“სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ მოსამართლე თადუმაძე აკმაყოფილებს კვალიფიკაციის, მიუკერძოებლობის, პოლიტიკური დამოუკიდებლობის ტესტს, ამ ნაწილში გიგი უგულავას საჩივარი დაუშვებლად ცნო”

63
spot_img

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, შალვა თადუმაძე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ერთადერთ საკითხზე, რაზეც სტრასბურგის სასამართლომ განმარტა არის ის, რომ საქმე პოლიტიკურად სენსიტიური იყო და საქმის გასაჩივრების დროს მოსამართლე თადუმაძე იყო ქვეყნის გენერალური პროკურორი.

„გიგი უგულავას, რამდენადაც ვიცი, საკმაოდ ვრცელი საჩივარი ჰქონდა წარდგენილი და ძირითადად ემყარებოდა ჩემს უდიპლომოსას, არაკვალიფიციურობას, პოლიტიკურ აფილირებას, გენერალურ პროკურორობას და ამ საქმის მოსამართლეობას.

სტრასბურგის სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ არ არსებობს არანაირი ეჭვი და მტკიცებულება, რომელიც ზემოხსენებულ რომელიმე გარემოებას ადასტურებს. სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ სუბიექტური და ობიექტური ტესტით მოსამართლე თადუმაძე აკმაყოფილებს როგორც კვალიფიკაციის, ასევე მიუკერძოებლობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის ტესტს და ამ ნაწილში საჩივარი დაუშვებლად ცნო.

ერთადერთ საკითხზე რაზეც სტრასბურგის სასამართლომ განმარტება გააკეთა, არის ის, რომ საქმე პოლიტიკურად სენსიტიური იყო და საქმის გასაჩივრების დროს მოსამართლე თადუმაძე იყო ქვეყნის გენერალური პროკურორი. მიუხედავად იმისა, რომ განსასჯელ უგულავას არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება თუ რატომ აყენებდა ეჭვქვეშ თადუმაძის ობიექტურობას, უმჯობესი იყო თადუმაძეს, როგორც მოსამართლეს არ მიეღო ამ საქმეში მონაწილეობა, მით უფრო, რომ განაჩენი შეიცვალა განსასჯელის საუარესოდ“, – განაცხადა თადუმაძემ.

ცნობისთვის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლომ მის საქმეზე დარღვევა დაადგინა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. მისივე თქმით, სასამართლომ დაადგინა მოსამართლე თადუმაძის მიმართ ინტერესთა კონფლიქტი, როცა ის გიგი უგულავას საქმეზე პროკურორიც იყო და მოსამართლეც.