“უმძიმესი რეალობაა კახეთში” – ლევან ხაბეიშვილი

204
spot_img

უმძიმესი რეალობაა კახეთში. ფაქტობრივად, მოსავლის 60% განადგურებულია. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გამოვდივართ ინიციატივით, მევენახეებმა, რომლებსაც უამინდობის გამო მოსავალი გაუნადგურდათ, სუბსიდიისთვის გამოყოფილი 20 თეთრი შარშანდელი მოსავლის მიხედვით მიიღონ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

პარტიის ცნობით, ლევან ხაბეიშვილი, პარტიის რეგიონულ მდივანთან, გიორგი ბოტკოველთან ერთად, გურჯაანში იმყოფებოდა, სადაც დაზარალებულ მევენახეებს შეხვდა.

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ პირველი – უხვი ნალექის დაზღვევა არ ხდება. მეორე – უხარისხოა წამლები და ფაქტობრივად, 10-12-ჯერ შეწამვლა უწევთ და მაინც არანაირი შედეგი არ დადგა. მესამე – მნიშვნელოვანი ფაქტორი – ამ ადამიანებს ჰყავთ ოჯახები, ამ ადამიანებმა იშრომეს და ფაქტობრივად, ბედის ანაბარა დარჩნენ. ჩვენი შეთავაზება ხელისუფლებისთვის შემდეგია – სუბსიდირება, რომელიც გამოყოფილია აბსოლუტურად საკმარისია. წინა წელს რომ ჩააბარეს 13-14-15 ტონა და წელს ვერ აბარებენ ერთ ტონასაც კი, წინა წელს ჩაბარებულის რაოდენობის მიხედვით მოხდეს სუბსიდირება. ვგულისხმობ, 20 თეთრით სუბსიდირებას, რაც ამ ადამიანებს ვალის გასტუმრებაში დაეხმარება. ტრაქტორი რომ იქირავეს და 1000 ლარი გადაიხადეს, რომ შემწამლეს და 2000 ლარამდე დაუჯდათ, ჯამში რა ხარჯიც ჰქონდათ, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს პირველად დახმარება ამ ადამიანების, რომ როგორღაც მომავალ წელს იგივე მევენახეობის საქმიანობის გაგრძელება შეძლონ. ჩვენ ამ პროცესში ვიქნებით ჩართულები, ჩვენ ეს შეთავაზება გვაქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ხელისუფლებას თითოეული გლეხის დაკმაყოფილებას მოვთხოვთ,“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ენმ-ს წევრი გიორგი ბოტკოველი განმარტავს, რას გულისხმობს მევენახეების დახმარების ინიციატივა.

„რეალურად, რა არის ახლა ჩვენი ინიციატივა – ადგილიდან შეგვიძლია გითხრათ, რომ ეს არის ვენახი, სადაც მაგალითად, გასულ წელს 9 ტონა ყურძენი მოიკრიფა, ჩააბარა გლეხმა და ამ ყველაფერში მიიღო, როგორც სუბსიდია, ისე ქარხნის მიერ გადახდილი თანხა. წელს აქ ტონაზეც აღარ არის საუბარი. უკვე ალბათ ერთი სათლი, ორი სათლი ყურძენი შეიძლება მოიკრიფოს. რას ემსახურება ჩვენი ინიციატივა – ამ კონკრეტულმა გლეხმა შარშან, 9 ტონა ყურძენი ჩააბარა და წელს, სუბსიდირებაზე გამოყოფილ 20 თეთრობაზე – 1800 ლარი გადაუხადოს სახელმწიფომ. ეს ამ ადამიანს დაეხმარება იმაში, რომ მომავალი წლისთვის ვენახი გადაარჩინოს და გადაიხადოს ის ვალი, რომელიც აღებული აქვს თავის უახლოეს მაღაზიაში, სადაც იყიდება ის შხამქიმიკატები, რომელიც ჯერ კიდევ საეჭვოა. ამაზე ძალიან დიდი ეჭვი არსებობს, რომ ის ვადაგასულია, ფალსიფიცირებულია, როგორია თორემ რეალურად ესე არ უნდა დამართოდა ვენახს,“ – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

განადგურებულ ყურძნის მოსავალზე გურჯაანში მცხოვრებმა მევენახეებმაც ისაუბრეს.

