Home Blog Page 1390

2023 წლის სექტემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წლიურად 3.3 პროცენტით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის სექტემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.6 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 3.3 პროცენტიანი კლება.

საქსტატის ცნობით, 2023 წლის აგვისტოსთან შედარებით ფასები 0.5 პროცენტით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.03 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები 0.5 პროცენტით გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რამაც 0.4 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში.

„ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების 2.6 პროცენტიანი ზრდა კვების პროდუქტებზე. გარდა ამისა, ფასების 0.9 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.09 პროცენტული პუნქტი შეადგინა“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება წლიურ ჭრილს, 12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე.

„სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 2.9 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 0.19 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება სამთო-მოპოვებითი მრეწველობის და კარიერების დამუშავების სხვა პროდუქტებზე (9.9 პროცენტი); დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები შემცირდა 4.0 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის კლებაზე -3.3 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ძირითადი ქიმიური ნივთიერებები და ქიმიური პროდუქტები (-21.1 პროცენტი) და ძირითადი ლითონები (-23.1 პროცენტი); ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები შემცირდა 1.4 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე -0.12 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა; წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები შემცირდა 2.3 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე -0.08 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა“, – აღნიშნულია უწყების ანგარიშში.

“დაივიწყეთ ნებისმიერი მერყეობა, უნდა წახვიდეთ ვა-ბანკზე” – სააკაშვილი ნიკოლ ფაშინიანს მიმართავს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს მიმართავს. ამის შესახებ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„მე თქვენ პირველად მოგმართავთ და ამას საჯაროდ ვაკეთებ, რადგან ძალიან მაღელვებს ჩვენი რეგიონის და სომხეთის ბედი. რუსეთთან და პუტინთან (რომელმაც დსთ-ს ამასწინდელ სამიტზე პრაქტიკულად ბრალი დამდო ამ ორგანიზაციის დაშლაში) ჩემი ურთიერთობის გამოცდილებაზე დაყრდნობით, თავს უფლებას მივცემ, მოგცეთ რამოდენიმე რჩევა.

თქვენ ხელისუფლებაში მოხვედით სახალხო გამოსვლების შედეგად, რაც პუტინის ტერმინოლოგიით „ფერადი რევოლუციაა“. ამიტომ, დამიჯერეთ, როგორც არ უნდა ეცადოთ პუტინის კეთილგანწყობის მოპოვებას, რაც არ უნდა ეფიცოთ ერთგულებაში, ის თქვენ არასოდეს გაპატიებთ. განსაკუთრებით, თქვენი ბოლოდროინდელი განცხადებების, პოლიტიკური სვლების და განსაკუთრებით რომის სტატუტის რატიფიკაციის შემდეგ. ის თქვენი მოსისხლე მტერია და შეეცდება თქვენს დამხობას მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით: შიდა არეულობით, სამხედრო მოქმედებების ხელშეწყობით.

ის დაიწყებს თქვენს მოხრჩობას ეკონომიკურად და გამოიყენებს ჰიბრიდული ომის მთელს არსენალს. უნდა გახსოვდეთ, რომ ძალიან ცოტა დრო გაქვთ. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თქვენ ვერ შეძელით ან არ განახორციელეთ ფუნდამენტური რეფორმები და ამიტომ თქვენი დღევანდელი სახელმწიფო აპარატი რეალურად კრემლის მეხუთე კოლონის ფუნქციას ასრულებს. თქვენ დააგვიანეთ ევროინტეგრაციის პროცესი.

რარიგ რთულიც არ უნდა იყოს ეს თქვენთვის, სომხეთის გარშემო განვითარებული მოვლენები ჩვენს რეგიონს ახალ შანსს აძლევს. რაღაცა დროის შემდეგ ჩვენ შეგვეძლება ვიცხოვროთ ბალტიის სამი ქვეყნის მსგავსად – ღია საზღვრებით, შევქმნათ ლოჯისტიკური, ფინანსური, ენერგეტიკული ჰაბების მთელი სისტემა, გამოვიყენოთ ჩვენი სამეულიდან თითოეული ქვეყნის უპირატესობები.

