,,ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეაზე რეზოლუციის ინიცირება ვერ მოხდა, რადგან უარი ქართული ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს”- ბოჭორიშვილი

17
spot_img

ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეაზე რეზოლუციის ინიცირება ვერ მოხდა, რადგან ამაზე უარი განაცხადეს ქართული ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლებმა.

მისივე თქმით, ოპოზიციიდან დელეგაციის შემადგენლობაში არიან გიორგი ვაშაძე, გიორგი ბოტკოველი, ანი წითლიძე და თამარ კორძაია.

„ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა ინიციატივა, რომ დაგვეინიცირებინა რეზოლუცია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით, რომელიც კიდევ ერთხელ მხარს დაუჭერდა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანებას. ამ რეზოლუციას მხარს უჭერდა მოლდოვის დელეგაცია, თუმცა უკრაინის პოზიციის გამო და ოპოზიციის წევრების გამო, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს აღნიშნულ ტექსტს, შეუძლებელი გახდა აღნიშნულ რეზოლუციაზე მუშაობის გაგრძელება.

საქართველოს პარლამენტში ოპოზიციას არ აქვს რეალური ინტერესი, რომ საერთაშორისო პლატფორმებზე საქართველოს ჰქონდეს მხარდაჭერა, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას ჰქონდეს მხარდაჭერა. როდესაც მათ შესაძლებლობა მიეცემათ, რაიმე ფორმატი ან რაიმე პლატფორმა იყოს გამოყენებული საქართველოს ინტერესების დასაზიანებლად, მაშინ ისინი მომართული არიან და მზად არიან ყოველთვის, ეს გააკეთონ.

რეზოლუციის პროექტის ინიცირებას სჭირდება ათი ხელმოწერა. „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეაში „ქართულ ოცნებას“ ხუთი დეპუტატი ჰყავს. ოპოზიციიდან კი, დელეგაციის შემადგენლობაში არიან გიორგი ვაშაძე, გიორგი ბოტკოველი, ანი წითლიძე და თამარ კორძაია“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილი განმარტავს, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატების მხრიდან ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ არაერთხელ გაკეთდა შეთავაზება, რომ მათაც მოეწერათ ხელი რეზოლუციის პროექტისთვის, რომელიც შეეხებოდა საქართველოს ევროპულ მომავალს, ასევე, უკრაინას და მოლდოვას, შეეხებოდა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას და გამოხატავდა მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

„მათი მხრიდან არ იქნა ინტერესი გამოხატული, რომ თანასპონსორობა გაეწიათ. ეს არის ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა ამ მოწვევის პარლამენტში და შესაძლებელი იყო, კიდევ ერთხელ გვეჩვენებინა, რომ ჩვენი ინტერესები იყო დაცული, ევროპარლამენტსა და საქართველოს პარლამენტს შორის თანამშრომლობის ფარგლებში“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.