„ვაგნერის“ წარუმატებელმა ამბოხებამ რუსეთის პრეზიდენტი „გარკვეულწილად დაასუსტა“ – უცხოური პრესა

88
spot_img

ბრიტანულმა საინფორმაციო სააგენტომ „როიტერმა“ (Reuters) ტელეფონით ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, რომლის შინაარსი გაავრცელა სათაურით „დონალდ ტრამპის – ვლადიმერ პუტინის თაყვანისმცემლის – თქმით, „ვაგნერის“ წარუმატებელმა ამბოხებამ რუსეთის პრეზიდენტი „გარკვეულწილად დაასუსტა“ (ავტორები – სტივ ჰოლანდი და ნათან ლეინი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც დიდი ხანია ვლადიმერ პუტინის თაყვანისმცემლად ითვლება, ხუთშაბათს განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი „ვაგნერის“ წარუმატებელი ამბოხების შედეგად გარკვეულწილად დასუსტდა და რომ ახლა შეერთებული შტატები დროა შეეცადოს და, უკრაინის ომის მშვიდობიანი მოლაპარაკებით მოგვარების მიზნით, კიევსა და მოსკოვს შორის შუამავლად გამოვიდეს. „მე მინდა, რომ ამ უაზრო ომის შედეგად ადამიანების სიკვდილი შეწყდეს“, – განაცხადა ექს-პრეზიდენტმა „როიტერის“ სააგენტოსადმი ტელეფონით მიცემულ ინტერვიუში.

დონალდ ტრამპმა, რომელიც გამოკითხვების მიხედვით, რესპუბლიკელთა მთავარი ლიდერია საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის, 2024 წლის არჩევნებში, ვრცლად ისაუბრა საგარეო პოლიტიკაზე და განაცხადა, რომ ჩინეთს 48 საათიანი ულტიმატუმი უნდა მიეცეს იმ ბაზის გასაუქმებლად, რომელიც მას კუნძულ კუბაზე აქვს, აშშ-საგან 145 კმ-ის მოშორებით.

რაც შეეხება უკრაინას, დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, რომ კიევის მთავრობას, შეიძლება რუსეთისადმი თავისი ტერიტორიის ნაწილი დათმობა მოუწიოს – იმ ომის შესაჩერებლად, რომელიც რუსეთის ჯარების შეჭრით 16 თვის წინათ, გასული წლის თებერვლის ბოლოს დაიწყო. მისი თქმით, დღეს რომ თვითონ იყოს პრეზიდენტი, ყველა სადაო საკითხს მოლაპარაკების დღის წესრიგში შეიტანდა. იმავდროულად, ყოფილმა პრეზიდენტმა შეაქო უკრაინელები, რომლებიც თავიანთი მიწის დასაცავად ენერგიულად იბრძვიან.

„რა თქმა უნდა, მათ აქვთ უფლება შეინარჩუნონ თავიანთი მიწა-წყლის დიდი ნაწილი და ვფიქრობ, ამაზე რუსეთიც დათანხმდება. უკრაინელებს სჭირდებათ სწორი და ობიექტური შუამავალი, მომრიგებელი, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენთან ასეთი ადამიანი, ჯერ-ჯერობით არ ჩანს“.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და აშშ-ის ნატოელ მოკავშირეებს სურთ, რომ რუსეთმა უკან დაიხიოს და ის ტერიტორიები უკრაინას დაუბრუნოს, რომელიც კრემლმა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში დაიპყრო. თავის მხრივ, უკრაინის არმიამ კონტრშეტევა დაიწყო, მაგრამ მხოლოდ მცირე წარმატება მოიპოვა რუსული ჯარის უკან დახევის საკითხში.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ წელს 10-პუნქტიანი გეგმა წამოაყენა, რომელიც რუსეთის არმიის უკრაინის ტერიტორიიდან გასვლას ითვალისწინებს.

„ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი, რის გაკეთებაც ახლა შეერთებულ შტატებს შეუძლია, არის ის, რომ მშვიდობა დაამყაროს – ორივე მხარე, მოსკოვი და კიევი ზავის დადებაში დაარწმუნოს და შეარიგოს. ჩვენ ამის გაკეთება ნამდვილად შეგვიძლია. ახლა ზუსტად ის დროა, რომ ამ მიზნის მისაღწევად [ამერიკამ] ორივე მხარე გააერთიანოს“, – ამბობს ექს-პრეზიდენტი ინტერვიუში.

