,,თქვენი პოლიცია იყო სადამსჯელო რაზმი სადისტების” – მდინარაძე

12
spot_img

თქვენი პოლიცია იყო სადამსჯელო რაზმი სადისტების. ჩვენი ხელისუფლების დროინდელი პოლიცია განსხვავდება ჰაბიტუსით, ქცევით ადამიანობით, ქართველობით, განწყობით და დამოკიდებულებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს.

მამუკა მდინარაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მუდამ სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ მოქმედებს.

„ხალხმა, რომელმაც გააღატაკა ქვეყანა, გაყვლიფა, დღემდე აფინანსებს მოპარული ფულით რაღაც აქტივობებს, ეს ხალხი გველაპარაკება სიღარიბეზე. ჩვენ ჩვენი მომავალი თაობების წინაშე უნდა ვიყოთ მართლები და მათ წინაშე, ვინც ამ ქვეყნის მომავალს წარმოადგენს. ამას ემსახურება ვახტანგ გომელაური, ამას ემსახურება დღევანდელი მთავრობა, რომელმაც რა პრიორიტეტებიც დასახა, ყველაფერს დაარტყეს. ყველა წარმატებას უნდა დაარტყან და უღალატონ საკუთარ სამშობლოს. ეს არის მათი ნიშა და ჩვენ ამ დღის წესრიგს უნდა ვუპასუხოთ. ახალგაზრდებს უნდა ვუთხრათ, რომ ასეთი მატყუარა ხალხი ხელისუფლებაში არ უნდა მიუშვა არასდროს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ დამახასიათებელია ტყუილი და ქვეყნის ღალატი.

„მოღალატისგან სამშობლოს სიყვარულს ვერ დავიჯერებ. ამის დასტური იყო ევრონესტში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელსაც ხელი არ მოაწერეს. არადა, რუსეთს თავის დროზე ხელი მოუწერეს ომის დაწყებაზე. ამიტომ, უნდა ავიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ ეროვნულ იდენტობასთან მიმართებით საკითხები ბოლომდე გავიტანოთ. პოლიციელიც მეტად დავაფასოთ, ჩვენი საჯარო მოხელეებიც, ემიგრანტებიც მეტი ჩამოვიყვანოთ. ჩვენ ჩვენი სამშობლოს მსახურება უნდა გავაგრძელოთ კიდევ უფრო მეტი ჟინით, მეტი დინამიკით და ტყუილი და მატყუარა ვამხილოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.