Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

უკრაინას შეუძლია გამოიყენოს ამერიკული იარაღი მხოლოდ თავის ტერიტორიაზე -პენტაგონი

პენტაგონმა განაცხადა, რომ არ შეუცვლია პოზიცია უკრაინის მიერ სამხედრო დახმარების ფარგლებში შეერთებული შტატების მიერ მოწოდებული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით.

კითხვაზე, შეიცვალა თუ არა ხარკოვის ოლქში რუსეთის იერიშის ფონზე ვაშინგტონის მიდგომა, რომლის მიხედვითაც უკრაინას ამერიკული იარაღის გამოყენება მხოლოდ საკუთარი ტერიტორიის ფარგლებში შეუძლია? პენტაგონის პრესმდივნის მოადგილემ, საბრინა სინგმა განაცხადა, რომ აშშ-ის პოზიცია უცვლელი დარჩა.

„ჩვენ არ შეგვიცვლია ჩვენი პოზიცია, მიგვაჩნია, რომ ის აღჭურვილობა და შესაძლებლობები, რომლებსაც უკრაინას ვაწვდით ჩვენ და სხვა ქვეყნები, უნდა იყოს გამოყენებული უკრაინის სუვერენული ტერიტორიის დასაბრუნებლად“, – აცხადებს საბრინა სინგი.

სინგმა აღნიშნა, რომ პენტაგონის ხელმძღვანელი ლოიდ ოსტინი უკრაინელ კოლეგა რუსტემ უმეროვთან საუბრებში განიხილავს იმას, თუ როგორ შეიძლება ამ შეიარაღების გამოყენება.

„და ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს უნდა მოხდეს უკრაინის ტერიტორიის ფარგლებში“, – დასძინა მან.

 არ არსებობს იმაზე დიდი სიწმინდე, ვიდრე საკუთარი ოჯახია და არ არსებობს იმაზე ღირსეული ბრძოლა, ვიდრე ოჯახური ღირებულებების დაცვაა -დიმიტრი ხუნდაძე

“ხალხის ძალის“ დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე  სრულიად საქართველოს ულოცავს დღევანდელ დღეს და აცხადებს, რომ დღეს ფასეულობათა ომია და მთავარი დარტყმა სწორედ ოჯახურ ღირებულებებზე მოდის, რადგან ძლიერი ოჯახი ძლიერი სახელმწიფოს საფუძველია.

“დღეს სრულიად საქართველო ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს.

გილოცავთ!

ეს არის დღე, რომელიც აერთიანებს ჩვენს ქვეყანას უმთავრესი ღირებულების ირგვლივ. სახელმწიფოს შემეცნება და აღქმა უძველესი დროიდან ქართველებში ოჯახური კულტურით ყალიბდება. ეს არის ის საძირკველი, რაზედაც დაშენებულია რწმენისა და ეროვნული ფასეულობების ერთობლიობა.

სწორედ ამ ფასეულობებს გვართმევენ დღეს. სწორედ ამის განადგურება სურთ, რადგან იციან, რომ “ძლიერი ოჯახი ძლიერი სახელმწიფოა”, ძლიერი სახელმწიფოს წაქცევა კი შეუძლებელი!

დღევანდელ დღეს ვზეიმობთ და ამასთანავე გვტკივა ის რეალობა, რაც ჩვენს თვალწინ ხდება. მსოფლიოში გამეფებულმა ფსევდოლიბერალიზმმა ყველა ჯებირი გაანგრია და მთელი სისასტიკით, რომელსაც ეკლესია გარყვნილებას უწოდებს, უტევს დღევანდელობას.

ამ მიზანმიმართულად შექმნილ იდეოლოგიას სურს წაგვართვას ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი სიტყვები: – დედა, მამა, ძმა, და… სურს ოჯახი მხოლოდ ფიზიკურ ფართად აქციოს და არა იმ სულიერ განძად, რაც ჩვენი ისტორიის, ჩვენი იდენტობის სახეა.

დღეს ღირებულებათა ომია და ეს ომი ბევრად უფრო სასტიკია, ვიდრე სხვა. მისი სამიზნე სწორედ ოჯახია. მძიმეა ეს ბრძოლა, მაგრამ გვჯერა, რომ ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ.

