ლიეტუვაში ვბრუნდები წუხილით, რომ საქართველოს ევროპული მომავალი შესაძლოა მიტაცებულ იქნას -გაბრიელიუს ლანდსბერგისი

51
spot_img

მოუსმენს ევროკავშირი საქართველოს ხალხს და აირჩევს იმედს, თუ უგულებელვყოფთ ევროპულ ღირებულებებს და კომპრომისზე წავალთ?, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

ის საქართველოში ვიზიტის და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრობს და აცხადებს, რომ ავტოკრატიის არჩევით, საქართველო განსხვავებულ გეოპოლიტიკურ ორიენტაციას აირჩევს, ხოლო ორ სკამზე ჯდომა არ შეიძლება – არ შეიძლება ევროპისკენ გზაზე იყო, როდესაც ცალი ფეხი მოსკოვში გაქვს.

“მოუსმენს ევროკავშირი საქართველოს ხალხს და აირჩევს იმედს? თუ უგულებელვყოფთ ჩვენს ევროპულ ღირებულებებს და კომპრომისზე წავალთ?

ბევრი საფიქრალი მაქვს თბილისში ვიზიტის შემდეგ… ისე ჩანს, რომ ე.წ. გამჭვირვალობის კანონი გამჭვირვალობის შესახებ არ არის. დიდი ალბათობით, მიზანია, არასამთავრობო ორგანიზაციების მიზანში ამოღება, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ კრიტიკულები არიან და მათი დამორჩილება. ისინი, რომლებიც ყველაზე მეტად იქნებიან სამიზნეში ამოღებული, დიდწილად ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ ფინანსდებიან.

არადემოკრატიული სულისკვეთებით დაწერილი კანონის შესწორება ნებისმიერი ადამიანის შესაძლებლობებს მიღმაა. ბევრი ადამიანი დარწმუნებულია, რომ ნებისმიერი შესწორება უბრალოდ იმიტაცია იქნება, რომელიც მთავრობას არასამთავრობო ორგანიზაციების საქმის წარმოების შეზღუდვის დაწყების ინსტრუმენტებს დაუტოვებს.

ამოქმედების შემთხვევაში, კანონი დიდი ალბათობით, განვითარდება, როგორც ეს რუსეთში დავინახეთ. როდესაც კანონი არსებობს, მარტივია მისი ჩუმად შესწორება. კანონის მთელი ლოგიკა სახიფათო ბილიკია, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოებაზე სრული კონტროლის დამყარებამდე მიყვანა შეუძლია.

მთავრობასთან შეხვედრებზე მოვისმინე არგუმენტები, რომ კანონი პოლარიზაციას შეამცირებს. რეალურად კი, ალტერნატიული შეხედულებების აკრძალვით მას დემოკრატიის განადგურება შეუძლია. პოლარიზაციის დაძლევა მხოლოდ დიალოგითა და ინკლუზიურობით შეიძლება, რომლის საშუალებასაც დემოკრატია იძლევა.

ავტოკრატიის არჩევით, საქართველო ასევე განსხვავებულ გეოპოლიტიკურ ორიენტაციას აირჩევს. ორ სკამზე ჯდომა არ შეგიძლია. არ შეიძლება ევროპისკენ გზაზე იყო, როდესაც ცალი ფეხი მოსკოვში გაქვს.

კიდევ ერთი დიდი შეშფოთებაა ორგანიზებული შევიწროება და დაშინების კამპანია სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ. ეს უნდა შეწყდეს და ორგანიზატორები უნდა გასამართლდნენ. ეს დაშინება კითხვებს ბადებს გამოხატვის თავისუფლებასა და არასამთავრობო აქტორებზე.

ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ახლა კანონსა და დაშინებებზე ვართ ფოკუსირებული, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს წელი არჩევნების წელია. მთავრობაზეა პასუხისმგებლობა უზრუნველყოს, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანია.

ლიეტუვაში ვბრუნდები იმ წუხილით, რომ საქართველოს ევროპული მომავალი შესაძლოა მიტაცებულ იქნას და საქართველოს ხალხისადმი მიცემული დაპირება გატეხილი. მაგრამ ვხედავ, რომ იმედი ცოცხალია. ის ქუჩებშია და იმ ადამიანების გულებში, რომელთაც პარლამენტის გარეთ შევხვდით”, – წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი “ტვიტერის” პირად გვერდზე.