ამის მისაღწევად თქვენ უნდა იჩქაროთ და დაივიწყოთ ნებისმიერი მერყეობა, უნდა წახვიდეთ ვა-ბანკზე. უნდა მოითხოვოთ რუსეთის სამხედრო ბაზის გაყვანა, უნდა გამოხვიდეთ დსთ-დან, ОДКБ-დან, საბაჟო კავშირიდან და უნდა შეიტანოთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე და ნატოში შესასვლელად.

2013 წელს ჩამოვფრინდი ერევანში ევროკომისიის თავმჯდომარესთან, ბაროზოსთან ერთად. უშედეგოდ ვცდილობდით დაგვერწმუნებინა თქვენი წინამორბედი, არ შესულიყო რომელიმე, მოსკოვის ეგიდით შექმნილ ორგანიზაციაში.

და ბოლოს, თქვენ უნდა ღიად განაცხადოთ და სასწრაფოდ მოაწეროთ ხელი მშვიდობის ხელშეკრულებას აზერბაიჯანთან და ამ ნაბიჯით გაუხსნათ გზა სომხეთს შიდა და საგარეო პოლიტიკის ფუნდამენტური ცვლილებებისთვის.

თქვენ არ გაკლიათ პირადი ვაჟკაცობა და პოლიტიკური სიმამაცე და ამიტომ მაქვს იმედი, რომ არ მისცემთ პუტინს საშუალებას გაგანადგუროთ პირადად, დაანგრიოს თქვენი ქვეყანა და საბოლოოდ ააფეთქოს ჩვენი რეგიონი. საფრთხე, რომელიც მოგვადგა ყველა ჩვენგანს, ძალზედ რეალურია და ითხოვს დაუყოვნებლივ მოქმედებებს.

იმედი მაქვს, ამჯერად აღარ დააყოვნებთ და იმოქმედებთ. გისურვებთ წარმატებებს თქვენ და სომხეთის ხალხს“, – წერს სააკაშვილი.

“ღაზაში „ჰამასის“ ასზე მეტ ობიექტს დავარტყით” – ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, წუხელ ღაზას სექტორში, საჰაერო იერიში 100-ზე მეტ სამიზნეზე მიიტანეს.

„ღამის განმავლობაში გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა ღაზას სექტორში ტერორისტული ორგანიზაციების ასზე მეტ ოპერატიულ სამიზნეს დაარტყეს, გაანადგურეს გვირაბის შახტები, საბრძოლო მასალის საწყობები და ათობით ოპერატიული შტაბი“, – აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

მათივე ინფორმაციით, თავდასხმების დროს გაანადგურეს ტერორისტი, რომელიც „ჰამასის“ სამხედრო- საზღვაო ძალების წევრი იყო.

„თავდასხმების გაანადგურეს ტერორისტი, რომელიც იმყოფებოდა ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ სამხედრო-საზღვაო ძალების რიგებში, ის ღაზას სექტორში ტერორისტულ ოპერაციებში მონაწილეობდა“, – აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ მიმდინარე წელს უკანონო ფარმაცევტული საქმიანობის 258 ფაქტი გამოავლინა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ მიმდინარე წელს 62 აფთიაქში უკანონო ფარმაცევტული საქმიანობის 258 ფაქტი გამოავლინა.

სააგენტოს ცნობით, ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ფარმაცევტული დაწესებულებები უნებართვოდ და ურეცეპტოდ ახდენდნენ ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციას.