არ არსებობს იმაზე დიდი სიწმინდე, ვიდრე საკუთარი ოჯახია, და არ არსებობს იმაზე ღირსეული ბრძოლა, ვიდრე ოჯახური ღირებულებების დაცვაა.

კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს ყველა მოქალაქეს ოჯახის სიწმინდისა და მშობელთა პატივისცემის დღეს!“ – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

 ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია, ამიტომ, ეკლესიასთან ერთად, ხელისუფლების ვალია, დაიცვას, როგორც შემნახველი ქართული იდენტობის, სულიერი და მატერიალური კულტურის -შალვა პაპუაშვილი

გამოწვევებით სავსე მსოფლიოში, სადაც ეროვნულ ტრადიციებსა და წმინდა ადამიანურ ღირებულებებს აშკარა საფრთხე დაემუქრა, ჩვენმა დედაეკლესიამ ფარად აღმართა ქართული ოჯახის სიწმინდე და მისი მარადიული ფასეულობები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ოჯახური ტრადიციები არის ქართული ადათი, თაობათა შორის დამოკიდებულების პატივისცემა, სტუმარმასპინძლობა, მოყვასის სიყვარული და სამშობლოს ერთგულება.

„გილოცავთ ოჯახის სიწმინდის დღეს!

გამოწვევებით სავსე მსოფლიოში, სადაც ეროვნულ ტრადიციებსა და წმინდა ადამიანურ ღირებულებებს აშკარა საფრთხე დაემუქრა, ჩვენმა დედაეკლესიამ ფარად აღმართა ქართული ოჯახის სიწმინდე და მისი მარადიული ფასეულობები. ეს არის ჩვენი ცხოვრების წესი, რომელიც მამა-პაპათაგან გადმოგვეცა და ჩვენც ათასწლეულები სიამაყით ვატარებთ. ეს არის ქართული ადათი, თაობათა შორის დამოკიდებულების პატივისცემა, სტუმარმასპინძლობა, მოყვასის სიყვარული და სამშობლოს ერთგულება.

ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია, ამიტომაც, ეკლესიასთან ერთად, ხელისუფლების ვალია, დაიცვას იგი, როგორც შემნახველი ქართული იდენტობის, სულიერი და მატერიალური კულტურის.

ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს და გისურვებთ მშვიდობას ჩვენს გულებში, ჩვენს ოჯახებში, ჩვენს სამშობლოში“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.

 ევროპა ბევრად უფრო დიდია, ვიდრე რამდენიმე პოლიტიკოსი ან ყველა ერთად -დეკანოზი ალექსანდრე გალდავა

ევროპა ბევრად უფრო დიდია, ვიდრე რამდენიმე პოლიტიკოსი ან თუნდაც, ყველა პოლიტიკოსი ერთად აღებული. ერთი პოლ მაკარტნი, სერვანტესი ან ელ გრეკო გადაწონის მათ ყველას ერთად აღებულს, – ამის შესახებ დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ გადაცემაში „იმედი LIVE”ისაუბრა.

დეკანოზმა აღნიშნა, რომ საქართველო ევროპული ცივილიზაციის ნაწილია.

„ზოგი ფიქრობს, რომ ევროპა არის ევროკავშირი და პოლიტიკური დღევანდელობა. მე ვფიქრობ, რომ ევროპა ბევრად უფრო დიდია, ვიდრე რამდენიმე პოლიტიკოსი ან თუნდაც, ყველა პოლიტიკოსი ერთად აღებული. ერთი პოლ მაკარტნი, სერვანტესი ან ელ გრეკო გადაწონის მათ ყველას ერთად აღებულს. ევროპა არის ეს. ხოლო პოლიტიკოსი მოვიდა, წავიდა, ზოგი დაიჭირეს, ზოგს ხვალ დაიჭერენ, ზოგი ღირსეულად წავა. ამიტომ ევროპაში შესვლა უნდა მოხდეს იმ ფასეულობის გათვითცნობიერებით, რომელიც მოიტანა ევროპამ. ჩვენ ევროპული ცივილიზაციის ერთ-ერთი ნაწილი ვართ, იმიტომ, რომ ბიზანტია იყო გული ევროპის ცივილიზაციის და ამ ბიზანტიის ქრისტიანული ხაზი გააგრძელა საქართველომ, ჩამოყალიბდა, როგორც ქრისტიანული სახელმწიფო და ქრისტიანულ მორალზე აიგო სახელმწიფო იდეოლოგია და ცნობიერება“, – განაცხადა ალექსანდრე გალდავამ.

