„თუ კანონი არ შეიცვლება ისე, რომ დააკმაყოფილოს ევროკავშირის სტანდარტები, ორმხრივი ურთიერთობები რისკის ქვეშ დადგება” – ჯიმ ო’ბრაიენი

17
spot_img

განვიხილეთ კანონთან დაკავშირებული სირთულეები, წუხილი ფოკუსირებულია იმაზე, რომ კანონი არ არის სრულად ინკლუზიური და ეხება მხოლოდ უცხო და პრაქტიკაში ზოგიერთი დაფინანსების კონკრეტულ უცხო წყაროებს, –  ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო’ბრაიენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ჩნდება იმ ორგანიზაციების სტიგმატიზაციის საფრთხე, რომლებსაც შეეხება ეს კანონი და რომლებიც ღიად საუბრობენ დაფინანსების წყაროებზე.

ამავდროულად, ჯიმ ო’ბრაიენმა აღნიშნა, რომ კანონი იუსტიციის სამინისტროს აძლევს უფლებას, ჰქონდეს წვდომა არა მხოლოდ ფინანსურ, არამედ ყველა მასალაზე, დაუწესოს ჯარიმები და მხოლოდ შემდეგ მოხდეს გასაჩივრება, რაც ამერიკული კანონის საწინააღმდეგო მიდგომაა.

„ჩვენი წუხილი ეხება ფორმას, როგორ ხდება ამ კანონის მიღება. გვსურს, ვნახოთ, როგორ მუშაობს საქართველო ინტეგრაციისკენ, გააკეთოს ეს ისეთი ფორმით, როგორც ამას აკეთებენ ევროპელები ან პარტნიორები ასეთი კანონების შემთხვევებში, ვიდრე გაიტანოს იგი პარტნიორების მიერ გამოთქმული წინააღმდეგობის მიუხედავად. დღეს ჩვენ განვიხილეთ კანონთან დაკავშირებული სირთულეები, მე წამოვჭერი რამდენიმე. ეს წუხილი ფოკუსირებულია იმაზე, რომ კანონი არ არის სრულად ინკლუზიური და ეხება მხოლოდ უცხო და პრაქტიკაში ზოგიერთი დაფინანსების კონკრეტულ უცხო წყაროებს. ეს ნიშნავს, რომ ის არ პასუხობს ყველა პრობლემას, რასაც უნდა პასუხობდეს. ეს აჩენს იმ ორგანიზაციების სტიგმატიზაციის საფრთხეს, რომლებსაც, ჩემი აზრით, შეეხება ეს კანონი, რომლებიც საკმაოდ ღია არიან საქართველოში, რადგან საუბრობენ დაფინანსების წყაროებზე. მაშინ, როცა ორგანიზაციებს, რომლებიც ფარულად ფინანსდებიან, სავარაუდოდ, არა დასავლური ქვეყნებიდან, მათ არ შეეხება. სტიგმა იქნება ძალიან დამაზიანებელი და გამოიწვევს ძალადობას, რისი მაგალითებიც ბოლო პერიოდში ვნახეთ. სწორედ ამიტომ გამოთქვა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ წუხილი კანონზე, რომელიც ასე ზღუდავს უცხოურ დაფინანსებას. ეს მხოლოდ ერთი პრობლემაა. გამჭვირვალობის ფარგლებში მიღებული ბევრი კანონი ეხება ყველას, ვინც ცდილობს პოლიტიკაზე გავლენას და არა კონკრეტულ ორგანიზაციებს, ისინი დაჯარიმებამდე ექვემდებარებიან სამართლებრივ გადახედვას. ეს კანონი იუსტიციის სამინისტროს აძლევს უფლებას, წვდომა ჰქონდეს ყველა ჩანაწერზე, არა მხოლოდ ფინანსურ მასალებზე, არამედ ყველა მასალაზე, შემდეგ დაუწესოს ჯარიმები და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს სასამართლოში გასაჩივრება. ასე რომ, ეს ამერიკული კანონის საწინააღმდეგო მიდგომაა. მთავარი საკითხი არის, რომ როცა შევუერთდით დისკუსიებს, ევროკავშირმა და ჩვენ შევთავაზეთ დამატებითი კონსულტაციები, პასუხი კი იყო – არა. მათ სამ სწრაფ მოსმენაში მიიღეს“, – განაცხადა ჯიმ ო’ბრაიენმა.