგონებთ) ჩვენი ქვეყანა სტატუსს არ იმსახურებდა, როდესაც ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო და დაამატა, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. ეს იყო უსამართლო გადაწყვეტილება ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით. თუ ვინმე სტატუსს იმსახურებდა, ეს იყო ჩვენი ქვეყანა. შესაბამისად, რასაც პრეზიდენტი აკეთებს, ეს არის ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი და უბრალოდ მარტივად, რომ შევაფასოთ მავნებლობა.

ეს (სალომე ზურაბიშვილი) ადამიანი აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, საერთოდ ილუზიებშია, ვერ ხვდება როგორ გახდა პრეზიდენტი და ვისი დამსახურებაა ეს ყველაფერი, საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რა ხდებოდა მის არჩევნებზე, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აცდენილია რეალობას”, – განაცხადა კალაძემ.

“მკვდარი მკვდარს აეკიდაო, ასეა მათი საქმე” – კახა კალაძე პროექტ „მონა.ჯი“-ს შესახებ

„როდესაც ხარ აგენტი, შეუძლებელია შენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესი გაატარო“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან პარტიების – „გირჩი-მეტი თავისუფლება“ და „დროა“ – მიერ შექმნილი ახალი პროექტის „მონა.ჯი“ შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, ეს ადამიანები არიან მავნებლები, რომლებიც ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ.

„ორი „ლუზერი“ რაღაც სისულელეს რომ აკეთებს, ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია. ისინი თავისი ფსიქოლოგიით არიან ჩვეულებრივი მავნებლები და მოქმედებენ ქვეყნის საწინააღმდეგოდ. როდესაც ხარ აგენტი, შეუძლებელია შენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესი გაატარო. ერთი ჩახდილი დარბოდა, შოუებს გვიტარებდა, მეორე რუსული რუბლებით ფინანსდება. ამ ადამიანებზე სერიოზულად როგორ ვისაუბრო. მკვდარი მკვდარს აეკიდაო, ასეა მათი საქმე“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

“ბრიუსელში განხორციელებული თავდასხმა აჩვენებს, რომ ევროპელებმა უნდა გავაძლიეროთ ჩვენი უსაფრთხოება”

ბრიუსელში განხორციელებული თავდასხმა აჩვენებს, რომ ევროპელებმა უნდა გააძლიერონ უსაფრთხოება, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

ბორელმა აღნიშნული კომენტარი გააკეთა ესპანეთში, სადაც ევროკავშირის პირველი ერთობლივი სამხედრო წვრთნები იმართება.

„ნება მიბოძეთ, დავიწყო გუშინ ბრიუსელში მომხდარი საშინელი ტერორისტული თავდასხმის მსხვერპლთა ოჯახების მიმართ სამძიმრის გამოხატვით. ეს მხოლოდ აჩვენებს, რომ ჩვენ, ევროპელებმა უნდა გავაძლიეროთ ჩვენი უსაფრთხოება და თავდაცვა ჩვენი უსაფრთხოების ნაწილია“, – განაცხადა ბორელმა.

გუშინ ბრიუსელში შეიარაღებულმა პირმა შვედეთის ორი მოქალაქე მოკლა. მოგვიანებით, თავდასხმაში ეჭვმიტანილი, 45 წლის ტუნისელი მამაკაცი პოლიციამ მოკლა.

“პრეზიდენტსაც ექნება შესაძლებლობა, როგორც თანამომხსენებელმა, იმპიჩმენტის საკითხის განხილვაში მიიღოს მონაწილეობა”

ოთხშაბათი და ხუთშაბათი, ეს ის ორი დღეა, როცა გვექნება შესაძლებლობა, განვიხილოთ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი. ვნახოთ, ჩვენ სხვა საკითხებს როგორ გავივლით და ამის მიხედვით დავნიშნავთ საკითხის განხილვას. ამაზე კიდევ დაწვრილებით მექნება საუბარი, როდესაც დადგენილების პროექტს გამოვიტან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა იმპიჩმენტის საკითხის განხილვის პროცედურაზე.

„დღეს გამოვიტან დადგენილების პროექტს, რომელიც რეგლამენტიდან გამომდინარე, არის განხილვის და კენჭისყრის გრაფიკი. ჩვენ გვაქვს ორი კვირა, რომ გადაწყვეტილება მივიღოთ. ვინაიდან გვაქვს პლენარული სესიის კვირა, ამიტომ მიმდინარე კვირაში შეგვიძლია, განვიხილოთ საკითხი და კენჭი ვუყაროთ.

რაც შეეხება განხილვის ფორმას, ის საკითხის პირველი მოსმენით განხილვის მსგავსია. კერძოდ, ამ შემთხვევაში წარდგინების ავტორებიდან მომხსენებელი გამოვა და წარმოადგენს თავის პოზიციას. შემდეგ, რეგლამენტით გათვალისწინებულია, რომ პარლამენტს შეუძლია, მოიწვევს შესაბამისი თანამდებობის პირი, ამ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი, განხილვაში მონაწილეობის მისაღებად.

მე გუშინ მქონდა მიმართვა და ველოდებით საბოლოო პასუხს. როგორც ჩანს, ქალბატონ პრეზიდენტს სურს მონაწილეობის მიღება და ეს თუ ასეა, რა თქმა უნდა, მოვიწვევთ განხილვაში მონაწილეობის მისაღებად, როგორც თანამომხსენებელს. როგორც მომხსენებელთან, ისე თანამომხსენებელთან არის კითხვების და დაზუსტებების შესაძლებლობა. პირველ მოსმენაში გათვალისწინებულია კომიტეტების გამოსვლა, მაგრამ, ვინაიდან რაიმე დარგობრივი მოსაზრებები აქ არ არის რელევანტური, კომიტეტების გამოსვლები არ იქნება და გადავალთ უკვე უფრაქციო წევრების, პოლიტიკური ჯგუფების და ფრაქციების გამოსვლებზე. ამის ბოლოს დასკვნითი სიტყვის შესაძლებლობა ექნება მომხსენებელს, თუმცა არა თანამომხსენებელს.

საბოლოო ჯამში, ეს იქნება პროცედურა, რომლის განხილვის შემდეგ გვექნება უკვე კენჭისყრა. იცით, რომ იმპიჩმენტისთვის 100 ხმა არის საჭირო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.