მისივე შეფასებით, ევროპულ ფასეულობებს გარკვეულწილად „დღეს წყალი აქვს შეყენებული“.

„ადამიანის უფლებებად ჩამოაყალიბეს ის, რაც მიუღებელი იყო კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე – ერთნაირსქესიანთა ურთიერთობები, როგორც ნორმა. ამ ფასეულობას შეექმნა პრობლემა, ოჯახს შეექმნა პრობლემა. ჩვენ ვიცით ლგბტ თემის დეკლარაცია, სადაც ლაპარაკია იმაზე, რომ ოჯახი უნდა დაირქვან და ბავშვი აიყვანონ“, – განაცხადა დეკანოზმა.

მან ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის კუთხით დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებებიც შეაფასა.

„ძალიან კარგია, რომ ეს მუდმივი შეჯახების, ლანძღვის, სიძულვილის, დაპირისპირების ბუდე აღმოიფხვრას საქართველოში, რაღაცნაირად დავლაგდეთ, გავიდეთ და ვთქვათ, რომ ოჯახი კარგია. მეორეც უნდა ვთქვათ, რომ ყველას აქვს უფლება, როგორც უნდა, ისე იცხოვროს და არავის აქვს მათი დაჩაგვრის უფლება, რადგან ყველა ადამიანის სიცოცხლე და ცხოვრება დაცული უნდა იყოს სახელმწიფოსგან. მე მომხრე ვარ, რომ არც მღვდელმა და არც ერმა არც ლანძღოს, არც აგინოს და მით უმეტეს, არც სცემოს“, – განაცხადა დეკანოზმა.

ალექსანდრე გალდავამ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში არის პატარა ჯგუფი, რომელსაც აფინანსებენ გარკვეული პოლიტიკური ძალები უცხოეთიდან.

„აფინანსებენ არა იმიტომ, რომ ვიღაც ვერ იტანს მართლმადიდებლობას და ანტიქრისტეს ტახტის დადგმა უნდა და ასე შემდეგ. საღი თვალით რომ შევხედოთ, დავინახავთ, რომ არ უნდათ, პოლიტიკაში, ქვეყანაში იყოს გაუკონტროლებელი ძალა, ანუ რაღაც ძალა, რომელიც სხვა აზრზეა და პოლიტიკურ გავლენებს ახდენს ძალიან დიდს. ამას აფინანსებენ და ამას ეძახიან სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას“, – აღნიშნა ალექსანდრე გალდავამ.

რუსებს არ გააჩნიათ საკმარისი ძალა ხარკოვის რეგიონის ჩრდილოეთით სტრატეგიული მიზნის მისაღწევად-კრისტოფერ კავოლი

რუსებს არ გააჩნიათ საკმარისი ძალა ხარკოვის რეგიონის ჩრდილოეთით სტრატეგიული მიზნის მისაღწევად, – ამის შესახებ ევროპაში ნატო-ს მოკავშირეთა შეიარაღებული ძალების უმაღლესმა სარდალმა, კრისტოფერ კავოლიმ ბრიუსელში, ნატო-ს საბჭოს შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რუსებს არ აქვთ სტრატეგიული მიზნის მისაღწევად საკმარისი საშუალებები. მათ შეუძლიათ, მიაღწიონ ადგილობრივ წარმატებებს და ეს მათ უკვე გააკეთეს. მათ ასევე განიცადეს ადგილობრივი მარცხი. ასე რომ, დიახ, მე ძალიან მჭიდრო კონტაქტზე ვარ ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან და დარწმუნებული ვარ, ისინი დაიცავენ ხაზს“, – აღნიშნა კოვოლიმ.

ამასთან, პრესკონფერენციაზე ისაუბრა ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, რობ ბაუერმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ხარკოვის რეგიონში ბრძოლის ველზე ვითარება იმდენად არ შეცვლილა, რომ უკრაინის ხელისუფლება მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს.

