სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ მიმდინარე წელს უკანონო ფარმაცევტული საქმიანობის 258 ფაქტი გამოავლინა

102
spot_img

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ მიმდინარე წელს 62 აფთიაქში უკანონო ფარმაცევტული საქმიანობის 258 ფაქტი გამოავლინა.

სააგენტოს ცნობით, ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ფარმაცევტული დაწესებულებები უნებართვოდ და ურეცეპტოდ ახდენდნენ ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციას.

„გატარებული ღონისძიებების შედეგად, რეგულირების სააგენტომ, ავტორიზებული აფთიაქებიდან 11 341 684 ერთეული ფსიქოტროპული მედიკამენტის, ურეცეპტოდ რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა. 97 753 ერთეული კი, სააგენტომ იმ აფთიაქებიდან ამოიღო, რომლებსაც ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციის ნებართვა არ გააჩნიათ.

გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და გადაეგზავნა სასამართლოს. გარდა ამისა, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, 14 ავტორიზებული აფთიაქიდან რვას ნებართვა გაუუქმა, 12 ფარმაცევტს კი, საქმიანობის უფლება სამი წლით შეუჩერა.

აღნიშნული უკანონო ფარმაცევტული საქმიანობები, დარღვევის სიმძიმის მიხედვით, 6 000-დან 16 000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. ასევე, კანონდარღვევის შესახებ, ინფორმაცია, გაეგზავნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს“, – აღნიშნულია სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ინფორმაციაში.