„გატარებული ღონისძიებების შედეგად, რეგულირების სააგენტომ, ავტორიზებული აფთიაქებიდან 11 341 684 ერთეული ფსიქოტროპული მედიკამენტის, ურეცეპტოდ რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა. 97 753 ერთეული კი, სააგენტომ იმ აფთიაქებიდან ამოიღო, რომლებსაც ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციის ნებართვა არ გააჩნიათ.

გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და გადაეგზავნა სასამართლოს. გარდა ამისა, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, 14 ავტორიზებული აფთიაქიდან რვას ნებართვა გაუუქმა, 12 ფარმაცევტს კი, საქმიანობის უფლება სამი წლით შეუჩერა.

აღნიშნული უკანონო ფარმაცევტული საქმიანობები, დარღვევის სიმძიმის მიხედვით, 6 000-დან 16 000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. ასევე, კანონდარღვევის შესახებ, ინფორმაცია, გაეგზავნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს“, – აღნიშნულია სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ინფორმაციაში.

“საქართველო-სიურპრიზებით სავსე ქვეყანა“-გერმანელი ტუროპერატორები საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ

გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე უძველესი და ცნობილი ტურისტული პლატფორმა Willy Scharnow Foundation for Tourism  საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიას აქვეყნებს. გერმანელმა ტუროპერატორებმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გაცნობითი ტურის ფარგლებში იმოგზაურეს და შთაბეჭდილებები პლატფორმაზე გამოაქვეყნეს.

„ქართული ანბანი მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესია და 2014 წლიდან იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია. ქართული ღვინის მომზადება კვერცხის ფორმის თიხის ჭურჭელში  8 ათასი წლის წინ დაიწყეს, მას ქვევრი ჰქვია და სწორი შენახვის მიზნით მიწაშია მოთავსებული. ქართველები ამაყობენ, რომ საქართველო ღვინოს სამშობლოა, ქართული სამზარეულო მოულოდნელად ძალიან მრავალფეროვანი და გემრიელი აღმოჩნდა“,-წერს ტუროპერატორი რამონა კრაუსი და დეტალურად აღწერს ქართულ კერძებსა და სუფრის ტრადიციებს.

სტატიაში აღწერილია უფლისციხე.

„ უფლისციხე აბრეშუმის ძველ გზაზე მდებარე კლდეში ნაკვეთი ქალაქია, რომელიც ქრისტეს შობამდე პირველ ათასწლეულში ჩამოყალიბდა და დღემდე აოცებს მნახველებს მრავალფეროვანი ქვაბულებით, მორთული ჭერითა და   მიწისქვეშა გზებით, აქვეა კლდეზე აღმართული ბაზილიკა“-წერს რამონა კრაუსი.

სტატიაში აღწერილია  ექსტრემალური ტურისტული სახეობა, ჯომარდობა ბორჯომის ხეობაში და თბილისი, ძველი უბნებით და თანამედროვე არქიტექტურით.

“ჰამასი“ და პუტინი წარმოადგენენ განსხვავებულ საფრთხეებს, მაგრამ მათ აქვთ საერთო” – ჯო ბაიდენი

„ჰამასი“ და ვლადიმერ პუტინი წარმოადგენენ განსხვავებულ საფრთხეებს, მაგრამ მათ აქვთ საერთო, ორივეს სურთ, მთლიანად გაანადგუროს მეზობელი დემოკრატია, – ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოვალური კაბინეტიდან მიმართვისას განაცხადა.

ამერიკის პრეზიდენტის თქმით, უკრაინისა და ისრაელის წარმატება მნიშვნელოვანია ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვისაც.

„ბუნებრივია, ჩნდება კითხვა და ნება მომეცით, გითხრათ, რატომ აქვს ამას მნიშვნელობა ამერიკისთვის. ისრაელისა და უკრაინის წარმატების მიღწევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ჩვენ თუ არ შევაჩერებთ პუტინის მადას ძალაუფლებისა და უკრაინის კონტროლისადმი, ის არ შემოიფარგლება მხოლოდ უკრაინით“, – აცხადებს ამერიკის პრეზიდენტი.

