Home Blog Page 1086

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონზე ვეტო მომდევნო სასესიო კვირაში დადგენილი წესის შესაბამისად იქნება დაძლეული

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ვეტო მომდევნო სასესიო კვირაში იქნება დაძლეული.

„ვეტო, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა, მომდევნო სასესიო კვირაში დადგენილი წესით იქნება დაძლეული“, – აღნიშნა დღევანდელ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სალომე ქურასბედიანმა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა მსჯელობის გასაგრძელებლად თეორიული შანსიც არ დატოვა, ასევე, რთულია იმის თქმა, რომ სამართლებრივად დასაბუთებული ცვლილებების შანსს ტოვებს ვენეციის კომისიის დღევანდელი დასკვნა.

„რამდენიმე დღის წინ მივიღეთ ვეტო სალომე ზურაბიშვილისგან, რომელმაც, ფაქტობრივად, თეორიული შანსიც კი არ დატოვა იმ სივრცისთვის, რომ სმჯელობა გაგრძელებულიყო. რთულია, ითქვას, რომ ეს დასკვნა, რომელსაც ჩვენ ყველანი დღეს გავეცანით, ტოვებს რაიმე შანსს, რომ გარკვეული რაციონალური და სამართლებრივად დასაბუთებული ცვლილებები შესულიყო, რადგან ასეთი მათი მხრიდან არ არის წარმოდგენილი, თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სალომე ზურაბიშვილმა ეს სივრცე თავისი ვეტოთი აბსოლუტურად დახურა და ამის თეორიული შანსიც კი მოსპო“, – განაცხადა სალომე ქურასბედიანმა.

ვენეციის კომისია, რომელიც დღემდე დოკუმენტების სამართლებრივ ანალიზს აკეთებდა, ქუჩის აქციების პოლიტიკურ შეფასებაზე გადავიდა, ესეც მეტყველებს ე.წ. ობიექტურობაზე – სალომე ქურასბედიანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სალომე ქურასბედიანის განცხადებით, ვენეციის კომისიის დასკვნის ტექსტი გაჯერებულია მიკერძოებული შეფასებით, თითქოს საპროტესტო აქციები სრულიად მშვიდობიან ხასიათს ატარებდა, მაშინ როცა ყველამ პირდაპირ ეთერში იხილა სამართალდამცველებზე თავდასხმის, საქართველოს პარლამენტის შენობაზე შტურმის, შესასვლელების ძალადობრივი ბლოკირებისა და ქონების დაზიანების უამრავი ფაქტი.

მისივე თქმით, წარმოუდგენელია, რომ ვენეციის კომისია, რომელიც დღემდე დოკუმენტების სამართლებრივ ანალიზს აკეთებდა, ქუჩის აქციების პოლიტიკურ შეფასებაზე გადავიდა.

„კომისიის ეს მიდგომაც უკვე ნათლად მეტყველებს მის ე.წ. ობიექტურობაზე, რაც, წესით, არავითარ სივრცეს აღარ ტოვებს აღნიშნული კომისიის დასკვნის შემდგომი ნაწილების სამართლებრივი ანალიზისთვის“, – აღნიშნა სალომე ქურასბედიანმა.

” მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, განახორციელოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები”- ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმაურება.

„მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, განახორციელოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, რათა კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს. ევროპის საბჭო მზადაა დახმარების გაწევისთვის“, – აღნიშნა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა.

ვენეციის კომისიის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გამჭვირვალობის ქართული კანონის საწინააღმდეგო სამართლებრივი ან სხვა სახის არცერთი არგუმენტი არ არსებობს – სალომე ქურასბედიანი

გვსურს, გამოვეხმაუროთ ვენეციის კომისიის დასკვნას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” საქართველოს კანონთან დაკავშირებით, რომელზეც რადიკალური ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები დიდ იმედებს ამყარებენ.

 

ვენეციის კომისიის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გამჭვირვალობის ქართული კანონის საწინააღმდეგო სამართლებრივი ან სხვა სახის არცერთი არგუმენტი არ არსებობს.

