თელავში რთველი 2023-ის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა

80
spot_img

თელავში „რთველი 2023“-ის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა.

შტაბის გახსნას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან ერთად, მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატები გელა სამხარაული და ირაკლი ქადაგიშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

„დღეს გაიხსნა რთვლის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც ორგანიზებას გაუწევს რთვლის პროცესს; ყველა წინაპირობა შექმნილია, რომ რთველი ჩატარდეს წარმატებულად. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ უპრეცედენტოა ის მხარდაჭერა, რომელიც მევენახეებსა და მეღვინეებს აქვთ სახელმწიფოს მხრიდან ბოლო წლების განმავლობაში; ჩვენ ვეხმარებით მათ როგორც სუბსიდირების, ისე დაზღვევის თანადაფინანსების კუთხით, რომელიც მიმდინარე წელს 50%-დან 70%-მდე გაიზარდა. მოვუწოდებ მევენახეებს უფრო მეტი აქტიურობისკენ ამ მიმართულებით. დარგისადმი მხარდაჭერა ასევე გამოხატულია აგროკრედიტის და მარკეტინგული ღონისძიებების მიზნობრივი პროგრამებით. სახელმწიფო, დაახლოებით, 15 მლნ ლარს ხარჯავს ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის საერთაშორისო პრიორიტეტულ ბაზრებზე; ვეხმარებით მეწარმეებს მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსებაში, რის შედეგადაც, ქართული ღვინის ექსპორტი ყოველწლიურად მზარდია. მხოლოდ გასულ წელს 103 მლნ ლიტრის ექსპორტი განხორციელდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია“, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, რთველი 2023-ის ფარგლებში, სახელმწიფო რქაწითლისა და კახური მწვანის ჯიშების ყურძნის სუბსიდირებას განახორციელებს. აღნიშნული გადაწყვეტილება, 25 ათასამდე მევენახე ფერმერს და 500-მდე ღვინის მწარმოებელს საქმიანობის გაგრძელების მოტივაციას და განვითარების შესაძლებლობას მისცემს.
სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითლის და/ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდული 1კგ ყურძნის სანაცვლოდ, ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 90 თეთრს. კახეთის რეგიონში მევენახის მიერ მოწეული ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ, კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია შეადგენს 1კგ რქაწითლისა და 1კგ კახური მწვანისთვის 20 თეთრს.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფო საწარმო მზად არის მევენახეებისგან მიიღოს კლიმატური პირობების გამო დაზიანებული ყურძენი, რომელზეც კერძო სექტორის მხრიდან არ იქნება მოთხოვნა და ფერმერებს 1 კილოგრამში 90 თეთრი გადაუხადოს.

რთველი 2023-ის საკოორდინაციო შტაბის გაიხსნის ღონისძიებაზე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ რთვლის საორგანიზაციო საკითხებზე ისაუბრა.

მიმდინარე წელს, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 200 ათასი ტონის ფარგლებშია. მოსავლის დაბინავებაში, წელს, 500-მდე ღვინის საწარმო იქნება ჩართული. მოწეული ყურძნის ჩაბარება განხორციელდება ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული მევენახეობის კადასტრის ამონაწერის საფუძველზე. 24 აგვისტოდან 24-საათიან რეჟიმში, თელავში იმუშავებს რთვლის შტაბი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს რთვლის ორგანიზებულად ჩატარებას, ჩასაბარებელი ყურძნის აღრიცხვიანობისა და მიკვლევადობის უზრუნველყოფის სამუშაოებს.

ყურძნის აღრიცხვა ერთიან ელექტრონულ სისტემაში მოხდება. აღნიშნული სისტემა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2013 წლიდან დაინერგა და მას შემდეგ ეფექტიანად ფუნქციონირებს.