როგორც ჯო ბაიდენმა აღნიშნა, პუტინი თუ თავს დაესხმება ნატო-ს მოკავშირეს, ამერიკა დაიცავს ნატო-ს ყველა სანტიმეტრს, რასაც ხელშეკრულება მოითხოვს და მოუწოდებს.

ამასთან, ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ის ესაუბრა პალესტინის პრეზიდენტსაც და კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი პალესტინელი ხალხის ღირსებებს.

„ჰამასის“ არსებობის მიზანია ისრაელის სახელმწიფოს განადგურება და ებრაელი ხალხის მოკვლა. „ჰამასი“ არ წარმოადგენს პალესტინელ ხალხს. „ჰამასი“ იყენებს პალესტინელ მშვიდობიან მოსახლეობას ადამიანურ ფარად“, – დასძინა ბაიდენმა.

“არსებული გამოწვევები არ გამორიცხავს ბირთვული იარაღის გამოყენებას რეგიონში – თავშესაფარი არ გვიშველის, ამიტომ ჭკვიანად უნდა ვიყოთ”

არსებული გამოწვევები არ გამორიცხავს ბირთვული იარაღის გამოყენებას რეგიონში – ჭკვიანად უნდა ვიყოთ, ზომიერი, პრაგმატული პოლიტიკა ვაწარმოოთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთაც , – ამის შესახებ ჟურნალისტებთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მთავრობის ხელმძღვანელობით შექმნილია სპეციალური სამოქმედო გეგმა.

“არსებული გამოწვევები არ გამორიცხავს ბირთვული იარაღის გამოყენებას, ღმერთმა დაგვიფაროს, ჩვენს ქვეყანას არ ვგულისხმობ, ირგვლივ რეგიონს ვგულისხმობ.

მთავრობის ხელმძღვანელობით, მისი მორეაგირე უწყებების მონაწილეობით, მათ შორის, ჩვენი სამსახურის, შემუშავებულია სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც, თითოეულ უწყებას გაწერილი აქვს სცენარი, მოქმედების გეგმა, რომელიც ამ შემთხვევაში, მოგვიწევს, მოქმედებაში მოვიყვანოთ. 100 პროცენტიანი დაზღვევა, ამის მავნე გავლენას ვგულისხმობ, საქართველოს კი არა, უდგას ძალიან ბევრ ქვეყანას რეგიონში, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებს.

გაწერილი აქვს ჯანდაცვის სამინისტროს მედიკამენტების მარაგების განაწილება მოსახლეობაზე, მკურნალობა, მათ შორის, სასწრაფო დახმარების გაწევის სქემა, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, დიდი გამოცდილება კოვიდის დროს მივიღეთ. თავშესაფრების გამოყოფაც მათ შორის, თუმცა, ეს აქტუალური ხდება მაშინ, თუკი ღმერთმა დაგვიფაროს, პირდაპირი დარტყმა ხდება. თავშესაფარი არ გვიშველის მაგ შემთხვევაში. ამიტომ ჭკვიანად უნდა ვიყოთ, ზომიერი პრაგმატული პოლიტიკა ვაწარმოოთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთაც”, – განაცხადა ლილუაშვილმა.

„მზიურის” ახლად მოწყობილ რეკრეაციულ სივრცეში 20 ოქტომბერს კონცერტი გაიმართება

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მოსახლეობა „მზიურის” პარკის შემომატებულ, ახლად მოწყობილ რეკრეაციულ სივრცეში კონცერტზე მიიწვია.

როგორც მან „ფეისბუქის” პირდაპირ ჩართვაში განაცხადა, კონცერტი 20 ოქტომბერს, 19:00 საათზე გაიმართება.