 

ვენეციის კომისიის დასკვნაში მრავლად ვხვდებით როგორც დაუსაბუთებელ და ურთიერთსაწინააღმდეგო სამართლებრივ მსჯელობას, ისე ფაქტების არაერთ უხეშ დამახინჯებას, რაც კონკრეტული ჯგუფების რადიკალიზაციას კიდევ უფრო ახალისებს. ამდენად, გულდასაწყვეტია, რომ ვენეციის კომისიის პლატფორმა გამოიყენეს მიკერძოებული პოლიტიკური შეფასებების გასაკეთებლად, ნაცვლად პროფესიული მსჯელობისა, რაც ისევ და ისევ ვენეციის კომისიის რეპუტაციას აზიანებს.

 

ახლა კი, თანამიმდევრულად შევეხები დასკვნაში ასახულ ძირითად საკითხებს:

 

1.            დასკვნის პირველივე პარაგრაფი ცრუ ფაქტობრივ ინფორმაციას შეიცავს: კერძოდ, დასკვნაში აღნიშნულია, რომ კანონის საბოლოო ტექსტი მასში შეტანილი დამატებითი ცვლილებებით დაუყოვნებლივ არ გასაჯაროებულა. ამ ინფორმაციის გახმოვანებისას ვენეციის კომისია ერთ-ერთ ქართულ ინტერნეტ-სტატიას ეყრდნობა.

 

სინამდვილეში კი, აღნიშნული დაზუსტებები კანონპროექტში შევიტანეთ მისი მე-2 მოსმენით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისას, რაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვასიტყვით გაჟღერდა და პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. შესაბამისად, ეს დაზუსტებები ჯერ კიდევ, კანონის მიღებამდე საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე დაუყოვნებლივ გასაჯაროვდა.

 

ამასთანავე, ვენეციის კომისია აპელირებს, რომ კანონი თითქოს ხანმოკლე პერიოდში იქნა მიღებული და თითქოს მის განხილვაში მონაწილეობის შესაძლებლობა დაინტერესებულ მხარეებს არ ჰქონიათ.

 

სინამდვილეში შეგახსენებთ, რომ  კანონპროექტის განხილვა სტანდარტული პროცედურით (ყოველგვარი დაჩქარების გარეშე) რამდენიმე კვირის განმავლობაში, მრავალსაათიან საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მიმდინარეობდა, სადაც რადიკალური ოპოზიცია სრულად იყო წარმოდგენილი. განხილვაში არასამთავრობო ორგანიზაციებიც აქტიურად მონაწილეობდნენ.

 

2.            ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნის ტექსტი გაჯერებულია მიკერძოებული შეფასებით, თითქოს საპროტესტო აქციები სრულიად მშვიდობიან ხასიათს ატარებდა მაშინ, როცა ჩვენმა საზოგადოებამ, ჩვენ ყველამ პირდაპირ ეთერში ვიხილეთ სამართალდამცავებზე თავდასხმის, საქართველოს პარლამენტის შენობაზე შტურმის, შესასვლელების ძალადობრივი ბლოკირებისა და ქონების დაზიანების უამრავი ფაქტი.

 

3.            წარმოუდგენელია, რომ ვენეციის კომისია, რომელიც დღემდე დოკუმენტების სამართლებრივ ანალიზს აკეთებდა, ქუჩის აქციების პოლიტიკურ შეფასებაზე გადავიდა. კომისიის ეს მიდგომაც უკვე ნათლად მეტყველებს მის ე. წ. ობიექტურობაზე, რაც წესით არავითარ სივრცეს აღარ ტოვებს აღნიშნული კომისიის დასკვნის შემდგომი ნაწილების სამართლებრივი ანალიზისთვის. თუმცა, მსურს, ჩვენი საზოგადოების ინფორმირების მიზნით, მაინც შევეხო რამდენიმე საკითხს:

 

(1)          პირველი: ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქმედი კანონდებლობა თითქოს უკვე ითვალისწინებს არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების რეგისტრაციისა და ანგარიშების წარდგენის ვალდებულებას. ამის დასადასტურებლად კი ის მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსსა და სხვა ცალკეულ ნორმატიულ აქტებზე .

 

 

სინამდვილეში კი, ყველა ის  ნორმა, რომელზედაც ვენეციის კომისია თავის დასკვნაში აპელირებს, ვერ უზრუნველყოფს NGO სექტორის საფინანსო დეკლარაციის შევსების ვალდებულებასა და ვერც მათი ფინანსების გამჭვირვალობას; შესაბამისად, კომისიის მითითება იმაზე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიღებული გრანტების ფინანსური ნაწილი გამჭვირვალეა, სიმართლეს არ შეესაბამება!

