“სირცხვილია, როცა რომან გოცირიძე გვეძახის წინა საუკუნის ხალხს და თვითონ მიიჩნევს თავს მომავლად” – ალუდა ღუდუშაური

213
spot_img

სირცხვილია, როდესაც რომან გოცირიძე გვეძახის წინა საუკუნის ხალხს და თვითონ მიიჩნევს თავს მომავლად, სინათლედ – კაცი, რომელმაც ჩვენს საზოგადოებას თავი დაამახსოვრა, როგორც „კუპონის მამა“ დღეს სამარცხვინო რაღაცებს ბედავს,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატის რომან გოცირიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

როგორც ღუდუშაურმა აღნიშნა, რომან გოცირიძე „ნაციონალური მოძრაობიდან“ გააგდეს.

„მართლაც სირცხვილია, როდესაც გოცირიძე გვეძახის წინა საუკუნის ხალხს, წარსულებს და თვითონ მიიჩნევს თავს მომავლად, სინათლედ… პირი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ გააგდეს. ხაბეიშვილი რომ გაგაგდებს და ზოგადად, თავს, რომ თუნდაც კაცად მიიჩნევ წარმოუდგენელი უტიფრობაა. ეს ადამიანი ჩვენს თანამოქალაქეებს, ღირსეულ ქართველებს, ვაჟკაცებს, დებს, ძმებს, შვილებს შეურაცხყოფას აყენებს და სულელებს ეძახის. როგორ ბედავთ ასეთ რაღაცებს?! კაცი, რომელმაც ჩვენს საზოგადოებას თავი დაამახსოვრა, როგორც „კუპონის მამა“, დღეს ასეთ სამარცხვინო რაღაცებს ბედავს.

დარწმუნებული ვარ, საზოგადოება ამას კარგად ხედავს. მის ამ განცხადებაზე გვერდზე მოღიმარი მისი ყოფილი კოლეგები „ნაციონალური მოძრაობიდან“ აჟიტირებულები ქირქილებდნენ და უხაროდათ, მაგიტომ ხართ 3-5%-იანები, მაგიტომ ხართ მაგ უბედურ დღეში, თავმჯდომარედ ცირკის მასხარა ხაბეიშვილი გყავთ.

არჩევნები მოვა და მიიღებთ ამ ქმედებებზე პასუხებზე. ხატია დეკანოიძე გვეუბნებოდა ანტიდასავლური ძალა ხართო, ჩვენ გვეუბნებით, რომ თურმე კონსტიტუციას და რეგლამენტს ვარღვევთ. 8 თვის განმავლობაში საკუთარი ამომრჩევლის გადაწყვეტილება ფეხებზე დაიკიდეთ, არ შეასრულეთ. მანდატები მამათქვენის და ბებიათქვენის გადმოცემული სუვენირი გგონიათ. ასე, რომ ექცევით ამ გადაწყვეტილებას, იმიტომ ხართ „ფარჩაკები“ და ტურები. როგორ ბედავთ ხალხის შეურაცხყოფას?! ვინ არის ანტიდასავლური ძალა?! როდესაც დემოკრატიაზე საუბრობთ, მართლმსაჯულებაზე, კონსტიტუციასა და ბიზნესზე, დაასახელეთ რა გააკეთეთ ქვეყნისთვის. რა ეკონომიკა, რა დასავლური კურსი?!

როგორ წარმოგიდგენიათ რა რეკომენდაციებს შეასრულებდით მაგალითად, მეგის ქარდავას თაოსნობით, ნაწამები, გაუპატიურებული, პატივაყრილი საკუთარი მოქალაქეებით. საზოგადოება გეკითხებათ და გაეცით პასუხი! უამრავი გამოწვევის და სირთულის ხარჯზე ჩვენ ამ გზასაც გავივლით, ამ გამოწვევებს ქართველ ხალხთან ერთად გადავლახავთ. ამ სამარცხვინო წარსულს საკუთარ ადგილს მივუჩენთ. მიუხედავად შეცდომებისა, ერთად გავაკეთებთ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს უფრო ძლიერი, დასავლური დიდი ოჯახის ღირსეული წევრი. ქართველ ხალთან ერთად და არანაირი პატივაყრილი და ღირსებაშელახული. დაანებეთ თავი სიცრუეზე საუბარს! ნუ ბედავთ! მე ხელში მიჭირავს ფიცი, რომელიც ყველა დეპუტატმა დადეთ და ხელი მოაწერეთ. აქ წერია – „საქართველოს სიძლიერისთვის“ „ქართველი ხალხის ერთობისთვის“ და არა კეკლუცობისთვის და “ფარჩაკობისთვის”, – აღნიშნა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართა და აღნიშნა, რომ „მათი ადგილი პოლიტიკურ სანაგვეშია“. კერძოდ, რომან გოცირიძემ 30 აპრილს გამართულ აქციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აქციის ნამდვილი სახელი, რომელსაც სიმბოლურად ერქვა „მოვდივართ“, იყო „მივდივართ“. მისივე თქმით, „ამ აქციით გამოჩნდა, რომ მმართველი გუნდი „პოლიტიკურ მოუსავლეთში მიდის“.