„მე პირადად მაქვს 75/100 ვენახი, როგორი ვენახი იცით – ცალ-ცალკე მაქვს ნახევარი ჰექტარი და 25/100 ცალკე. 25/100-ში სეტყვაც რომ მოსულიყო ყოველწლიურად 6 ტონას ვკრეფდი, თან სულ კარგ ყურძენს. მეორეში ცოტა მეჩხერი ვაზია, 8 ტონა იკრიფებოდა, სადღაც 14 ტონას ვკრეფდი. ვწამლავ ერთი და იგივე წამლით, ერთი და იგივე მაღაზიიდან, მაგრამ წელს მოხდა ისე, რომ ვადაგასული წამლები იყო, არავინ კონტროლი არ გაუწია. შარშან თუ მოვიყვანე, წელს რაღა დავუშალე, იგივე ამინდში?! ფაქტობრივად, წელს თუ დავკრიფე 4 ტონა, ეს კარგი მიღწევაა, როცა ამ დროს საჩვენებელი, ქარვასავით ყურძენი მომყავდა. კონტროლი არ არის არავითარი, ყველა მაღაზია თავის ჭკუაზეა მიშვებული. წამლები თუ იყო 20 ლარი, 40 ლარი არის გამხდარია. ორმაგს გახდევინებენ და ამ ფასის მიუხედავად, ფაქტია, ვადაგასულს გაძლევენ. 13-ჯერ მაქვს მოწამლული ვენახები, ფაქტობრივად, ყურძნიდან ვერ ამოვიღებ მოწამვლის ფულს, არარსებულია. ამას სჭირდება კონტროლი, სხვა აბა რა უნდა იყოს მექანიზმი?!

რაც შეეხება გიორგი ბოტკოველის ინიციატივას, ხალხისთვის ძალიან კარგია. მე პირადად დაფიცებული მაქვს, რომ ქარხანას 1 კილო ყურძენს არ მივუტან-მეთქი, იმიტომ რომ, როცა ქარხანაზე მიგაქვს ყურძენი, ჯერ წონაში გატყუებენ – არ გაძლევენ. მე პირადად ეს მოყვანილი ყურძენი სულ გადათვლილი მაქვს ხოლმე, სულ კაი ყურძენი, მაგრამ წელს აბა, ვერ შევთავაზებ, ამას დავწურავ სხვა გზა არა მაქვს, მაგრამ რასაც გიორგი ბოტკოველი იძახის ეს არის ხალხისთვის ჭრილობაზე მალამოს წასმასავით, იმიტომ რომ უმეტესობას აღებული აქვს ეს [შხამ-ქიმიკატები] ვალით, სესხით. კაცი არ არსებობს, რომ მაგის [შხამ-ქიმიკატების] ვალი არა ჰქონდეს და თუკი ჩვენი მთავრობა მაგას გააკეთებს, რომ „ნაციონალების“ მიერ წამოყენებულ ამ ინიციატივას დააკმაყოფილებენ, თვითონ მაგათ ინტერესში უნდა იყოს. ძალიან მივესალმებით ამ საქმეს, იმიტომ რომ ხალხი ამოისუნთქებს და წამლის ფულს მაინც ამოიღებს,“ – განაცხადა გურჯაანში მაცხოვრებელმა, მევენახემ, დავით ზავრაშვილმა

„შარშან ჩავაბარე 13.5 ტონა ყურძენი, წელს კი მხოლოდ ტონა-ნახევარი. ეს ყველაფერი გამოიწვია წამლებმა, ყოველ მეხუთე დღეს ვწამლავდით, მაგრამ არაფერი არ გამოვიდა. წელს მხოლოდ ტონა-ნახევრის დაკრეფა მოვახერხე. ღირებულება არის ის, რაც შარშან იყო – 90 თეთრი,“ – განაცხადა გურჯაანში მაცხოვრებელმა, მევენახემ, მიტუშა შანშიაშვილმა.

ინფორმაციას პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.