 

(2) მეორე: ვენეციის კომისია ასევე აცხადებს, რომ გამჭვირვალობის შესახებ ქართული კანონი რუსულ, უნგრულ და ყირგიზულ კანონებთან მსგავსებებს შეიცავს. თუმცა ამ საკითხის დასკვნის 38-ე პარაგრაფში მხოლოდ სამიოდე ხაზი ეთმობა და სამართლებრივი მსჯელობა ამის შესახებ საერთოდ აღარ არის წარმოდგენილი და განვითარებული დასკვნაში. ასეთი მანიპულაციური და უარგუმენტო მიდგომით კომისია ცდილობს ქართული კანონის სტიგმატიზებას!

 

(3) მესამე – ყველაზე მნიშვნელოვანი: რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ვენეციის კომისიამ დასკვნის 31-ე , 62-ე , 83-ე და 99-ე პარაგრაფებში ფაქტობრივად განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს არ შეიძლება გამჭვირვალობა მოვთხოვოთ. ვენეციის კომისიის ეს პოზიცია პირდაპირ ეწინააღმდეგება მაგალითად, უნგრეთის შემთხვევაში ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს დიდი პალატის მიერ გამოტანილ 2020 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებას, რომლის 79-ე პარაგრაფში სასამართლომ ცალსახად აღნიშნა შემდეგი:

 

„… არასამთავრობო ორგანიზაციები მათი მიზნებიდან და მათ ხელთ არსებული სახსრებიდან გამომდინარე საზოგადოებრივ ცხოვრებასა და საჯარო დებატებზე შესაძლოა მნიშვნელოვან გავლენას ახდენდნენ. შესაბამისად, ამ ორგანიზაციების ფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა აღმატებულ საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენს”.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დასტურდება, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა, როგორც უკვე აღვნიშნე გაჯერებელია პოლიტიკური გზავნილებით, მოკლებულია სამართლებრივ , პროფესიულ დასაბუთებას და შეიცავს მთელ რიგ  ფაქტობრივ არასწორ ინფორმაციას!

 

საბოლოოდ ვენეციის კომისიას ისიც კი დააწერინეს, რომ ენჯეოებისა და მედიასაშუალებების გამჭვირვალობა ცუდი და არადემოკრატიულია! ცხადია, ეს ყველაფერი ძირს უთხრის ამ ინსტიტუტის სანდოობას და იმ ღირებულებებს, რომლებსაც ის უნდა ემსახურებოდეს.

 

ვენეციის კომისიის პარადოქსული პოზიცია, რომ NGO-ს ფინანსური შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის დაფარული უნდა იყოს, სამწუხარო და იმედგამაცრუებელია!

ცესკო-ს თავმჯდომარე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა

2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესი, ელექტრონული ტექნოლოგიების ინტერვენცია, მასშტაბური საინფორმაციო კამპანია და ამომრჩევლების განათლება, ადმინისტრაციის წინაშე არსებული გამოწვევები იყო დღეს ცესკო-ში ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის მთავარი თემა. ინფორმაციას ცესკო-ს პრესსამსახური ავრცელებს.

26 ოქტომბრის არჩევნებში ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენების უპირატესობების, ამომრჩეველთა განათლებისა და საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარე საქმიანობების შესახებ მისიის წარმომადგენლებს ინფორმაცია ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა მიაწოდა. მან ასევე ისაუბრა საუბნო-საარჩევნო კომისიის პოტენციურ წევრთა სერტიფიცირების მიზნით გაწეული სამუშაოების შესახებ.

„მნიშვნელოვანი შეხვედრა გავმართეთ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლებთან. ჩვენ განვიხილეთ მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც უკავშირდება არჩევნების ადმინისტრირების მიმართულებით გაწეულ და დაგეგმილ საქმიანობებს. ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენება, რა თქმა უნდა, აღნიშნული არჩევნების საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ საარჩევნო მთლიანობისა და გამჭვირვალობის უმაღლესი სტანდარტები. თანამშრომლობა ODIHR-თან ამ მხრივ გადამწყვეტია და მზად ვართ, მისიის წარმომადგენლებს მივაწოდოთ გადამოწმებული და ობიექტური ინფორმაცია“, – განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარემ.