„დაახლოებით 2,5 ჰექტარი ტერიტორია ემატება „მზიურის” პარკს, რაც ძალიან მაგარია. ამასთან დაკავშირებით გვექნება კონცერტი და მინდა მოგიწვიოთ ყველა. ვისაც სურვილი გაქვთ, მობრძანდით ხვალ, საღამოს შვიდ საათზე „მზიურის” პარკში”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კონცერტზე მსმენელის წინაშე სხვადასხვა ჟანრის შემსრულებლები წარდგებიან.

„ხვალ გველოდება ძალიან სასიამოვნო საღამო. კონცერტზე წარმოდგენილი იქნებიან დუეტი „ჯორჯია”, სალომე ბაკურაძე, ნათია დუმბაძე, „მასტერი”, დავით გომართელი, სალიო, ოთო ნემსაძე და ნოა. მობრძანდით თქვენს ოჯახებთან და მეგობრებთან ერთად”, – განაცხადა მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ.

დედაქალაქის მერმა „ფეისბუქის” პირდაპირ ჩართვაში ასევე ისაუბრა განხორციელებული სამუშაოების შესახებ, რის შედეგადაც აღნიშნულ ტერიტორიაზე სხვადასხვა ტიპის სივრცე და ინფრასტრუქტურა მოეწყო. „მოეწყო სატრენაჟორო სივრცე, გადმოსახედი, რომელიც „მზიურის” პარკის ვრცელ ნაწილს გადაჰყურებს; განათებული სასეირნო ბილიკები დაემატა, მოეწყო ფანჩატური, შინაური ცხოველების გასასეირნებელი სივრცე; საპიკნიკე სივრცეა გაკეთებული – უზარმაზარი მდელოა გამწვანებული.

ძალიან მიხარია, რომ ასეთი პროექტები ემატება ჩვენს ქალაქს – გამწვანებული, მოწესრიგებული, გალამაზებული სივრცეები. როგორც გითხარით, ეს იყო კერძო საკუთრება და ალბათ ფიქრობდნენ, რომ აქ შესაძლებელი იქნებოდა სამშენებლო სამუშაოების წარმოება, თუმცა თქვენ იცით ჩვენი პოლიტიკა, მიდგომა და დამოკიდებულება ასეთ სივრცეებთან დაკავშირებით. მაქსიმალურად ვცდილობთ დავიბრუნოთ მსგავსი ტერიტორიები, სადაც შემდგომში პარკები და სკვერები მოეწყობა. ჩვენ ქალაქს რაც ჭირდება, ეს არის გამწვანებული სივრცეები. ვფიქრობ, გაზაფხულზე კიდევ უფრო ლამაზი და გამწვანებული იქნება, რადგან ბალახი ახალი დაგებულია. მთავარია, მოვუაროთ, გავუფრთხილდეთ ამ ყველაფერს და შევინარჩუნოთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ასეთი პროექტების განხორციებას ჩვენი ლამაზი დედაქალაქისთვის”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

20 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

იყავით დაკვირვებული სახლსა და სამსახურში. ყურადღება გაამახვილეთ საქმის დეტალებზე და გააკონტროლეთ მიღებული ინფორმაცია.

კურო

დაკავდით ჩვეული საქმით. მეტი დრო დაუთმეთ სამუშაო სივრცის მოწესრიგებასა და დალაგებას. ნუ მიაქცევთ ყურადღებას გარშემომყოფთა რეპლიკებს.

ტყუპები

ეცადეთ, ფილოსოფიურად შეხედოთ დღეს მიმდინარე მოვლენებს. სიტუაციები თქვენს გარშემო ყოველ წუთში იცვლება. დააფასეთ და მეტი ყურადღება გამოიჩინეთ საყვარელი ადამიანებისადმი.

კირჩხიბი

მოერიდეთ განმარტოებას, მაგრამ არც უსიამოვნო, ან არასანდო ადამიანებთან კომუნიკაცია იქნებოდა გონივრული. მეტად დაისვენეთ და დრო დაუთმეთ ძალების აღდგენას.

