“უსაფუძვლო პოლიტიკურ ამბიციებს შესწირეთ პრეზიდენტის ინსტიტუტის სულისკვეთება” – ირაკლი ქადაგიშვილი

101
spot_img

უსაფუძვლო პოლიტიკურ ამბიციებს შესწირეთ პრეზიდენტის ინსტიტუტის სულისკვეთება, საქართველოს კონსტიტუცია და რაც შეგეძლოთ თქვენი ქმედებებით მაქსიმალურად აგრძელებთ დაზიანებას იგივე ევროკავშირთან დაახლოების გზის, – ასე მიმართა უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ ცხადყო, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია.

„ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც არის ავტორი ევროპული საპარლამენტო რესპუბლიკის კონსტიტუციის, მოახდინა დროული რეაგირება და კონსტიტუციის ფუძემდებლური მუხლების მიზანმიმართულად და შეგნებულად დარღვევასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო წარდგინება შეიტანა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის ნათელი და ცალსახა. ჩვენ წავიკითხეთ ასევე, სამი მოსამართლის განსხვავებული ხედვა რაშიც მდგომარეობს და ისინი თურმე პოლიტიკურ შიგთავსზე საუბრობენ და არა კონსტიტუციის კონკრეტული მუხლების ერთმანეთის შეჯერებაზე და დარღვევაზე. კონსტიტუცია დარღვეული იყო და საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი სამართლიანი ვერდიქტი გამოიტანა.

სამწუხაროდ, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა ჩათვალა, რომ მას შეიძლება შიდა თუ გარე აქტორებმა დააკისრონ ის როლი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის გარეთ არის და ის თუ ამ როლს მოირგებდა ამით საქართველოს პოლიტიკაში ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე გახდებოდა და ეს სურვილი რომ ჰქონდა მას, ეს თვითონვე გაშიფრა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, როდესაც თქვა, რომ – ახლა მიყურეთ როგორ პოლიტიკაში ვიქნები ჩართულიო.

ჩვენ უკვე კარგად გიყურეთ და დავინახეთ, რომ სწორედ უსაფუძვლო პოლიტიკურ ამბიციებს შესწირეთ პრეზიდენტის ინსტიტუტის სულისკვეთება, საქართველოს კონსტიტუცია და რაც შეგეძლოთ თქვენი ქმედებებით მაქსიმალურად აზიანეთ ევროკავშირთან დაახლოების გზა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

მან ასევე მიმართა ოპოზიციას, რომ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს.

„აქ ოპოზიციის გარკვეული წარმომადგენლები სრულ ვაკუუმში იმყოფებიან, არ იციან ეკონომიკური ზრდა რა შედეგებით არის, ბიუჯეტი როგორ იზრდება, საქართველოს რეიტინგები მთელ წამყვან მსოფლიო შეფასებით სისტემებში როგორი მაღალია. ეს არის ის რეალობა, რის გამოც ჩვენ ევროკავშირი მოგვანიჭებს კანდიდატის სტატუსს და არა ის პოლიტიკური ბაკქანალია, რომელსაც თქვენ აქ მუდმივად მიმართავთ ხოლმე“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.