გიორგი კალანდარიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ცესკო-ს მზადყოფნა, მჭიდროდ ითანამშრომლოს ODIHR-ის მისიასთან და ხაზი გაუსვა მუდმივი კომუნიკაციისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას. როგორც მან აღნიშნა, „საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ფასდაუდებელია ODIHR-ის მიერ გაწეული მხარდაჭერა და ზედამხედველობა. ჩვენ ორიენტირებულები ვართ გამჭვირვალობაზე და ღია ვართ კონსტრუქციული გამოხმაურებისთვის, რომელიც დაგვეხმარება, გავაუმჯობესოთ ჩვენი პრაქტიკა“.

დღევანდელ შეხვედრას ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საარჩევნო დეპარტამენტის ხელმძღვანელი მეგან ფიცჯერალდი, უფროსი მრჩეველი ახალი საარჩევნო ტექნოლოგიების საკითხებში ვლადიმირ მისევი, მრჩეველი/ოფიცერი საარჩევნო საკითხებში ქსენია დაშუტინა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ადმინისტრაციული და პროგრამის მთავარი ოფიცერი ტიმ ნობლაუ ესწრებოდნენ. შეხვედრა დღეს ცესკო-ში გაიმართა და მას ასევე დაესწრნენ ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, ცესკო-ს წევრი დიმიტრი ჯავახაძე და საერთაშორისო ურთიერთობების და პროტოკოლის განყოფილების უფროსი თამარ კაპანაძე.

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე ვენეციის კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა

ვენეციის კომისიამ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა.

„ვენეციის კომისია მტკიცე რეკომენდაციას იძლევა კანონის ამჟამინდელი ფორმით გაუქმებაზე, რადგან მისი ფუნდამენტური ხარვეზები გამოიწვევს მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებებზე, კონფიდენციალურობის უფლებებზე, საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლებაზე და ასევე დისკრიმინაციის აკრძალვაზე. საბოლოო ჯამში, ეს გავლენას მოახდენს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე“, – ნათქვამია დასკვნაში.

ვენეციის კომისია წუხილს გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტი არ დაელოდა კომისიის მოსაზრებას კანონის მიღებამდე, მიუხედავად საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოწოდებისა.

ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ კანონი უაღრესად სადავოა, რასაც ადასტურებს ქვეყანაში მასობრივი რეაქცია, რომელიც მიღებული იყო პროცედურის ფარგლებში, რომელიც არ ტოვებდა ადგილს ჭეშმარიტი განხილვისა და მნიშვნელოვანი კონსულტაციებისთვის, ქართველი ხალხის დიდი ნაწილის შეშფოთების ღიად უგულებელყოფით.

„ვენეციის კომისიამ გააანალიზა კანონის შესაბამისობა მოქმედ საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან, მსგავს საკითხზე მის მრავალ წინა მოსაზრებებში შემუშავებულ პრინციპებზე დაყრდნობით. იგი ასკვნის, რომ კანონით დადგენილი შეზღუდვები გამოხატვის თავისუფლების, გაერთიანების თავისუფლებისა და კონფიდენციალურობის ხელშეუხებლობასთან შეუთავსებელია სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტით დადგენილ ნორმებთან, რადგან ისინი არ აკმაყოფილებენ კანონიერების, ლეგიტიმურობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის მოთხოვნებს დემოკრატიულ საზოგადოებაში, ისევე, როგორც დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს“, – წერია დასკვნაში.

ვენეციის კომისიაში ასევე აღნიშნავენ, რომ უცხო სახელმწიფოს ინტერესების გამტარებელ სუბიექტად აღიარებას სერიოზული შედეგები აქვს, რადგან ეს ძირს უთხრის როგორც სამიზნე ორგანიზაციების ფინანსურ სტაბილურობასა და სანდოობას, ასევე მათ ოპერაციებს.

