“საქართველოში არ ხორციელდებოდა ტერორისტული აქტივობები” – სუს-ის ხელძღვანელი

87
spot_img

სუს-ის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, საქართველოში 2022 წლის განმავლობაში არ ხორციელდებოდა ტერორისტული აქტივობები, არ ფუნქციონირებდა სტრუქტურიზებული ტერორისტული ჯგუფი და მინიმუმამდე იყო შემცირებული ტერორისტული საქმიანობის დაფინანსების რისკები.

როგორც ლილუაშვილმა სუს-ის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, 2022 წელს საქართველოდან ტერორიზმის დაფინანსების ან ტერორისტული ორგანიზაციებისთვის სხვაგვარი დახმარების გაწევის ფაქტებს ადგილი არ ჰქონია.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შედეგად, საანგარიშო პერიოდში საქართველოში არ ხორციელდებოდა ტერორისტული აქტივობები, არ ფუნქციონირებდა სტრუქტურიზებული ტერორისტული ჯგუფი და მინიმუმამდე იყო შემცირებული ტერორისტული საქმიანობის დაფინანსების რისკები.

2022 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, რელევანტურ უწყებებთან კოორდინაციით, გრძელდებოდა საქართველოს საზღვრების კონტრტერორისტული სკრინინგი, კვლავ კონტროლდებოდა ქვეყანაში მოსახვედრად გამოსაყენებელი შესაძლო არალეგალური მარშრუტები და ე.წ. დერეფნები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებული გამოძიების შედეგად, ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრებისა და დახმარების ფაქტზე, 2022 წლის დეკემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაკავებულ იქნა „დაეშის“ ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს მოქალაქე ტოხოსაშვილი. აღნიშნული პირი სირიაში 2015 წელს გაემგზავრა და ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთი დანაყოფის მეთაური იყო. ახორციელებდა ტერორისტულ აქტივობებს და სირია-ერაყში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების, სხვა რელევანტურ უწყებებთან კოორდინირებული ერთობლივი ძალისხმევისა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის შედეგად, 2022 წელს საქართველოდან ტერორიზმის დაფინანსების ან ტერორისტული ორგანიზაციებისთვის სხვაგვარი დახმარების გაწევის ფაქტებს ადგილი არ ჰქონია“,- განაცხადა ლილუაშვილმა.

ლილუაშვილის თქმით, 2022 წელს, გაეროს უშიშროების საბჭოს 1373 რეზოლუციის იმპლემენტაციის მიზნით, სანქციების ეროვნულ სიაში ორი პირი იქნა შეყვანილი.

„2022 წელს აღნიშნული მიმართულებით კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდა, რის შედეგადაც საქართველოში მყოფმა რადიკალურად განწყობილმა უცხო ქვეყნის ათობით მოქალაქემ ქვეყნის ტერიტორია დატოვა“,- აღნიშნა სუს-ის ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, ტერორიზმის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში, საქართველოს კონტრტერორისტული ძალისხმევა პოზიტიურად იქნა შეფასებული.

„ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში ტერორისტულ ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია და ტერორიზმის კუთხით, სტაბილურად მშვიდი გარემო არსებობდა, ასევე, ქვეყანას შეუძლია ტერორისტულ ინციდენტებზე სათანადო რეაგირება, მათი აღკვეთა და გამოვლენა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, როგორც ტერორიზმთან დაკავშირებულ შემთხვევებზე რეაგირებისა და გამოძიების მიმართულებით წამყვანი უწყება, მჭიდროდ თანამშრომლობს კონტრტერორისტულ საქმიანობაში ჩართულ სხვა სახელმწიფო უწყებებთან.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კარგად აღჭურვილი და მომზადებულია, რეგულარულად მიმდინარეობს სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფის შესაძლებლობების გაძლიერება“,- განაცხადა ლილუაშვილმა.