ევროპა ბევრად უფრო დიდია, ვიდრე რამდენიმე პოლიტიკოსი ან ყველა ერთად -დეკანოზი ალექსანდრე გალდავა

55
spot_img

ევროპა ბევრად უფრო დიდია, ვიდრე რამდენიმე პოლიტიკოსი ან თუნდაც, ყველა პოლიტიკოსი ერთად აღებული. ერთი პოლ მაკარტნი, სერვანტესი ან ელ გრეკო გადაწონის მათ ყველას ერთად აღებულს, – ამის შესახებ დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ გადაცემაში „იმედი LIVE”ისაუბრა.

დეკანოზმა აღნიშნა, რომ საქართველო ევროპული ცივილიზაციის ნაწილია.

„ზოგი ფიქრობს, რომ ევროპა არის ევროკავშირი და პოლიტიკური დღევანდელობა. მე ვფიქრობ, რომ ევროპა ბევრად უფრო დიდია, ვიდრე რამდენიმე პოლიტიკოსი ან თუნდაც, ყველა პოლიტიკოსი ერთად აღებული. ერთი პოლ მაკარტნი, სერვანტესი ან ელ გრეკო გადაწონის მათ ყველას ერთად აღებულს. ევროპა არის ეს. ხოლო პოლიტიკოსი მოვიდა, წავიდა, ზოგი დაიჭირეს, ზოგს ხვალ დაიჭერენ, ზოგი ღირსეულად წავა. ამიტომ ევროპაში შესვლა უნდა მოხდეს იმ ფასეულობის გათვითცნობიერებით, რომელიც მოიტანა ევროპამ. ჩვენ ევროპული ცივილიზაციის ერთ-ერთი ნაწილი ვართ, იმიტომ, რომ ბიზანტია იყო გული ევროპის ცივილიზაციის და ამ ბიზანტიის ქრისტიანული ხაზი გააგრძელა საქართველომ, ჩამოყალიბდა, როგორც ქრისტიანული სახელმწიფო და ქრისტიანულ მორალზე აიგო სახელმწიფო იდეოლოგია და ცნობიერება“, – განაცხადა ალექსანდრე გალდავამ.

მისივე შეფასებით, ევროპულ ფასეულობებს გარკვეულწილად „დღეს წყალი აქვს შეყენებული“.

„ადამიანის უფლებებად ჩამოაყალიბეს ის, რაც მიუღებელი იყო კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე – ერთნაირსქესიანთა ურთიერთობები, როგორც ნორმა. ამ ფასეულობას შეექმნა პრობლემა, ოჯახს შეექმნა პრობლემა. ჩვენ ვიცით ლგბტ თემის დეკლარაცია, სადაც ლაპარაკია იმაზე, რომ ოჯახი უნდა დაირქვან და ბავშვი აიყვანონ“, – განაცხადა დეკანოზმა.

მან ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის კუთხით დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებებიც შეაფასა.

„ძალიან კარგია, რომ ეს მუდმივი შეჯახების, ლანძღვის, სიძულვილის, დაპირისპირების ბუდე აღმოიფხვრას საქართველოში, რაღაცნაირად დავლაგდეთ, გავიდეთ და ვთქვათ, რომ ოჯახი კარგია. მეორეც უნდა ვთქვათ, რომ ყველას აქვს უფლება, როგორც უნდა, ისე იცხოვროს და არავის აქვს მათი დაჩაგვრის უფლება, რადგან ყველა ადამიანის სიცოცხლე და ცხოვრება დაცული უნდა იყოს სახელმწიფოსგან. მე მომხრე ვარ, რომ არც მღვდელმა და არც ერმა არც ლანძღოს, არც აგინოს და მით უმეტეს, არც სცემოს“, – განაცხადა დეკანოზმა.

ალექსანდრე გალდავამ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში არის პატარა ჯგუფი, რომელსაც აფინანსებენ გარკვეული პოლიტიკური ძალები უცხოეთიდან.

„აფინანსებენ არა იმიტომ, რომ ვიღაც ვერ იტანს მართლმადიდებლობას და ანტიქრისტეს ტახტის დადგმა უნდა და ასე შემდეგ. საღი თვალით რომ შევხედოთ, დავინახავთ, რომ არ უნდათ, პოლიტიკაში, ქვეყანაში იყოს გაუკონტროლებელი ძალა, ანუ რაღაც ძალა, რომელიც სხვა აზრზეა და პოლიტიკურ გავლენებს ახდენს ძალიან დიდს. ამას აფინანსებენ და ამას ეძახიან სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას“, – აღნიშნა ალექსანდრე გალდავამ.