უკრაინას შეუძლია გამოიყენოს ამერიკული იარაღი მხოლოდ თავის ტერიტორიაზე -პენტაგონი

58
spot_img

პენტაგონმა განაცხადა, რომ არ შეუცვლია პოზიცია უკრაინის მიერ სამხედრო დახმარების ფარგლებში შეერთებული შტატების მიერ მოწოდებული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით.

კითხვაზე, შეიცვალა თუ არა ხარკოვის ოლქში რუსეთის იერიშის ფონზე ვაშინგტონის მიდგომა, რომლის მიხედვითაც უკრაინას ამერიკული იარაღის გამოყენება მხოლოდ საკუთარი ტერიტორიის ფარგლებში შეუძლია? პენტაგონის პრესმდივნის მოადგილემ, საბრინა სინგმა განაცხადა, რომ აშშ-ის პოზიცია უცვლელი დარჩა.

„ჩვენ არ შეგვიცვლია ჩვენი პოზიცია, მიგვაჩნია, რომ ის აღჭურვილობა და შესაძლებლობები, რომლებსაც უკრაინას ვაწვდით ჩვენ და სხვა ქვეყნები, უნდა იყოს გამოყენებული უკრაინის სუვერენული ტერიტორიის დასაბრუნებლად“, – აცხადებს საბრინა სინგი.

სინგმა აღნიშნა, რომ პენტაგონის ხელმძღვანელი ლოიდ ოსტინი უკრაინელ კოლეგა რუსტემ უმეროვთან საუბრებში განიხილავს იმას, თუ როგორ შეიძლება ამ შეიარაღების გამოყენება.

„და ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს უნდა მოხდეს უკრაინის ტერიტორიის ფარგლებში“, – დასძინა მან.