„უკრაინის ჯარებმა დაიბრუნეს ტერიტორიის 50%, რომელიც ომის დასაწყისში რუსეთმა დაიპყრო. რუსული ჯარები ახლა იბრუნებენ ამ ტერიტორიას, მაგრამ ეს არ არის სტრატეგიული წინსვლა, ეს არ არის სტრატეგიული წარმატება“, – განაცხადა ბაუერმა.

 გვსურს, მშვიდობიანი შეკრებით წარმოვაჩინოთ, რომ ჩვენი ისტორიის, ტრადიციების, ღირებულებების დაცვა უმნიშვნელოვანესია და ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა დგას -საპატრიარქო

გვსურს, ხვალ მშვიდობიანი შეკრებით წარმოვაჩინოთ, რომ ჩვენი ისტორიის, ტრადიციების, სულიერი და კულტურული ღირებულებების დაცვა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია და ეს ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა დგას, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ეკლესია ყოველთვის იყო ქვეყნის გამაერთიანებელი ძალა და ეს კვლავაც ასე უნდა იყოს.

„ოჯახი ნებისმიერი სახელმწიფოს ფუნდამენტია და მისი სიმტკიცის დაცვა ყველა ქვეყნისთვის არსებითია, მცირერიცხოვანი ერისთვის კი ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც ჩვენს ახალგაზრდებს, მორწმუნე საზოგადოებას, საქართველოს მოსახლეობას – განურჩევლად ეროვნებისა, რწმენისა, პოლიტიკური პოზიციისა და ასაკისა – ყველას მოგიწოდებთ, ქვეყანაში არსებული დაძაბული ვითარების მიუხედავად, 17 მაისს გავერთიანდეთ და ერთად აღვნიშნოთ ოჯახის სიწმინდის დღე.

ჩვენ ყოველთვის ვგმობთ და ვემიჯნებით ძალადობას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი. გვსურს, ხვალ მშვიდობიანი შეკრებით წარმოვაჩინოთ, რომ ჩვენი ისტორიის, ტრადიციების, სულიერი და კულტურული ღირებულებების დაცვა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია და ეს ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა დგას. ეკლესია ყოველთვის იყო ქვეყნის გამაერთიანებელი ძალა და ეს კვლავაც ასე უნდა იყოს. ამისთვის ზრუნვა ყველას, პირველ რიგში კი, სასულიერო პირებს გვმართებს. 17 მაისს ღვთის სადიდებლად სამშობლოს სიყვარულით გავერთიანდეთ და ვილოცოთ ჩვენი ოჯახებისთვის, ვილოცოთ მშვიდობიანი საქართველოსთვის“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

https://www.facebook.com/sazupatriarchate/posts/479489334421081?ref=embed_post

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დასრულდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დასრულდა.

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე და ქართული დელეგაცია ანკარას ესენბოღას საერთაშორისო აეროპორტიდან თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, აბდულქადირ ურალოღლუმ და სხვა ოფიციალურმა პირებმა გააცილეს.

პრემიერ-მინისტრმა ოფიციალური ვიზიტი მედიასთან შეაჯამა და აღნიშნა, რომ საქართველო თურქეთთან სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო განვითარებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

„დასრულდა ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი თურქეთში. რა თქმა უნდა, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად განვითარება თურქეთსა და საქართველოს შორის და, ბუნებრივია, ეს ვიზიტი წვლილს შეიტანს ამ საქმეში. ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა პრეზიდენტ ერდოღანთან.

ვისაუბრეთ ჩვენი თანამშრომლობის აბსოლუტურად ყველა ასპექტზე, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სხვა სფეროებში თანამშრომლობაზე. ყველაფერი გაკეთდება ჩვენი მეგობრობის, პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გასაღრმავებლად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ღირებულებებსა და ტრადიციებს, სწორედ, ფასეულობებითა და ღირებულებებით ვივლით წინ, მათ შორის, წინ, ევროპისკენ -პრემიერი

მთავარი გზავნილი არის ის, რომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ფასეულობებს, ღირებულებებსა და ტრადიციებს, რომლის გარეშეც ქვეყნის განვითარების გზა ვერ იქნება წარმატებული, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ანკარაში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხვალინდელი დღე უქმედ გამოცხადდა.

