“პრეზიდენტმა საკუთარ თავზე იწვნია, როგორი უსამართლო სასამართლო გვაქვს” – დავით კირკიტაძე

106
spot_img

მინდა, საქართველოს პრეზიდენტს ვუთხრა, კიდევ სჯერა, რომ ქართული სასამართლო სამართლიანია და არ არის პოლიტიკური დავალებების შემსრულებელი? მან ხომ საკუთარ თავზე იწვნია, როგორი უსამართლო სასამართლო გვაქვს ჩვენ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, დავით კირკიტაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც კირკიტაძემ აღნიშნა, თუ პრეზიდენტს მართლაც სურს, რომ თავისუფალ პოლიტიკოსად დარჩეს, მიხეილ სააკაშვილი უნდა შეიწყალოს.

„მინდა, საქართველოს პრეზიდენტს მოვუწოდო და ვუთხრა, მას კიდევ სჯერა, რომ ქართული სასამართლო სამართლიანია, დამოუკიდებელი და არ არის პოლიტიკური დავალებების შემსრულებელი? მან ხომ საკუთარ თავზე იწვნია, როგორი უსამართლო სასამართლო გვაქვს ჩვენ, როგორი პოლიტიკურად ანგაჟირებული სასამართლოა, როგორ ემორჩილება „ქართული ოცნების“ მხრიდან ზეწოლას.

მინდა, შევახსენო, რომ ამავე სასამართლოს გასამართლებულია საქართველოს მესამე პრეზიდენტი. მას ხელთ აქვს ბერკეტი, ამ უსამართლო სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილება გამოასწოროს. რას ელოდება ის? – თუ კიდევ დარჩა იმედი, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ქართული სასამართლო ხელმძღვანელობდა კანონით და სამართლიანად. არა, ქალბატონო პრეზიდენტო, ისევე როგორც თქვენს შემთხვევაში, ქართული სასამართლო მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მოქმედებდა პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე.

მნიშვნელოვანია, რომ თქვენ გუშინ ოპოზიციას მოუწოდეთ, არ შემოსულიყო დარბაზში, როდესაც იქნებოდა საკითხის განხილვა. კარგად იცით, რომ ჩვენ ეს პოზიცია დავაფიქსირეთ თქვენს მოწოდებამდე, ჩვენ არ შემოვდივართ დარბაზში იმიტომ, რომ ის პროცესი, რომელიც ამ დარბაზში უნდა გაიმართოს, არ არის ქართველი ხალხის ინტერესში, ჩვენს ეროვნულ ინტერესებში. როდესაც სწორი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა დაიწყეთ, ევროპულ დედაქალაქებში სიარული, მაშინ დაიწყო „ქართულმა ოცნებამ“ თქვენი იმპიჩმენტის პროცედურა.

თუ მართლაც გსურთ, თავისუფალ პოლიტიკოსად დარჩეთ, სამართლიან პოლიტიკოსად, უნდა გადადგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯი, უნდა შეიწყალოთ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მაშინ დავიჯერებთ, რომ ნამდვილად თავისუფალი პრეზიდენტი ხართ, რეალურად ბიძინა ივანიშვილისგან თავისუფალი პრეზიდენტი და თავს არ ესხმით მხოლოდ კობახიძეს და იმ ადამიანებს, ვინც თქვენი იმპიჩმენტის პროცედურა წამოიწყო“,-აღნიშნა კირკიტაძემ.