„ვენეციის კომისია კატეგორიულად ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას უარი თქვას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ონლაინ მედიისა და უცხოური მხარდაჭერის მიმღები მაუწყებლების რეგისტრაციის, ანგარიშგებისა და საჯაროდ გამჟღავნების სპეციალურ რეჟიმზე, მათ შორის ადმინისტრაციულ სანქციებზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა უკვე შეიცავს დებულებებს, რომლებიც ორგანიზაციებს ავალდებულებს დარეგისტრირდნენ და ანგარიში წარადგინონ, მათ შორის მათი დაფინანსების წყაროების შესახებ, არ არის მოცემული დამაჯერებელი ახსნა იმის შესახებ, თუ რატომ იქნება არასაკმარისი არსებული ვალდებულებები გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. იმ შემთხვევაში, თუ არსებული დებულებები არასაკმარისი აღმოჩნდა, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განიხილოს არსებული კანონების ცვლილება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში. კერძოდ, უცხო ქვეყნების სახელით ლობირების საქმიანობა შეიძლება დარეგულირდეს ევროპული სტანდარტების შესაბამისად, თუ არსებული კანონმდებლობა არ იქნება ადეკვატური“, – ნათქვამია დასკვნაში.

„ჩვენ გვიყურებენ, როგორც მეორად ქვეყანას და გვექცევიან შესაფერისად, არადა ჰქვიათ პარტნიორები“- ხუნდაძე

„ჩვენ გვიყურებენ, როგორც მეორად ქვეყანას და გვექცევიან შესაფერისად, არადა ჰქვიათ პარტნიორები,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ და დასძინა, რომ დასავლეთის გაგებით პარტნიორობა თანასწორუფლებიანობა და პატივისცემაა, სადაც თითოეულ სახელმწიფოს აქვს უფლება საკუთარი სუვერენიტეტის დაიცვას. თუმცა საქართველოს ინტერესების დაცვა რატომღაც საქართველოს პარტნიორებისათვის საფრთხეს წარმოადგენს.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ქუჩაში პროტესტი შესუსტდა, აქციების ორგანიზატორებისთვის მაშველი რგოლი იქნა მიწოდებული. „მომიტინგეებს კარგი ხმაურისთვის ვიზებს დაურიგებენ, ხელისუფლებას გამჭვირვალობისთვის კი სანქციებს დაუწესებენ,“ – აღნიშნა მან.

„კონგრესში საქართველოს მხარდასაჭერი რეზოლუცია არასწორ დროს არის წარდგენილი. ამას ჩვენი ოპონენტები და მათი პატრონებიც ხედავენ, თუმცა
ამჯერად მოდით ვისაუბროთ ჩვენს პარტნიორებზე – ხედავენ რომ ქუჩაში პროტესტი შესუსტდა და როგორც მაშველი რგოლი ისე იქნა მიწოდებული, რომ მომიტინგეებს კარგი ხმაურისთვის ვიზებს დაურიგებენ, ხელისუფლებას გამჭვირვალობისთვის კი სანქციებს დაუწესებენ.

მათი ქცევა ემსგავსება ვაჭრობას. უხერხულია, როცა ქვეყანას მუშტრის თვალით უყურებენ და ეს არის ქვეყანა, რომელიც იცავს საკუთარ სუვერენიტეტს და დასავლეთში აპრობირებულ ინსტრუმენტს – გამჭვირვალობას იყენებს საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად. ამ ყველაფერს კი ცუდ ქცევაში გვითვლიან და ახლა გამოგვიცხადეს, რომ თუ კარგად მოვიქცევით გვექნება ვიზები და თუ ცუდად მოვიქცევით, მაშინ გვექნება სანქციები.

მათი გაგებით ჩვენ ცუდად უკვე მოვიქეცით, იმიტომ, რომ არ ჩავერთეთ ომში, არ მიუერთდით სანქციებს და არ გავასხვისეთ სასამართლო დამოუკიდებლობა.

ახლა გვახსენებენ, რომ ისევ ცუდად არ მოვიქცეთ – ამისთვის კი უნდა დავთმოთ ფასეულობები, არ შევუშალოთ ხელი ლგბტ პროპაგანდას და თურმე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ეკლესიასთან ერთად ჩვენ პერსპექტივა არ გვაქვს. ამის შესახებ დასავლელმა პოლიტიკურმა ლიდერებმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ხმამაღლა განაცხადეს.