„ჩვენ მოგვმართა საპატრიარქომ, გამოვაცხადეთ ეს დღე უქმედ, როგორც მოგეხსენებათ. მთავარი გზავნილი არის ის, რომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ფასეულობებს, ღირებულებებსა და ტრადიციებს, რომლის გარეშეც ქვეყნის განვითარების გზა ვერ იქნება წარმატებული. თუ არ გაქვს ძლიერი ფესვები, რა თქმა უნდა, წინ ვერ წახვალ. ხშირად ისე წარმოაჩენენ, თითქოს პროგრესულობა ნიშნავს ფესვების ჩაჭრას, რაც ასე ვერ იქნება. სწორედ მყარ ფესვებზე დგომის შემთხვევაში შეიძლება, ჩვენ მივაღწიოთ დიდ შედეგებს და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. ჩვენ ბოლომდე გავუფრთხილდებით ჩვენს ფასეულობებსა და ღირებულებებს და სწორედ ფასეულობებითა და ღირებულებებით ვივლით წინ, მათ შორის, წინ, ევროპისკენ,“ – განაცხადა პრემიერმა.

ლიეტუვაში ვბრუნდები წუხილით, რომ საქართველოს ევროპული მომავალი შესაძლოა მიტაცებულ იქნას -გაბრიელიუს ლანდსბერგისი

მოუსმენს ევროკავშირი საქართველოს ხალხს და აირჩევს იმედს, თუ უგულებელვყოფთ ევროპულ ღირებულებებს და კომპრომისზე წავალთ?, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

ის საქართველოში ვიზიტის და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრობს და აცხადებს, რომ ავტოკრატიის არჩევით, საქართველო განსხვავებულ გეოპოლიტიკურ ორიენტაციას აირჩევს, ხოლო ორ სკამზე ჯდომა არ შეიძლება – არ შეიძლება ევროპისკენ გზაზე იყო, როდესაც ცალი ფეხი მოსკოვში გაქვს.

“მოუსმენს ევროკავშირი საქართველოს ხალხს და აირჩევს იმედს? თუ უგულებელვყოფთ ჩვენს ევროპულ ღირებულებებს და კომპრომისზე წავალთ?

ბევრი საფიქრალი მაქვს თბილისში ვიზიტის შემდეგ… ისე ჩანს, რომ ე.წ. გამჭვირვალობის კანონი გამჭვირვალობის შესახებ არ არის. დიდი ალბათობით, მიზანია, არასამთავრობო ორგანიზაციების მიზანში ამოღება, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ კრიტიკულები არიან და მათი დამორჩილება. ისინი, რომლებიც ყველაზე მეტად იქნებიან სამიზნეში ამოღებული, დიდწილად ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ ფინანსდებიან.

არადემოკრატიული სულისკვეთებით დაწერილი კანონის შესწორება ნებისმიერი ადამიანის შესაძლებლობებს მიღმაა. ბევრი ადამიანი დარწმუნებულია, რომ ნებისმიერი შესწორება უბრალოდ იმიტაცია იქნება, რომელიც მთავრობას არასამთავრობო ორგანიზაციების საქმის წარმოების შეზღუდვის დაწყების ინსტრუმენტებს დაუტოვებს.

ამოქმედების შემთხვევაში, კანონი დიდი ალბათობით, განვითარდება, როგორც ეს რუსეთში დავინახეთ. როდესაც კანონი არსებობს, მარტივია მისი ჩუმად შესწორება. კანონის მთელი ლოგიკა სახიფათო ბილიკია, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოებაზე სრული კონტროლის დამყარებამდე მიყვანა შეუძლია.

მთავრობასთან შეხვედრებზე მოვისმინე არგუმენტები, რომ კანონი პოლარიზაციას შეამცირებს. რეალურად კი, ალტერნატიული შეხედულებების აკრძალვით მას დემოკრატიის განადგურება შეუძლია. პოლარიზაციის დაძლევა მხოლოდ დიალოგითა და ინკლუზიურობით შეიძლება, რომლის საშუალებასაც დემოკრატია იძლევა.

ავტოკრატიის არჩევით, საქართველო ასევე განსხვავებულ გეოპოლიტიკურ ორიენტაციას აირჩევს. ორ სკამზე ჯდომა არ შეგიძლია. არ შეიძლება ევროპისკენ გზაზე იყო, როდესაც ცალი ფეხი მოსკოვში გაქვს.