ლომი

შეხედეთ დღევანდელ სიტუაციებს მეტი იუმორით, საკუთარ თავზე ხუმრობა დამამცირებელი სულაც არ არის, ამით თქვენს სანდოობასა და თავდაჯერებულობას გაუსვამთ ხაზს.

ქალწული

აიღეთ სადავეები საკუთარ ხელში, გააცნობიერეთ, რომ ბევრი რამ თქვენზე და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. ახლა სევდის დრო არ არის, გააფერადეთ გარემო თქვენი განწყობით.

სასწორი

ხანდახან, უბრალოდ, შეწყვიტეთ ფიქრი და იმოქმედეთ შეგრძნებით. მოინახულეთ საყვარელი ადგილები და ადამიანები, მისწერეთ მათ, ვინც გენატრებათ და იყავით ის, ვინც რეალურად ხართ.

მორიელი

ყველაფერი ისე ვითარდება როგორც თქვენ გსურთ, თუმცა ნუ გადააჭარბებთ! მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას, თუ რაღაც არ მოგწონთ, ეცადეთ, ჩასწვდეთ საკითხის არსს და დაუყოვნებლივ გამოასწოროთ.

მშვილდოსანი

ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს, ნუ შეაფასებთ სიტუაციას მხოლოდ დღევანდელი დღით. შეასრულეთ დაპირებები და ვალდებულებები, დანარჩენს დრო გამოაჩენს.

თხის რქა

მშვენიერი დღეა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად, პროექტების განსახორციელებლად, ასევე, საოჯახო საკითხების მოსაგვარებლად.

მერწყული

იყავით თავისუფალი, მეტად ენდეთ თქვენს გარშემომყოფებს, ნუ შეგეშინდებათ სპონტანური ქმედების, ამჯერად, ფორტუნა თქვენს მხარესაა.

თევზები

მეტი დრო დაუთმეთ განტვირთვასა და დასვენებას, უარს ნუ იტყვით საკუთარი თავის სიამოვნებაზე, მიირთვით გემრიელი ტკბილეული თქვენთვის საყვარელ გარემოში და აკეთეთ ის, რაც ბედნიერს გხდით.

ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, ღაზაში საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად 100-დან 300 ადამიანამდე დაიღუპა

ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, ღაზაში საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად 100-300 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სადაზვერვო სააგენტოების მომზადებულ წინასწარ დასკვნაზე დაყრდნობით CNN-ი იტყობინება.

მათივე ინფორმაციით, საავდამყოფოს შენობას მცირე ზიანი აქვს მიყენებული და დაბომბვის უკან ისრაელი არ მდგარა.

აღსანიშნავია, რომ „ჰამასი“ საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად 471 გარდაცვლილის შესახებ იტყობინებოდა.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

„ბავშვები გარეთ არასდროს აღარ დაიძინებენ, იმიტომ, რომ ჩვენ სახლი ავუშენეთ“ – რას წერს აკა სინჯიკაშვილი

ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი, სოციალურ ქსელში მორიგ სასიამოვნო ინფორმაციას გვიზიარებს.

როგორც აკა წერს, საზოგადოების დახმარებით, ბავშვებს, რომელთაც ქუჩაში ეძინათ, სახლი აუშენეს.

„საოცრება ამბები:

ბავშვები გარეთ არასდროს აღარ დაიძინებენ, იმიტომ, რომ ჩვენ სახლი ავუშენეთ.

მათ ექნებათ საწოლები, ტელევიზორი, მაცივარი, ჭურჭელი, ტანსაცმელი და საჭმელი.

ბავშვები ივლიან სკოლაში და ოჯახი თავიდან დაიწყებს ყველაფერს.

პატარას თავის საკუთარ სახლში სძინავს – ამაზე ბედნიერებას რას უნდა უყურო?!

ბავშვების სახელით უზარმაზარი მადლობა თქვენ ყველას!