უნდა ითქვას სიმართლე, ნახევარი სიმართლე საქმეს არ წაადგება, განსაკუთრებით ამ ვითარებაში. ჩვენ გვიყურებენ, როგორც მეორად ქვეყანას და გვექცევიან შესაფერისად. არასრულფასოვნების განცდაა – არადა გვქვია პარტნიორები. პარტნიორობა დასავლეთის გაგებით ეს არის თანასწორუფლებიანობა, პატივისცემა, სადაც თითოეულ სახელმწიფოს მინიმუმ აქვს უფლება საკუთარი სუვერენიტეტი დაიცვას. ჩვენი ინტერესების დაცვა კი, რატომღაც ჩვენი პარტნიორებისათვის საფრთხეს წარმოადგენს,“ -განაცხადა დიმიტრი ხუნდაძე.

 ვეთანხმები ალტერნატიული ცენტრის შექმნის იდეას, „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე – ხაზარაძე

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ეთანხმება ალტერნატიული პლატფორმის ჩამოყალიბების იდეას „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე.

მისი თქმით, ალტერნატიული ცენტრის შექმნის თაობაზე „ლელო“ მუშაობას აგრძელებს და შესაბამისი ნაბიჯებიც გადადგმულია, თუმცა მეტ დეტალზე ამ ეტაპზე, ვერ ისაუბრებს.

„მე ვეთანხმები ალტერნატიული ცენტრის შექმნის იდეას. ჩვენ ამომრჩეველს და მოქალაქეებს უნდა მივცეთ ალტერნატიული პლატფორმის და არჩევანის საშუალება.მე არ მინდა ასოცირებული ვიყო ძალასთან, რომელიც ბოლო ოცი წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას და სადამდე მივიდა ქვეყანა, ყველამ კარგად ვნახეთ. არ მჯერა არანაირი ერთიანი სიის, ამას გეუბნებით ძალიან მკაფიოდ. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ალტერნატიული ცენტრის შექმნაზე. ამასთან დაკავშირებით ნაბიჯები გვაქვს გადადგმული. მეტ დეტალს ახლა სამწუხაროდ, ვერ გეტყვით. ეს იქნება ცენტრი „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ “ტვ პირველის“ეთერში.

ხაზარაძის თქმით, „ლელო“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთიან სიაში არ იქნება. მისი თქმით, სხვა პროდასავლური ოპოზიციური ძალების “ნაციონალურ მოძრაობასთან” გაერთიანება საჩუქარი იქნება „ქართული ოცნებისთვის“.

ამასთან, ხაზარაძის განცხადებით, ძალიან პოზიტიურად უყურებს სალომე ზურაბიშვილის როლს პროცესში.

„მას მხარს ვუჭერ. პირად საუბარშიც დავადასტურე. ის ასრულებს საკმაოდ სერიოზულ როლს და შეასრულებს უახლოეს მომავალში კონსოლიდაციისკენ“, – დასძინა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძის თქმით, ახლა, როგორც არასდროს ნამდვილი, პატრიოტული ძალების, რომელიც ნიშნავს პროევროპულ ძალებს გაერთიანების დრო დადგა.

,,მზად ვართ, ამერიკასთან პარტნიორობა შევავსოთ კონკრეტული ნაბიჯებით, მაგრამ უკმაყოფილებას წარმოშობს, როდესაც ამბობენ, რომ ამის სანაცვლოდ, ხმა არ უნდა ამოიღო”- ვოლსკი

მზად ვართ, ამერიკასთან პარტნიორობა შევავსოთ კონკრეტული ნაბიჯებით, მაგრამ უკმაყოფილებას წარმოშობს, როდესაც ამბობენ, რომ ამის სანაცვლოდ, ხმა არ უნდა ამოიღო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ვოლსკის კითხვა დაუსვეს ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ შემუშავებულ კანონპროექტზე, რომელიც „პოლიტიკომ“ მოიპოვა. როგორც „პოლიტიკო“ წერს, კანონპროექტის მიხედვით, „საქართველო დემოკრატიის განმტკიცებაში მდგრად პროგრესს თუ აჩვენებს, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს“.

„ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამერიკელი მაღალჩინოსანი ო’ბრაიენი იმყოფებოდა საქართველოში, გაგვიჩნდა მოლოდინი, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროკავშირიდან ვინმე განაცხადებდა, რომ გამჭვირვალობაში არავითარი პრობლემა არ არის და არასამთავრობო ორგანიზაციების პოლიტიკაში ჩართვა დაუშვებელია. მით უმეტეს, ისეთი პროექტების დაფინანსება, რომლებიც რადიკალურ ოპოზიციას აქვს და ყველა ნიშნით ახლოსაა დესტაბილიზაციასთან. რასაკვირველია, არჩევნებიც ჩატარდება მაღალ დონეზე და არაფერი არაევროპული, არადასავლური ამ კანონს არ აქვს. საქართველოს ხელისუფლება არასდროს დაუშვებს, რომ რუსული ინტერესების გათვალისწინებით რაიმე ნაბიჯი გადადგას.

ჯერჯერობით, ეს შეუმდგარი და განუხილველი პროექტი არაფერს წარმოადგენს იმ საფრთხეებთან შედარებით, რასაც გაუმჭვირვალობა წარმოშობს. აქ დაისვა საკითხი სამხედრო დახმარების პაკეტთან დაკავშირებით, რაც ასევე საკმაოდ სერიოზულ შეკითხვას წარმოშობს, ვინაიდან განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს იქნება დახმარება, შეიარაღება, რომელიც საქართველოს დაიცავს, აარიდებს რუსულ აგრესიას, რაც მართლაც რეალურია. ამავე დროს, ვისმენთ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებას, რომ შეიარაღება აგვიანებს და ამ ვითარებაში უკრაინის მიერ გაღებული მსხვერპლი მნიშვნელოვანწილად განპირობებულია იმით, რომ საჭირო შეიარაღება დროულად არ იყო მიღებული. ესეც წარმოშობს გაურკვევლობის თემას და შეკითხვებს. მზად ვართ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობა შევავსოთ კონკრეტული ნაბიჯებით, რასაც ჰქვია ვიზალიბერალიზაცია, თუნდაც სამხედრო სფეროში დახმარება, სავაჭრო და ბიზნეს ურთიერთობებში ახალ ეტაპზე გადასვლა. ყველაფრისთვის მზად ვართ, მაგრამ გარკვეულ უკმაყოფილებას წარმოშობს, როდესაც ამბობენ, რომ ამის სანაცვლოდ, ხმა არ უნდა ამოიღო იმის გამო, რომ რევოლუციას მოწყურებული არასამთავრობო ორგანიზაციები იმ პროგრამებს განახორციელებენ, რაც უნდათ და სჭირდებათ “, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

თუ კანონი ამჟამინდელი ფორმით იქნება მიღებული, გერმანია მხარს არ დაუჭერს საქართველოსთვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას – გერმანიის ელჩი

სტანდარტი უნდა დააკმაყოფილოთ, თუ არადა ევროკავშირთან დაახლოებას ვერ შეძლებთ , – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

გერმანიის ელჩის თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი სტანდარტზე დაბლაა, რომელიც კანდიდატმა ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს, რაც იმას ნიშნავს, თუ კანონპროექტი არსებული ფორმით იქნება მიღებული, გერმანია ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას მხარს არ დაუჭერს.

“ეს დინამიური პროცესია. შემიძლია, საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე ვისაუბრო. დარწმუნებული ვარ, თქვენ ნახეთ გერმანიის კანცლერისა და საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება, რომელიც ამბობდა, რომ ამ კანონის მესამე მოსმენით მიღებით საქართველომ ევროპული გზიდან უკვე გადაუხვია.

არის სტანდარტი, რომელიც კანდიდატმა ქვეყნებმა უნდა დააკმაყოფილონ და ეს კანონი ამ სტანდარტზე დაბლაა. ასე რომ, დეკემბერში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე რომ ვისაუბროთ, ეს კანონი ამჟამინდელი ფორმით თუ იქნება მიღებული, გერმანია მხარს არ დაუჭერს [საქართველოსთვის] გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას და ეს საქართველოს მის ევროინტეგრაციის გზაზე უკან დაწევს.