კიდევ ერთი დიდი შეშფოთებაა ორგანიზებული შევიწროება და დაშინების კამპანია სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ. ეს უნდა შეწყდეს და ორგანიზატორები უნდა გასამართლდნენ. ეს დაშინება კითხვებს ბადებს გამოხატვის თავისუფლებასა და არასამთავრობო აქტორებზე.

ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ახლა კანონსა და დაშინებებზე ვართ ფოკუსირებული, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს წელი არჩევნების წელია. მთავრობაზეა პასუხისმგებლობა უზრუნველყოს, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანია.

ლიეტუვაში ვბრუნდები იმ წუხილით, რომ საქართველოს ევროპული მომავალი შესაძლოა მიტაცებულ იქნას და საქართველოს ხალხისადმი მიცემული დაპირება გატეხილი. მაგრამ ვხედავ, რომ იმედი ცოცხალია. ის ქუჩებშია და იმ ადამიანების გულებში, რომელთაც პარლამენტის გარეთ შევხვდით”, – წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი “ტვიტერის” პირად გვერდზე.

შარლ მიშელთან პირველივე ზარის დროს დავაფიქსირე მზაობა კონსულტაციებისთვის, კანონთან დაკავშირებით სამართლებრივი შენიშვნები თუ იქნება, ყველა თემაზე გვექნება დისკუსია -პრემიერი

შარლ მიშელთან პირველივე ზარის დროს დავაფიქსირე მზაობა კონსულტაციებისთვის. კანონთან დაკავშირებით სამართლებრივი შენიშვნები თუ იქნება, ყველა თემაზე გვექნება დისკუსია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ანკარაში განუცხადა.

პრემიერის თქმით, ნებისმიერი ტიპის კონსულტაციებისთვის მზად არიან.

„შარლ მიშელთან პირველივე ზარის დროს დავაფიქსირე ჩვენი მზაობა კონსულტაციებთან დაკავშირებით. მეორე ზარის დროსაც იგივე გავიმეორე. აბსოლუტურად ღია ვართ ნებისმიერი ტიპის კონსულტაციებისთვის, რაც ამ კანონს უკავშირდება. კანონთან დაკავშირებით ოღონდ ვინმემ რამე სამართლებრივი შენიშვნა მოგვაწოდოს და მზად ვართ მყისიერად განხილვისთვის. სამართლებრივი შენიშვნები თუ იქნება წარმოდგენილი, რაც დღემდე არ მიგვიღია, დისკუსია გვექნება ყველა თემაზე“, – განაცხადა პრემიერმა.

გარდაბანში ძმამ და მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული ნ.ი., ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული გარდაბანში, თავისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით განზრახ დაეჯახა დას, 1995 წელს დაბადებულ შ.ი.-ს, რის შემდეგაც მას დანის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად შ.ი. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ნ.ი. ბრალდებულის სახით, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი, დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მთელ დღეს ყურადღების ცენტრში ყოფნას ცდილობთ, მაგრამ არაფერი გამოგდით. ვარსკვლავები გირჩევენ, მითითებებს მიჰყვეთ და უადგილო კითხვები არ დასვათ. მომავალ კვირას სამაგიეროს გადახდას შეძლებთ, მანამდე კი ჩრდილში დარჩენა მოგიწევთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და სხვების კარნახით ნუ იმოქმედებთ.

კურო

გირჩევთ, ეს დღე საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას დაუთმოთ. თუ გრძნობთ, რომ ერთმანეთი ძველებურად აღარ გიზიდავთ, ჩამქრალი გრძნობის გაღვივება უნდა სცადოთ. სამსახურში პირიქით, ვნებებს და კონფლიქტებს უნდა ერიდოთ, რადგან შედეგებს თქვენ დაგაბრალებენ.

ტყუპები

წარმატებული დღეა, უბრალოდ, ფინანსებთან მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ვარსკვლავები გირჩევენ საყიდლებზე წასვლამდე ვალები და გადასახადები გადაიხადოთ, რათა ხელფასამდე ცარიელი ჯიბით არ დარჩეთ. პარტნიორულ ურთიერთობებში მოერიდეთ წვრილმანებში ჩაძიებას, ზედმეტ პირდაპირობას და ურთიერთობების გარჩევას.