წინ დიდი ამბებია“, – წერს აკა სინჯიკაშვილი.

“საქართველოში არ ხორციელდებოდა ტერორისტული აქტივობები” – სუს-ის ხელძღვანელი

სუს-ის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, საქართველოში 2022 წლის განმავლობაში არ ხორციელდებოდა ტერორისტული აქტივობები, არ ფუნქციონირებდა სტრუქტურიზებული ტერორისტული ჯგუფი და მინიმუმამდე იყო შემცირებული ტერორისტული საქმიანობის დაფინანსების რისკები.

როგორც ლილუაშვილმა სუს-ის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, 2022 წელს საქართველოდან ტერორიზმის დაფინანსების ან ტერორისტული ორგანიზაციებისთვის სხვაგვარი დახმარების გაწევის ფაქტებს ადგილი არ ჰქონია.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შედეგად, საანგარიშო პერიოდში საქართველოში არ ხორციელდებოდა ტერორისტული აქტივობები, არ ფუნქციონირებდა სტრუქტურიზებული ტერორისტული ჯგუფი და მინიმუმამდე იყო შემცირებული ტერორისტული საქმიანობის დაფინანსების რისკები.

2022 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, რელევანტურ უწყებებთან კოორდინაციით, გრძელდებოდა საქართველოს საზღვრების კონტრტერორისტული სკრინინგი, კვლავ კონტროლდებოდა ქვეყანაში მოსახვედრად გამოსაყენებელი შესაძლო არალეგალური მარშრუტები და ე.წ. დერეფნები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებული გამოძიების შედეგად, ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრებისა და დახმარების ფაქტზე, 2022 წლის დეკემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაკავებულ იქნა „დაეშის“ ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს მოქალაქე ტოხოსაშვილი. აღნიშნული პირი სირიაში 2015 წელს გაემგზავრა და ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთი დანაყოფის მეთაური იყო. ახორციელებდა ტერორისტულ აქტივობებს და სირია-ერაყში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების, სხვა რელევანტურ უწყებებთან კოორდინირებული ერთობლივი ძალისხმევისა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის შედეგად, 2022 წელს საქართველოდან ტერორიზმის დაფინანსების ან ტერორისტული ორგანიზაციებისთვის სხვაგვარი დახმარების გაწევის ფაქტებს ადგილი არ ჰქონია“,- განაცხადა ლილუაშვილმა.

ლილუაშვილის თქმით, 2022 წელს, გაეროს უშიშროების საბჭოს 1373 რეზოლუციის იმპლემენტაციის მიზნით, სანქციების ეროვნულ სიაში ორი პირი იქნა შეყვანილი.

„2022 წელს აღნიშნული მიმართულებით კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდა, რის შედეგადაც საქართველოში მყოფმა რადიკალურად განწყობილმა უცხო ქვეყნის ათობით მოქალაქემ ქვეყნის ტერიტორია დატოვა“,- აღნიშნა სუს-ის ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, ტერორიზმის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში, საქართველოს კონტრტერორისტული ძალისხმევა პოზიტიურად იქნა შეფასებული.

„ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში ტერორისტულ ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია და ტერორიზმის კუთხით, სტაბილურად მშვიდი გარემო არსებობდა, ასევე, ქვეყანას შეუძლია ტერორისტულ ინციდენტებზე სათანადო რეაგირება, მათი აღკვეთა და გამოვლენა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, როგორც ტერორიზმთან დაკავშირებულ შემთხვევებზე რეაგირებისა და გამოძიების მიმართულებით წამყვანი უწყება, მჭიდროდ თანამშრომლობს კონტრტერორისტულ საქმიანობაში ჩართულ სხვა სახელმწიფო უწყებებთან.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კარგად აღჭურვილი და მომზადებულია, რეგულარულად მიმდინარეობს სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფის შესაძლებლობების გაძლიერება“,- განაცხადა ლილუაშვილმა.