როცა დონალდ ტრამპი ამერიკის პრეზიდენტი იყო, მან კარგი მეგობრული ურთიერთობა გააბა ვლადიმერ პუტინთან, რომელიც, უკრაინაში შეჭრის გამო, მსოფლიოში გარკვეულწილად „გარიყული ადამიანის“ რეპუტაცია მოიპოვა. გარდა ამისა, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ავტორიტეტი მნიშვნელოვნად შებღალა „ვაგნერის“ ამბოხების გამო. „შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ვლადიმერ პუტინი ისევ ძლიერია, მაგრამ ჩემი აზრით, ის საკმაოდ დასუსტებულია და ბევრი ადამიანის თვალში მის სახელს ჩრდილი მიადგა“, – ამბობს ექს-პრეზიდენტი. მისივე თქმით, „ვლადიმერ პუტინი რომ ხელისუფლებაში არ იყოს, განა ვინმემ იცის, თუ როგორია და ვინ იქნება მისი ალტერნატივა? შეიძლება კარგი ყოფილიყო, მაგრამ შეიძლება მასზე ცუდიც“.

რაც შეეხება ვლადიმერ პუტინისათვის საერთაშორისო სასამართლოს მიერ წაყენებულ ბრალდებებს სამხედრო დანაშაულების ჩადენის საკითხში, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ბრალდებებისა და პუტინის ბედის საკითხი ომის დასრულების შემდეგ უნდა გაირკვეს. „ახლა თუ მას ყველაფერს დავაბრალებთ, მაშინ იგი მშვიდობის დამყარებაზე არასოდეს არ დათანხმდება და კონფლიქტი უსასრულოდ გაგრძელდება“.

დონალდ ტრამპმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ იგი კატეგორიულად წინააღმდეგია კუნძულ კუბაზე ჩინეთის სადაზვერვო ცენტრის საქმიანობის მიმართ: „მე რომ ახლა პრეზიდენტი ვიყო, ჩინეთს 48-საათიან ულტიმატუმს წავუყენებდი ბაზის დახურვისა და კუნძულიდან წასვლის თაობაზე. თუ პეკინი უარს იტყვის, მაშინ ჩინურ პროდუქციაზე დაუყოვნებლივ ტარიფებს გავადიდებდი“.

დონალდ ტრამპი როცა აშშ-ის პრეზიდენტად იქნა არჩეული, 2017 წლიდან, ჩინეთის მიმართ ხისტი პოზიცია დაიკავა, თუმცა აცხადებდა, რომ კარგი პირადი ურთიერთობა ჰქონდა თავმჯდომარე სი ძინ პინთან, რომელიც კორონავირუსის პანდემიის შედეგად გაფუჭდა.

„მე პეკინს 48 საათს მივცემდი კუბიდან წასასვლელად. თუ არ წავლენ, მაშინ რასაც კი ჩვენთან ჰყიდიან, ყველაფერს ბაჟის 100%-იან ტარიფს დავადებდი. ისინი აქედან ორ დღეში გაიქცევიან. უფრო ზუსტად, ერთ საათში“, – თქვა დონალდ ტრამპმა.
ექს-პრეზიდენტს არაფერი უთქვამს, მხარს დაუჭერს თუ არა აშშ ტაივანს იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთის არმია თვითმმართველ კუნძულს შეუტევს, რომელსაც ჩინეთი თავის ტერიტორიად თვლის. „მე ამაზე ჯერ-ჯერობით არაფერს ვიტყვი. ამის მიზეზი ისაა, რომ არ მსურს წინასწარ ჩემი პოზიციების გამხელა სავარაუდო მოლაპარაკებაზე… ერთადერთი, რაც შემიძლია ტაივანის შესახებ გითხრათ, ისაა, რომ ჩემი პრეზიდენტობის 4-წლიან პერიოდში მსგავსი საფრთხე არ შექმნილა. და არც შეიქმნება, თუ მე პრეზიდენტად ვიქნები არჩეული“.

წყარო