კირჩხიბი

დროა, საკუთარ ჯანმრთელობაზე იზრუნოთ და აქ ფიზიკურზე მეტად ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა იგულისხმება. ახლა თქვენ ყველაზე მეტად სრულფასოვანი დასვენება გჭირდებათ. რა თქმა უნდა, ყველაფერს შვებულებაში გასვლა ჯობს, მაგრამ თუ ეს შეუძლებელია, ეცადეთ დასვენებისთვის ერთი დღე მაინც გამონახოთ.

ლომი

ლომისთვის პოზიტიური დღეა, თუნდაც მის გარშემო ქაოსი და კონფლიქტი იყოს. ამ დღეს განწყობას ვერავინ და ვერაფერი გაგიფუჭებთ. სამსახურში უამრავი საქმის გაკეთებას შეძლებთ, საღამოს კი საყვარელი ადამიანების გარემოცვაში შესანიშნავ დროს გაატარებთ. გამორიცხული არ არის, რომ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ, რომელიც ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ.

ქალწული

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ყველაა საქმეში და ცხოვრების ყველა სფეროში პრინციპულად იმოქმედოთ. დროა, პირად ურთიერთობებში ინიციატივა საკუთარ ხელში აიღოთ, სამსახურში კი ხმამაღლა განაცხადოთ, რომ ხელფასის გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას იმსახურებთ. თამამად დაიცავით საკუთარი უფლებები. ბედი თქვენს მხარესაა!

სასწორი

უკვე ზაფხულის გეგმებს აწყობთ. შესაძლოა, ეს გეგმები თქვენს საახლობლო წრეში ყველას არ მოსწონს, მაგრამ ამას ყურადღება არ უნდა მიაქციოთ. მოიქეცით ისე, როგორც ამას გული და გონება გიკარნახებთ. აუცილებელი არ არის სხვისი აზრი გაითვალისწინოთ, თუნდაც ის ახლო ნათესავი იყოს. მოერიდეთ ცხელ გულზე გადაწყვეტილების მიღებას, იყავით მეტად დიპლომატიური და ღიმილიანი.

მორიელი

ამ დღეს ყველაზე მეტად ნაჩქარევად და დაუფიქრებლად მიღებულ გადაწყვეტილებებს უნდა მოერიდოთ. ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ. განსაკუთრებით სახიფათოა უფროსის წინაშე ხასიათის დემონსტრირება, რადგან შესაძლოა არა მხოლოდ ბონუსის, არამედ სამსახურის გარეშეც დარჩეთ.

მშვილდოსანი

რატომღაც ფიქრობთ, რომ თქვენს ცხოვრებაში უიღბლობის პერიოდი დადგა. ეცადეთ, ასეთი აზრები კოსმოსში არ გააგზავნოთ და საქმე არ გაირთულოთ. თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი ისეთი ტრაგიკულად არ არის, როგორც ფიქრობთ. ეძებეთ სიხარული წვრილმანებში, ურთიერთობაში, ბუნებაში. თუ მუდმივად იწუწუნებთ, უიღბლობის პერიოდი ნამდვილად დადგება.

თხის რქა

ამ კვირამ ძალიან დაგღალათ, ამიტომ გირჩევთ, პარასკევი დასვენებას დაუთმოთ. აკეთე ის, რაც ნამდვილ სიხარულს განიჭებთ. ახალი კვირისთვის სათანადო დასვენება და ძალების მოკრება გჭირდებათ. გსურთ ყველას ასიამოვნოთ და საჩუქრებით აავსოთ, რის გამოც გაუთვალისწინებელი ხარჯი მოიმატებს.

მერწყული

ნუ გადადებთ იმას, რასაც დიდი ხანია გეგმავთ. ეს პარასკევი ძალიან იღბლიანი იქნება, ამიტომ ეცადეთ, მისგან ყველაფერი მაქსიმალურად მიიღოთ. იდეალური დღეა ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის, რომლებიც ახლა მხოლოდ ნაღველს იწვევს. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე, დროა, გამაჯანსაღებელი დიეტა და ფიზიკური აქტივობა დაიწყოთ.

თევზები

ამ ნიშნის წარმომადგენლებს რომანტიკული პარასკევი ელით. ოჯახსა და სამსახურში გულწრფელი ურთიერთობები გაგახარებთ. შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენი შთაგონების წყარო გახდება.