სტანდარტი უნდა დააკმაყოფილოთ, თუ არა და ევროკავშირთან დაახლოებას ვერ შეძლებთ”, – განაცხადა ფიშერმა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების გახსნის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის ქვეყნების სრული უმრავლესობის მხარდაჭერით მიიღება, შესაბამისად, კანონის დღევანდელი ფორმით მიღების შემთხვევაში გერმანია თანხმობას ვერ განაცხადებს.

„გერმანიას წარმოვადგენ. ერთი სახელმწიფო ვართ ევროკავშირში. ისე გამოვიდა, რომ ყველაზე დიდი მოსახლეობა გვაქვს და ასე შემდეგ. ევროკავშირმა რომ საქართველოსთვის შემდეგი ნაბიჯი გადაწყვიტოს – ანუ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა – ერთსულოვნება უნდა იყოს, ყველა სახელმწიფომ თანხმობა უნდა განაცხადოს. გერმანიის სახელით შემიძლია გითხრათ, რომ თანხმობას არ ვიტყვით თუ ეს კანონი მისი ამჟამინდელი ფორმით იქნება მიღებული”, – დასძინა მან.

,,მე მგონია, რომ პრეზიდენტი შეგნებულად არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნას გამჭვირვალობის კანონზე”- გიორგი კახიანი

ჩვენ თავიდანვე მზად ვიყავით დისკუსიისთვის. დღემდეა ასეა, მაგრამ სამწუხაროა, რომ აქამდე ამის მზაობა ჩვენ ვერ დავინახეთ ვერავის მხრიდან. ვისმენდით მხოლოდ ზედაპირულ განცხადებებს, რომლებსაც არანაირი არგუმენტები არ ახლდა თან, – ამის შესახებ გიორგი კახიანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, პრეზიდენტის ვეტო გამჭვირვალობის კანონზე მსჯელობის ბოლო შანსი იყო, თუმცა სალომე ზურაბიშვილი დამოკიდებულება ამ პროცესისადმი იმდენად დესტრუქციული აღმოჩნდა, რომ ის ვენეციის კომისიის დასკვნასაც არ დაელოდება.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ვეტოს დავძლევთ, იმიტომ რომ პრეზიდენტმა გვითხრა, რომ „კანონთან შენიშვნები არ მაქვს, უბრალოდ ეს კანონი მაინც არ უნდა მიიღოთ“. დაახლოებით ასევე ვეტო გამოაგზავნა. მე მგონია, რომ პრეზიდენტი შეგნებულად არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნას. თითქოს თავიდან მოიცილა ეს პასუხისმგებლობა. დააკვირდით, როგორი მოწონება ჰქონდა ამ ყველაფერს რადიკალური ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან. ანუ, პრეზიდენტმა გააკეთა ის, რაც უნდოდა რადიკალურ ოპოზიციას.

ამ ეტაპზე ეს ბოლო შანსი ხელიდან არის გაშვებული. ალბათ მომდევნო კვირას ვიმსჯელებთ უკვე ვეტოს დაძლევაზე და აუცილებლად დავძლევთ მას, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ამ კანონის მიღება. რაც შეეხება ვენეციის კომისიის დასკვნას, ვნახავთ რა შენიშვნები იქნება“, – განაცხადა კახიანმა.

თურქეთის პარლამენტს “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ კანონპროექტი ივლისში წარედგინება

თურქეთი “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ კანონპროექტის პარლამენტში განხილვას გეგმავს.

კანონპროექტის თურქეთის პარლამენტისთვის წარდგენა 2024 წლის 1 -ელ ივნისს იგეგმება.

მედიის ინფორმაციით, კანონპროექტი საკანონმდებლო შესწორებას მოიცავს, რომელიც “შპიონაჟისა” და “ჯაშუშობის” განმარტებებს აფართოებს, ამასთან სისხლის სამართლის პასუხისგება შემოდის ე.წ. “უცხოური გავლენის აგენტებისთვის”.

ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრების გარეშე” (RSF) თანახმად, “აღნიშნული კანონმდებლობა საშუალებას მისცემს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს არა უბრალოდ გააგრძელოს სიტყვისა და მედიის თავისუფლებისთვის ძირის გამოთხრა თურქეთში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც, ვინაიდან, შესწორება, ასევე, ეხება თურქეთის მოქალაქეებს, ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც უცხო ქვეყანაში იმყოფებიან.”